საზოგადოება
ოკუპაციას და კარანტინს გამოქცეულები
FaceBook Twitter
E-mail Print
ორივე ხელით დატვირთული მგზავრები, გორგოლაჭიანი ჩემოდნებით, პატარა ურიკაზე შემოწყობილი ბარგით, თაკარა მზეში ფეხით მიეშურებიან სახლებში. პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი სოხუმმა "საკუთარ მოქალაქეებს" ცალმხრივად უკვე მეოთხედ გაუხსნა და "ჰუმანიტარული დერეფნით" შინ დაბრუნების შესაძლებლობა მისცა. სავაჭრო, სამკურნალო თუ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი შვილების და ნათესავების მოსანახულებლად ერთი, ან რამდენიმე თვის წინ გადმოსული გალელები, ახლა აჩქარებული ნაბიჯებით მიუყვებიან სამეგრელო-აფხაზეთის დამაკავშირებელ ხიდს. აქ ტრანსპორტი არ მოძრაობს. ამიტომაც, ე.წ. აფხაზურ საგუშაგომდე სიმძიმეების ხელით ზიდვა უწევთ.

მანამდე, ხიდის დასაწყისში გაშლილ საველე კარავში აუცილებელ თერმოსკრინინგს გადიან. ტემპერატურას მათ გალის ტერიტორიაზეც შეუმოწმებენ.

აფხაზეთში ბრუნდება გალელი პედაგოგი მარინე ბიბლაიაც, რომელიც ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ, ჯერ კიდევ ჩაკეტილი გადაადგილების პირობებში, მალულად გადმოვიდა. ამბობს, რომ მთელი ხუთი თვის მანძილზე დახმარების მიღება ვერ შეძლო და ბევრის მსგავსად ძალიან გაუჭირდა. როგორც თავის დროზე ფაშისტებმა ბლოკადაში მოაქციეს პეტერბურგი და მოსახლეობა შიმშილით სიკვდილისთვის გაწირეს, თითქმის იგივე დღეში აღმოვჩნდითო, - უთხრა მარინემ "ლაივპრესს".

გალელი რესპონდენტი ემოციურად გვიყვება, თუ როგორ იწვალა ზუგდიდში გადმოსასვლელად, როცა ერთის მხრივ რუსი და აფხაზი სამხედროების ჩექმას გამოექცა, სამშვიდობოს კი უკვე ქართულ პოლიციას გამოეპარა, სავალდებულო კარანტინის თავიდან ასარიდებლად.

ჯერ წელამდე წყალი იყო, მერე გაუვალი ტყე ეკალ-ბარდებით, რომელიც მაკრატლით გაჭრა. დაახლოებით ათი წუთი ასე იარა. შემდეგ მავთულხლართები დახვდა. მავთულხლართებს მიღმაც ბარიერი.

"როგორც პარტიზანები, ისე გავცოცდით. მერე ისევ წყალი დაგვხვდა, ოღონდ მუხლამდე. მერე ვიღაცის თხილნარში შევედით და უკვე ჩექმების ხმები მოგვესმა. გამოვასწარით და აქეთ მხარეს აღმოვჩნდით. გადმოვედით და გვეშინია პოლიციის, რომ დაგვიჭერენ და კარანტინში გვიკრავენ თავს", - იხსენებს მარინე ბიბლაია.

ბევრი მალულულად გადმომსვლელი დაიჭირეს, უკან გააბრუნეს და დააჯარიმეს. ჩვენც ხომ ქართველები ვართ, თქვენი ნაწილი. ჩვენზეც ხომ უნდა იზრუნოთო, - ამბობს გალის მცხოვრები და ხელისუფლებას სთხოვს, იქნებ რამდენიმე დღით მათთვის კარანტინის გვერდის ავლით გადმოსვლა დაუშვან. მისი თქმით, გალის მცხოვრებლები, მათ შორის ეთნიკურად აფხაზები, ვაჭრობის თუ მკურნალობის მიზნით ხშირად კვეთდნენ ადმინისტრაციულ საზღვარს პანდემიამდე, ახლა კი შეზღუდვების გამო ზოგიერთს ენგურის გადაცურვაც უწევს:

"ამიტომ ვარ გაბრაზებული. მე ერთხელ გადმოვედი. ვინც ვაჭრობს, ისინი კვირაში ორჯერ გადმოდიან. წვალობენ და მეცოდებიან".

კორონავირუსის გამო გალში ჩარჩენილმა მოსახლეობამ ვერც კუთვნილი პენსიის მიღება შეძლო, რადგან დე ფაქტო ხელისუფლება ამ დრომდე აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში მხოლოდ მათ აძლევს გადაადგილების უფლებას, ვისაც აუცილებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება.

აბესალომ აქუბარდია ერთ-ერთია, ვინც საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთა ავადმყოფ ახლობელთან ერთად მოახერხა. დიდი წვალების შემდეგ, ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ "პროპუსკი" მოგვცაო. ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ თბილისი და სოხუმი მოილაპარაკებენ და ხიდს რამდენიმე დღით გახსნიან, რათა გალელებმა კუთვნილი თანხის მიღება დროულად შეძლონ. თავად ათი თვისა დაუგროვდა.

