საზოგადოება
ტესტირება კარანტინის ნაცვლად - ენგურის ხიდს მგზავრები უბრუნდებიან [ფოტო]
5-დღიანი კარანტინის გაუქმების და მის ნაცვლად კორონავირუსზე ტესტირების დანერგვის შემდეგ, ენგურის ხიდი მგზავრებით კვლავ დაიტვირთა. უკვე 12:00 საათისთვის კორონავირუსზე ტესტირება ჩატარებული ჰქონდა ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში გადმოსულ 70-მდე მგზავრს. არცერთ მათგანს Covid-19 არ დაუდასტურდა.

მოქალაქეებს ტესტირება ენგურის ხიდთან, ქართული პოლიციის საგუშაგოსთან გახსნილ სამედიცინო პუნქტებში უტარდებათ. ცალკე კარვებია განთავსებული გადმომსვლელთა დასაყოვნებლად. იმ შემთხვევაში თუ მგზავრს საეჭვო სიმპტომი აღმოაჩნდება ან დაუდასტურება კორონავირუსი, ცალკე კარავია, სადაც პირი დარჩება ჰოსპიტალში ან საკარანტინე სივრცეში გადაყვანამდე. ეს დამოკიდებულია მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ოკუპირებული გალიდან გადმოსული მგზავრების განცხადებით, კარანტინის მოხსნა დაგვიანებული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რაც შეამსუბუქებს მათ მძიმე ცხოვრებას:

"წელიწადნახევარია რაც არ გადმოვსულვარ, პირველად ვარ დღეს. არანაირი შეფერხება არ მქონია გზაში... კარგია კარანტინი, რომ მოიხსნა. მანამდეც, რომ ასე ყოფილიყო ის ტრაგედია არ მოხდებოდა", - თქვა გალიდან მომავალმა პენსიონერმა ნარგიზა ჯახუამ.

ოკუპირებული რეგონიდან დანარჩენ საქართველოში დღეს გადმოსულებს შორის უმრავლესობა პენსიონერია, როგორც რესპონდენტებმა განმარტეს, მგზავრებს შორის ასევე იყვნენ მრავალშვილიანი დედები და ჯანმრთელობის პრობლემების მონე პირები.

მათივე ცნობით, ეს იმიტომ, რომ მოსახლეობას დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომაგენლების მხრიდან ჰქონდათ ცნობა, თითქოს "საზღვრის" კვეთას მხოლოდ ეს პირები შეძლებდნენ. მიუხედავად ამისა, მგზავრებმა ისიც თქვეს, რომ განსაკუთრებული კონტროლი და შეფერხება "მესაზღვრეების" მხრიდან არ ყოფილა და "გამშვები პუნქტის" გავლას შეძლებენ სხვა პირებიც.

ე.წ. გამშვებ პუნქტთან დე ფაქტო რესპუბლიკის "მესაზღვრეები" მგზავრებისგან გადაადგილებისთვის საჭრო დოკუმენტებს - ე.წ. აფხაზურ პასპორტს, ჯანმრთელობის ცნობას ან "ბინადრობის მოწმობას" ითხოვენ.

5-დღიანი კარანტის გაუქმების ნაცვლად ტესტირების დანერგვასთან ერთად ცენტრალური ხელისუფლება ოუპირებული რეგიონის მცხოვრებ, 55 წელს გადაცილებულ პირებს კორონავირუსის საწინააღმდგო ვაქცინაციას სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ორი დოზით აცრილი მოქალაქეები დანარჩენ საქართველოში გადასვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ, გალელების ნაწილი აცრაზე ჯერ უარს ამბობს.

"ეშინია ხალხს მას შემდეგ რაც ახალგაზრდა ექთანი დაიღუპა. გააჩნია რა ვაქცინა იქნება... გავეცნობი და შემდეგ გავიკეთებ", - გვითხრა ნანული ლაკერბაიამ.

"რა ვიცი ათას უკუჩვენებაზე ლაპარაკობენ, ჩვენ პენსიონრები ვართ და ამიტომ გვეშინია", - ამბობს მანანა შენგელია.

"არ მჭირდება ვაქცინა. ამ ასაკის კაცი ვარ და მე უკეთ ვიცი რა უნდა გავიკეთო და რა არა", - განმარტა ვალერი შენგელიამ.

მგზავრების ტესტირბის პროცესს დილიდან აკვირდებოდნენ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში ანზორ ქობალია.

ნანა ოდიშარიას განმარტებით, ისინი შესთავაზებენ მოქალაქეებს ნებაყოფლობით ვაქცინაციის პროცესში ჩართვას, რომ სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდნენ მათ მიერვე შერჩეულ კლინიკაში, მათსავე სასურველ დროს.

5 დღიანი კარანტინის გაუქმების გადაწყვეტილება, ცენტრალურმა ხელისუფლებამ 14 აპრილს მიიღო, რასაც წინ უძღოდა საპროტესტო აქციები ზუგდიდსა და თბილისში და მდინარე ენგურში ოთხი გალელის დაღუპვა.

გალელებს ყოველდღიური საჭიროებებისთვის, მათ შორის სურსათის, მედიკამენტების და ჯანდაცვის სერვისების მისაღებად უწევთ საოკუპაციო ხაზის კვეთა 1-2 დღით. 5-დღიანი კარანტინის პირობებში კი, ამ სერვისების მიღებას ვერ ახერხებენ. გალელები შეზღუდვების დაწესების შემდეგ უკვე ერთი წელია, კარანტინის ტესტირებით ჩანაცვლებას ითხოვდნენ.

საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ კი იმედი ჰქონდათ, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მანამდე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ამ საკითხზე მუშაობა ახლა არ დაწყებულა და მსჯელობის საგანი იყო, მანამდეც ვიდრე მდინარეს ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლებოდა.