საზოგადოება
პურის მწარმოებლები სახელმწიფო სუბსიდირების მიღმა - გაიზრდება თუ არა პურის ფასი
ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სამეგრელოს რეგიონში, პურპროდუქტების მწარმოებელთა ნაწილი, ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამის მიღმა დარჩა. ისინი ხელისუფლებას არასწორ კომუნიკაციაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ თავის დროზე სწორედ ამ მიზეზით ვერ მიიღეს ინფორმაცია, თუ რას გეგმავდა მთავრობა შუქზე გაზრდილი ტარიფის ფონზე. ეს პროგრამა პანდემიის პირობებში, სწორედ სახელმწიფოს ეკონომიკური მხარდაჭერის ნაწილია მეწარმეებისთვის, რომ პირველად, აუცილებელ საკვებ პროდუქტებზე ფასები შენარჩუნდეს.

მეწარმეები რეგისტრაციის მიღმა.. და სუბსიდირების მოლოდინში

რეგისტრაცია იანვარში ისე დასრულდა, რომ ამის შესახებ მეწარმეების დიდმა ნაწილმა დაგვიანებით შეიტყო. დღესაც ბევრი უპასუხო კითხვა აქვთ. ერთადერთი, რაც ზუსტად იციან ის არის, რომ თუ პროგრამაში მოსახვედრად ვადები არ გახანგრძლივდება, პურის წონის შემცირება, ან ფასის მომატება მოუწევთ.

ერთ-ერთი, ვინც ვერ მოახერხდა დარეგისტრირება ეკონომიკის სამინისტროს მიერ შექმნილ პორტალზე და სუბსიდირების მიღმა დარჩა, ზუგდიდში მოქმედი საწარმოს, შპს "ნაროს" ხელმძღვანელი დავით ნაროუშვილია. ის "ლაივპრესს" უყვება, რომ მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა სამეგრელოს მასშტაბით, პურპროდუქტების მწარმოებელთა უმრავლესობაც. მათ არაფერი იცოდნენ ამ პროგრამის შესახებ და სიახლის შესახებ მხოლოდ შემთხვევით გაიგო. ქვითარიც გაძვირებული ტარიფით მიუვიდა. ამბობს, რომ ჯერჯერობით ეს ყველაფერი პურის ფასსა და ხარისხზე არ ასახულა, თუმცა მოგვიანებით რა და როგორ შეიცვლება, არ იცის. დღეს ხარჯიც მეტი აქვს.

რეგისტრაციის ვადა 27 იანვარს ამოიწურა. დავით ნაროუშვილის დაუზუსტებელი ინფორმაციით, ეს ვადა 27 თებერვლამდე გაგრძელდება, სუბსიდირება კი ერთი წლის მანძილზე უნდა შეეხოთ.

რეგისტრაციის მიღმა დარჩა შპს "ლეკოც". პურსაცხობის მეპატრონე ლევან ბეჭვაიას თქმით, ინფორმაია მათაც გამორჩათ. შესაბამისად, გადასახადიც გაზრდილი ტარიფით მიიღო.

"50%-ით მეტი გადასახადი მოგვივიდა წინა თვეებთან შედარებით. 10-15 თეთრამდეა მომატებულია კილოვატ-საათის ღირებულება. ეკონომიკის სამინისტროს მივწერეთ წერილი რამდენიმე დღის წინ და მივიღეთ პასუხი, რომ განიხილება და ალბათ დააკმაყოფილებენ. როგორც საჭირო იყო, ისე არ მოგვაწოდეს ინფორმაცია. ბევრ პურსაცხობს გამორჩა, მაგრამ მოხდა რეაგირება და მოგვარდება პრობლემა", - გვითხრა ლევან ბეჭვაიამ.

მისივე თქმით, რეგისტრაციის განახლებას ელოდებიან, თუმცა ეს როდის მოხდება, ჯერ არ იცის.

მართალია, ეკონომიკის სამინისტროს მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე აბაშის მცხოვრები, პურსაცხობის მეპატრონე, ინდმეწარმე ზეზვა მაკალათია დარეგისტრირდა და განაცხადი შეავსო, თუმცა შუქის გადასახადზე სუბსიდირება ჯერ არ შეხებია. ამბობს, რომ ინფორმაცია, თუ რას გეგმავდა სახელმწიფო, ჰქონდა და შესაბამისადაც იმოქმედა. რატომ მოუვიდა ქვითარი გაზრდილი ტარიფით, ან როდიდან ისარგებლებს შეღავათით, ჯერ არ იცის. თუკი პროგრამაში ვერ მოხვდება, აცხადებს, რომ ეს აუცილებლად აისახება პურის წონაზე, ან ფასზე.

