საზოგადოება
მომავლის ბრძოლა - მსხვერპლი ქალი საკუთარი უფლებებისთვის
FaceBook Twitter
E-mail Print
სულ მქონდა გაცნობიერებული, რომ მსხვერპლი ვიყავი, უბრალოდ წასასვლელი არსად მქონდაო, - ამბობს 42 წლის ნია, რომელმაც მოძალადე ქმართან თითქმის 10 წელი იცხოვრა. სახელი პირობითია. შეცვლილია მისივე უსაფრთხოებისთვის.

ახალგაზრდა ქალი დღეს ზუგდიდში მოქმედი ოჯახის მხარდაჭერის დღის ცენტრის ბენეფიცირია, სადაც ცხოვრებას ხელახლა, ამჯერად დამოუკიდებლად, შიშისგან თავისუფალ გარემოში სწავლობს.

პრობლემები უკვე ყოფილ მეუღლესთან ქორწინებიდან 2-3 წელიწადში დაიწყო და ყოველდღიური სტრესით, დამცირებით და სიცოცხლის ხელყოფის მუქარებით გაგრძელდა. რამდენიმე თვის წინ მძიმე, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება მიიღო, ქმარს დაშორდა და დღეს ორ არასრულწლოვან შვილთან და დასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

მამაკაცის ახირების გამო, თანაცხოვრების დროს სამსახურზე უარი ორჯერ თქვა. 500 ლარის გამო ბავშვები როგორ დატოვეო, მეუღლე საყვედურობა.

ნია ჩუმად იტანდა დამამცირებელ მიმართვებსაც - "შენ არაფერს წარმოადგენ, ვერსად იმუშვებ, ჩემს იქით გზა არ გაქვს". ბევრჯერ იფიქრა ყველაფერი მიეტოვებინა, თუმცა ეშინოდა გაურკვეველი მომავლის, რომელთანაც პირისპირ, პატარების და ავადმყოფი დედის ამარა რჩებოდა. ამისთვის კი ჯერ მზად არ იყო.

ასე გაგრძელდ რამდენიმე წელიწადს. ქმარი ხშირად სვამდა და ჩხუბისთვის მიზეზი არ ელეოდა. გამოგონილი საბაბებით იწყებოდა და სრულდებოდა დღე.

"ამას რატომ ჭამ, ის არ ვარგა, აქ ეს რატომ დევს,. ჩხუბობდა ყველაფერზე. ყოველ დილით თვალებში ვუყურებდი, აბა დღეს როგორ ხასიათზეა... პათოლოგიური სიმთვრალე აქვს. აგვაწიოკა. ფანჯრები ჩაამსხვრია. ამბობდა, რომ სახლს დაწვავდა. ფიზიკურად არ შემხებია, მაგრამ დანა აუღია და ახლა ამას შეგირჭობ მუცელში, ყელს გამოგჭრიო უთქვამს. ერთხელ პატრულიც გამოვიძახე და შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს", - იხსენებს ახალგაზრდა ქალი.

ამ ამბიდან ერთ თვეში შერიგდნენ. ქმარმა დაარწმუნა, რომ შეიცვლებოდა, რაც მოხდა, აღარ განმეორდებოდა და ბოდიში მოიხადა. ნიასაც მომავლის შიშმა აიძულა, ამ ერთხელაც დაეჯერებინა მოძალადე ქმრისთვის. დრომ უჩვენა, რომ ოჯახურ კონფლიქტში პოლიციის ჩართვის შემდეგ, მამაკაცი კიდევ უფრო აგრესიული გახდა. შვილების თვალწინ არ ერიდებოდა დედის დამცირებას. ნიაც დაშორებაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდა. მისი სურვილი არასრულწლოვანი შვილის შიშმა კიდევ უფრო განამტკიცა.

