საზოგადოება
ხანძრით და პანდემიით დაზარალებულები - ვინ დაეხმარება გალელებს [ფოტო/ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
პანდემიის მიზეზით ჩაკეტილ ოკუპირებულ გალში, ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც მძიმე მდგომარეობა, რამდენიმე დღის წინ გაჩენილმა ხანძარმა მეტად გაართულა. მართალია ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა ზარალი დიდია - რამდენიმე დამწვარი სახლი, დამხმარე ნაგებობები, სადაც პირუტყვისთვის საკვებს ინახავდნენ. განადგურებულია თხილნარები, ხეხილის ბაღი, საქონელი, ის რაც ადგილობრივების შემოსავლის ძირითადი წყაროა წლიდან წლამდე. ზემო და ქვემო ბარღები, სიდა, სოფჩაი, თაგილონი, ოტობაია - გალის სწორედ ამ სოფლებში გაჩნდა ცეცხლი.

ზემო ბარღებში სამ ადგილობრივს, თხილის ბაღებთან და ყანებთან ერთად, საცხოვრებელი სახლიც დაეწვა.

ხანძრის გამო ზოგან ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი შუქის გარეშე დარჩა. სტიქიამდე მათ ელექტროენერგია ისედაც შეზღუდვით მიეწოდებოდათ.

"არ ვიცით როგორ ვიცხოვროთ"


ხანძრით დაზარალებული მოსახლეობა ზარალს თავად ითვლის. ამბობენ, რომ ამას მათ გარდა სხვა არავინ გააკეთებს. გალის სოფელ ნაბაკევის მცხოვრების თქმით, ადგილობრივი "ხელისუფლება" მხოლოდ ჰექტრობით გაზომავს დამწვარ ტერიტორიას და სულ ეგ არის. ცეცხლის ამბავიც მხოლოდ იმიტომ გაშუქდა, რომ აფხაზეთის სხვა რეგიონებსაც შეეხო, რადგან ხანძარი ყოველ წელს აქვთ, თუმცა ამით მედია აქამდე არ დაინტრესებულაო.

თხილნარი, ხეხილის ბაღი, სახნავ-სათესი მიწა, ყველაფერი გაუნადგურდა. ყველაფრის თავიდან გაშენება მოუწევთ. ამას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება. მანამდე როგორ იცხოვრონ, კითხვაზე პასუხი არ აქვს. ამბობს, რომ მოსახლეობის პრობლემებით არც სოფლის გამგებელი დაინტერესებულა, არ მოსულა და არ უკითხავს, თუ რა უჭირთ:

"აქ დახმარებაზე საუბარი არ არის საერთოდ. არ აინტერესებთ რა პრობლემები გვაქვს. მანამდეც არავინ არ დაგვხმარებია და ახლაც ასე იქნება ალბათ. თვითონ ითვლის მოსახლეობა თავის ზარალს. ღობეებს თავისი ძალით აკეთებენ, ისევ რგავენ. ამაზე ვიყავით დამოკიდებული. სტუდენტი ვარ, თბილისში ვსწავლობ და როგორ გავაგრძელო სწავლა, ესეც არ ვიცი. როგორ ვიცხოვრო იქ, როცა აქეთ არაფერი არ მრჩება?", - უთხრა "ლაივპრესს" აფხაზეთის მცხოვრებმა.

პანდემიის გამო თხილის თუ სხვა მოსავლის გადმოტანა დანარჩენ საქართველოში გასაყიდად შარშან ვერ მოახერხეს, მომდევნო წლებში კი აღარც მოსავალს ელოდებიან.

ნაბაკეველი რესპოდენტის თქმით, მართალია ქართველი პოლიტიკოსებისგან მოისმინა დახმარების სურვილი და მზაობა, თუმცა ეს პრაქტიკული ნაბიჯებით უნდა დაამტკიცონ. მხოლოდ ზეპირი საუბარი არ კმარა.

