საზოგადოება
"რატომ მივდივარ გერმანიაში" - პანდემიით დამძიმებული ყოფა
FaceBook Twitter
E-mail Print
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად შეძლებდნენ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებას, სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე 97 314 ადამიანი დარეგისტრირდა. მართალია, მათი რიცხვი ნაკლები იქნება, ვინც გამგზავრებას შეძლებს, თუმცა ეს სურათი და გამოხატული სურვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონს.

გერმანიაში წასასვლელად დარეგისტრირდა ზუგდიდელი ლელა ჩომახია. ლელა დასაქმებულია, თუმცა მცირე ანაზღაურების პირობებში უჭირს შვილების ელემენტარული საჭიროებების და მოთხოვნების უზრუნველყოფა. ამ ყველაფერს ემატება საბანკო ვალდებულებები, რომელიც პანდემიისას კიდევ უფრო გაიზარდა. პლიუს ექვსსულიანი ოჯახის მკურნალობის ხარჯები, როცა ყველანი კორონავირუსს სახლის პირობებში ებრძოდნენ. ამ ხარჯის დაფარვაც ხომ მას ახალი ვალით მოუწია.

მწირი ხელფასით ვალების გადახდა უჭირს. სწორედ ამან აფიქრებინა გერმანიაში გამგზავრება. ლელას სურვილია კრეფის და დარგვის სამუშაოებზე დასაქმება, თუმცა ჯერ მისთვის არავის დაურეკავს. არ იცის, იქნება თუ არა მათ რიცხვში, ვინც წასვლას შეძლებს. თუმცა ურჩევნია ჯერ დაელოდოს პირველი ნაკადის გამგზავრება-დაბრუნებას, რომ მათგან მიიღოს სწორი, რეალური ინფორმაცია ადგილზე პირობების, ხარჯების და გამომუშავებული ფულის ოდენობის შესახებ. ამის შემდეგ უფრო თამამად ჩავალო გერმანიაში, გვითხრა.

დღეს, გარდა ოფიციალური ინფორმაციისა, ესმის სხვადასხვა, გადაუმოწმებელი ცნობები, რომ ყველაფერი შესაძლოა ისე არ იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. უნდა დარწმუნდეს, რომ სეზონური სამუშაოსთვის ორი შვილის დატოვება და უცხო ქვეყანაში ჩასვლა უღირს.

"ბავშვები უნდა დავტოვო. ბევრი ხარჯია, ბევრი არ დაგრჩებაო. ბევრი ვალი მქონდა კორონავირუსამდეც. ვალს ვალი დაემატა. ამიტომ მინდა ერთიანად შეგროვილი თანხა. ისე შემაშინეს, საჭმლის ფული შენ უნდა ნახოო, ბინის ფული, გზის ფული. ეს ყველაფერი ჩვენი ხარჯია. რა დაგვრჩება არ ვიცი", - უთხრა ლელამ "ლაივპრესს".

მაგრამ გასამგზავრებლად მზადაა, თუკი სახელმწიფო დახმარების პროგრამა ნამდვილად ეფექტური აღმოჩნდება.

დარეგისტრირდა, თუმცა გერმანიაში წასვლა ლელასგან განსხვავებით გადაიფიქრა აფხაზეთიდან დევნილმა, 21 წლის რომეო მალაზონიამ. პანდემიამ, დანარჩენი მოქალაქეების მსგავსად, მისი ყოველდღიური ყოფაც დაამძიმა. კორონავირუსამდე სარესტორნო სფეროში იყო დასაქმებული, თუმცა შემდეგ ყველაფერი გაჩერდა და უმუშევარი დარჩა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სეზონურ სამუშაოზე უარი არ ეთქვა.

"ჯერ დავრეგისტრირდი და მერე გავიკითხე. მითხრეს, რომ საათში რაც არის გერმანიაში შემოთავაზება, არის ძალიან დაბალი და რეალურად სხვა გზით, ლეგალურად რომ ჩახვიდე, საათში უფრო მეტია ანაზღაურება. აქ კი 10 ევროა. ეს ძალიან მინიმალურია, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვიცი, ბინის ფული არ გვეხარჯებოდა, შედიოდა ერთჯერადი კვება. მაინც ხარჯი იქნებოდა და წამგებიანი ჩემთვის, რომ გავაანალიზე. სხვა ქვეყანაში რომ ხარ, იმაზე მეტი საჭიროება აღმოჩნდება, ვიდრე გვთავაზობდნენ", - გვითხრა რომეომ.

