საზოგადოება
არიან თუ არა მწერები კორონავირუსის გადამტანი
კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, ვირუსის შემთხვევები კი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მატულობს. ზოგიერთმა სახელმწიფომ უკვე განაცხადა, რომ მეორე ტალღასთან უწევთ გამკლავება. ამ ფონზე კვლავ აქტუალურია მითები, რომელიც სწრაფად ვრცელდება საზოგადოებაში და განსჯის საგანი ხდება. ზოგი ამ ყველაფერს იოლად იჯერებს, რაც დეზინფორმაციის პროპაგანდას უწყობს ხელს.

ერთ-ერთი ასეთი მითი კოღოს, ან სხვა მწერების მიერ კორონავირუსის ადამიანზე გადაცემას გულისხმობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ დღეს არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ მითს ამყარებს. მეტიც, მათი განმარტებით, ახალი კორონავირუსი რესპირატორული ვირუსია და ის ძირითადად იმ წვეთების მეშვეობით ვრცელდება, რომელსაც დაინფიცირებული პირი ხველების, ან დაცემინების დროს გამოყოფს. ან ცხვირიდან გამონადენიდან.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ბუნებაზე ჯერ კიდევ უცნობია ბევრი რამ, სპეციალისტებისთვის მაინც ნაკლებად სარწმუნოა ინფორმაცია, რომ მწერმა ვირუსი ინფიცირებული პირის კბენის შედეგად აიღოს და სხვა ადამიანს გადასდოს.

სწორედ ამიტომ მოუწოდებენ მოსახლეობას, ხელები ხშირად დაიმუშაონ სპირტის შემცველი საშუალებებით, ან საპნით და წყლით დაიბანონ. ან სულაც, მოერიდონ ადამიანებს, რომლებსაც ეს სიმპტომები აღენიშნებათ.

კოღოები და ზოგადად მწერები რომ არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები და ეს ყველაფერი მითია, ამ მოსაზრებას ემხრობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ინფექციონისტი რევაზ მეჭურჭლიშვილიც. როგორც მან "ლაივპრესს" განუცხადა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მწერს ეს ვირუსი გადააქვს და ადამიანის დაინფიცირება შეუძლია.

"რესპირაციული ვირუსია, რომელიც ძირითადად სასუნთქ გზებშია, სისხლში 1%-ზე ნაკლებ შემთხვევებში, ისიც რთულად აღმოსაჩენია. კოღოს გადააქვს ისეთი დაავადებები, რომელთა გამომწვევიც სისხლშია", - აღნიშნა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.

იგივეს ამტკიცებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეც. პაატა იმნაძის თქმით, ახალი კორონავირუსი კოღოების მეშვეობით არ ვრცელდება. მან მოსახლეობას დამშვიდება ურჩია და აღნიშნა, რომ საქმე წვეთოვან ინფექციასთან გვაქვს.

"გამოჩნდა გარკვეული მოსაზრებები, რომ შესაძლოა ჰაეროვანი გზითაც გადაიცემოდეს... ყოველ შემთხვევაში, კოღოები ნამდვილად არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები", - განმარტა მან.

რა დაავადებები გადააქვს კოღოს და ტკიპას?

საქართველოს პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის ამბულატორიული განყოფილების ხელმძღვანელმა მანანა მურუსიძემ "ლაივპრესს" უთხრა, რომ კოღო არის ისეთი დაავადებების გადამტანი, მაგალითად როგორიცაა მალარია. ამ მწერის გარკვეული სახეობა კი შესაძლოა ზიკას ვირუსის გამავრცელებელიც აღმოჩნდეს. რაც შეეხება ტკიპას, მას ჰემორაგიული ცხელების, ყირიმ კონგოს და ტკიპისმიერი ენცეპალიტის გადატანა შეუძლია.

არის თუ არა შესაძლებელი მწერების ნაკბენით ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდეს, მანანა მურუსიძე მსგავს კვლევებს არ იცნობს.

"კოღოს თუ სხვა მწერის ნერწყვში რამდენად ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას, დაავადების გადატანის უნარიანობას, ასე ზეპირად ვერ გეტყვით. როგორც მექანიკური გადამტანი, ნებისმიერი მწერი იყოს, მაგრამ ამ ვირუსთან დაკავშირებით ვერ გეტყვით", - აღნიშნა მან.

ილინოისის უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის კოლეჯის ზოოლოგიური პათოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი კარენ ტერიო აცხადებს, რომ არსებობს ვირუსები, რომლის გავრცელებაც კოღოებს შეუძლიათ, მაგრამ არა ახალი კორონავირუსის. მისივე თქმით, ვირუსის გადატანა არც სხვა მწერებს, მათ შორის ბუზებს შეუძლიათ.

ამავე უნივერსიტეტის პროფილაქტიკური მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროფესორის ასისტენტი პროფესორი, უილიამ სანდერი კოლეგის მტკიცებას ამყარებს დასძენს - წინა კვლევებმა სხვა ტიპის კორონავირუსებზე განსაზღვრა, რომ მწერებს, მათ შორის კოღოებსა და ბუზებს, არ შეუძლიათ ამ ვირუსის გავრცელება.

იგივეს ამბობს ამერიკის კოღოს კონტროლის ასოციაცია.

"ვირუსი რომ ადამიანს კოღოს, ან ტკიპას ნაკბენით გადაედოს, მაშინ ამ ვირუსს გამრავლება უნდა შეეძლოს მწერის ორგანიზმში", - ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დღეისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა 21 516 760-ს მიაღწია. მათგან 766 663 პაციენტი გარდაიცვალა.

შარშან, 31 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთის ხელისუფლებამ აცნობა, რომ ქალაქ უხანში პნევმონიის მსგავსი ახალი დაავადება გავრცელდა. უკვე 13 იანვარს ვირუსი ჩინეთის საზღვრებს მიღმა, ტაილანდში დაფიქსირდა, შემდეგ კი იაპონიაში. ორივე შემთხვევაში კორონავირუსი იმ ადამიანებს დაუდგინდათ, რომლებიც ცოტა ხნის წინ სწორედ უხანში იმყოფებოდნენ.