ხანძარმა გალის სოფელი სოფჩაიც აზარალა. ადგილობრივი მცხოვრებიც იგივე პრობლემებზე ჩივის. იგივე, უპასუხო კითხვები აქვს. მართალია ელექტროენერგია უკვე აღუდგათ, თუმცა დანარჩენი საჭიროებების პირისპირ ისევ მარტონი დარჩნენ.

"შუქიც ჩართეს და ჩვენც გადავრჩით, მაგრამ ვაი ასეთ გადარჩენას. რა ეშველება ამ საქონელს ზამთარში. მშიერი დაგვრჩა. თხილის მოსავალიც არ გვექნება მომავალ წელს. რამდენ გასაჭირს უნდა გავუძლოთ? ეს სახლები და ყანებიც რამდენჯერ უნდა გაგვინადგურდეს?!".

ხანძარი გალის გარდა, აფხაზეთის სხვა რაიონებსაც შეეხო.

"გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან"


თბილისმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მზად არიან ხანძრით დაზარალებული აფხაზეთის რეგიონის დასახმარებლად. ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თქვა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ 5 იანვარს გააქტიურა ცხელი ხაზი და საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა მათი სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარებაზე.

შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განმარტა, რომ მზად იყვნენ აფხაზეთს ხანძრის ლიკვიდაციაში დახმარებოდნენ, მათ შორის ვერტმფრენით. მართალია ქართული მხარე დიალოგის დეტალებს არ ასაჯაროვებს, თუმცა დიალოგის მიმდინარეობას ადასტურებს.

თეა ახვლედიანის მტკიცებით, დე ფაქტო ხელისუფლებასთან კონტაქტზე არიან მათ ხელთ არსებული ყველა არხის და მექანიზმის გამოყენებით და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე ჩაერთვებიან სტიქიასთან ბრძოლის პროცესში.

სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ ისინი ზრუნავდნენ და ზრუნავენ ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლებზე, სხვადასხვა პროგრამის თუ მექანიზმის საშუალებით, ადგილობრივი მოსახლეობის ჯანდაცვის, სოციალურ-ეკონომიკური თუ განათლების მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. თეა ახვლედიანის მტკიცებით, მსგავსი მიდგომა არც პანდემიის პირობებში შეწყვეტილა.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა აფხაზეთში მცხოვრებლებს, რომელსაც ზიანი მიადგათ პანდემიის და ხანძრისგან.

"მინდა იცოდეთ, მე თქვენ გვერდით ვარ და ვაფასებ იმ შემართებასა და გამძლეობას, რითაც დღეს ამ ურთულეს ვითარებას უმკლავდებით", - მიმართა მათ პრეზიდენტმა.

სოხუმის პასუხი

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ რამდენჯერმე გაჟღერებულ დახმარების სურვილს დე ფაქტო მთავრობა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით გამოეხმაურა. შამბამ თქვა, რომ თბილისის დახმარება არ სჭირდებათ, და რომ მათი სამსახურები ისედაც უმკლავდებიან ხანძარს.

მაშინ რა სახის მოლაპარაკებები აქვთ ქართულ მხარესთან, აფხაზი პოლიტიკოსის განცხადებაში ამაზე არაფერი თქმულა. უცნობია ისიც, გარდა სამაშველო დახმარებისა, არის თუ არის დიალოგის თემა ჰუმანიტარული დახმარება ხანძრით დაზარალებული მოსახლეობისთვის. და თუ კი, მაშინ რა სახის.

მოქალაქეები გალელების დასახმარებლად

სანამ თბილისში, ოფიციალური პირები და უწყებები მსჯელობენ, როგორ დაეხმარონ დაზარალებულ მოსახლეობას, ეს ინიციატივა საკუთარ თავზე მოქალაქეებმა აიღეს - ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მაგრამ ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ. პრობლემას გადაადგილება და პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ქმნის. თუმცა ამბობენ, რომ გამოსავალს იპოვნიან და ტვირთის აფხაზეთში ჩატანას შეძლებენ.