"ბავშვმა მითხრა, დედიკო, ხომ შეიძლება ერთმა დღემ მაინც ისე ჩაიაროს, მამამ არ იჩხუბოსო. ფანჯრიდან მინდა გადახტომა, აღარ შემიძლიაო. დახმარება ვთხოვე ჩემს მულს, მაზლს, მაგრამ ქმარი ყველას ეჩხუბებოდა. ის ბოლოს უკვე აღარ სვამდა, მაგრამსამაგიეროდ მარიხუანას მოიხმარდა ხშირად", - გვიყვება ნია.

ახალგაზრდა ქალი ქმართან ერთად თავისი მშობლების სახლში ცხოვრობდა. ეს სახლი ძველის ადგილზე მეუღლესთან და დასთან ერთად ააშენა. თუმცა დაშორების შემდეგ წასვლა შვილებთან ერთად თავად მოუხდა. ზუგდიდში, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გადასვლა შესთავაზეს, მაგრამ დასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ყოფნა და დღის ცენტრის სერვისებით სარგებლობა არჩია.

ნია სახლის დაბრუნებას სასამართლოს გზით ეცდება, რომელიც მისი და დის სახელზეა გაფორმებული.

ამ ამბების შემდეგ ყოფილი მეუღლე მხოლოდ ერთხელ ნახა. აუცილებელი საუბრისთვის დიდი ძალისხმება დამჭირდაო, იხსენებს ჩვენი რესპოდენტი.

დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯები

ძალადობისგან თავისუფალ გარემოში მოხვედრილი მიხვდა, რომ სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ჯერ შვიდწლიანი ფსიქოლოგიური წნეხი უნდა ჩამოერეცხა. ამისთვის კი სპეციალისტის დახმარება სჭირდებოდა. თუმცა მხოლოდ მას არა. დღის ცენტრის ბენეფიციარი ნიას არასრულწლოვანი შვილიც გახდა. აქ ყოფნა ორივეს მოსწონს. სწავლობენ, როგორ ებრძოლონ პრობლემებს სწორი მიდგომით. საუბრით, სავარჯიშოებით, სიტუაციური ანალიზის გამოყენებით უკეთ გააცნობიერეს მსხვერპლის და მოძალადის ფსიქოპორტეტი, საკუთარი მძიმე გამოცდილება.

ახალგაზრდა ქალი ფსიქოლოგის მომსახურების გარდა, აქ ახალ პროფესიასაც ეუფლება. გადამზადების პროგრამის ფარგლებში მან ბუღალტერიის კურსები არჩია. მართალია კორონავირუსის საფრთხის გამო დღეს ცენტრისგან დისტანცირება უწევს, თუმცა სპეციალისტთან ონლაინ კავშირს ინარჩუნებს საჭირო რჩევებისთვის.

ფსიქოლოგი თამარ ბებია დღის ცენტრის ბენეფიციართან

ნია ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლებს უჭირთ აღიარონ, ან უბრალოდ ვერ არქმევენ სახელს მდგომარეობას, რომელშიც ცხოვრება სურვილის საწინააღმდეგოდ უწევთ. ასეთებს ბევრს იცნობს. მათ ქმრები შეურაცხმყოფელად ეპყრობიან, იტანენ ცემას, თუმცა წასვლას ვერ ახერხებენ. აქ, საზოგადოების ნაწილი ჯერაც ცუდი თვალით უყრებს ქალს, რომელმაც აუტანელ წნეხთან შეგუებას, მეუღლესთან თანაცხოვრებაზე უარის თქმა არჩია.

ზოგიერთ მსხვერპლს კი, ნიას თქმით, ქმარზე ფინანსურად დამოკიდებულს, საკუთარი დამოუკიდებლობა აშინებს. მასაც ეშინოდა, თუმცა უსუსურობის განცდას მოერია და დარწმუნებულია, სურვილის და მონდომების შემთხვევაში იგივეს სხვებიც შეძლებენ. მით უფრო, ამბობს, რომ ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად ახალი კანონები მოქმედებს. მთავარია ქალმა გადაწყვიტოს, რომ დახმარება სჭირდება.

