საზოგადოება
როცა სახელმწიფო ვერ გხედავს - ადამიანები ანტიკრიზისული გეგმის მიღმა
მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაში მოქალაქეთა ნაწილი ისევ ვერ მოხვდა. მათ შორის განსხვავებული შესაძლებლობის მქონე პირთა უმრავლესობა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ფულად დახმარებას, მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე და 0-18 წლამდე ასაკის შშმ ადამიანებზე გასცემენ ამჯერადაც. ასეთი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 43 ათასია. ისინი 100 ლარს იანვარ-ივნისის ჩათვლით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მიიღებენ, რისთვისაც სახელმწიფო 27 მილიონ ლარს დახარჯავს.

ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი შშმ პირი ცხოვრობს ქვეყანაში, არ არსებობს, შესაბამისად ყველა ეს ციფრი პირობითია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზა კი მხოლოდ იმ ადამიანებს აღრიცხავს, რომლებსაც სტატუსი აქვთ და სოციალური პაკეტით სარგებლობენ.

2020 წლის მონაცემებით, ბაზაში სულ 126 851 განსხვავებული შესაძლებლობის მქონე მოქალაქე ფიქსირდება. მათგან მკვეთრად გამოხატული ხარისხის შეზღუდვის 29 926, 0-18 წლამდე კი 11 651 პირი, რომელთაც მიზნობრივი დახმარება ეხებათ. ჩამონათვალშია კიდევ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის მქონე 73 551 და ზომიერად გამოხატული შეზღუდვის 11 723 პირიც, მაგრამ ისინი ანტიკრიზისული გეგმის მიღმა არიან.

"ჩვენ სახელმწიფო ვერ გვხედავს"

14 წლის თამარ ჯაბუა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე გოგოა. მას შშმ პირის სტატუსი არ აქვს, ამიტომაც სახელმწიფოსგან მიზნობრივ დახმარებას ვერ მიიღებს. თამარი დახმარების გარეშე დარჩა პირველ ჯერზეც. რადგან მეტყველებს, მღერის, ფერებს ცნობს და კვირის დღეებს ჩამოგითვლით, ჩათვალეს, რომ მას ეს სტატუსი არ სჭირდება. არადა მოზარდი დედაზეა სრულად დამოკიდებული. დედა ნესტან ბეჭვაია ამბობს, რომ შეფასების კრიტერიუმები გადასახედია. ჩემი შვილი ნებისმიერ მეცხრეკლასელთან რომ დააყენო, განსხვავებას იოლად მიხვდებიო.

ბევრს ეს სტატუსი აშინებს, ან რცხვენიათ. ამიტომაც იმალებიან სახელმწიფოსგან, ან მალავენ თავიანთ ოჯახის წევრებს. ნესტან ბეჭვაია კი არ ერიდება ხმამაღლა თქვას, რომ მისი შვილი ნამდვილად არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, თუმცა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს თამარის დედის არ ესმით და ვერც თამარს ხედავენ. ნესტან ბეჭვაიას შშმ პირთა შესახებ ახალი კანონის ეიმედებოდა, რომელიც რამდენიმე თვის წინ მიიღეს, თუმცა ამბობს, რომ სტატუსზე არც ამ დოკუმენტში წერია რამე.

ფოტოზე:თამარ ჯაბუა

"ისევ შენ დაგიტოვეს საბრძოლველად. შენ უნდა მოითხოვო. ადრე კანონი არ გვქონდა, მარტო გაეროს კონვენცია. ახლა შეგვიძლია ვიბრძოლოთ, რომ ამ კანონში ცვლილებები შევიდეს. ერთი შვილი მყავს და სულ ვფიქრობ, რა იქნება ჩემს შემდეგ. თუ არაფერი არ შეიცვალა, სასამართლოს გზით ვიბრძოლებ", - ამბობს ნესტან ბეჭვაია.

დღეს ნესტანი გადამზადების კურსს გადის მაკლეინის ასოციაციასთან და კოალიცია "ცვლილებები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" ერთად. სასწავლო კურსმა ის ლიდერ მშობლად უნდა ჩამოაყალიბოს, რათა შვილის უფლებებისთვის ბრძოლისთვის მეტი უნარ-ჩვევები შეიძინოს.

რამდენიმე თვის წინ, პარლამენტის მოქმედ წევრს და მე-9 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილსაც ესაუბრა ამ პრობლემაზე.

დეპუტატი ადასტურებს, რომ იმ პრობლემების დიდი ნაწილის მთავარი მიზეზი, რომლის წინაშც დგანან შშმ პირები, არის შემდეგი - ჯერ კიდევ სამედიცინო მოდელის საფუძველზე ხდება სტატუსის დადგენა. ასეთ დროს კი სათანადო ყურადღება ვერ ექცევა საჭიროებებსა და მრავალფეროვნებას. სწორედ ამიტომ, მას ახალი ახალი კანონის "შშმ პირთა უფლებების შესახებ" ეიმედება, რომლითაც ქვეყანამ აიღო ვალდებულება სოციალურ მოდელზე გადასვლის.

