საზოგადოება
სახლში, როგორც ციხეში - გალში ჩაკეტილები
FaceBook Twitter
E-mail Print
ერთი წელი სრულდება, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიზეზით აუკრძალეს. 2020 წლის 14 მარტს ჩაკეტა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი ენგურის ხიდზე, ასევე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან, საბერიო-ფახულანის ე.წ. გადასასვლელი.

11 თებერვალს გალში, ძალიან სწრაფად გავრცელდა ცენტრალური ხელისუფლების განცხადება, რომ აფხაზეთის სამეგრელოსთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი გაიხსნა. „ლაივპრესის“ გალელი რესპონდეტები ყვებიან, რომ რეკავდნენ ნათესავებთან და ერთმანეთს ულოცავდნენ, თუმცა მალევე შეიტყვეს, რომ „საზღვრის“ კვეთის შემდეგ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოხვედრილებისთვის სავალდებულო კარანტინი სრულად არ მოხსნილა და 12-დან 5 დღემდე შემცირდა. ამბობენ, რომ ამ პირობის დაცვას ვერ შეძლებენ და ამიტომაც ფიქრობენ, მათთვის „საზღვარი“ ისევ ჩაკეტილი რჩება. ისინი კარანტინის გაუქმებას ითხოვენ. ენგურის ხიდის გახსნაზე დე ფაქტო მთავრობას ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია.

ჩაკეტილი გალი

ოკუპირებულ აფხაზეთში განსაკუთრებით მძიმე იყო ეს წელი ძირითადად ქართველებით დასახლებული გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის. პანდემიის პირობებში გაუარესებულ სოციალურ ფონს, ბევრი სხვა პრობლემაც დაერთო - მასშტაბური ხანძარი, ზარალი, საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე მყოფი ოჯახის წევრებისა და ნათესავების უნახაობა, მათ გარეშე გატარებული რთული დღეები.

„ერთი წელია შვილი და შვილიშვილები არ მინახავს. ისინი ზუგდიდში არიან. ჩემთან ვერ მოდიან, მე მათთან. მე აწი ვერსად დავდივარ, ისინი თუ მნახავენ, მაგრამ როდის?.. სახლში კი ვარ, მაგრამ მგონია ციხეში ვარ გამოკეტილი. უკვე ძალიან გვიჭირს გაძლება“, - ამბობს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები 81 წლის ზაირა არონია.

გვიხსნის, თუ რატომ არის მათთვის 5 დღიანი კარანტინის გავლა ასე მიუღებელი. ყვება, რომ სოფლის მოსახლეობას არ აქვს იმის პირობები, დღეები უქმად კარანტინში გაატაროს და ამ ხნის განმავლობაში მიუხედავი დატოვოს მეურნეობა, საქონელი. განმარტავს, რომ ეს პირობა ვერ მოერგება ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ერთი დღით - ექიმთან ვიზიტისთვის, სურსათის, მედიკამენტის საყიდლად, ან ნათესავის სანახავად ჩადიოდა მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

„არ ვიცი შვილო, არც ამათ ვჭირდებით აქეთ და არც იქეთ. ჩვენ ვერ გაგვიგია ვინ ვართ. არავის ვუნდივართ. როგორ უნდა გამოკეტო ადამიანი 5 დღით, რომელიც ექიმთან მიდის, ან ნათესავის გასვენებაზე? კარანტინის შემცირებით არაფერი იცვლება. საერთოდ არ უნდა იყოს. კარანტინი უნდა მოხსნან“, - ამბობს ზაირა არონია.

საოკუპაციო ხაზი ოკუპირებულ ოტობაიასა და ზუგდიდის სოფელ ორსანტიას შორის. ფოტო: "ლაივპრესი"

პანდემიის პირობებში გალში ჩაკეტილებმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიწყეს „საზღვარზე“ ჩუმად გადაადგილება. მდინარე ენგურის გადაცურვითა და შემოვლითი გზით ცდილობენ საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოხვედრას. რესპონდენტმა, რომლის ვინაობასაც უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მისივე თხოვნით არ ვასახელებთ, სწორედ ეს გზა აირჩია. ამბობს, რომ ზუგდიდში აუცილებლად უნდა ჩავიდეს. მძიმედ არის ავად უახლოესი ნათესავი და უნდა მოინახულოს.

„წყლით უნდა გადავიდე. ვის უხარია ასეთ სიცივეში მდინარით გადასვლა?! მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. გუშინ უნდა წავსულიყავი, თუმცა სოფლის მოსახლეობამ მითხრა, რუსები დადიან კონტროლზე და არ გირჩევთო. ერთი დღის საქმე მაქვს და 5 დღე კარანტინში ვერ დავრჩები. სახლში მოხუცი დედა მყავს და დიდი ხნით მასაც ვერ ვტოვებ“, - ამბობს გალის მცხოვრები.

