საზოგადოება
რა სიმპტომები აქვს კორონავირუსით გამოწვეულ თრომბოემბოლიას
კორონავირუსით გამოწვეული გართულებებიდან ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო თრომბოემბოლიაა.

რა სიმპტომები აქვს თრომბოემბოლიას და შესაძლებელია თუ არა მისი პრევენცია, ამის შესახებ "ლაივპრესი" ექიმ-ჰემატოლოგს თამარ გერსამიას ესაუბრა.

"თრომბოემბოლია აუცილებლად უნდა გამოვლინდეს რაღაც ნიშნით, ეს იქნება ქვედა კიდურების შეშუპება, სადაც მოხდება თრომბის წარმოქმნა - დაზიანება, სისხლძარღვის დახშობა, ასევე სუნთქვის უკმარისობა, ხველება, დაბუჟება. თუ არის მსგავსი ჩივილები და პაციენტს გამოკვლევების შედეგად დაუდასტურდება ფილტვის თრომბოემბოლია, ამ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა".

ექიმი პაციენტებს ურჩევს, რომ ყურადღება მიაქციონ თრომბოზისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე წყლის სახით და არ შეწყვიტონ ფიზიკური აქტივობა.

"თუ ისეთი სამუშაო გარემო აქვთ, სადაც უმეტესად ჯდომა უწევთ, აუცილებელია ცოტა მეტი ფიზიკური აქტივობა, ოთახში სიარული, მსუბუქი მოძრაობები, რომელიც ხელს შეუწყობს სისხლის ნაკადის სწორად მოძრაობას. ფეხების მსუბუქი აწევა - მოძრაობა იმისთვისაა კარგი, რომ არ მოხდეს ქვედა კიდურებში თრომბის განვითარება".

ექიმი თრომბოზის პრევენციის მიზნით კატეგორიულად გამორიცხავს მედიკამენტების მიღებას, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა უფრო დამძიმდეს პაციენტის მდგომარეობა.

ჰემატოლოგი თამარ გერსამია.

"მედიკამენტი მხოლოდ მაშინ არის სასარგებლო, თუ ის პაციენტს სჭირდება, მაგრამ თუ არ არის საჭირო, მაშინ შეიძლება ზედმეტად გათხელდეს სისხლი და სისხლჩაქცევებიც მოხდეს, რაც ასევე არანაკლებ შემაშფოთებელი ამბავია. მხოლოდ გამოკვლევის შემდეგ ხდება გარკვეული მედიკამენტების შერჩევა. ანალიზების გარეშე წარმოებული მედიკამენტური თერაპია უფრო სახიფათოა, ვიდრე სასარგებლო. არის სხვადასხვა სახის ანტიკოაგულანტები, რომლის გამოყენებამაც შეძლება უფრო მეტი ზიანი მიაყენოს ადამიანს, თუკი მას ის არ სჭირდება".

ექიმი ამბობს, რომ ემბოლიის საფუძველი სისხლის შედედების შედეგად სისხლძარღვის სანათურში წარმოქმნილი კოლტია. ამის შემდეგ ფერხდება, ან სრულად დაიბლოკება გარკვეული ორგანოს სისხლით მომარაგება და როცა საქმე გვაქვს პათოლოგიასთან, ამ შემთხვევაში კი, პათოლოგიად ითვლება კოვიდი, ის ვითარდება შედარებით უფრო გართულებულად.

ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ კოვიდინფიცირებულთა 30 %-ს საშიში ტრომბოზი უვითარდება, თუმცა ლონდონის სამეფო კოლეჯთან არსებული საავადმყოფოს პროფესორი რუპენ არია ვარაუდობს, რომ ეს ციფრი ბევრად უფრო მაღალია.

მეცნიერთა ჯგუფი მისი მეთაურობით საავადმყოფოს პირობებში იკვლევს, როგორ ცვლის და ასქელებს კორონავირუსი პაციენტთა სისხლს. გასქელებული სისხლი კი ტრომბების ჩამოყალიბებას იწვევს.

სისხლში ასეთი ცვლილებები ფილტვების ძლიერი ანთების შედეგად ხდება, რაც ვირუსზე ორგანიზმის რეაქციაა. ეს კი, თავის მხრივ ავადმყოფთა მდგომარეობის გაუარესებას იწვევს.