საზოგადოება
მებაღეობა, როგორც ჰობი და თერაპია [ვიდეო]
ქირიების ოჯახში დილა ყვავილების მოვლით იწყება. სახლში, სადაც 200-მდე დეკორატიული მცენარე ხარობს, ყვავილებზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა.

ბოლო რამდენიმე წელია ცოლ-ქმრის, მამედ ქირიას და იზოლდა ნავეიშვილის ჰობი მებაღეობა გახდა. მათ მიერ გაწეულ შრომას ფასი აქვს - სილამაზე, რომლითაც აღფრთოვანებული რჩება მასპინძელიც და ოჯახში მისული ყველა სტუმარი.

მოყვარული მებაღეები დარწმუნებული არიან, რომ გარდა სილამაზისა, თითოეულს თავისი მისია აქვს და განსაკუთრებულ აურასაც ქმნის სახლში.

მაგალითად, იზოლდა ნავეიშვილი ამბობს, რომ მის საყვარელ ყვავილს, ბეგონიას, ოჯახში ბედნიერება და სიყვარული მოაქვს.

დიასახლისი გვიყვება, რომ მებაღეობა საუკეთესო თერაპიაა - თუ ყვავილებს უყვები იმას, რაც ყველაზე მეტად გაწუხებს, გულზე გეშვება. ამბობს, რომ ეს არის მალამო, რომელსაც ვერ შეიძენ - შენ უნდა მოუარო და ააყვავო, მხოლოდ მაშინ აქვს სამკურნალო ძალა.

„არაჩვეულებრივი თერაპიაა. შემიძლია მთელი დღე მათთან ვიფუსფუსო და ვიყო, მოვეფერო და მე თვითონაც კარგ ხასიათზე დავდგე. მგონია და ასეცაა, რომ ამ ყვავილებში ზოგიერთი ჯანმრთელობისთვისაა კარგი, ზოგიერთი ოჯახის კარგი აუირისთვისაა. ზოგიერთის კი სილამაზე გაკმაყოფილებს. კმაყოფილდები და მშვიდდები ამ ყველაფრით. ყველას ვურჩევ, განსაკუთრებით ჩემ ასაკში, რომ ბუნებრივად შექმნილ ამ სილამაზეს და სიმშვიდეს მიმართონ“, - ამბობს 65 წლის იზოლდა ნავეიშვილი, რომელიც ყველაზე დიდ დარდსაც და საიდუმლოსაც ყვავილებს ანდობს.

მცენარეები მეუღლემ შეაყვარა, რომელიც მებაღეობით ახალგაზრდა ასაკიდან არის დაინტერესებული. 2 ქალიშვილის მშობლებმა საყვარელი საქმიანობისთვის შვილების დაოჯახების შემდეგ მოიცალეს.

ახლა უკვე მათი ბაღით შვილიშვილები და შვილთაშვილები ტკბებიან.

მოყვარულმა მებაღეებმა მცენარეების დაკალმება-გამრავლებაც ისწავლეს. ინფორმაციას ძირითადად ინტერნეტში ეძებენ. არ ენანებათ ჩითილების გაჩუქება - მთავარია შესრულდეს პირობა და მცენარეებზე იზრუნონ.

როგორც მამედ ქირია ამბობს, ყველაზე რთული 200-მდე ყვავილისთვის მიწის შეცვლაა. ხშირად ათობით მცენარის განახლების პროცესი ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ სამუშაო შეიძლება მთელი დღეც გაგრძელდეს.

ქირიების ეზო ქეიფისა და შეკრებების ადგილი გახდა. მეგობრებს თუ ნათესავებს, ყველას სურს ლამაზ ბაღში ჩადგმულ მეგრულ ოდაში მამედ ქირიას დაყენებული ღვინის და იზოლდა ნავეიშვილის მომზადებული ელარჯისა თუ ხაჭაპურის დაგემოვნება.