ის ჩვენ ენგურის ხიდზე, კარანტინში გადაყვანის მომლოდინე დავტოვეთ. საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს გუდაუთიდან გადმოსული ახალგაზრდა ქალიც, რომელსაც სიმსივნური წარმონაქმნის ამოსაკვეთად ოპერაცია სჭირდება.

გალელების მოთხოვნას, კარანტინის გვერდის ავლით მიეცეთ ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის შესაძლებლობა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მხარს უჭერს. ჯემალ გამახარიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ეს წინადადება თავადაც არაერთხელ გააჟღერეს. მეტიც, გამოთქვეს სურვილი რუხში ბაზრობის მოწყობის, პენსიების აღების სივრცის შექმნის, რაც აუცილებელად მიაჩნია. თუმცა, რადგან დღეს ზუსტი სურათი არ აქვთ, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, და რა შედეგები შეიძლება ამ გადაწყვეტილებით მიიღონ, ეს პროცესი ფერხდება:

"ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური როგორც ჩანს თავს იკავებს ამ რეკომენდაციის გაცემისგან. რომ ვიცოდეთ იქ რა ხდება რეალურად, უფრო თამამად შეიძლებოდა ამ საკითხის დასმა ჩვენი მხრიდან".

ჯემალ გამახარიასვე თქმით, თუკი ეს პრობლემა გადაწყდება, თავისთავად მოგვარდება ტრანსპორტის თემაც და მოსახლეობას აფხაზურ ე.წ. საგუშაგომდე ბარგის მიტანა ხელით აღარ მოუწევს.

გალში ახლა სწორედ ის დროა, ადგილობრივები თხილს რომ აგროვებენ. მართალია წინა წლებში ზუგდიდში ახერხებდნენ მოსავლის გადმოტანას, თუმცა ჩაკეტილი ხიდის პირობებში ამის იმედი აღარ აქვთ. აფხაზეთში "ჩალის ფასად" მოგვიწევსო გაყიდვა, გვითხრა ია გაბელიამ, რომელსაც სახლში სწორედ თხილის შესაგროვებლად მიეჩქარება. გაყიდვით მიღებულ ფულს ენგურს გამოღმა მცხოვრებს შვილებს მიუტანს, თუკი გზა გაიხსნება. მანამდე კი გალში დარჩენა მოუწევს.

სამაგიეროდ, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რჩებიან ის მოქალაქეები, მათ შორის დიალიზზე მყოფი პირები, რომლებიც შიშობენ - პანდემიის პირობებში ჩაკეტილ ადმინისტრაციულ საზღვარს ხელახლა ვეღარ გადმოკვეთენ.

გალის მოსახლეობა იზოლაციის პირობებში რომ ვერ იღებს დახმარებას და ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზეა, ამის შესახებ მასალა "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" ივლისში მოამზადა. კვლევის ავტორებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, მათთვის პირველადი საჭიროების ნივთების და მედიკამენტების მისაწოდებლად გამოიყენონ როგორც საკუთარი რესურსი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება.

ცოტა ხნის წინ, გალში ჩაკეტილი მოქალაქეებისთვის ზუგდიდში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა მურმან მალაზონიამ და რამაზ გამისონიამ მედიკამენტების მიწოდების აქცია დაიწყეს.

5 აგვისტოს, ისევ ცალმხრივად გახსნილი ხიდი კვირას, 9 აგვისტოს დაიკეტება.

სამაგიეროდ, ასევე პანდემიის მიზეზით 28 მარტიდან ჩაკეტილი "საზღვარი" რუსეთთან, განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე პირველი აგვისტოდან ღიაა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
„მახსოვს, ვეკითხებოდი ჩემს თავს, ნონა, განა შენ შეძლებ ამას?
15:07 / 24.09.2020
„მახსოვს, ვეკითხებოდი ჩემს თავს, ნონა, განა შენ შეძლებ ამას?
საოცნებო სახლი ყველა ადამიანს აქვს, თუმცა მის აშენებას მხოლოდ
ერთეულები ახერხებენ.
17:10 / 19.09.2020
საოცნებო სახლი ყველა ადამიანს აქვს, თუმცა მის აშენებას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ.
პატარა გოგო თავისი თანატოლების მსგავსად, ბავშვობაში,
12:35 / 17.09.2020
პატარა გოგო თავისი თანატოლების მსგავსად, ბავშვობაში,
ინტერნეტში არაერთ კვლევას შეხვდებით კორონავირუსის
სიცოცხლისუნარიანობაზე
10:55 / 15.09.2020
ინტერნეტში არაერთ კვლევას შეხვდებით კორონავირუსის სიცოცხლისუნარიანობაზე
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
პანდემია ოკუპაციაში [ვიდეო]
გალელების მდგომარეობა, რომლებსაც ისედაც
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.