ამბობს, რომ მათთვის, ვინც სხვა გამოსავალს ვერ ხედავს, ამ გზით გამომუშავებული ფული ერთადერთი ალტერნატივაა დღეს და ალბათ მეტ-ნაკლებად უკეთესობისკენ შეცვლის კიდეც ოჯახების ყოველდღიურობას. თავად ახალი სამსახური უკვე იშოვა, რამაც საბოლოოდ ათქმევინა უარი გერმანიაში გამგზავრებაზე. გამგზავრება მამამ და მეზობელმაც გადაიფიქრეს.

რომეოსგან განსხვავებით, ბევრს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ეს სამუშაო ნამდვილად სჭირდება. ზოგიერთი არჩევს საკუთარ გაჭირვებაზე ხმამაღლა არ ისაუბროს, თუმცა გვიდასტურებენ, რომ მძიმე სოციალური ფონის გამო იძულებულები არიან უცხო ქვეყანაში, თუნდაც სამი თვით, პანდემიის ფონზე, დასაქმებას დათანხმდნენ პირველივე შესაძლებლობისთანავე. 

რას შეცვლის ოჯახებისთვის გერმანიაში გამგზავრება

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია ფიქრობს, რომ პირველ ეტაპზე მოქალაქეთა ის რაოდენობა, რომელიც გერმანიაში უნდა გაემგზავროს, არ შექმნის საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტს. ნაკლებად მოსალოდნელად ეჩვენება სამუშაო ძალის გაძვირებაც ადგილზე, თუმცა გრძელვადიან პერსპეტივაში შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს. ეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში მოთხოვნა დაბალანაზღაურებად სამსახურზე ჯერაც მწირია. 

ექსპერტის თქმით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და დაემატა ახალი ქვეყნები, ან გერმანიამ მომდევნო წლებში გააფართოვა თავისი პროგრამა, საქართველოში კი ისევ არაფერი შეიცვალა, წასვლის სურვილს ბევრი გამოთქვამს. საბოლოოდ კი, ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ ასე ნელ-ნელა, სამუშაო ძალის ქვეყნიდან გაყვანა ნიშნავს ერთს - ისინი უცხო ქვეყნის ეკონომიკაზე იმუშავებენ და არა ქართულზე.

"მოკლევადიან პერიოდში არაფერ საგანგაშოს არ ველოდები. ის ადამიანი რომ წავა და რამდენივე ათას ევროს ჩამოიტანს, ამით არაფერი არ დაშავდება. პლიუს ამას, შეიძლება ამით გარკვეული შესაძლებლობაც მოვიპოვოთ. თუნდაც ის 500 ადამიანი რომ წავა და ნახავს. როგორ მუშავდება თანამედროვე ტექნოლოგიებით მიწა, როგორ ხდება მოსავლის აღება, რა ტექნოლოგიებს გამოიყენებენ პროდუქციის წარმოებაში, რომელ სასუქებს თუ სხვა მინარევებს არჩევენ, ეს შეიძლება გამოიყენონ საკუთარ მეურნეობებში", - გვითხრა ვახტანგ ჭარაიამ.

ექსპერტს მაგალითად ლატვია მოჰყავს, როცა ევროკავშირში გაწევრიანებიდან მალევე, ქვეყანა დაახლოებით ერთმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. მართალია ისინი ფულს გამოიმუშავებდნენ და უკან აგზავნიდნენ, თუმცა ერთია ფულის გამოგზავნა მაშინ, როცა შენს ეკონომიკაში არაფერი ხდება, იმპორტდამოკიდებულების გაზრდის გარდა, მეორე კი, როცა ამ დამოკიდებულებას საკუთარ ქვეყანაში შექმნილ პროდუქციას და იმპორტის შემცირებას უპირისპირებ.

