საზოგადოება
ახალი კორონავირუსი - საქართველო გლობალური გამოწვევის პირისპირ [ინფოგრაფიკა]
FaceBook Twitter
E-mail Print
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 158 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადება პანდემიად გამოაცხადა. საქართველოს მთავრობამ საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩაკეტა. გარკვეული შეზღუდვები ხელისუფლებამ ვირუსის დადასტურებისთანავე აამოქმედა, თუმცა გვაფრთხილებენ, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება.

თბილისის შეთავაზება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს

საქართველოს მთავრობა მზადაა, ახალი კორონავირუსის პირისპირ, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები მარტო არ დატოვოს. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მათზე ყველა ის სერვისი გავრცელდება, რაც ქვეყნის დანარჩენ მოსახლეზე.

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში "ლაივპრესს" განუცხადეს, რომ ჩართულია ყველა საერთაშორისო დონორი და პარტნიორი, რათა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებს გლობალური პრობლემის გამკლავებაში დაეხმარონ.

მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სახელმწიფო გამოიყენებს ყველა შესაძლო საკომუნიკაციო არხს, რათა ამ ტერიტორიაზე მცხოვრებლები ვირუსზე ინფორმირებულები იყვნენ და იცოდნენ, როგორ ებრძოლონ საფრთხეს: გვინდა იცოდნენ, არ იგრძნონ არცერთი წუთით, რომ საქართველოს სახელმწიფო დატოვებს მათ, - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ მუშაობენ ამ მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავის მხრივ, განაცხადა, რომ - მართალია ოკუპაციის პირობებში შეზღუდულები არიან ამ ადამიანებს ქვეყნის დანარჩენი რეგიონის მცხოვრებლების მსგავსი სერვისები მიაწოდონ, თუმცა მაქსიმალურად შეეცდებიან, სადაც კი ეს შესაძლებლობა მიეცემათ, გამოიყენონ.

ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე გადაადგილება სოხუმმა კორონავირუსის გავრცელების არიდების მიზნით 27 თებერვალს შეზღუდა, 14 მარტს კი სრულად ჩაკეტა. გადაადგილების უფლება ენგურჰესის მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელს აქვს, ვისზეც ჰესის მუშაობაა დამოკიდებული.

სოხუმს კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ვირუსის პრევენციისთვის სკოლის არდადეგები 22 მარტამდე გამოცხადდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია 18 მარტს ჩავიდა. მათ შორის იყო საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიო დომენტე. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს ინფორმაციით, დელეგაციამ პირადი ჰიგიენის საშუალებები, 600 ლიტრზე მეტი ანტისეპტიკური სითხე და 500 ლიტრი ანტიბაქტერიული საპონი ჩაიტანა.

აფხაზეთის მსგავსად, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ არ განუცხადებია ცხინვალს. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა გადასასვლელი ჩაიკეტა. მართალია, ახალგორის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იყო, თუმცა 27 თებერვალს, პერევი-ქარზმანის მიმართულებაც დაიკეტა. ოფიციალურ მიზეზად კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დასახელდა.

ოსური მედიის ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლების თათბირზე გადაწყდა, რომ ვითარების გამწვავების შემთხვევაში ცხინვალის, ჯავის და ახალგორის საავადმყოფოებში დაავადებულთა სამკურნალოდ სპეციალური ბოქს-პალატები მოეწყობა.

დანარჩენი საქართველო ახალი კორონავირუსის გავრცელების პირისპირ

19 მარტის ოფიციალური ინფორმაციით, დადასტურებულია 40 შემთხვევა. ერთი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო 16 მარტს დატოვა. კარანტინშია 1344 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 216 მოქალაქე რჩება.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც ქვეყანაში 25 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

დღემდე გამოვლენილი შემთხვევები უცხო სახელმწიფოში მოგზაურობას უკავშირდება პირდაპირ, ან ირიბად. იქნება ეს ირანი, იტალია თუ საფრანგეთი.

საქართველოში ე.წ. მესამეული, ანუ შიდა გადაცემის ფაქტი უკვე გვაქვს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ელოდებიან კორონავირუსის უფრო ფართო გავრცელებას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი კორონავირუსის 20 ათას ტესტს შეიძენენ.

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, 74 წლის ქალს თანხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

კორონავირუსის სიმპტომები

ახალ კორონავირუსის ძირითადი მახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ხველა და სუნთქვის გაძნელება. თუმცა შესაძლოა დაავადება უსიმპტომოდაც განვითარდეს.

მიმართეთ ოჯახის ექიმს თუ:

გაქვთ ტემპერატურა, ხველა, სურდო, მაგრამ არ გიმოგზაურიათ ბოლო პერიოდში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში. ასევე არ გქონიათ კონტაქტი დაავადებულ და/ან მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ პირთან.

საავადმყოფოს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ ჩამოხევდით უცხო სახელმწიფოდან და გაქვთ 37.5 ტემპერატურა და მეტი, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ან, არ დაგიფიქსირდათ ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ გაქვთ სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციის სხვა ნიშნები. ან/და გქონდათ კონტაქტი კორონავირუსით დაავადებულ პირთან.