სამოქალაქო აქტივისტმა დავით კაკუბავამ მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა თანხის შეგროვება გალელების დასახმარებლად. თავადაც ოკუპირებული რეგიონიდანაა, მაგრამ დღეს თბილისში ცხოვრობს. მისთვის კარგად ნაცნობია პრობლემები და საჭიროებები, რაც ადგილობრივებს აქვთ. ინფორმაციაც იქ მყოფი ნათესავებისგან თუ ნაცნობებისგან მიიღო ხანძრის შედეგებზე. საქველმოქმედო აქციას თვის ბოლომდე განაგრძობენ. შემდეგ გადაწყდება, რა ფორმით და რამდენ ოჯახს დაეხმარებიან, იქნება ეს თანხით, თუ საჭირო ინვენტარით.


"წარმოიდგინეთ, 3-5 წლის მანძილზე შემოსავლის გარეშე რჩებიან. სახელით და გვარებით გვაწვდიან ინფორმაციას, ვიდეოებსაც. მერე ამას ვამოწმებთ, ვაზუსტებთ. რა თანხაც შეგროვდება, იმის მიხედვით გადავწყვეტთ, კონკრეტულად ვის რა სახის დახმარება სჭირდება. შეიძლება თვითონ გვითხრან, რა საჭიროება აქვთ. არის ოჯახი, რომელსაც სახლი დაეწვა და სიმსივნით ავადმყოფი ბავშვი ჰყავს. წამლის გამოტანის მეტი ვერაფერი მოახერხეს სახლიდან. შესაძლოა თანხით დავეხმაროთ, ან პირველადი მოხმარების ნივთებით", - გვითხრა დავით კაკუბავამ.

ამბობს, რომ დღეისთვის არც თუ დიდ თანხას მოუყარეს თავი, ამიტომაც მოქალაქეების გააქტიურების იმედი აქვს.

გალელების დასახმარებლად თანხები ემიგრანტებმაც გამოაგზავნეს ამერიკიდან თუ ევროპიდან. მიუწვდებათ თუ არა პანდემიით ჩაკეტილ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს დახმარებაზე, სამოქალაქო აქტივისტის თქმით, აქვთ კონტაქტები და იციან გზები, როგორ მოახერხონ ეს.

"არის შესაძლებლობა, გადავიტანოთ ნივთები და თანხა. ან აქვთ ანგარიშები ჩვენს ბანკებში და თანხა ჩავურიცხოთ. მნიშვნელოვანია თანადგომა. თუნდაც ასეთი მხარდაჭერა, მათ უფრო ამხნევებთ და მიტოვებულად არ გრძნობენ თავს. კარგი იქნება, თუ ცენტრალური ხელისუფლებაც დაეხმარება. მათი დახმარება უფრო მასშტაბური იქნება და მნიშვნელოვანი", - აღნიშნა დავით კაკუბავამ.

გალელებისთვის გაერთიანდნენ საქველმოქმედო ჯგუფში "შენთან ვარ", რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ, გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა. ჯგუფის მოდერატორი სალომე სამუშიაა, დევნილი ოკუპირებული აფხაზეთიდან, სოფელ გაგიდიდან. აქტიურად მუშაობენ, რომ ზემო ბარღებში მცხოვრებ ძმებ ზუხბაიებს დამწვარი სახლის აღდგენაში დაეხმარონ.