"რა აზრი აქვს ხალხისთვის, ვითომ ფასს არ უმატებ და წონას უკლებ. გამოდის რომ ძვირდება. ისედაც მიზერულ თანხებზე ვმუშაობთ. დიდია კონკურენცია. ძვირდება ყველაფერი. დროჟი 7 ლარით გაგვიძვირდა. შუქი გაძვირდა. მუშახელიც ძვირდება. სუბსიდირების შემთხვევაში მოვახერხებთ ფასების შენარჩუნებას", - განმარტა ზეზვა მაკალათიამ.

ელექტროენერგიის სუბსიდირების შესახებ ინფორმაციას ფლობდა პუსაცხობის კიდევ ერთი მეპატრონე, ფოთელი ირაკლი თოფურიაც. მისი ცნობით, დარეგისტრირებულთა განცხადებები 15 თებერვლამდე უნდა განიხლონ და შეღავათებით სარგებლობასაც ამის შემდეგ შეძლებენ.

"ჩვენთან მოსულები იყვნენ. გადაიღეს სურათები. განაცხადი შევსებულია. მე მგონი ვჯდებით სუბსიდირების პროგრამაში. ბევრმა პურსაცხობმა, როგორც ვიცი განაცხადი არ შეავსოდა. სწორედ მათ აქვთ პრობლემა. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომელიც საჯარო იყო. გვაქვს გადახდის ვადა და მანამდე სუბსიდირებაც მოგვისწრებს", - ამბობს ირაკლი თოფურია.

"პურის მწარმოებელთა უმრავლესობამ სუბსიდირებაზე არაფერი იცოდა"

მართალია, ჯერჯერობით პურსაცხობების მეპატრონეები ინარჩუნებენ ძველ ფასს პურზე, მაგრამ თუკი რეგისტრაცია არ გაგრძელდება და ისინი ვერ ისარგებლებენ პროგრამით, მოუწევთ ამ ნაბიჯის გადადგმა. აცხადებს "პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე. მალხაზ დოლიძემ "ლაივპრესს" უთხრა, რომ დარეგისტრირება ძალიან ცოტამ თუ მოასწრო ინფორმაციის არქონის მიზეზით. მისი თქმით, საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 2300 პურის მწარმოებელია, რომელთაგან, თითქმის 90%-მა არაფერი იცოდა მოსალოდნელი სუბსიდირების შესახებ. თუმცა შეღავათით ვერც მათ ისარგებლეს ჯერჯერობით, ვინც იცოდა, განაცხადი შეავსო და დარეგისტრირდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საკმარისად არ გავრცელდა შეღავათის თაობაზე ცნობები და ის სხვა თემებმა გადაფარა.

მან უკვე მიმართა წერილობით სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებისთვის, რომლებმაც სარეგისტრაციო გვერდის ხელახლა ამოქმედების საკითხი ეკონომიკის სამინისტროს წინაშე დააყენეს. მიმართა სემეკსაც. მალხაზ დოლიძეს იმედი აქვს, რომ შესაბამისი უწყებები გადაწყვეტილებას პურსაცხობთა მეპატრონეების სასარგებლოდ მიიღებენ.

"მოსწრებაზე ხომ არ არის, რომ ვაგონი წავიდა და ჩამოვრჩით ამ მატარებელს? მოსკოვში ხომ არ არის ეს საკითხი შესათანხმებელი? საქართველოში ხდება. გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და მეწარმეებს ხელი შევუწყოთო. აქეთ ისე ლაპარაკობენ და იქით ასე იყოს, შეიძლება?", - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ, რომლის ინფორმაციითაც, სუბსიდირება თებერვლიდან უნდა დაწყებულიყო.

ამ პრობლემაზე რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზეც ისაუბრა. მისი თქმით, ელექტროენერგიის საფასური 11 თეთრით გაიზარდა და სუბსიდირების შედეგად პურის მწარმოებლებს დაახლოებით 5-თეთრიანი შეღავათი უნდა მიეღოთ.

"პორტალმა სულ 14 დღე იმუშავა. გამოსავალი ისაა, რომ ეს პორტალი გაიხსნას, ყველას გავაგებინოთ, რომ ჩაერთონ", - განმარტა მან.