როგორ გადაეცემა კორონავირუსი ადამიანს

კორონავირუსის გადაცემა ძირითადად ხდება დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით. გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. ამანათთან შეხებით დაავადების გადადების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.

ლუგარის ლაბორატორია საქართველოში

ახალ კორონავირუსზე გამოკვლევები ლუგარის ცენტრში ტარდება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს სააგენტოს დაფინანსებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს 2011 წელს გაიხსნა.

თუ ევროპის განვითარებულ ზოგიერთ ქვეყანაში დიაგნოსტირება ორ დღეს მოითხოვს, თბილისში ახალი კორონავირუსის ტესტირებაზე პასუხს მხოლოდ რამდენიმე საათი სჭირდება. ეს ცენტრი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 2013 წლიდან დაექვემდებარა. 2018 წლიდან მას სრულად საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

ლუგარის ცენტრი ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის სტანდარტებითაა აღჭურვილი, სადაც ადამიანის და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი დაავადებების დიაგნოსტირება ხდება.

თბილისის გარდა, კორონავირუსზე ტესტირება უკვე ბათუმსა და ქუთაისში, ლუგარის ლაბორატორიის განყოფილებაშიც არის შესაძლებელი.

მეზობლები

ირანში კორონავირუსით 19 მარტის მონაცემებით, 17 361 დაინფიცირდა. 18 მარტის მონაცემებით, 1135 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთში ოფიციალური ინფორმაციით, 147 პირი დაინფიცირდა. ერთის გარდაცვალების ფაქტი მოსკოვმა დაადასტურა.

სომხეთში დღეისთვის კორონავირუსი 110 პირს გამოუვლინდა.

აზერბაიჯანში 34. ერთი გარდაიცვალა.

თურქეთში 191 ინფიცირებულია ამ დროისთვის.

რეკომენდაციები

მართალია ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად მსოფლიოს დღეს ვაქცინა არ აქვს, თუმცა ვიდრე მეცნიერები მუშაობენ, თავდასაცავად შეგვიძლია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები გავითვალისწინოთ.

მთავარი იარაღი, რომელიც ამ პირობებშიც კი შეგვიძლია ვირუსს დავუპირისპიროთ - ჰიგიენაა - ხელების ხშირი დაბანა და დამუშავება ალკოჰოლიანი გელით. მათ შორის დახველების და დაცემინების შემდეგ. ამ დროს სახეზე უნდა ავიფაროთ მოხრილი იდაყვი, ან ერთჯერადი ხელსახოცი, რომელიც დაუყოვნებლივ მოვათავსოთ თავსახურიან სანაგვე ურნაში.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ხელი მოვარიდოთ სახეს, თვალს და პირს. დავიბანოთ ხშირად, საჭმლის მომზადების წინ იქნება ეს, პროცესში თუ შემდეგ, საკვების მიღების წინ, საპირფარეშოთი სარგებლობამდე და შემდეგ.

სურსათის უვნებლობისთვის საჭიროა ხელების დაბანა უმ ხორცთან, თუ მზა საკვებთან შეხების წინ.

უნდა მოვერიდოთ ქუჩაში ცხოველებთან ახლო, დაუცველ კონტაქტს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
00:05 / 28.03.2020
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციის მიზნით,
განათლების სამინისტროს რეკომენდაციით,
11:02 / 18.03.2020
ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტროს რეკომენდაციით,
სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ხანძრები გაზაფხულის
დადგომასთან ერთად გახშირდა.
18:47 / 09.03.2020
სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ხანძრები გაზაფხულის დადგომასთან ერთად გახშირდა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
ბოსტნეულის კანფეტები „კოპეშონისგან“ [ვიდეო/ფოტო]
სოხუმელი ეკატერინე ფარულავა პროფესიით ექიმია.
როგორ იცავთ თავს კორონავირუსისგან - გამოკითხვა [ვიდეო]
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის (COVID 19)
229 სიტყვა 30 წამში - ზუგდიდელმა მოზარდმა ემინემის რეკორდი დაამყარა [ვიდეო]
16 წლის ზუგდიდელმა ნინი ჩილაჩავამ ამერიკელი მომღერლის,
კორონავირუსის მიზეზით, სოხუმმა შესაძლოა ენგურის ხიდი ჩაკეტოს [ვიდეო]
კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით სოხუმი ოკუპირებულ
ენგურის ხიდი სოხუმის მიერ გამოცხადებული კარანტინის პირობებში [ვიდეო]
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის
ფოტო
ექიმების საახები, რომლებმაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალეს [ფოტო]
კორონავირუსთან ბრძოლა განსაკუთრებით რთულ და მძიმე პირობებში
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
ზუგდიდი კორონავირუსის წინააღმდეგ [ფოტო]
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა
მამზიშხას მთა [ფოტო]
მამზიშხას მთა აფხაზეთში, გაგრიდან 6 კილომეტრში
მზარეულის მაგიდა
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.