"ამ ეტაპზე 500 ლარი გვაქვს შეგროვებული, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, ბავშვებისთვის სათამაშოები. ეს ყველაფერი 15 იანვარს გაიგზავნება საშვიანი მანქანით, რომელსაც აქვს აფხაზეთში შესვლის უფლება. გადაიტანს ყველაფერს, რაც გვაქვს. ნაწილი, მანქანა ვისიც არის, იმის სახლში გროვდება, ნაწილი ჩემს სახლშია. თანხაც ჩვენი ჯგუფის ანგარიშზეა. განვაახლეთ პოსტები და ველოდებით, იქნებ მეტი თანხა დაირიცხოს და საჭროებისამებრ ორივე ოჯახზე გადანაწილდება თანაბრად", - გვითხრა სალომემ.

თუკი ექნებათ ინფორმაცია სხვა ოჯახზეც, რომელსაც სახლი გაუნადგურდა, შესაძლებლობის ფარგლებში მათაც დაეხმარებიან.

დაზარალებულები დროებით ნათესავებმა შეიკედლეს. ერთ ოჯახს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მეორეს კი მძიმე ავადმყოფი ბავშვი.

რომელი სოფლიდან რამდენმა ოჯახმა იზარალა ხანძრის მიზეზით, სახელობითი სიებით ინფორმაციას აგროვებს სამოქალაქო აქტივისტი, აფხაზეთიდან დევნილი, ამჟამად ზუგდიდში მცხოვრები თეა ქარდავა. ამბობს, რომ მოქალაქეები თავად დაუკავშირდნენ დახმარების თხოვნით, მათი ხმა მიეწვდინა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგნლებისთვის. ამიტომაც გადაწყვიტა, ეს სიები სოციალური ქსელის მეშვეობით გაესაჯაროვებინა. შემდეგ ფეისბუკ პოსტზე გადაწყვეტილების მიმღები პირები და უწყებები მონიშნა.

თეა ქარდავას თქმით, მონაცემები ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დაზუსტებას საჭიროებს, რადგან არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადამოწმების შესაძლებლობა თავად არ აქვს. ამ ეტაპზე 130-მდე დაზარალებული ოჯახის შესახებ აქვს ცნობა, თუმცა სმენია, რომ ეს ციფრი გაცილებით დიდია, დაახლოებით 350-მდე.

"ფოტო და ვიდეომასალაც გამოვაგზავნინე მათ დასტურად. ესენი არიან ოჯახები, რომლებსაც თხილნარი დაეწვათ, სახნავ-სათესი მიწების ღოეები, დამხმარე ნაგებობები, სახლი რამდენიმე ოჯახს. არის მსხვილფეხა საქონლის ზიანი, ნალიებს მოეკიდა, სიმინდის მოსავალი გაუნადგურდა რამდენიმე ოჯახს. ელექტროგყვანილობებია დაზიანებული. მე აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატებსაც მივმართე. იყო გამოხმაურება და მითხრეს, რომ მუშაობენ ამ საკითხზე და მზად არიან დაუდგნენ გვერდში ამ ადამიანებს", - გვითხრა თეა ქარდავამ.

აფხაზეთში ხანძარს მეექვსე დღეა ებრძვიან. გალის გარდა, ცეცხლი გაგრაშიც გაჩნდა, რომელიც ჯერ კიდევ 7 იანვარს დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა. წუხელ, სასტუმრო "მოსკოვის" მიმდებარედ ცეცხლის ძლიერი კერები იყო, ჩიგრიფშის დასახლებაში კი საცხოვრებელი სახლების განადგურების საშიშროება დადგა. ხანძარს გუდაუთაშიც ებრძოდნენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე
11:20 / 14.04.2021
ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია,
12:48 / 09.04.2021
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია,
პანდემიით დაზარალებული ტურისტული ბიზნესი სვანეთში ზაფხულის
იმედადაა.
17:06 / 26.03.2021
პანდემიით დაზარალებული ტურისტული ბიზნესი სვანეთში ზაფხულის იმედადაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ბიზნესი და თერაპია პანდემიაში - საყელოები ანასა და ესმასგან  [ვიდეო]
საკერავი მანქანის ჩუმი ხმაური არღვევს ოთახის მყუდროებას, ხანაც
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.