საზოგადოება
უდანაშაულო და უვადო პატიმრები ვართ - გალელებისთვის შეზღუდული არჩევანის უფლება
FaceBook Twitter
E-mail Print
31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებს ტელეეკრანიდან აკვირდებოდა 83 წლის ზაირა ბებო. ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრებს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება უნდოდა, თუმცა ე.წ. საზღვარი ვერ გადაკვეთა.

სამეგრელოსა და აფხაზეთის დამაკავშირებელი ენგურის ხიდი პანდემიის მიზეზით უკვე მეცხრე თვეა ჩაკეტილია და ზაირა ბებოს მსგავსად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდა ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებ 50 ათასამდე ეთნიკურად ქართველს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის მონაცემებით, სწორედ ამდენი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს გალში.

ზაირა ბებო აქტიური ამომრჩეველია. მანამდე ყველა არჩევნებში ახერხებდა დანარჩენ საქართველოში გადმოსვლას და ხმის მიცემას. გვარს მისივე თხოვნით არ ვასახელებთ, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სიფრთხილით ეკიდება მოსაზრებების ღიად გამოხატვას. სატელეფონო საუბრისას შეზღუდული უფლებების გამო წუხილს გამოხატავს:

ჩაკეტილი ენგურის ხიდი

„ჩვენ აქ უდანაშაულო და უვადო პატიმრები ვართ. რა თქმა უნდა, არ მიგვიღია არჩევნებში მონაწილეობა - აბა ვინ გაგვიშვებდა არჩევნებზე? ამათმა, [ე.წ. მესაზღვრეებმა] რომც გაგვიშვან, იქ ზუგდიდში წაგვიყვანენ კარანტინში და აბა ვინ წავა ასეთ დროს ზუგდიდში? ან ვინ გაგიშვებს? ჩვენ აქ ვართ ჩაკეტილი და არავინ გვყავს პატრონი. არავინ არის ჩვენი მომხედავი... მივიღებდი აუცილებლად მონაწილეობას. ჩვენ [გალელები] რომ ვერ წავედით არჩევნებზე, რა ვიცით, რა ბედი ეწია ჩვენს ხმებს, იქნებ მიითვისა ვინმემ?!"

14 მარტს ჩაკეტილი ენგურის ხიდი ამ ხნის მანძილზე რამდენიმე დღით და მხოლოდ ცალმხრივად, სამჯერ გაიხსნა და დაიხურა. ყველა შემთხვევისას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფ გალელებს აფხაზეთისკენ გადასვლა ერთი მიმართულებით შეეძლოთ. სოხუმის განცხადებით, ამ ნაბიჯით პანდემიისას „საქართველოში სამკურნალოდ წასულ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ“.

გალელებმა ამ დრომდე არ იციან, როდის შეძლებენ ძველებურად აფხაზეთ-სამეგრელოს შორის მიმოსვლას, რადგან უცნობია ხიდის გახსნის თარიღი. გარდა ამისა, მათთვის პრობლემას ქმნის პანდემიის გამო დაწესებული სავალდებულო კარანტინიც. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში მოქალაქე შემოვლით გზით გადმოსვლას მოახერხებს, სავალდებულო, 12 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს. ეს კი, ხელსაყრელი პირობა არ არის მათთვის, ვინც კვირაში მინიმუმ სამჯერ მაინც, სხვადასხვა საჭიროებისთვის მოდიოდა გალიდან ზუგდიდში და პირიქით.

არსებული შეზღუდვების გამო, მოქალაქეებს დანარჩენ საქართველოში მოსახვედრად უკიდურესი აუცილებლობისას მიმალვით, მდინარე ენგურის გადაცურვით უწევთ მოხვედრა. ძირითადად ეს საჭიროებებია: სამედიცინო სერვისის მიღება, პენსიის, ან დევნილთა შემწეობის თანხის მიღება.

ზაფხულში, როცა კარგი ამინდია, ეს შესაძლებელია, რადგან ოკუპირებული სოფლების ზუგდიდისგან გამყოფ მდინარე ენგურში წყლის დონე დაბალია. ვითარება იცვლება შემოდგომიდან.


