საზოგადოება
ჩავარდნილი საკურორტო სეზონი და სვანეთი ტურისტების მოლოდინში
FaceBook Twitter
E-mail Print
პანდემიით დაზარალებული ტურისტული ბიზნესი სვანეთში ზაფხულის იმედადაა. მესტია ჯერ აგვისტოში ჩაიკეტა, შემდეგ კი კოვიდის გამო ზამთრის სეზონიც ჩავარდა. აქ უჭირთ იმის თქმა, როდის შეძლებენ ძველებურად სტუმრების მიღებას, რადგან მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა დამსვენებელიც აზარალა. მესტიის სასტუმროებსა და ჰოსტელებს იშვიათად ჯავშნიან, რადგან იძულებითი პაუზის შემდეგ, 1-ელ მარტს ტურისტებისთვის გახსნილი სვანეთი თითქმის ცარიელია.

პანდემიით დაზარალებულები

"სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ ვხვდები ჩაკეტვის არსს, ლოგიკა ვერ ვნახე" - გვეუბნება ერთ-ერთი დაზარალებული, საოჯახო სასტუმროს, "სახლი მესტიაში" მეპატრონე ირმა ჯაჭვლიანი. ისიც, სხვა ადგილობრივების მსგავსად ფიქრობდა, რომ სვანეთში, სადაც ბევრი სივრცეა და დამსვენებელი დროს ძირითადად გარეთ ატარებს, პანდემიის გავრცელების საფრთხე ნაკლები იყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებას სხვა არგუმენტები ჰქონდა.

"ამის საპირისპიროდ მე კითხვა დავსვი - თუ კახეთში, იმერეთში, აჭარაში შესაძლებელი იყო ტურისტების სასტუმროებში მიღება და თუ გავრცელება ნაკლები იყო ვირუსის, სვანეთის პირობებში რატომ არ შეიძლებოდა ეს?" - ამ კითხვაზე ირმამ პასუხი ვერ მიიღო.

მისი თქმით, ქართველი დამსვენებლები შეგუებულნი იყვნენ, რომ ზამთრის კურორტი დაკეტილი იყო, ამიტომაც, მარტიდან გახსნას ტურისტთა დიდი ნაკადი არ მოჰყოლია. "სახლმა მესტიაში" მხოლოდ ერთი ოჯახი მიიღო, ისიც რამდენიმე დღით. გასულ კვირას ჰაწვალზე თხილამურებით სრიალში ჩემპიონატი ჩატარდა, რომელსაც გულშემატკივრებიც ესწრებოდნენ, თუმცა, ირმა ამბობს, რომ ისინი ძირითადად სამეგობრო წრე და ახლობელი ადამიანები იყვნენ, ამიტომაც ბიზნესის ჭრილში მათ სტუმრობას ვერავინ გათვლიდა.

მძიმე ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, არც თავად და არც მის მეგობრებს სასტუმროს ნომრის ღირებულება არ გაუზრდიათ. პირიქით, ფასდაკლების აქცია აამოქმედა - 80 ლარიან ოთახს შიდა აბაზანით, 60 ლარად აქირავებს. ამბობს, რომ ხელახლა ამუშავება რთული აღმოჩნდა, ტურისტთა უმრავლესობამ იცის, რომ დაგკეტეს და არავინაა "ჩასაფრებული", გაიხსნები თუ არაო. თავის დროზე, სასტუმროს უსაფრთხოდ, რეგულაციების მიხედვით მოსაწყობად ბევრი დახარჯა. მერე კი ზაფხულში, მორიგ ჩაკეტვამდე, მხოლოდ რამდენიმე ვიზიტორის მიღება მოასწრო.

2020 წლის სექტემბრის დასაწყისში, როდესაც მესტია სრულად გაიხსნა, სასტუმროების მეპატრონეებმა პროცენტული დანამატების გარეშე სესხების შეჩერება მოითხოვეს. მოგვიანებით, ხელისუფლებასთან გარკვეული შეთანხმება შედგა და პროტესტიც შეწყდა, თუმცა, ირმა ჯაჭვლიანის თქმით, რა ხელშეწყობასაც ელოდნენ მთავრობისგან, ვერ მიიღეს - მათ სესხები შეჩერების ნაცვლად გადაუვადეს.

"მთავრობამ დაუშვა რაღაც პროგრამები, შეღავათები, სესხის პროცენტის 80%-ის თანადაფინანსება. თუმცა იქ ისეთი პირობები იყო მოთხოვნებში, რომ 80%-მა ვერ შევძელით ამ თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობა. გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდე. მაგალითად, ოთახების რაოდენობა, გადახდები, ბრუნვა ანგარიშებზე. მაგრამ 20%-მა ისარგებლა და ეს კარგია. მე გადავავადე დოლარის და ლარის სესხი და აგვისტოში მეწყება გადახდები. გადავავადე იმიტომ, რომ ამ თვეებში ვისუნთქო და ვიარსებო, თორემ აგვისტოდან გაორმაგებული პროცენტით მომიწევს გადახდა", - უთხრა ირმა ჯაჭვლიანმა "ლაივპრესს".

