საზოგადოება
კორონავირუსის და "ერთმანეთის შიშით" - ცხოვრება დევნილთა დასახლებებში
FaceBook Twitter
E-mail Print
მაშინ როცა კორონავირუსის გავრცელების რიკსის შესამცირებლად დაწესებული რეგულაციების ფარგლებში მთავრობა ბიზნესებს ხურავს და ყოველდღიურად ასობით ფიზიკურ პირს აჯარიმებს, დევნილთა 300 -ზე მეტ კოლექტიურ დასახლებაში მცხოვრებ ათასობით ადამიანს არ აქვს წყალი და ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები.

გალის სოფელ ზემო ბარღებიდან დევნილი ნათია შურღაია 2 მცირეწლოვან ბავშვთან, ქმართან და დედამთილთან ერთად, ერთ ოთახში, ზუგდიდის სოფელ კახათში, ყოფილი ადმინისტრაციის შენობაში ცხოვრობს. ოთახი, რომელიც სულ 20 კვადრატული მეტრია, არის სამზარეულო, სასადილო, საძინებელიც და ხშირად აბაზანის ფუნქციასაც ასრულებს.

"ერთ ოთახში ვცხოვრობ ქმარ- შვილთან და მოხუცთან ერთად. პლასტმასის დიდი ტაშტი შემომაქვს ოთახში და აქ ვბანაობთ, ოჯახის ერთმა წევრმა რომ იბანაოს, სხვები გარეთ უნდა გავიდნენ. აი, ასე ვდგავართ გარეთ და ველოდებით ერთმანეთს", - ამბობს ნათია.

როცა დასახლებაში ერთ-ერთ მცხოვრებს კორონავირუსი აღმოაჩნდა, ოჯახი ოთახში გამოიკეტა, ამბობენ, რომ ვირუსს გადაურჩნენ, თუმცა ამავე დასახლებაში მცხოვრები ბადრი გამისონია, რომელიც ოქტომბრის თვეში დაინფიცირდა, ამბობს, რომ კოვიდი დადასტურებულად 2 ადამიანს ჰქონდა, სავარაუდოდ კი ყველას.

"სიცხეები მქონდა 10 დღის განმავლობაში, ღმერთს მადლობა, რომ შედარებით იოლად გადავიტანე ეს ვირუსი. დიაბეტი მაწუხებს და უარესს ველოდი, მაგრამ სახლში ვმკურნალობდი ექიმების კონსულტაციით და გადავრჩი. ჩემი ოჯახის წევრები არ გატესტილან, მაგრამ სავარაუდოდ, მათაც ჰქონდათ, ასევე მეზობლებსაც. დადასტურებულად 2 ადამიანს გვქონდა, მაგრამ სხვებიც თავს ცუდად გრძნობდნენ და სავარაუდოდ მათაც გადაედოთ. ჩვენ ხომ ცალკე სველი წერტილები არ გვაქვს და ძნელია იზოლირებულად ცხოვრება", - ამბობს დევნილი.

კორონავირუსის სტიგმა და "ერთმანეთის შიში"

აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელ რიყეში, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში მდებარე დევნილთა დასახლებაში მცხოვრები თეა ქარდავა გვიყვება, რომ ვირუსის გავრცელების პირველი ტალღის დროს, ერთმანეთისაც ეშინოდათ, რადგან ინფორმაცია არ ჰქონდათ როგორ დაეცვათ თავი კორონავირუსის გავრცელებისგან.

"ძალიან დაბნეულები ვიყავით. ერთმანეთის გვეშინოდა, აქ მცხოვრებ მოხუც ცოლ-ქმარს აღმოაჩნდა კოვიდი. კიდევ კარგი, რომ ისინი დროულად გადაიყვანეს საავადმყოფოში და ჩვენ გადავრჩით. თუმცა ძალიან გვეშინოდა, რადგან საერთო ტუალეტი გვაქვს, წყალსაც საერთო ჭიდან ვეზიდებით".

პანდემიის დროს, ერთმანეთის მიმართ შიში და სტიგმა, დევნილთა დასახლებებში უფრო მძაფრად იგრძნობა. ხშირად აქ მცხოვრებლები მალავენ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "აფხაზეთის" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ირაკლი ქოჩუა.

"პანდემიის დროს, დევნილთა მდგომარეობას კოლექტიურ ცენტრებში კიდევ უფრო ართულებს ის რომ მათ რცხვენოდათ, თუ ეშინოდათ კორონავირუსის, უმალავდნენ ერთმანეთს და გვიმალავდნენ ჩვენც, როცა მონიტორინგზე მივდიოდით. სავარუდოდ, სტიგმის გამო", - ამბობს არასამთავრობოს წარმომადგენელი.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში დევნილთა 230 ჩასახლებაა, სადაც 1300 ოჯახი ცხოვრობს, რაც უმეტესად, ამორტიზებული ინფრასტრუქტურაა.