მალხაზ დოლიძე: ფოტო ინტერპრესნიუსი

ელექტროენერგიაზე გაზრდილი ფასი და პრემიერის დაანონსებული დახმარება


პრემიერ-მინისტრმა შარშან, დეკემბრის ბოლოს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკვები პროდუქტების მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებს, ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის 50%-ის სუბსიდირება შეეხებოდა. გიორგი გახარიამ დააანონსა, რომ შუქი გაძვირდებოდა არამხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ ორგანიზაციებისთვისაც, რაც იყო რისკი, მომხმარებლისთვის პროდუქტზე ღირებულების მომატების. თუმცა, პრემიერის თქმით, მათი პანდემიის ფონზე, მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ტარიფის ზრდა სწორედ მოსალოდნელ გაძვირებას დააზღვევდა.

"ყველა იმ კომპანიას, რომელიც არის პირველად დასაქმებაში, საკვები პროდუქტების წარმოებაში, ადგილობრივ წარმოებაზეა საუბარი, სრულად ექნება დასუბსიდირებული ნაზარდი ტარიფი დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის 50%-ით 2021 წლის განმავლობაში. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა საქართველოში წარმოებულ საკვებ პროდუქტებში საბოლოო ფასზე არ აისახება", - განაცხადა მაშინ გახარიამ.

ხელისუფლების პასუხი

რამდენმა მეწარმემ ვერ შეძლო პროგრამაში მოსახვედრად დარეგისტრირება, გაიხსნება თუ არა მათთვის სარეგისტრაციო გვერდი ხელახლა, უკვე დარეგისტრირებულებს რატომ არ შეეხოთ სუბსიდია, ან როდიდან ამოქმედდება მხარდაჭერის პროგრამა, ამ კითხვებზე პასუხი "ლაივპრესმა" ეკონომიკის სამინისტროსგან, არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ მიიღო. შევეცადეთ ეს პასუხები სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, ან სემეკისგან მაინც მიგვეღო, თუმცა მათი თქმით, ამ კითხვების ადრესატი თავად არ არიან - მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო.

ჩვენს კითხვებს ნაწილობრივ უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა პალიტრანიუსის გადაცემაში "დღის ნიუსრუმი". მისი თქმით, პურის მწარმოებელთა თხოვნის შესახებ ინფორმირებულები არიან და საკითხს სწავლობენ. მან არ გამორიცხა, ხელახლა იმსჯელონ რეგისტრაციის ხელახლა გამოცხადებაზე მათთვის, ვინც თავის დროზე ეს ვერ მოახერხა. ნათია თურნავას მტკიცებით, პორტალიც გაკეთდა საამისოდ, საინფორმაციო კამპანიაც იყო და პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ გაახმოვანა მხრდაჭერის პროგრამის ეს კომპონენტიც. ამიტომ, არ იზიარებს პრეტენზიებს არასწორ კომუნიკაციაზე მეწარმეებთან.

"ჩვენთვის ცოტა უცნაური იყო ეს, იმიტომ, რომ ამაზე მიშვნელოვანი რა უნდა ყოფილიყო... მაგრამ მე მაინც ვვარაუდობ, რომ ეს იმის გამო მოხდა, ელექტროენერგიის საფასურის ჩეკი მათ მიიღეს უკვე თებერვლის დასაწყისში, როგორც ხდება და მერე დაინტერდნენ ამ საკითხით. გვესმის. ყველაფერი ხდება. განვიხილავთ და მივუბრუნდებით ამ საკითხს. სავარაუდოდ მათ მიეცემათ ეს მეორე შანსი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რეგისტრაციის ვებ-გვერდი ჯერჯერობით არ განახლებულა. ის კვლავ გათიშულია. მეწარმეებს აქ განაცხადი 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით უნდა შეევსოთ.

საკანონმდებლო მაცნეში, მთავრობის დადგენილება ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ 12 იანვარს გამოქვეყნდა. მასში ვკითხულობთ, რომ საბოლოო სიის ფორმირებამდე, თუ ვინ მოხვდება პროგრამაში, შეამოწმებდნენ, შეესაბამება თუ არა მეწარმე სუბიექტის საქმიანობა ამ წესის დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს. საბოლოო მონაცემები კი უწყებათაშორის კომისიას, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 თებერვლისა უნდა განეხილა. ამის შემდეგ, უნდა ფორმირებულიყო სია იმ მეწარმეების, რომლებიც მიიღებენ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივ სუბსიდირებას და ის ეკონომიკის სამინისტროს წარედგინათ.

"მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც ექვემდებარებიან ნაწილობრივ სუბსიდირებას და გადახდილი აქვთ/ექნებათ 2021 წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე", - ვკითხულობთ საკანონმდებლო მაცნეში.

მათივე ცნობით, მიღებული ნაწილობრივი სუბსიდირება არ უნდა იქნეს მიმართული მეწარმე სუბიექტის მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.