ვახტანგ ჭარაიას თქმით, კარგია, როცა სახელმწიფო ეხმარება მოქალაქეებს შედარებით მაღალანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმებაში, მაგრამ მისი აზრით, ეს უფრო დამხმარე ინსტრუმენტი უნდა იყოს და ქვეყნის დამაზარალებელ ტრენდად არ იქცეს. მეტიც, ექსპერტი ამბობს, რომ განსხვავებული პოლიტიკა გვჭირდება ეკონომიკის გაჯანსაღების, თუნდაც ადგილობრივი მეწარმეობის პროგრამების გაფართოება.

ვახტანგ ჭარაიას თქმით, კარგია "აწარმოე საქართველო", თუმცა დღეს ქვეყანაში პრიორიტეტია ის, რომ არც არაფერია პრიორიტეტი.

"პირობითად, სოფლის მეურნეობაში მეთევზეობიდან დაწყებული, გადამუშავებით დამთავრებული, ყველაფერი ვერ იქნება პრიორიტეტი. თუ ხედავ რომ გაქვს შესაძლებლობა ერთწლიან კულტურებში, უნდა მიხედო. თუ გაქვს მრავალწლიანებში, იქ უნდა მიხედო. მაგალითად, მეღვინეობა რომაა, ყურძნის გარდა ჩვენი არაფერი არ არის. არც დანადგარები, არც ბოთლი პირობითად, ეტიკეტი, საცობი. ყველაფერი იმპორტირებულია გარდა ყურძნისა. ისიც იმპორტირებულია ჩვენს შემთხვევაში. ასე ვერც მეღვინეობა განვითარდება და ვერც ეკონომიკა. თუ ავიღებთ კლასტერულ მიდგომას და პირობითად ავირჩევთ ათ დარგს, მის ირგვლივ განვავითარებთ ყველაფერს, შეიძლება გამოჩნდეს უფრო მეტი სამუშაო ადგილი და კონკურენტუნარიანი ბიზნესი, რომელიც გვჭირდება", - ამბობს ვახტანგ ჭარაია.

რაც შეეხება გერმანიაში, სეზონურ სამუშაოზე წასული მოქალაქეების არალეგალურად დარჩენის რისკს, ამ საფრთხეს ექსპერტი დღეს ვერ ხედავს. ფიქრობს, რომ თუ ადამიანს ეს განზრახვა აქვს, ისედაც შეუძლია ამის გაკეთება, პროგრამა მსგავსი ნაბიჯების მაპროვოცირებელი ვერ იქნება.

ვაკანსიები გერმანიიდან და წასასვლელად დარეგისტრირებულები


დღეისთვის გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმების სააპლიკაციო ფორმა 97 314-მა მოქალაქემ შეავსო. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 7515 ადამიანი. მუნიციპალიტეტების მიხედვით მოთხოვნა ასე ნაწილდება - ზუგდიდი - 2391, ფოთი - 911, მარტვილი - 901, სენაკი - 858, წალენჯიხა - 741, ხობი - 620, ჩხოროწყუ - 532, აბაშა - 430 და მესტია - 131.

როგორია აპლიკანტთა ასაკობრივი განაწილება, სააგენტოში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ მათგან 18-29 ასაკის 2055 აპლიკანტია, 30-45 წლის 3505 და 46-59 წლის 1955 მოქალაქე.

"შერჩეული კანდიდატების მცირე ნაწილი გერმანიაში აპრილის პირველ რიცხვებში უნდა გაემგზავროს. უმეტესი ნაწილი ივნისში, ივლისში და ოქტომბერშიც. პირველი ვაკანსიისთვის კანდიდატები აჭარაში შეარჩიეს. მათგან გერმანელმა დამსაქმებელმა შეარჩია 25 კანდიდატი. შემდეგი რეგიონი, სადაც ჯგუფური კონსულტაციები გაიმართა, იყო გურია. სააგენტო აგრძელებს კონსულტაციებს რეგიონების მიხედვით და აპლიკაციების გაგზავნას გერმანულ მხარესთან, მათი მოთხოვნის შესაბამისად", - აცხადებენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

სულ რამდენი ადამიანი შეძლებს ამ პროგრამით სარგებლობას, და არის თუ არა გავრცელებული ციფრი - 500-700 მოქალაქე ის რაოდენობა, რომელიც გერმანიაში გამეგზავრება, გვითხრეს, რომ დასაქმებულთა რიცხვი გერმანიიდან მუშახელის მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული. დღეისთვის ასეთი 350-ზე მეტი ვაკანსიაა.

