საზოგადოება
ევროკავშირის მწვანე სტიპენდიანტი ეკოაქტივისტი გოგო მესტიიდან [ფოტო]
თეთრი, მრავალჯერადი ჩანთები სვანური კოშკების ხედებით, მთებით და სხვა, მესტიის მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი დეტალებით, მარიამ ნარსავიძის და მისი მოსწავლეების შემოქმედებაა. ეს ჩანთები ფარში გახსნილ სოციალურ საწარმოში იკერება, პოლიეთილენის პარკების ჩასანაცვლებლად.

მარიამი ცოტა ხნის წინ ევროკავშირის და CENN-ის კონკურსის გამარჯვებული და სტიპენდიანტი გახდა მწვანე მეწარმეობაში. ეკოაქტივისტი უკვე წლებია გარემოს დაცვაზე სხვადასხვა ფორმით ზრუნავს. ჯერ კიდევ ბავშვობაში გაჩენილი ინტერესი, უბრალო ტრენინგებით დაწყებული, მალე კონკრეტულ საქმეებშიც გადაიზარდა. ახლა იმაზე სწუხს, რომ მშობლიურ მესტიაში აქტიურად მოიხმარენ პოლიეთილენის პარკებს და ცოტას თუ აფიქრებს, როგორ აზიანებს ის ულამაზეს ბუნებას.

საწარმო, სადაც მრავალჯერადი ჩანთები მზადდება, 2018 წელს ფარის ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგმა, ეკატერინე წულუკიძემ დააფუძნა. აქ ნივთებს თექისგან ამზადებენ, კერავენ ქალებისთვის თეთრეულსაც და სუვენირების შექმნაზე მუშაობენ. მას შემდეგ, რაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველმა მფლობელმა ლადო აფხაზავამ გადაცემაში "ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი", გარკვეული თანხა მოიგო და საწარმოს გადასცა, შეიძინეს ნაჭრები, საკერავი მანქანა, საღებავები და პოლიეთილენის პარკების მოხმარების შესამცირებლად, მრავალჯერადი ჩანთების შეკერვას მიჰყვეს ხელი.

"მრავალჯერადი ჩანთები 15 ლარი ღირს. ძირითადად გამოფენებზე ვყიდით. გასულ წელს მთის დღის ღონისძიებაზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, სხვადასხვა კუთხიდან მოჰქონდათ თავიანთი ნაწარმი და ჩვენც მიგვიწვიეს. ისე მესტიაში, დღესასწაულებზე ვაწყობთ გამოფენას", - უთხრა ეკოაქტივისტმა "ლაივპრესს".

მისივე თქმით, ჩანთებს ძირითადად თეთრი ნაჭრით კერავენ, რათა ნახატები უფრო ლამაზი გამოჩნდეს.

მარიამი აბიტურიენტია, თუმცა ეკოლოგიაზე ზრუნვა ჯერ კიდევ მეოთხე კლასიდან დაიწყო. თავიდან უფროსკლასელების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს ისმენდა გარემოს დაცვაზე. შემდეგ უკვე თავად აწვდიდა საჭირო ინფორმაციას უმცროსკლასელებს. მოგვიანებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ჩENN-ის სასკოლო გარემოსდაცვით ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში, სკოლაში ეკოკლუბი "Gრეენ სპაცე" ჩამოაყალიბეს, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა.

ახალგაზრდები დასუფთავების აქციებს აწყობდნენ, გეგმავდნენ სხვადასხვა აქტივობას მოქალაქეთა ცნობიერების ასამაღლებლად. ავრცელებდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს. თუმცა მარიამი ამბობს, რომ მესტიის მთელ რიგ სოფლებში, სადაც მოსახლეობას ნაკლები ცნობები აქვს პოლიეთილენის პარკების მავნებლობაზე, გაცილებით რთული ვითარებაა, ვიდრე ფარში, სადაც გარკვეულწილად მოახერხეს თანასოფლელებამდე პრობლემის მიტანა.

ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში, სხვა ბავშვებთან ერთად 1000 კილოგრამამდე მაკულატურაც შეაგროვა, რომელიც საბოლოოდ სკოლისთვის განსაზღვრულ წიგნებში გადაცვალეს.

მოგვიანებით გადაშენების პირას მყოფი ბზა აღმოაჩინეს, რომლის ნიმუშიც ლაბორატორიაში გააგზავნეს. დადასტურდა, რომ საქმე კოლხურ ბზასთან ჰქონდათ და მოსახლეობას შეატყობინეს. დღეს თანასოფლელები მცენარის ტოტებს უკვე აღარ ამტვრევენ.

ეკოლოგიური საჭიროებებით დაინტერესების მიუხედავად, მარიამმა ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერების ფაკულტეტი არჩია. ახლა მრავალჯერადი ჩანთების დამზადებას სხვებს ასწავლის, რომ როცა უნივერსიტეტში გადაინაცვლებს, ხელსაქმე მათ განაგრძონ.

"მომავალში, როცა ჩამოვალ სვანეთში, შევეცდები უკეთესობისკენ შევცალო ეს მდგომარეობა", - გვითხრა მარიამმა.

სტიპენდია სულ ოთხ ნომინაციაში, ხუთ გამარჯვებულზე გაიცა. თითოეულმა 1000-1000 ლარი მიიღო. კონკურსის მიზანი მომავალ ლიდერთა სტიმულირებაა, უფრო აქტიურად განაგრძონ საკუთარ თემში გარემოსდაცვითი და მეწარმეობის საკითხების ადვოკატირება და პირადი მაგალითით პოზიტიური ცვლილებები მოახდინონ.