ზაფხულში, ეპიდვითარების გაუმჯობესების და ნორმალური მუშაობის შემთხვევაში, კორონავირუსამდე ტურისტთა რაოდენობის 30-40%-ს ელოდება. ძველი ტემპის დაბრუნებას კი, სავარაუდოდ რამდენიმე წელი დასჭირდებაო, ამბობს.

"ყველაზე ბევრი ტური სწორედ შარშან დაიგეგმა. ეს წელი ყველაზე კარგი უნდა ყოფილიყო, თუმცა პანდემიამ ყველაფერი ჩაშალა", - ამბობს ლენტეხელი გიდი, ტურების ორგანიზატორი, გიორგი ლიპარტელიანი, რომელსაც ვიზიტორები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ძირითადად კი ზემო სვანეთში აჰყავს. 6 თვეზე გაწერილი გეგმა, სალაშქრო თუ ინდივიდუალური და ჯგუფური ტურები პანდემიის ფონზე გაუქმდა და ბევრი სხვა გიდის მსგავსად, ფაქტობრივად, უმუშევარი დარჩა. გასულ წელს, ზაფხულში, მხოლოდ 2-3 ტური თუ ჰქონდა თითოკაციანი. ის ძირითადად გერმანიიდან, ავსტრია-შვეიცარიიდან ჩამოსულ ტურისტებზე მუშაობს, რომელთა რაოდენობაც ზამთრობით შედარებით ნაკლებია.

"1-ელი მარტიდან არავინ შემომხმიანებია. იყვნენ ინდივიდულური ტურისტები ზაფხულის და შემოდგომისთვის. ისინიც პირდაპირ ამბობენ, რომ ძალიან რთულია დაგეგმვა, იმიტომ, რომ არ ვიცით, რა მოხდება. რა თქმა უნდა, შემოსავლის მხრივ დამაზარალა პანდემიამ. სრულიად ამაზე ვიყავით მე და ჩემნაირები დამოკიდებული", - გვითხრა გიორგი ლიპარტელიანმა.

გიორგის იმედი აქვს, რომ ეს ზაფხული შარშანდელზე უკეთესი აღმოჩნდება და ირმას მსგავსად ფიქრობს, რომ კორონავირუსამდელ ნიშნულზე დაბრუნებას, კიდევ მინიმუმ ორი წელი დასჭირდება. ვარაუდობს, რომ მომსახურების ფასები ლარებში აუცილებლად გაიზრდება, მიზეზი არა უშუალოდ პანდემია, არამედ ლარის გაუფასურებაა.

საოჯახო სასტუმროებისგან განსხვავებით, ზამთრის პერიოდში მუშაობა მეტ-ნაკლებად მოახერხა კოტეჯმა "ბუდემ", თუმცა არა იმ დატვირთვით, როგორც პანდემიამდე. ჰაწვალის ქვედა საბაგიროს სიახლოვეს, ტყეში მდგარ კოტეჯებს ქართველი ტურისტები, ისიც ძირითადად შაბათ-კვირაობით სტუმრობდნენ.

"ბუდეს" მეპატრონე თათია თეთრაშვილმა "ლაივპრესს" უთხრა, რომ მხოლოდ ქართველი დამსვენებლების პირობებში იძულებულები გახდნენ, სერვისი ფიქსირებულზე დაბალ ფასად შეეთავაზებინათ. გრძელვადიანი ჯავშნები არ ყოფილა. სათხილამურო ტრასების უმოქმედობის გამო, ადგილობრივი ტურისტები მხოლოდ თითო-ორი დღით ამოდიოდნენ სვანეთში. ჯავშნებიც ხშირად უქმდებოდა, რადგან ზოგიერთს შეიძლება წინა დღეს აღმოეჩინა, რომ ინფიცირებულთან კონტაქტი იყო.

"1-ელი მარტიდან საბაგიერობის გახსნამ გამოიწვია რაღაც აქტივობა, მაგრამ რომ გითხრათ მესტია გადაივსო ამ ტრასების გახსნით, ასე არაა. ხალხის უმრავლესობისთვის ზამთარი დასრულდა ფაქტობრივად. ჩვენი კოტეჯიკი დროებით დაიკეტა, რადგან გაზაფხულისთვის ვემზადებით", - ამბობს "ბუდეს" მეპატრონე.

მასაც, საოჯახო სასტუმროების მფლობელთა მსგავსად, საბანკო ვალდებულებების გადავადება დასჭირდა, რადგან ამის გარეშე, ვერც შაბათ-კვირასაც ვერ იმუშავებდა. ქართველი მომხმარებლისთვის კოტეჯის ფასები ჯერჯერობით იგივე ან შემცირებულია, თუმცა ლარისა და ევროს შორის დიდი სხვაობის გამო, უცხოელი ტურისტებისთვის ღირებულება გაიზრდება.