"ცხოვრების გაგრძელება ყოველთვის შეიძლება, როცა მშვიდად ხარ. თუ ადამიანს აქვს სურვილი, გზა ყოველთვის გამოჩნდება. შიში უნდა დაძლიო ბავშვების გამო და თავიც უნდა შეიცოდოს ყველამ. დედა თუ არ იქნა ბედნიერი, ვერც შვილი იქნება. ამას მივხვდი. მეუბნებოდნენ, სულ ეს მესმოდა, რომ ბავშვებს უნდა ჰყავდეთ მამა. ვფიქრობდი, ოჯახს არ წავართმევ, მაგრამ დავრწმუნდი, პირველ რიგში სწორედ შვილები დამეჩაგრა", - ამბობს ნია.

ახალგაზრდა ქალი პატარებს მამასთან ყოფნას არ უშლის. მცირეწლოვანი მომხდარს ვერ აცნობიერებს და ყოველი შეხვედრა ახარებს. უფროსი კი ნერვიულობს და ზოგჯერ მშობელთან ტელეფონზე საუბარსაც გაურბის.

საერთო სივრცე მსხვერპლის, და მოძალადისთვის

ასოციაცია "მეკრკურის" პროექტის ფარგლებში ამოქმედებული დღის ცენტრი, რომლის მომსახურებითაც "ლაივპრესის" რესპოდენტი სარგებლობს, შარშან, ნოემბერში, პოლონური მხარის მხარდაჭერით გაიხსნა. ეს არის ქვეყნის მასშტაბით ჯერჯერობით ერთადერთი სივრცე, სადაც მსხვერპლის პარარელურად, მოძალადეთა რეაბილიტაციაზე ზრუნავენ.

ამავე ორგანიზაციამ გახსნა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარიც ადგილობრივი მერიის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის ხელშეწყობით. აქ ის ადამიანები ხვდებიან, რომელთა ფსიქო-ემოციური მდგომარეობაც განსაკუთრებით მძიმეა და ამასთან, არც სადმე აქვთ დასარჩენი. თავშესაფარში დღეს ორი ქალი ცხოვრობს. ერთი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად.

ზოგიერთი სწორედ თავდაჯერებულობამ მოიყვანა ჩვენთან. ეს საუკეთესო შემთხვევაა, როცა ხედავ, რომ ადამიანს პიროვნული რესურსი აქვს. აქ მუშაობა უფრო მარტივია, - ამბობს ფსიქოლოგი თამარ ბებია. მისი თქმით, ასეთ ბენეფიციარებთან საკმარისია ხშირად 5-6 სეანსი. თუმცა არიან ქალები, რომლებიც ცენტრს ღრმა დეპრესიული ფონით და დაბალი თვითშეფასებით მიმართავენ. მომავლის რწმენა და ადამიანებისადმი ნდობადაკარგულებს, ხელახალი სოიალიზაციისთვის ბევრად მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდებათ. ინდივიდუალური მიდგომა და მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვა, ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპია - ასე დგება სამუშაო დღის წესრიგი.

"სწორი ფსიქოლოგიური განათლება უნდა მივაწოდოთ მათ უფლებებზე, საჭიროებებზე, თუ რა არის ძალადობა, ვის მიმართონ. ყველას უნდა მივაწვდინოთ ხმა, რომ ქალი არის იმის ღირსი, იყოს ბედნიერი, რეალიზებული, რადგან ბედნიერი და რეალიზებული ქალი უდრის ბედნიერ დედას. ვერ იქნები პოზიტიური მშობელი, თუ დიდი ფსიქო-ემოციური ტრამვის ქვეშ ხარ", - ამბობს თამარ ბებია.

საკუთარ თავთან დაბრუნება
მსხვერპლის ხელახალ სოციალიზაციამდე ზოგჯერ მხოლოდ სეანსები არ კმარა. არც მარტო სხეულზე ორიენტირებული თერაპია, სავარჯიშოები, სიტუაციური ანალიზი. მართალია ეს ყველაფერი ეხმარებათ გვერდიდან შეხედონ საკუთარ თავს და ემოციებში, სურვილებში გაერკვნენ, თუმცა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შემზადებას თან სდევს აუცილებელი, გარდაუვალი დღეც - იგივე სხეულში ხელმეორედ დაბადება.

