საზოგადოება
ლუგარის ლაბორატორია და რუსული დეზინფორმაცია
FaceBook Twitter
E-mail Print
ამერიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი (ლუგარის ლაბორატორია) დაარსების დღიდან მოსკოვის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. წლების განმავლობაში რუსეთის მხრიდან დროდადრო ისმის ბრალდებები თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ფარული გარიგებით, ამერიკის მხარდაჭერითვე თბილისში გახსნილ ცენტრში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს და საშიში ვირუსების გავრცელება იგეგმება. თბილისი ამ განცხადებებს აგრესიულ დეზინფორმაციას უწოდებს.

ლუგარის ცენტრი

100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მმართველობაშია. ლაბორატორია თბილისში აშშ-ის დაფინანსებით აშენდა და სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა.

ცენტრის მშენებლობა დაიწყო 2004 წელს, აშშ – საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე. ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით გადაცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში. ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია.

ცენტრის შესაძლებლობებს იყენებენ მაგისტრანტების და დოქტორანტების მოსამზადებლად და სამეცნიერო კვლევებისათვის სხვადასხვა უნივერსიტეტები, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან. ლუგარის ლაბორატორიამ პანდემიის პირობებში კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

მოსკოვის ბრალდებები

ლუგარის ლაბორატორიაზე პრეტენზიები მოსკოვმა ბოლოს, 2020 წლის 26 მაისს გამოთქვა, მაშინ როცა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო იღებდა მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების მილოცვებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციასთან (BTWC) ლუგარის ცენტრის შესაბამისობის საკითხი კითხვებს აჩენს. ამასთან მოსკოვმა აშშ იმის გამო გააკრიტიკა, რომ არ განმარტავენ, რა საქმიანობას ეწევა ლაბორატორია რუსეთის საზღვრებთან ახლოს.

„ლუგარის ცენტრის საქმიანობა იწვევს სერიოზულ კითხვებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან BTWC-ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. კერძოდ, ითქვა, რომ ამ ბიოობიექტის ბაზაზე ტარდება კვლევები განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური აგენტებისა და ინფექციების გამომწვევი მიკრობების მწერების საშუალებით გადატანის მიმართულებით. აღნიშვნის ღირსია, რომ აშშ-მა უკვე დააპატენტა უპილოტო მფრინავი აპარატი დაინფიცირებული კოღოების ჰაერში გასავრცელებლად. ამას გარდა, გაიცა პატენტი საბრძოლო მასალების წარმოებაზე, რომლებიც მომწამვლელი ნივთიერებით ან ინფექციური აგენტებით იქნება დამუხტულია“, - აცხადებს მოსკოვი. მსგავსი განცხადებები კრემლის მხრიდან პირველი არ არის და ლუგარის ცენტრის დაარსების დღიდან პერიოდულად კეთდება.

ამის გამო ლუგარის ცენტრმა არაერთხელ მისცა მედიის წარმომადგენლებს შენობის დათვალიერების და გადაღების უფლება. მათ შორის რუს ჟურნალისტებს. გავრცელებული ეჭვებისა და მითების საპასუხოდ 2018 წლის 14-15 ნოემბერს ცენტრს 17 ქვეყნის 22 ექსპერტი და დამკვირვებელი სტუმრობდა.

ექსპერტების ანგარიშის თანახმად, ჯგუფმა ვერაფერი გამოავლინა, „რაც შეუსაბამო იქნებოდა პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან მიზნებთან“.

უცხოელი ექსპერტების ვიზიტს წინ უძღოდა იმავე წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვას შეშფოთება „აშშ-ის ფარული სამხედრო სამედიცინო-ბიოლოგიური აქტივობების გამო“, რომელიც მისი სიტყვებით, „ფაქტებს ეფუძნება და უდავოა“.

ამასთან 2020 წლის 26 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყებამ ეჭვქვეშ დააყენა უცხოელი ექსპერტების ანგარიში და საჭიროდ მიიჩნევს ლუგარის ცენტრის შემოწმებას რუსი ექსპერტების მიერ.

თბილისის პასუხი

მოსკოვის მოთხოვნას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, რომ „რუსეთის უხეში და აგრესიული დეზინფორმაციის ფონზე, რომელთა ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს დააკნინოს ლუგარის ცენტრის ფუნქციონირება და მის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული კვლევები, საქართველო ვერ ხედავს ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას“.