"იქ სადაც რამდენიმე ათეული ოჯახი ერთ საპირფარეშოთი სარგებლობს, ზედმეტია საუბარი სანიტარული ნორმების დაცვაზე, შენობებში არსებული მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია. ამ ეტაპზე რაც გავაკეთეთ, რამდენიმე ცენტრში მოვაწყვეთ და გავარემონტეთ საერთო ტუალეტები, სამზარეულოები, ახლაც ვაკეთებთ სასწავლო სივრცეებს, მაგრამ ეს მხოლოდ მათი პირობების ოდნავი გაუმჯობესებაა. ისინი სასწრაფოდ უნდა გავიდნენ ამ შენობებიდან", - ამბობს არასამთავრობოს წარმომადგენელი.

რას აკეთებს მთავრობა მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სამეგრელოში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,აფხაზეთს"ტექნიკურ დახმარებას უწევდა.

სამინისტროსვე ცნობით, გარდა ამისა, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში მე-3 და მე-4 ხარისხის 96 ნგრევადი ობიექტი, სადაც დევნილები, წლების მანძილზე, მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ, დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ. რაც შეეხება კონკრეტულ დროს, თუ როდის დაიხურება ყველა ნგრევადი ობიექტი, მთავრობა კონკერტულ თარიღს ვერ ასახელებს, აცხადებს, რომ მათი დაკმაყოფილება ეტაპობრივად ხდება.

გასულ წელს, 2020 წელს ახალი საცხოვრებელი 2200-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა. მათ შორის ახალაშენებულ კორპუსებში ბინა გადაეცა 1096 ოჯახს.

სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით გადაეცა 1 100 ოჯახს.

გარდა ამისა, საცხოვრებელი ფართი 1900-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა.

იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში მე-3 და მე-4 ხარისხის 96 ნგრევადი ობიექტი დაიხურა.

2021 წელს კი სააგენტო ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 2 200 დევნილ ოჯახს გადასცემს და დამატებით, 1 200 სოფლად სახლს შეისყიდის, მათ შორის ზუგდიდში ბინა გადაეცემა 600 დევნილ ოჯახს, დამატებით შესყიდულია 400-მდე ბინა.

როდის მოხდება დევნილების ახალ საცხოვრებლებში გადაყვანა

მიმდინარე წელს დაგეგმილი სამუშაოები ასე გამოიყურება: თბილისში ბინა გადაეცემა 260 დევნილ ოჯახს, დამატებით შესყიდულია 300-მდე ბინა. ქუთაისში ბინა გადაეცემა 111 დევნილ ოჯახს, დამატებით მიმდინარეობს 240 ბინის მშენებლობა. წყალტუბოში - 420 ოჯახს. გორში - 68 - ს. მარნეულში დასრულდება სოფლის ტიპის დასახლების მშენებლობა 31 დევნილი ოჯახისთვის, დამატებით ბინა გადაეცემა 11 დევნილ ოჯახს.

სააგენტო "სოფლად სახლს" დამატებით 1200 დევნილ ოჯახს შეუსყიდის. დევნილთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 200-ზე მეტი სახლი აშენდება.

"2024 წლისთვის კი 13 000-მდე დევნილი ოჯახის განსახლება იგეგმება. დევნილთა განსახლების პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება და კონკრეტული თარიღის დასახელება დღეს, ჩვენი მხრიდან, მართებული არ იქნება, რადგან ამისთვის საჭიროა შესაბამისი სახსრები", - აცხადებენ სამინისტროში.

დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების 2021-22 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელიც მთავრობამ უახლეს დღეებში უნდა დაამტკიცოს, მიმდინარე წლის აქტივობების განსახორციელებლად საჭიროა 111,490,760 ლარი, ხოლო 2022 წლის ბიუჯეტი დაზუსტდება 2021 წლის ბოლოს, - ნათქვამია გეგმაში.

თუმცა როგორც სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია "თანხმობის" ხელმძღვანელი იულია ხარაშვილი აცხადებს, ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები საკმარისი არ არის.

"დიდი ხნის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსდებოდა დევნილთა განსახლება, 2016 წლიდან კი სახელმწიფომ აიღო თავის თავზე ამ პროგრამის განხორციელება, მაგრამ ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები არ არის საკმარისი, რომ რაც შეიძლება მეტი კოლექტიური ცენტრი დაიხუროს და დევნილებს მივცეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები", -ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, ასევე, აუცილებელია იმ კრიტერიუმების გადახედვა, რომლის მიხედვით ხდება ახალი საცხოვრებლების განაწილება:

"ბინას უნდა იღებდეს არა მხოლოდ ის ადამიანი, ვინც ავარიულ შენობაში ცხოვრობს, არამედ ადამიანის საჭიროების მიხედვით უნდა ხდებოდეს მისი განსახლება".

ამ დროისთვის, 300 -ზე მეტ კოლექტიურ დასახლებაში 40 ათასამდე დევნილი რჩება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.