საზოგადოება
„მე, ჩვენ შევცვლით“ - მოქალაქეთა საარჩევნო სურვილები და კანდიდატების დანაპირები
პოლიტიკურ სუბიექტთა საარჩევნო დაპირებები წლიდან წლამდე უმნიშვნელოდ იცვლება. იგივეს ითხოვენ მოქალაქეებიც. საარჩევნო ბუკლეტებში ამოკითხული, თუ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ზეპირი გზავნილებიც ხშირად ერთმანეთს ჰგავს. ამ დაპირებების უმრავლესობა პარტიული პროგრამის ნაწილია და არა უშუალოდ მომავალი პარლამენტარის სამოქმედო გეგმა.

რა სურს ზუგდიდელ ამომრჩეველს?

ადგილობრივები ზუგდიდისთვის 2017 წელს ჩამორთმეული თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ. მოქალაქე დავით ლოგუა ფიქრობს, რომ რეალური, ფისკალური დეცენტრალიზაცია აუცილებელია მუნიციპალიტეტების მეტი განვითარებისთვის.

პენსიონერ ზურაბ ნორაკიძის სურვილია, მხოლოდ სახლში არ იჯდეს და მისი ასაკის ადამიანებსაც ჰქონდეთ მრავალფეროვანი ალტერნატივა.

ახალგაზრდებისთვის სამოტივაციო სივრცე, 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებთან წვდომა და ემიგრანტების დაბრუნება, ადგილობრივების ქალაქიდან, სოფლებიდან გადინების შეჩერება - ასე წარმოუდგენია უკეთესი მომავალი რომეო მალაზონიას, რომელიც არჩევნებზე წელს პირველად მიდის.

შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული ქალაქი და უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობა, დასაქმებულთა შრომითი უფლებების და ზუგდიდში ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება, უმუშევრობის დაძლევა არასრული ჩამონათვალია, რაზეც ზუგდიდელები უკვე წლებია საუბრობენ.