საზოგადოება
გაიცანით ბოტანიკურ ბაღზე მზრუნველები [ვიდეო]
ბოტანიკური ბაღის კარები დილით 6 საათზე იღება და თანაშრომლები შეკრებას იწყებენ. მათ მოლოდინში უკვე არიან ბაღის მობინადრეები: თევზები, კუები და ფარშევანგები. მოსარწყავია ყვავილები, დასაგველია ტროტუარები და დასაცლელია ნაგვის ურნები. 

7 საათიდან ბაღში უკვე დამსვენებლებიც მოდიან - ვარჯიშობენ, სეირნობენ. თითქმის ყველა მათგანს იცნობს და ესალმება ბაღის თანამშრომელი ბადრი მაქაცარია. ბაღის სიახლოვეს მცხოვრებს ბავშვობის წლები აქ გაუტარებია და სამსახურს მეორე სახლს უწოდებს.

ბადრის პირველ რიგში ხელოვნურ აუზში მობინადრე 700-მდე დეკორატიული თვეზი, კობრები და ზუთხები ელოდებიან. უკვე ბლომად არიან ლიფსიტებიც. თევზები გრძნობენ რა მომვლელის მოსვლას, ტბის ნაპირთან გროვდებიან და საკვებს ელიან.

„მელოდებიან დილით. ხანდახან როცა ვვარჯიშობ (ტბის ირგვლივ) დამყვებიან“, - გვიყვება ბადრი მაქაცარია.

თევზების დაპურების შემდეგ კუების ჯერი დგება. ისინიც სპეციალური, კომბინირებული საკვებით იკვებებიან. 10 კუ ძველ ორანჟერეასთან მდებარე აუზში ბინადრობს. ბადრი მაქაცარია ამბობს, რომ მათი დათვალიერება განსაკუთრებით ბავშვებს უხარიათ.

მოზარდების კიდევ ერთი საყვარელი ადგილი ფარშევანგების განყოფილებაა, მითუმეტეს ახლა, როცა 4 ფარშევანგის გვერდით თავს იწონებს 3 დღის წინ გაჩენილი ჩიორა.

ფარშევანგებზე ჩიმაროზა აკობია ზრუნავს. მათ ფერადი კუდის შესანარჩუნებლად სპეციალური კვება სჭირდებათ, რომელიც მარცვლეულთან ერთად ბოსტნეულსაც შეიცავს.

ახლა განსაკუთრებული ყურადღება ჩიორაზე აქვს გადატანილი, რომელიც დედას ბაძავს და მის ზურგს ამოფარებული ამაყად დაიარება ვოლიერში.

ჩიმაროზა აკობია გვეუბნება, რომ სამუშაო ძალიან უყვარს და დადებითი ემოციით ივსება ყოველ დღე, თუმცა გული წყდება ბაღში მოსული ზოგიერთი დამსვენებლის ქცევაზე, რომლებიც უდიერად ეპყრობიან, ან მიზანმიმართულად აზიანებენ ინფრასტრუქტურას:

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ყველამ მოუაროს ამ ბოტანიკურ ბაღს, რომ ყურადღება მიაქციონ. ხანდახან მოდიან და აფუჭებენ. ყველას გვერდში ვერ დაუდგები, ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის ხალხი. თხოვნა მექნება, რომ ყურადღება მიაქციონ, არ გააფუჭონ, არ გაანადგურონ იმიტომ, რომ ეს დადიანებმა დაგვიტოვეს, ამდენი ხანი ჩვენამდე მოვიდა და ჩვენს მერეც უნდა გაგრძელდეს“, - გვითხრა ჩიმაროზა აკობიამ.

ფარშევანგების ვოლიერის სიახლოვეს მებაღის სახლია, სადაც სხვადასხვა ჯიშის ყვავილების ჩითილები გამოჰყავთ. სანერგე განყოფილებაში მებაღეები ასევე დილიდან ფუსფუსებენ.

68 წლის დარიკო რაფავა ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელია. ის 28 წელი მუშაობდა ბაღში. ამბობს, რომ რეაბილიტაციის შემდეგ აქ მუშაობის გაგრძელების სურვილი ჰქონდა, თუმცა არ ელოდა, რომ ასეთი შესაძლებლობა მიეცემოდა. ამიტომ მისთვის განსაკუთრებით სასიხარული იყო, როცა ადმინისტრაციამ სამუშაო ძველ თანამშრომლებს შესთავაზა.

მებაღე მარინა შენგელია კი გვიყვება, რომ სანერგეში სხვადასხვა ჯიშის ყვავილის 5000-მდე ჩითილი გამოიყვანეს, რომლის ნაწილიც მერიას ქალაქის ქუჩების გასალამაზებლად გადასცეს, ნაწილი კი ბაღში დარგეს.