ტურიზმის მომავალი პანდემიაში

როდის დაიწყებს ტურისტული სექტორი აღდგენას, პროგნოზებზე საუბარი უჭირს ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, აკაკი ცომაიას. ამბობს, რომ ეს, მესამე ტალღის მოლოდინში, ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის ვაქცინაციის დასრულებასა და ეფექტურობაზე.

"ცხადია, ეკონომიკამ დიდი დარტყმა მიიღო ამ ჩაკეტვით. ეს ეკონომიკის ვარდნასაც ეტყობა. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ძალიან მოუმზადებელია. ელემენტარულ დატვირთვას ვერ უძლებს, რომ ნაკადების მართვა მოხდეს. სწორად დაიგეგმოს პროცესები. პატარა დატვირთვა როგორც კი მოიმატებს კლინიკებში, მაშინვე იხურება ყველაფერი და ეს ეკონომიკაზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს", - უთხრა ექსპერტმა "ლაივპრესს".

აკაკი ცომაიას ესმის, რომ პანდემიის მიზეზით ვერ აცდებოდნენ ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებას და ქვეყანას გაუჭირდებოდა, მაგრამ გააჩნია რა მასშტაბითო, ამბობს. მისი თქმით, როცა კრიზისს სწორად მართავ, ზიანიც შედარებით უმტკივნეულოდ ჩაივლის.თუმცა საქართველოს შემთხვევაში ასე არ მოხდა. კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა, არ ჩაშლილიყო ტურისტული სეზონი, განმარტავს, რომ შეიძლებოდა ხელისუფლებას გარკვეული გეგმით ემართა პროცესები. მაგალითად, რაღაც დროითგაეხსნა, მერე კი ჩაეკეტა იმის მიხედვით, თუ როგორ დაიტვირთებოდა ჯანდაცვის სისტემა.

ტურისტების მოლოდინში

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში წელს შარშანდელზე უკეთესი მოლოდინი აქვთ. მათი თქმით, 1-ელი თებერვლიდან დაიწყო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა, გაიხსნა საჰაერო საზღვარი და რეგულარულიავიარეისებისაღდგენაც დაიწყო,რაცხელსშეუწყობსკერძოსექტორს, უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიიღოს ტურისტები. სააგენტოს განმარტებით, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც წარმოადგენს ნებისმიერი ავტორიზებული კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს, შეძლებს ქვეყანაში საჰაერო გზით შემოსვლას. ამასთან, გაიზარდა იმ სახელმწიფოების რიცხვიც, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა საჰაერო გზით გამომგზავრებამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული პისიარ ტესტის საფუძველზე შეუძლიათ.

"ამ ეტაპზე სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილია და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით შეიცვლება გადაწყვეტილება. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრული, რომ ეპიდემიოლოგიური დადებითი მაჩვენებელი შევინარჩუნოთ და ამავდროულად, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე უცხოელ ტურისტებს უსაფრთხოდ გავუწიოთ მომსახურეობა", - უთხრეს სააგენტოში "ლაივპრესს".

მათივე თქმით, პანდემიის დასაწყისშივე ტურიზმის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობასთან, კერძო სექტორთან და ექსპერტებთან ერთად შეიმუშავეს დახმარების სხვადასხვა პაკეტი - განთავსების ობიექტები, ტურისტული კომპანიები და კვების ობიექტები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ, დაიწყო საბანკო სესხების სუბსიდირება, საშემოსავლო გადასახადისგან გაათავისუფლეს ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულები, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული ქონება) 2021 წელს გათავისუფლდნენ ქონების გადასახადისგან და ჩამოეწერათ საშემოსავლო გადასახადიც.

"გრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება. მიმდინარეობს მეწარმეობის მიკროგრანტების პროგრამა. პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის სრულიად უსასყიდლოდ იწყებს ონლაინტრენინგებს, რაც დაეხმარებათ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს, დაიცვან რეგულაციები და უსაფრთხოდ უმასპინძლონ მოგზაურებს", - აცხადებენ სააგენტოში.

პანდემია რიცხვებში

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2020 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 910.8 ათასით განისაზღვრა. მათ ქვეყნის ტერიტორიაზე 1 მილიონი ვიზიტი ჰქონდათ. ეს რაოდენობა 2019 წლის მონაცემზე 8.3 %-ით ნაკლებია.

ამავე საანგარიშო პერიოდში, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 480.4 ათასია, რაც 9.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.

ვიზიტორების მხოლოდ 6.7% მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთზე. პირველ ადგილზე თბილისია - 39.2%-ით.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით უცხოელი ტურისტების რაოდენობას, საქსტატის გვერდზე მხოლოდ 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემი იძებნება - 458,3 ვიზიტორი, რადგან შემდეგ პანდემიის მიზეზით ფრენები შეწყდა და საქართველოც ჩაიკეტა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია,
12:48 / 09.04.2021
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია,
ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან მეხუთე
დღეს, 
14:31 / 24.03.2021
ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან მეხუთე დღეს, 
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ
15:23 / 23.03.2021
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.