ოტობაია-ორსანტიის ე.წ. გადასასვლელი

იმ შემთხვევაშიც კი, თუ წყლის დონემ არ მოიმატა, სიცივეში მდინარით გადასვლა, ჯანმრთელობისთვის გაცილებით სახიფათო ხდება. ამ მიზეზით გალელებმა დიდი სურვილის მიუხედავად, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

„ძალიან მინდოდა ჩასვლა, მაგრამ არჩევნების გამო ვერ წავიდოდი მდინარით. დამიჭერდა პოლიცია და წამიყვანდნენ კარანტინში. ადრე წამლებზე რომ ჩავედი ზუგდიდში, მთელი დღე, 3-დან 8 საათამდე ვემალებოდი ქართულ პოლიციას. იმიტომ, რომ კარანტინში არ წავეყვანეთ. იმ დღესვე მოვბრუნდი გალში უკან. მთელი ოჯახი მე მელოდებოდა, როდის ჩავიტანდი წამლებს. კარანტინში რომ წავეყვანეთ, რა ეშველებოდა 12 დღე ჩემებს? ადრე არჩევნებზე სულ დავდიოდით, ახლა არავინ არ წასულა. ყველა ტელევიზორს ვუყურებთ და ასე ვიგებთ ამბებს“, - გვიყვება ოკუპირებულ ქალაქ გალის მცხოვრები, მანანა ჭანია.

გალელები დარწმუნებული არიან, რომ ე.წ. საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვა არც არჩევნების მეორე ტურისთვის შეიცვლება. პირიქით, მოლოდინი აქვთ, რომ დანარჩენ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე „საზღვარზე“ კონტროლი დე ფაქტო რესპუბლიკის მხრიდან გამკაცრდება.

გალელებს დე ფაქტო ხელისუფლება, როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონეებს „უცხოელებად“ და დროებით მობინადრეებად განიხილავს. ამ მიზეზით მათ ხმის მიცემა წლებია შეზღუდული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამჯერად კი მათ ვერც დანარჩენ საქართველოში შეძლეს არჩევანის გაკეთება:

„აქ, ამათთან გამოკეტილი რომ ხარ და ვერ იღებ მონაწილეობას არჩევნებში, ეს გასაგებია. ეს დიდად არაა საინტერესო. მაგრამ შენს ქვეყანაში რომ ვერ დააფიქსირებ აზრს, ეს არ არის სასიამოვნო ნამდვილად“, - ამბობს მანანა ჭანია.

მისგან განსხვავებით, არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლო გალელმა ციალა ბასარიამ. ის ზუგდიდში ცხოვრობს და ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო, 9 თვეა აფხაზეთში მყოფი ოჯახი არ უნახავს. ნათესავებს ძირითადად სოციალური ქსლებით ეკონტაქტება.

„მე, რა თქმა უნდა ვიყავი არჩევნებზე, მაგრამ ჩემი მშობლები, ჩემი და გალში არიან და ვერ წამოვიდნენ. მეც დამწყდა გული და მათაც, მაგრამ რა ვქნათ? - ჩვენ ვერაფერს შევცვლით“, - გვითხრა ციალა ბასარიამ.

ოფიციალური მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 14 371 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ისინი საკუთარი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით არიან რეგისტრირებული საარჩევნო უბნებზე.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ე.წ. საზღვარს აქტიურად კვეთდნენ გასული არჩევნების პერიოდში და მონაწილეობდნენ კენჭისყრაში, რისი ამსახველი მასალებიც მოიპოვება „ლაივპრესის“ არქივშიც. 2020 წლის პარლამენტის არჩევნებმა მათ გარეშე ჩაიარა. სავარაუდოდ ასე მოხდება არჩევნების მეორე ტურშიც.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსის პანდემიის მიზეზით 10 თვის წინ ჩაკეტილი
აფხაზეთ-სამეგრელოს ე.წ. საზღვარი
20:08 / 03.12.2020
კორონავირუსის პანდემიის მიზეზით 10 თვის წინ ჩაკეტილი აფხაზეთ-სამეგრელოს ე.წ. საზღვარი
11:42 / 30.11.2020
"ასე ჩემო დუდა, გენაცვალე, ვიცი ძალიან მძიმე პირობებში ხარ შენც, მეც,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ბიზნესი
კორონავირუსის პანდემიამ არაერთი ბიზნესი, მათ შორის რესტორნებიც დააზარალა.
ბებია-ბაბუა, რომლებმაც კოვიდი დაამარცხეს [ვიდეო]
კორონავირუსი დაამარცხა 86 წლის ლევან ქავთარაძემ
ფისო და ბავშვები - ონლაინ გაკვეთილი დაწყებით კლასში [ვიდეო]
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის გამოვლენის გამო
აქტიურები ყველა არჩევნებზე [ვიდეო]
75 წლის ზურაბ ნორაკიძე და 83 წლის ზაირა ნაჭყებია აქტიური
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.