საზოგადოება
რა არ ვიცოდით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე - გვერდითი მოვლენები და მათი მართვა
FaceBook Twitter
E-mail Print
ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან მეხუთე დღეს, 
27 წლის ექთანი გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ამბავთან დაკავშირებით, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. საერთაშორისო პრაქტიკა ვაქცინის ეფექტურობას ამტკიცებს. ის ამცირებს კორონავირუსით დაინფიცირების შესაძლებლობას, დაავადების შემთხვევაში კი იცავს გართულებებისგან, მაგრამ არსებობს ვაქცინის გვერდითი მოვლენები, რომელთა არცოდნამ, ან სამედიცინო დახმარების დაგვიანებამ, შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგები. რა არ ვიცოდით ვაქცინაზე?

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი აცრა ზუგდიდში გაკეთდა, ექიმი ლანა უბილავა ზუგდიდის "ევექსის" კლინიკაში აიცრა. ვაქცინაციისას თქვა, რომ ეს მისთვის "ამაღელვებელია" და სხვებსაც აცრისკენ მოუწოდა. დღის ბოლოს, ექიმი თავს კარგად გრძნობდა. თუმცა წუხდა, რომ აცრის საჯაროდ გაკეთების შემდეგ, ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ფეისბუკმომხმარებლები აგრესიულად მიმართავდნენ, რის გამოც ამჯერად, ინტერვიუზე უარი თქვა.

16 მარტს, აიცრა თერაპევტ - ტოქსიკოლოგი, კლინიკა "იუნიქის" დირექტორი, ქეთევან წყაროზია, რომელსაც გვერდითი მოვლენები ასევე მსუბუქად გამოუვლინდა.

"მშვიდად წავედი ასაცრელად, რადგან გააზრებული მაქვს, რომ ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა. აცრით გავთავისუფლდებით არა მარტო დაავადებისგან, არამედ ჩაკეტვისა და ყველა იმ უბედურებისგან, რაც ამ დაავადებას თან ახლავს და რაც ყველაზე მთავარია, შევძლებთ შევინარჩუნოთ ადამიანების სიცოცხლეს. ამიტომაც გავიკეთეთ მე და ჩემმა ოჯახმა, შვილებმა, სიძემ. ერთი შვილი გერმანიაში ცხოვრობს, რომელიც ასევე "ასტრაზენეკათი"აიცრა. მეც და ისინიც თავს შესანიშნავად ვგრნობთ. სისუსტე და კუნთების ოდნავ ტკივილი, ეს იყო რაც ვიგრძენი, თუმცა მალევე გამიარა. ასე, რომ ველოდები მეორე ინექციის დროს", - გვითხრა ექიმმა.

18 მარტს, ახალციხეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ მედდა მეგი ბაქრაძე ცუდად გახდა. ის თბილისში საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ანაფილაქსიურ რეაქციას. მომხდარს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ახალციხელი ექთნის გარდაცვალების შემდეგ ვაქცინაციის პროცესი შენელდა. ამ ფაქტის შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთში, არავინ აცრილა, დარეგისტრირდა მხოლოდ 1 ექიმი.

ხდება თუ არა ადამიანის ჯანმრთელობის გამოკვლევა აცრის ჩატარებამდე

ხდება თუ არა რისკების გამოვლენა, იმისათვის, რომ ვაქცინაციის შემდეგ არ განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტები? ირკვევა, რომ ვაქცინაციამდე ადამიანის ანამნეზის გამოკვლევა ხდება, თუმცა ეს კვლევა არასაკმარისად მიიჩნიეს მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ. სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაციის ჩატარებამდე ადამიანს აძლევენ კითხვარს, ე.წ. ჩეკ-ლისტს, სადაც მოცემულია რამდენიმე კითხვა მისი ჯანმრთელობის ისტორიის გასაცნობად. აცრის ჩატარებამდე მისი შევსება სავალდებულოა.

"როდესაც აცრაზე მიდის ადამიანი, ვეკითხებით, არის თუ რა დაავადებული, რამე ხომ არ აწუხებს? ხომ არ ჰქონია ანამნეზში რომელიმე წამალზე ან ვაქცინაზე ალერგია, არის ასევე კითხვები ორსულობასთან, მეძუძურობასთან დაკავშირებით. ხომ არ იღებს სისხლის გამათხელებლებს, ანტიკოაგულანტებს, ან რაიმე ბიოლოგიურ პრეპარატს. პასუხები არის კი, ან არა. თუ ალერგიაზე არის პასუხი - კი, შემდეგ ამას სიღრმისეული სქემა მოჰყვება, სადაც ალერგიის სიმძიმიდან და ისტორიის ხარისხიდან გამომდინარე, ისაზღვრება მწვანე, წითელი, ან ყვითელი ზონა", - ამბობს ექიმი-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომელიც კითხვარის შედგენაში მონაწილეობდა.