საკანონმდებლო ორგანოს წევრმა "ლაივპრესს" უთხრა, რომ რეფორმის ერთ დღეში გატარება ვერ მოხერხდება, მაგრამ სახელმწიფო უნდა ჰქონდეს ადექვატური სამოქმედო გეგმა კონკრეტული ვადების დადგენით და რესურსების გათვალისწინებით, რათა თანმიმდევრულად გადავიდნენ შეფასების ახალ სისტემაზე, რომელიც სწორედ შშმ პირთა უფლებებს და მრავალფეროვან საჭიროებებს დაეფუძნება.

მართალია, თამარისგან განსხვავებით შშმ პირის სტატუსი აქვს 25 წლის მარტოხელა დედას, ილონა აბსანძეს, თუმცა ის მაინც დარჩა ანტიკრიზისული გეგმის მიღმა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ქალს მარცხენა ხელის ქვედა კიდური აქვს ამპუტირებული დაბადებიდან, და ფიქრობს, რომ ეს არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა, მიზნობრივ დახმარებას ვერ მიიღებს.

"რომელ სამართალზეა საუბარი? ბევრია ჩემნაირ მდგომარეობაში. არავისთვის არ მიმიმართავს. ალბათ აზრი არ აქვს. ჩემი, ერთი ადამიანის გამო რა შეიცვლება? უკეთესი იყო ყველა შშმ პირებზე გაეცათ დახმარება. ვერსად ვერ ვმუშაობ. სტუდენტი ვარ. მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და არ მაქვს საკუთარი ბინა. მე თუ არ მჭირდება, საერთოდ ვის სჭირდება ეს თანხა?", - ამბობს ახალგაზრდა ქალი.

ილონა აფხაზეთიდან დევნილია და კომპაქტურ ჩასახლებაში, ნგრევად ობიექტში 5 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. მარტოხელა დედაა, თუმცა სტატუსი არ აქვს, რადგან მის მოსაპოვებლად ხანგრძლივ პროცედურებზე გული აუცრუვდა. ერთადერთი შემოსავალი შშმ პირის პენსია და სოციალური შემწეობაა. არც ქულა ეყო საიმისოდ, რომ ანტიკრიზისულ გეგმაში, როგორც სოციალურად დაუცველი მოხვედრილიყო.

სამართლიანია თუ არა შშმ პირების მსგავსი დაყოფა


როცა საუბარია ასეთ გეგმაზე, ყოველთვის დარჩებიან სამწუხაროდ ყურადღების მიღმა ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს სამართლიანი არ არის, მაგრამ ასე ხდება, - ამბობს ასოციაცია "დეას" აღმასრულებელი დირექტორი მადონა ხარებავა. ორგანიზაცია წლებია შშმ პირების უფლებებზე მუშაობს. მისი თქმით, სახელმწიფომ დღემდე ვერ მოახერხა განსხვავებული შეზღუდვის მქონე ადამიანების სტატისტიკა გაეკეთებინა. შესაბამისად ხელმძღვანელობს იმ მონაცემებით, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს. სინამდვილეში კი, ასეთი მოქალაქეების რიცხვი გაცილებით დიდია.

მადონა ხარებავა ამბობს, რომ გაზაფხულზე, ანტიკრიზისულ გეგმაში ვერ მოხვდა ზოგიერთი ის პირიც, რომელსაც მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა აქვს. საუბარია სტატუსის მქონე, ასაკით პენსიონერ მოქალაქეებზე. თუ კონკრეტულ ასაკამდე ისინი შშმ ადამიანებისთვის განკუთვნილი დახმარებით სარგებლობდნენ, ნაწილმა შემდგომ ასაკობრივი პენსია არჩია. შესაბამისად სოციალური მომსახურების პროგრამაში აღარ ირიცხებიან.
"სახელმწიფომ ჩათვალა, რომ დავეყრდნობით სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკას, ეს ხალხი კი გამორჩათ. პირველი ტალღის დროს ნაწილმა განცხადებით მიმართა და მოხვდნენ ანტიკრიზისულ გეგმაში. ზოგმა გვიან გაიგო, რომ სიაში არ იყო", - ამბობს მადონა ხარებავა.

მადონა ხარებავა: ფოტო ფეისბუკიდან

"დეას" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ზოგიერთმა მიმართა სააგენტოს განცხადებით და მოგვიანებით მიიღო კიდეც დახმარება, თუმცა გამოტოვებული თვეების თანხა არ დარიცხვიათ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააგენტოს უფროსის მოადგილე ნატალია ქირიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლეში, ასეთმა მოქალაქეებმა წარმოადგინეს სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპენსაციაც ასაკობრივ პენსიასთან ერთად მიიღო.

"ვინც ამ პერიოდში მიიღო 100 ლარიანი დახმარება, 2021 წლის იანვრიდან გაუგრძელდებათ კომპენსაციის გაცემა. არანაირი დოკუმენტის წარდგენა მათ არ დასჭირდებათ. ასევე, ვინც 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ დაიდგენს მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსს, მიიღებს წერილობითი მომართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, დადგენილებით გათვალისწინებული პერიოდის დარჩენილი თვეების განმავლობაში", - განმარტა სააგენტოს წარმომადგენელმა.

