საზოგადოება
ოცნების სახლი [ვიდეო]
საოცნებო სახლი ყველა ადამიანს აქვს, თუმცა მის აშენებას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ.

კახა ხასაია და მედიკო ქორთუშვილმა შეძლეს, რომ ზუგდიდში, თავიანთი ოცნებების სახლი აეშენებინათ, ამისთვის მათ ცოტა ფული ჰქონდათ და მდიდარი ფანტაზია.

სახლის დიზაინი ერთობლივად დაგეგმეს, კახამ კი უშუალოდ მიიღო მონაწილეობა მის აშენებაში.

"კახას ზღვის სანაპიროდან ფერადი ქვები გამოჰქონდა პარკებით, მოჰქონდა მეორადი აგური, ხის მასალა, კრამიტი და ასე ავაშენეთ, საბოლოოდ, ამ ფერადი ქვებით გარე ფასადი მოვაპირკეთეთ, კედლებისთვის მეორადი აგური და ხის მასალა გამოვიყენეთ", - გვიყვება მედიკო ქორთუშვილი.

კახა საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს და ხშირად უწევს სხვადასხვა ქვეყნებში სამშვიდობო მისიით გამგზავრება, იქიდან ყველა კულტურისთვის დამახასიათებელი ნივთები ჩამოაქვს: ნიანგის ფორმის მაგიდები, ტაილანდური ქოლგები, სამოთხის ჩიტები, ნიღბები, თუ სახვადასხვა საბრძოლო იარაღები.

მისაღებში გემოვნებით შერჩეული ავეჯი დგას, ფერადი თვლებით მოჭედილი ძველი სკამები, სამზარეულოს მდფ-ის ყავისფერი ავეჯიც განახლებული და შეღებილია.

მეორე სართულზე ასასვლელი შიდა კიბის გასწვრივ კი კედლებზე უამრავი საინტერესო ნივთია ჩამოკიდებული.

ყველაზე საყვარელი ადგილი კახასთვის სამუშაო ოთახია, სადაც საწერი მაგიდა და სკამიც ასევე მის მიერაა განახლებული.


"ყველა ნივთი ჩემთვის ძვირფასია, თითოეულთან მოგონება მაკავშირებს, თუმცა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ალბათ ეს ფარია, რადგან ის არ ასოცირდება სხვის განადგურებასთან, თან იმ ქვეყანაში, პაპუა-ახალ გვინეაში, სადაც ეს მაჩუქეს, დავიწყე ახალი პროგრამა, რომელიც დაეხმარა ადამიანებს მშვიდობის მიღწევაში. 

ჩვენი პროგრამის შედეგად 12- მდე ტომი შეთანხმდა იმაზე, რომ ქალებს, ბავშვებს, ექიმებს და იმ ადამიანებს, ვინც ომში არ მონაწილეობდნენ, არ დახოცავდნენ. 29 თვის განმავლობაში ვიყავი მათთან და წარმატებული მისია მქონდა, ფარიც ერთ-ერთ სოფელში პატივისცემის ნიშნად მაჩუქეს", - გვიყვება კახა.


ოთახის ერთ კედელზე წიგნების თაროა, სადაც სხვადასხვა ოკეანეების ნიჟარები და სუვენირები დევს, მოპირდაპირედ აწყვია ხისგან, ბამბუკისგან დამზადებული მშვილდ-ისრები, ნიჩბები და მთლიანობაში სხვადასხვა ქვეყნიდან ამდენი ჩამოტანილი ნივთი ქმნის დასავლურ-აღმოსავლური კულტურის სინთეზს, რაც სახლის სტუმრებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.

მასპინძლები ამბობენ, რომ საბოლოოდ სახლი ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორზეც ოცნებობდნენ. თუმცა კახა ცდილობს, მუდამ რამე ახალი აკეთოს, ამჯერად, ძველი ნივთების შესანახად სკივრს ამზადებს, მედიკო კი სახლის წინ დარგულ ლამაზ ოლეანდრებს აკალმებს, რომ სხვებს დაეხმაროს ეზოს გალამაზებაში.