რეაბილიტაციის ერთ-ერთი კომპონენტია იმის ცოდნაც, თუ რა ინტერესები აქვთ ბენეფიციარებს და შესაძლებლობები მათი რეალიზებისთვის, რათა გაჯანსაღებული ფსიქიკის პარარელურად, ფინანსურ კეთილდღეობაზეც იზრუნონ.

"გვაქვს გადამზადების კურსები -კომპიუტერი, სტილისტი, ბუღალტერია.. რომ თვითდასაქმება მოახერხონ.სერთიფიკატებს გავცემთ და სერთიფიცირების შემდეგ ჩვენ და ის ორგანიზაცია, ვისთანაც ვთანამშრომლობთ, ვზრუნავთ დასაქმებაზე. თუ უკვე აქვს რესურსი,შეიძლება პროგრამასაც არ დაველოდოთ", - ამბობს თამარ ბებია.

დღის ცენტრი ერთი წლის განმავლობაში ჯამში 75 პირს მოემსახურა. მათგან 17 ბავშვი იყო, 6 კი მამაკაცი.

თავშესაფარმა 32 ბენეფიციარი მიიღო. აქედან 16 ქალი და ამდენივე არასრულწლოვანი.

რას ამბობს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ შარშან, 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე პოლიციისადმი მომართვიანობა, რაც მათი თქმით, ძალოვანი სტრუქტურებისადმი ნდობის გაზრდასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მეტყველებს.

სამინისტროს მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს გამოძიება ოჯახში ჩადენილი დანაშაულის 6000-ზე მეტ ფაქტზე დაიწყეს, 2018 წელს 5621 შემთხვევაზე.

გასულ წელს, შსს-ს განმარტებით, ბრალი 4564 პირს წარედგინა. მათი უმრავლესობა დააკავეს. 2018 წელს კი სისხლის სამართლებრივი დევნა 3955 მოქალაქის მიმართ დაიწყო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ათობით მოქალაქემ 26 მაისს
გადაკვეთა ე.წ. საზღვარი,
19:12 / 26.05.2020
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ათობით მოქალაქემ 26 მაისს გადაკვეთა ე.წ. საზღვარი,
„საქართველოს დამოუკიდებლობის წლისთავი ზუგდიდში შესანიშნავად
ჩატარდა.
16:17 / 26.05.2020
„საქართველოს დამოუკიდებლობის წლისთავი ზუგდიდში შესანიშნავად ჩატარდა.
საქართველოში დღეს, 20 მაისს დასრულდა სასწავლო პროცესი საჯარო
სკოლების მე-12 კლასელებისთვის.
20:58 / 20.05.2020
საქართველოში დღეს, 20 მაისს დასრულდა სასწავლო პროცესი საჯარო სკოლების მე-12 კლასელებისთვის.
17 მაისი საქართველოში ონლაინ დემონსტრაციით - ერთად გადავრჩებით!
აღნიშნეს.
22:57 / 17.05.2020
17 მაისი საქართველოში ონლაინ დემონსტრაციით - ერთად გადავრჩებით! აღნიშნეს.
ვიდეო
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ახალი წესებით მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
პანდემიის გამო 2 თვის წინ გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში დღეს ამუშავდა.
ზუგდიდში სილამაზის სალონების უმრავლესობამ მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
საქართველოში დღეიდან, 18 მაისიდან განაახლეს მუშაობა სილამაზის
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა [ვიდეო]
საგანგებო მდგომარეობის გამო, დაახლოებით 2 თვის წინ დაკეტილი
ალბათ არ მეწერა სიკვდილი - 97 წლის ვეტერანი ანაკლიიდან [ვიდეო]
97 წლის კარლო ლაგვილავას დილა 7 საათზე, ქათმების დაპურებით
ფოტო
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.