ექიმი განმარტავს, რომ რეაქციების მართვის გაიდლაინში ფერებით ფასდება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაგალითად, მწვანეა, თუ პაციენტს აღენიშნება მსუბუქი ალერგიული რინიტი, კვებითი მედიკამენტური ალერგია, მაგრამ არა მძიმედ მიმდინარე. ყვითელია, როცა ასაცრელი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და მისი აცრა, მხოლოდ მკურნალობის შემდეგ უნდა მოხდეს. წითელი ფერი კი არის ის შემთხვევა, როცა აცრა არ შეიძლება.

რა გვერდითი მოვლენები აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, კოვიდ-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას აქვს გვერდითი ეფექტები, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: ტკივილი მკლავზე, სიწითლე, შეშუპება. დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება, გულისრევა. თუმცა ეს ეფექტები უნდა გაქრეს ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში. 

ექიმ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, არსებობს იშვიათი გვერდითი მოვლენები, მათ შორის ინექციის მხარეს, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ასევე "ფაიზერის" ვაქცინის შემთხვევაში არის სახის დამბლა, რომელიც იშვიათი მოვლენაა და "ბელის დამბლის" სახელწოდებითაა ცნობილი. ის რამდენიმე კვირაში, თავისთავად ქრება და არ იწვევს გართულებებს. ვაქცინის გვერდითი მოვლენაა ასევე, მძიმე ალერგიული რეაქციების განვითარება, რაც შეეხება ანაფილაქსიას, მის შესახებ ვაქცინების გამოყენების შემდეგ გახდა ცნობილი.

"კვლევის დროს, არცერთმა ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიამ ალერგიული ადამიანები არ შეიყვანა გამოსაკვლევ სუბიექტებს შორის, ამიტომ ისე დამთავრდა მესამე ფაზის კვლევები, რომ არ ვიცოდით ანაფილაქსიის რისკი ჰქონდა თუ არა ამ ვაქცინას. თუმცა ვაქცინის გამოყენების შემდეგ უკვე ბმა მოძებნილია და დადგენილია, რომ ფაიზერის შემთხვევაში, 1 მილიონიდან 5 ანაფილაქსიის შემთხვევა ვლინდება. 5 ჯერ მეტი, ვიდრე გრიპის ვაქცინაზე. მოდერნაზე - 2, 5 საშუალოდ, ასტრაზენეკაზე 5 მილიონი ადმინისტრირებული დოზიდან 41 ანაფილაქსია დაფიქსრიდა, ე.ი. 8 შემთხვევა 1 მილიონ ადამიანზე. მაგრამ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიით გარდაცვალების შემთხვევა საქართველოს გარდა, სხვაგან ჯერ არ დაფიქსირებულა".

ჯანდაცვის მინისტრის მოდგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ანაფილაქსიის კიდევ 1 შემთხვევა იყო საქართველოში, თუმცა პაციენტის მდგომარეობა მალევე დასტაბილურდა.

ევროპასა და დიდ ბრიტანეთში, რამდენიმე ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ჰქონდათ ეჭვი, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინა თრომბოზის განვითარებას იწვევდა. "ასტრაზენეკას" ინფორმაციით, ევროკავშირსა და ბრიტანეთში ვაქცინირებულ 17 მილიონზე მეტი აცრილი ადამიანიდან 37 ზე შემოვიდა ინფორმაცია თრომბოზით გარდაცვალების შესახებ, რის შემდეგაც ევროპის 13-ზე მეტმა "ასტრაზენეკას" გამოყენება შეაჩერა, თუმცა ევროპის წამლის სააგენტომ კვლევის შედეგად დაადგინა, რომ გარდაცვალების შემთხვევებს ვაქცინაციასთან კავშირი არ აქვს და ვაქცინა უსაფრთხოდ მიიჩნია, რის შემდეგაც ევროკავშირის წამყვანმა ქვეყნებმა "ასტრაზენეკას" გამოყენება განაახლეს

რა არის ანაფილაქსია და შესაძლებელია თუ არა მისი მართვა

ექიმი გიორგი ღოღობერიძე ფეისბუკზე გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეო-მიმართვაში განმარტავს, რომ ანაფილაქსია არის მწვავე ალერგიული რეაქცია, თუმცა მისი მართვა შესაძლებელია:

"ხდება ჰისტამინის გამოყოფა, რაც იწვევს სასუნთქი გზების შევიწროებას. ჰაერი არ მიეწოდება ფილტვებს, ეს პროცესი ვითარდება 5 – 30 წუთში. ანაფილაქსიის მიზეზი შეიძლება გახდეს: საკვები, მწერის ნაკბენი, მედიკამენტის, ანტიბიოტიკის მიღება და ლატექსი. ამ დროს ზიანდება კანი, ვითარდება, გამონაყარი, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ქავილის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, ზიანდება გული და წნევა იწყება დაცემას. ანაფილაქსიის პირველივე ნიშნებისას, ადამიანი სწრაფად უნდა მოვათავსოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ღებინების დროს გვერდზე გადმოვაწვინოთ, თუ ხველა ანიშნება, უნდა წამოვაჯინოთ. ამ დროს, ადრენალინი (ეპინეფრინი) პირველი დახმარებაა, მას ვერაფერი ჩაანაცვლებს. არავითარი დექსამეტაზონი ან სუპრასტინი, ეს არის უნივერსალური პრეპარატი, რომელიც კეთდება ბარძაყის კუნთში, თუ შედეგი არ მივიღეთ, მას კიდევ გავიმეორებთ 5 წუთში, თუ კიდევ არ დადგა შედეგი, შევიყვანთ ინტრავენურად, მაგრამ ამას აკეთებს მხოლოდ გამოცდილი ექიმი".

