საზოგადოება
როგორ იქცა ბებოს ყველიანი კვერები ოჯახურ ბიზნესად [ვიდეო/ფოტო]
ბებიის მიერ მომზადებულ კერძი განსაკუთრებით გემრიელია. ზუგდიდში მცხოვრებმა 66 წლის როზა ხუბუამ გადაწყვიტა ეს განსაკუთრებული გემო ბიზნესად ექცია.

"ყოველთვის მიყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი, თუმცა 3 წლის წინ გამიჩნდა იდეა, რომ ჩემი ყველიანი კვერები მარკეტში ჩამებარებინა გასაყიდად, პირველი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, ტელეფონზე ბევრი ზარი მქონდა, სადაც მეუბნებოდნენ, რომ მოეწონათ ჩემი ნახელავი, მას შემდეგ გავიტანე პროდუქცია მხვილ სუპერმარკეტებში", - როზა ბებო.

მან "აწარმოე საქართველოს" დაფინასებით დანადგარებიც მიიღო და უკვე დღიურად 20 კილოგრამამდე კვერის მომზადება შეუძლია, საწარმოში დასაქმებული ჰყავს 2 ადამიანიც. მისი კვერები ცნობილია "როზა ბებოს ვარენიკების" სახელით.

ცომს სპეციალური აპარატით ზელს, შემდეგ ხელით ამუშავებს, ამბობს, რომ მის კვერს განსაკუთრებულ გემოს სულგუნი აძლევს, შვილიშვილი ხატია კი დარწმუნებულია, რომ ბებოს მიერ მომზადებული კერძების განსაკუთრებულობა მის კულინარიულ გამოცდილებასა და პროფესიონალიზმშია.


"ბებო განსაკუთრებულ კერძებს ამზადებდა ყოველთვის. მის მიერ მომზადებულ ხაჭაპურს, ელარჯს ყოველთვის უხვად აქვს ყველი. ნათესავები და ახლობლები ხშირად მოდიან მასთან და რეცეპტებს ეკითხებიან.

ბოლო წლებია თბილისში ვცხოვრობ, კარანტინის დროს კი ზუგდიდში ჩამოვედი და ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება რომ ეს განსაკუთრებული, თბილი გემო გადაგვექცია წარმატებულ ბიზნესად და ნელ-ნელა თითქმის, ყველა მსხვილ სუპერმარკეტში შევიტანეთ. სამომავლოდ, გვინდა გავცდეთ ქალაქს და პროდუქცია აღმოსავლეთ საქართველოს სუპერმარკეტებშიც შევიტანოთ", - ამბობს ხატია.

ყველიანი კვერების ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდა პანდემიის და კარანტინის დროსაც, ამიტომ მეწარმე აპირებს პროდუქცია უფრო მრავალფეროვანი გახადოს და კარტოფილის კვერები, ასევე ხინკალი და ხორციანი ბლინები მოამზადოს გასაყიდად.