თბილისი მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეებს, მოწოდებით შეაფასონ რუსეთის ოფიციალური უწყების აგრესიული განცხადებები საქართველოს მიმართ, დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვის ქვეშ დაყენება. ამ მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება ამ საკითხზე არ გააჩნია, საქართველო, გამოთქვამს მზადყოფნას უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის რუსი ექსპერტების მონაწილეობით.
ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული კრიტიკული და ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა მოსკოვს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი სიტყვებით, ცენტრის გამოცდილებამ, ამერიკელ პარტნიორებთან მისმა მრავალწლიანმა თანამშრომლობამ და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზაობამ განაპირობა საქართველოს წარმატება პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე.

„სწორედ ამიტომ ლაბორატორიაზე თავდასხმა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება აღიქმება, როგორც საქართველოსა და მისი მიღწევების დისკრედიტაციის მცდელობა“, - ნათქვამია პრეზიდენტის გაცხადებაში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის თემა რუსეთს პოლიტიკურ კონტექსტში გადააქვს. მისი განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ია.

მისი სიტყვებით, რუსეთს „თეთრი შურით შურს“, რადგან იმ ინფექციების კვლვევა, რომლისთვისაც საქართველო მას მიმართავდა, ახლა დამოუკიდებლად, ლუგარის ლაბოარატორიის დახმარებითაა შესაძლებელი.

„დიახ, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არის აშშ. მადლობას ვუხდი აშშ-ს, რომ მათ ასეთი დახმარება გაუწიეს ქვეყანას, რომ შეიქმნა ქვეყანაში დიდი, ერთიანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლაბორატორიული ზედამხედველობის კომპლექსი, რომელსაც სათავეში უდგას ლუგარის ცენტრი. 22 ლაბორატორია ქვეყანაში მათი დახმარებით შექმნილი. თეთრი შური იცით რა არის? ეს გახლავთ ის, რომ სანამ ამ ცენტრში ჩვენ შესაძლებლობები გვექნებოდა ზოგიერთ ინფექციებზე კვლევის, რომელსაც ადრე რუსეთში ვაგზავნიდით, დღეს არ არის საჭირო, იმიტომ, რომ ყველაფერი აქ კეთდება. ამიტომ ეს არის ის, რომ რატომ საქართველოს ორიენტაცია არის ევროპული, ჩრდილოატლანტიკური ბლოკის და არ არის ჩრდილოეთის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კელი დეგნანი. ფოტო: აშშ-ის საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი შეშფოთებულია, როგორც თავად განმარტა, გარკვეული დეზინფორმაციის გამო, რომელიც პანდემიის კონტროლის პროცესში საქართველოსა და ლუგარის ლაბორატორიის მისამართით ისმის.

მისი სიტყვებით, ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, იმ დროს როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის.

„ყველამ იცის ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც ქართველები მართავენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს სადიაგნოსტიკო ტესტირების, ასევე მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობით შეძლოს ვირუსის შეკავება“, - განაცხადა ელჩმა.

კელი დეგნანის სიტყვებით, ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგებლობაა და „ძალიან ვწუხვარ, როცა ამას ვხედავ“, - დასძინა მან.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ბოტანიკური ბაღის კარები დილით 6 საათზე იღება და თანაშრომლები
შეკრებას იწყებენ.
15:15 / 03.07.2020
ბოტანიკური ბაღის კარები დილით 6 საათზე იღება და თანაშრომლები შეკრებას იწყებენ.
გამხმარი ხის ფესვები და ტოტები შეიძლება ხელოვნების ნიმუშად იქცეს,
16:10 / 02.07.2020
გამხმარი ხის ფესვები და ტოტები შეიძლება ხელოვნების ნიმუშად იქცეს,
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტურისტული სეზონი
საქართველოში 15 ივნისს გაიხსნა. ანაკლიელები
11:36 / 30.06.2020
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტურისტული სეზონი საქართველოში 15 ივნისს გაიხსნა. ანაკლიელები
სალომე ჩიქოვანი 12 წელია რაც ცეკვავს. მას ჩხოროწყუში საბავშვო
სტუდია აქვს.
20:10 / 29.06.2020
სალომე ჩიქოვანი 12 წელია რაც ცეკვავს. მას ჩხოროწყუში საბავშვო სტუდია აქვს.
ვიდეო
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკის“ მოწყობა მიმდინარეობს.
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა მასშტაბური
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
არჩევნები და კორონავირუსი - რას ფიქრობს ამომრჩეველი - [გამოკითხვა]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიის გამო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.