მოქალაქეები სოფლის მეურნეობაში დასაქმდებიან, სხვადასხვა კულტურის მოსავლის აღების სამუშაოებზე. მოთხოვნაა შემდეგ მიმართულებებზე - სატაცურის მოჭრა, კენკრის, ბოსტნეულის მოსავლის აღება, მცენარეების დარგვა/გაზრდა, პროდუქტის დახარისხება და შეფუთვა, საწყობში მუშაობა და სხვა.

იმ გარემოების პასუხად, რომ ზოგიერთებმა დარეგისტრირების შემდეგ უარი თქვეს გამგზავრებაზე, რადგან იფიქრეს, რომ ხარჯი შემოსავალზე მეტი ექნებოდათ, სააგენტოში განმარტეს - ჯგუფური კონსულტაციების დროს მათ დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია სავარაუდო შემოსავლებსა და ხარჯებზე, და მხოლოდ ამის მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას, დათანხმდნენ თუ არა კონკრეტული შემოთავაზებას.

სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულთაგან, 5%-იანი დაბეგვრის სისტემა შეეხება სტუდენტს, დიასახლისს/მამასახლის, პენსიონერს. დამატებით 20%-იანი დაბეგვრა, რომელიც სოციალური დაზღვევის გადასახადს მოიცავს, ეხება დასაქმებულს და უმუშევარს. სააგენტოს განმარტებით, შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ გერმანიის კანონმდებლობით, სწორედ იქ, სადაც ხდება სამუშაო შეთანხმება.

რა დაგვჭირდება გამგზავრებამდე

სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულებს, გერმანიაში გასამგზავრებლად დასჭირდებათ: საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი, კორონავირუსზე პისიარ ტესტი, ნასამართლეობის და ჯანმრთელობის ცნობები, ორმხრივი ავიაბილეთი, სახარჯო თანხა კვებისთვის პირველ ხელფასამდე და გერმანიის სასაზღვრო სამსახურის სარეგისტრაციო პორტალზე რეგისტრაცია. ბინის და კვების ხარჯების დაფარვა დასაქმებულს თავად მოუწევს.

სამუშაო დროა კვირაში 5-6 დღე. დღეში 8-10 საათი. მინიმალური ხელფასი - 9.50 ევრო საათში.

დასაქმების სააგენტოში ამბობენ, რომ რადგან საზღვარგარეთ, დროებითი ლეგალური დასაქმების პროცესი გრძელვადიანია, ელოდებიან ამ სქემის იმპლემენტაციის გაგრძელებას უკვე მომდევნო წლებშიც. დღეისთვის შეთანხმებები დადებულია საფრანგეთთან და ისრაელთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბულგარეთთან. მომავალში იგეგმება მსგავს პროგრამებში ჩართული სახელმწიფოების რიცხვის ზრდაც.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში სამუშაო ძალას მილიონ 523.7 მოქალაქე წარმოადგენს. მათგან უმუშევარია 281 ათას 900.

საქსტატის ბოლო, 2019 წლის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში უმუშევრობის დონე 15.9%-ია. შარშანდელი სტატისტიკა მაისში განახლდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია,
12:48 / 09.04.2021
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია,
პანდემიით დაზარალებული ტურისტული ბიზნესი სვანეთში ზაფხულის
იმედადაა.
17:06 / 26.03.2021
პანდემიით დაზარალებული ტურისტული ბიზნესი სვანეთში ზაფხულის იმედადაა.
ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან მეხუთე
დღეს, 
14:31 / 24.03.2021
ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან მეხუთე დღეს, 
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.