დროულად დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში რომ ანაფილაქსიის რეაქცია სიკვდილს არ იწვევს, ამას ამბობს ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორიც.

"გვერდით ეფექტებს შორის ანაფილაქსიური რეაქცია არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ალერგიული რეაქცია, მაგრამ თუ ვაქცინაცია ისეთ პირობებში ხდება, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა არის შესაძლებელი, ის არ არის სასიკვდილო რეაქცია. საკმაოდ ადვილია ანაფილაქსიური რეაქციის მკურნალობა, თუ დროზე მოხდა ჩარევა და ჯერჯერობით არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ ლეტალურად დასრულდა. ანაფილაქსია ახლავს ყველა ტიპის ვაქცინას, რაც კი აქამდე ვიცოდით. თუმცა კოვიდვაქცინის შემთხვევაში, ეს რიცხვი იყო უფრო მაღალი,  მაგრამ მისი მართვა შესაძლებელია. ჩვენს ჰოსპიტალში იქ სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს, არის გადაუდებელი დახმარებიდან მორიგე ჯგუფი იმისთვის, რომ ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევაში, მოხდეს სასწრაფო დახმარების აღმოჩენა. ამ რეაქციის მართვას არ სჭირდება ექიმის მხრიდან არც განსაკუთრებული ცოდნა და არც განსაკუთრებული ტექნოლოგიები", - განაცხადა ექიმმა "მთავარი არხის" დილის გადაცემაში.

გაეწია თუ არა დროულად სათანადო დახმარება 27 წლის ექთანს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ანაფილაქსიური რეაქციის ათობით შემთხვევა ფიქსირდება. რაც უმეტესად, მედიკამენტებზე რეაქციას უკავშირდება. გამყრელიძის ინფორმაციით, 2015 წელს 47 შემთხვევა დაფიქსირდ, აქედან - 1 გარდაცვალება. 2016 წელს, - 55 შემთხვევა, 2017 წელს, - 63 შემთხვევა, აქედან 2 გარდაცვალება, 2018 წელს, - 69 შემთხვევა, აქედან 1 გარდაცვალება. 2019 წელს, – 78 შემთხვევა, აქედან - 2 გარდაცვალება. 2020 წელს – 40 შემთხვევა და არცერთი გარდაცვალება.

რა შეცვალა ვაქცინაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრომ ექთნის გარდაცვალების შემდეგ

27 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ, ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდება მხოლოდ რეანიმაციული განყოფილების მქონე კლინიკებში.

"ახალციხელი ექთნის შემთხვევაში, ყველა ჩარევა დროულად ჩატარდა, ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება. მაგრამ, მინისტრის მოადგილის თქმით, იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხოა მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაცია 10 კლინიკაში შეჩერდა და ის მხოლოდ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ტარდება.

ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასაცრელი პირის ანამნეზის უკეთ გამოკვლევის მიზნით, გამოკითხვის ბარათს კითხვები დაემატოს.

"არის დამატებითი დავალება შეიმუშავონ მაქსიმალურად გაფართოებული კითხვარი, ისეთი რომელიც მორგებული იქნება საქართველოს მოსახლეობის როგორც ავადობის მაჩვენებელს ასევე იმ კულტურას, რომელიც ქვეყანაში გაგვაჩნია, დაავადების მართვის, პრევენციის და ზოგადად, პრევენციასთან მიმართებაში",- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 22 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

შეიცვალა ვაქცინაციის გეგმის მიხედვით დაწესებული ეტაპებიც, რადგან ახალციხეში მომხდარის შემდეგ აცრის მსურველ სამედიცინო მუშაკთა რაოდენობამ იკლო. გადაწყდა, რომ ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვებიან და უკვე 25 მარტიდან, 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის კორონავირუსზე აცრა ხელმისაწვდომი გახდება.

ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ამ დრომდე აცრილია 4000-მდე ადამიანი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია,
12:48 / 09.04.2021
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია,
პანდემიით დაზარალებული ტურისტული ბიზნესი სვანეთში ზაფხულის
იმედადაა.
17:06 / 26.03.2021
პანდემიით დაზარალებული ტურისტული ბიზნესი სვანეთში ზაფხულის იმედადაა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ
15:23 / 23.03.2021
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.