ნატალია ქირიას თქმით, კომპენსაციის გარეშე არავინ დარჩენილა, უბრალოდ ზოგიერთმა ერთი თვე დაკარგა გაზაფხულზე, ზოგმა კი ორი.

დახმარების მიღმა დარჩნენ ის ადამიანებიც, რომლებსაც მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა არ აქვთ, მაგრამ დახმარებას საჭიროებენ. მადონა ხარებავა ამბობს, რომ აუცილებელი იყო ბავშვობიდან შეზღუდვის მქონე შშმ პირების ამ პროგრმაში ჩართვა. ასევე მარტოხელა შშმ მოქალაქეების. სახელმწიფოს მწირი ბიუჯეტის პირობებშიც კი, თანხის გადანაწილება სამართლიანად უნდა მომხდარიყოო, განმარტა. მისივე თქმით, სახელმწიფომ ვერ ისწავლა, რომ შშმ პირის სერვისები კი არ უნდა მიაბას სოციალურად დაუცველს, არამედ მათი საჭიროებები ყოველთვის გამოიყოს, განსხვავებულობის და სპეციფიკის გათვალისწინებით, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია.

რას ამბობს ხელისუფლება

რატომ შეეხო სახელმწიფოს დახმარება მხოლოდ ნაწილს შშმ პირების, ამ კითხვით მთავრობას მივმართეთ. გადაგვამისამართეს ჯანდაცვის სამინისტროში. თავის მხრივ, სამინისტროში კომენტარზე უარი გვითხრეს. მიზეზები არ განუმარტავთ. ერთადერთი, ვინც პასუხი გაგვცა, პარლამენტის წევრია უმრავლესობიდან, რატი იონათამიშვილი. დეპუტატი აღიარებს, რომ ადამიანთა ისეთი დაყოფა, რომელიც საქართველოშია, ნამდვილად უსამართლოა. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი რეკომენდაცია იყო მიზნობრივი დახმარება ყველა კატეგორიის შშმ პირს შეხებოდა, ეს ასე არ მოხდა. თანხა გაიცა მათზე, ვინც, ერთი შეხედვით, ეპიდვითარების ფონზე, განსაკუთრებულ მაღალ რისკ ჯგუფს წარმოდგენდა, კონკრეტული და ინდივიდუალური საჭიროებებით კი არ უხელმძღვანელიათ. თუმცა, დეპუტატი აღნიშნავს იმასაც, რომ:

რატი იონათამიშვილი: ფოტო ფეისბუკიდან

"შშმ პირთა სამიზნე ჯგუფი, ბევრი ქვეყნის ინდენტურ გეგმებში არც მოქცეულა. ამ მხრივ, ეს გეგმა ნამდვილად იყო გამორჩეული და ჯამში სახელმწიფოს მხარდაჭერა 50 ათასამდე ოჯახმა მიიღო".

დეპუტატისვე თქმით, სოციალურ მოდელზე გადასვლის შედეგად, ქვეყანას ექნება ზუსტ სტატისტიკაზე გადასვლის შესაძლებლობა, რითაც სახელმწიფო სწორად და სამართლიანად შეძლებს ნებისმიერი პროგრამის თუ პოლიტიკის დაგეგმვას.

ამ პროცესებზე აქტიურ ზედამხედველობას კი რატი იონათამიშვილი პარლამენტიდან გეგმავს.

შშმ პირები სამეგრელო-ზემო სვანეთში, რომლებმაც ისარგებლეს დახმარებით პირველი ტალღის დროს

სამეგრელო-ზემო სვანეთში სულ სოციალური დახმარების პაკეტით 12 648 შშმ პირი სარგებლობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, აქედან მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე 2962 და 0-18 წლამდე 904 მოქალაქე, ჯამში 3 866. ეს მიმდინარე წლის ნოემბრის თვის მონაცემია.
ახალი ციფრები, თუ რამდენი მოხვდება ანტიკრიზისულ გეგმაში რეგიონიდან, ჯერ კიდევ ზუსტდება. განცხადებების წარდგენის ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება.

რამდენმა ისარგებლა ამ დახმარებით პირველი ტალღისას, ინფორმაცია "ლაივპრესს" სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობამ მიაწოდა მუნიციპალიტეტების მიხედვით - ზუგდიდი - 1399, სენაკი - 465, აბაშა - 251, ხობი - 336, ფოთი - 510, ჩხოროწყუ - 233, წალენჯიხა - 419, მარტვილი - 541, მესტია - 130.

სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, ზოგიერთი მუნიციპალიტეტის შემთხვევაში ეს ოქტომბრის ჩათვლით მონაცემია, რადგან ამ თვეში დაირიცხა წინა ეტაპის კომპენსაცია, ნაწილის შემთხვევაში დეკემბრის, ცდომილება კი უმნიშვნელო იქნება.