საზოგადოება
ზუგდიდელი ველომოყვარულების ცხოვრება [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ პარკში ხშირად ნახავთ ველოსიპედებით მოსეირნე ბავშვებს. სკეიტერების მსგავსად, ისინიც ერთი და იგივე ბეტონის ე.წ რამპებით, კედლებით სარგებლობენ. აქ სხვადასხვა მანევრის დემონსტრირება ხდება - ჩამოსრიალება, ჰაერში ბრუნები, საჭის ტრიალი..ეს ახალგაზრდები ველოკლუბის წევრები არიან, რომელიც პანდემიის პირობებში ნიკა ტყებუჩავამ და პეტრე მალანიამ ჩამოაყალიბეს. მართალია ამბობენ, რომ სკეიტპარკში მოწყობილი ინფრასტრუქტურა მათ საჭიროებებს არ პასუხობს, თუმცა 25-მდე მოსწავლე ჰყავთ და თავის დროზე ინტერნეტში ნანახ, "დამუღამებულ" მოძრაობებში ახლა მათ ავარჯიშებენ.

14 წლის ნიკა "ლაივპრესს" უყვება, რომ კლუბი იმისთვის შექმნეს, ამ გასართობით ერთის მხრივ სიამოვნება მიეღოთ, დაახლოებულიყვნენ, ცოდნა გაეზიარებინათ, მეორეს მხრივ კი ცხოვრების ჯანსაღ წესზეც ეზრუნათ და სხეული განევითარებინათ.

ველომოყვარულის თქმით, ახალგაზრდებს ბევრი საჭიროება აქვთ. ისიც კი, რაზეც ვარჯიშობენ, ველოსიპედებისთვის არ არის განკუთვნილი, უფრო როლიკების და სკეიტბორდისთვის, მათ კი უბრალო ასაფრენი რამპა და ბეტონის ისეთი კონსტრუქცია სჭირდებათ, რომელზეც 90 გრადუსით შემოტრიალებას შეძლებენ.

"ქალაქში ველოტრასები საერთოდ არ გვაქვს. ხალხი არ არის შეჩვეული. ტროტუარზე თუ გაიარე, არ შეიძლება და წადი, გზაზე იარე. ის ასასვლელებზე კი, რომელიც ველოსიპედისთვის არის, ხალხი ადის და ჩამოდის. დიდ საფრთხეს შეიცავს ველოსიპედით გადაადგილება", - გვითხრა ნიკამ.

კლუბის წევრია 10 წლის რეზი ნარმანიაც. ჯერ კიდევ ექვსის იყო, როცა მამამ ველოსიპედის ტარება ასწავლა. ერთი წლის წინ კი ეზოდან ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა. თუმცა სეირნობაში ხელს ველოტრასების არარსებობა უშლის. დიდი სიფრთხილით გადაადგილდება. შეიძლება ნებისმიერს ავტომანქანა დაეჯახოსო. ის ხელისუფლებას სთხოვს, იქნებ ზუგდიდი ველომოყვარულებისთვის ადაპტირებულ სივრცედ აქციონ.

რეზის თქმით, ეს სპორტი ადამიანების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. თავადაც დღეში რამდენიმე საათი ვარჯიშობს.

"კლუბს დაახლოებით ორი თვის წინ შემოვუერთდი. ნიკუშა ტყებუჩავა ვნახე, როცა ვიყავი სკეიტპარკში. აკეთებდა ტრიუკებს და მეც მომინდა ასე გამეკეთებინა. ვკითხე, როგორ აკეთებდა და მან მასწავლა".

ეს ჩემი ცხოვრებააო, - გვითხრა ველოკლუბის თანადამფუძნებელმა, 15 წლის პეტრე მალანიამაც. კლუბის წევრებს მანამდე არ იცნობდა. სათითაოდ შემოიკრიბა. ველოტრასების გარდა, პეტრე სხვა საჭიროებებზეც საუბრობს - სამუხლეები, იდაყვების დამცავი, ჩაფხუტი, რამპები.

"ეს არაფერი არააა. ერთმანეთს ვეჯახებით. პატარა ადგილია. ერთი ჩამოსასვლელი და ასასვლელია. მობეზრებული გვაქვს ყველას. მერია თუ დაგვაფინანსებს და დამცავებს გვიყიდის, კარგი იქნება. ჩვეულებრივ, მანამდეც დავდიოდი ველოსიპედით. სერიოზულად კი ორი თვეა დავიწყე. მისწორდება ველოსიპედით რაღაცების კეთება", - ამბობს პეტრე.

მან და ნიკამ ილეთები "სკეიტპარკში დაამუღამეს". ახლა საკუთარ გამოცდილებას თანაკლუბელებს უზიარებენ. თუმცა იმისთვის, რომ განვითარდნენ, უკეთესი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ან ახალი სავარჯიშო სივრცე სჭირდებათ.