გალში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს დაემატა საკვებ პროდუქტებზე ფასების მნიშვნელოვანი მატება. აქ სურსათი გაცილებით ძვირია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. ასეთივეა მედიკამენტების ფასებიც:

„თუ მანამდე ლილოდან და ზუგდიდიდან ჩამოგვქონდა პროდუქტი და ტანსაცმელი, ახლა სოხუმში მივდივართ, მაგრამ აქ ფასები უფრო ძვირია... ყველა ვერ ყიდულობს. გზაც ძვირი ჯდება...სოხუმის პორტს ადგება გემი და ყველაფერი იმ გემს მოაქვს. თუ შენ შეძლებ ყიდვას, რა თქმა უნდა“, - ამბობს გალელი მარინე ბიბლაია. მისი სიტყვებითვე, ხალხის მთავარი სურვილი ახლა ენგურის ხიდის უპირობო გახსნაა. თვლის, რომ ეს მათ ყოფას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.

ვინ სარგებლობს ენგურის ხიდით

გასული წლის მარტის შუა რიცხვებიდან ჩაკეტილ ხიდზე დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა გამონაკლისის სახით ატარებს მხოლოდ ავადმყოფებს, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ და ამ სერვისის მიღება დანარჩენ საქართველოში სურთ. შეუფერხებლად მგზავრობენ „ენგურჰესის“ თანამშრომლები. 2020 წლის ოქტომბრიდან შეღავეთები ამოქმედდა პენსიონერებისთვისაც. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ორგანიზებით, ხანდაზმულებს ემსახურება მიკროავტობუსი, რომელსაც ისინი მიჰყავს ენგურის ხიდის მეორე ბოლოში, საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სადაც პენსიის გამცემი ავტომანქანა ელოდებათ. თანხის მიღებისთანავე უკან ბრუნდებიან.

ხშირად მონატრებული ნათესავები აქ ნახულობენ ერთმანეთს. პენსიონერებს კურიერის როლიც ეკისრებათ ხოლმე - ზუგდიდში მყოფი გალელები მეზობელი, ან მათთვის უცნობი ხანდაზმულების ხელით უგზავნიან ოჯახს მცირე ზომის ამანათს, ძირითადად ფულს, ან მედიკამენტს.

რას ამბობს თბილისი

თბილისი აცხადებს, რომ ინტენსიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი იუწყება, ჯამში 2020 წელს მკურნალობის მიზნით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი მიიღეს. მოხერხდა 1000-ზე მეტი სტუდენტის გადმოყვანა, რათა მათ შეუფერხებლად გაეგრძელებინათ განათლება კონტროლირებად ტერიტორიაზე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის განცხადებით, სტატუს-ნეიტრალური საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, 2020 წელს აფხაზეთის რეგიონში შეიტანეს საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო პარტნიორების 4 მილიონ ლარამდე ღირებულების დახმარება.

გალელი სტუდენტების გადმოყვანის პროცესი

ენგურის ხიდის გახსნაზე განცხადების გაკეთებისას თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მის ხელთ არსებული ყველა მექნიზმის და ბერკეტის გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით მაქსიმალურ ძალისხმევას ახმარს მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლების უზრუნველყოფას. რაც შეეხება კარანტინის ვადის შემცირებას, განმარტა, რომ კოვიდპანდემიით შექმნილი გარემოების გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება სავალდებულო კარანტინის 12-დან 5-დღემდე შემცირების შესახებ:

მისივე სიტყვებით, ოკუპირებული რეგიონებიდან გადმომსვლელთათვის საკარანტინო სივრცეში შექმნილი იქნება შესაბამისი პირობები, რომლის დატოვებასაც კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის მიღების და 5 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ შეძლებენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე
11:20 / 14.04.2021
ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია,
12:48 / 09.04.2021
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია,
პანდემიით დაზარალებული ტურისტული ბიზნესი სვანეთში ზაფხულის
იმედადაა.
17:06 / 26.03.2021
პანდემიით დაზარალებული ტურისტული ბიზნესი სვანეთში ზაფხულის იმედადაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ბიზნესი და თერაპია პანდემიაში - საყელოები ანასა და ესმასგან  [ვიდეო]
საკერავი მანქანის ჩუმი ხმაური არღვევს ოთახის მყუდროებას, ხანაც
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.