საზოგადოება
ზარალის ზღვარზე ვმუშაობთ - პანდემიით დაზარალებული სარესტორნო ბიზნესი შეზღუდვების მოხსნას ითხოვს
FaceBook Twitter
E-mail Print
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სარესტორნო ბიზნესი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ორჯერ დაიხურა და ხელახლა ამუშავდა. ამ შუალედურ პერიოდში, ისინი მხოლოდ გატანის სერვისს სთავაზობდნენ საკუთარ მომხმარებელს. ღია სივრცეში მოქალაქეები 15 თებერვალს დაუშვეს, შიდა პერიმეტრზე, რეგულაცების დაცვით კი 8 მარტს.

მართალია მუშაობა განაახლეს, თუმცა დღემდე მოქმედი შეზღუდვები, სტუმართა შემცირებული რაოდენობა, გაზრდილი ფასები და გადასახადები მწირი შემოსავლის ფონზე, ბიზნეს მძიმე ტვირთად დააწვა. საბანკო ვალდებულებების გადავადების შეთავაზებით კი ბევრმა მათგანმა ვერ ისარგებლა.

"მუშაობა ზარალის ზღვარზე"

თუ ადრე, პირობითად 100 კაცი შემოდიოდა ყოველ დღე, ახლა 20 თუ შემოვაო, - ამბობს რესტორან "დიარონის" მეპატრონე მამუკა ნაყოფია. მისი თქმით, როცა მხოლოდ გატანის სერვისი მოქმედებდა, ხარჯი ნაკლები იყო, ხელახლა დარბაზებში ამუშავება კი უარესი აღმოჩნდა. მხოლოდ ხარჯები გაიზარდა, მაგრამ არა მომხმარებელთა რაოდენობა.

"კომენდანტის საათი გვიშლის ხელს. შაბათ-კვირას მუშაობის აკრძალვაც, რაც ვფიქრობ სრული უაზრობაა. ეს შეზღუდვები თუ არ მოიხსნა, აზრი არ აქვს ასე მუშაობას. მინუსში მიდივართ ფაქტობრივად. შეიძლება დახურვაზეც ვიფიქროთ და მარტო გატანის სერვისზე გადავიდეთ ისევ", - უთხრა რესტორნის მეპატრონემ "ლაივპრესს".

მამუკა ნაყოფიას განმარტებით, გაზრდილია კომუნალური გადასახადები, შესაბამისად, გათბობა კონდიცირებაც ბევრად ძვირი ფუფუნებაა. ამ ყველაფერს კი ემატება პროდუქტებზე მომატებული ფასები, რაც კერძების ღირებულებაზეც აისახა. თუმცა ცდილობენ, რომ ეს ზრდა მინიმალური იყოს და არა გაძვირების პირდაპირპროპორციული.

"ბევრს ხომ ვერ მოვუმატებთ. ხალხს ისედაც არ აქვს ფული. კერძების ფასები, 12 რომ ღირდა, 15 ლარი გავხადეთ. 20% მოვუმატეთ სადღაც. ვინც შემოდის, შემოდის და ვისაც არ აქვს, ის არ შემოდის ისედაც", - ამბობს მამუკა ნაყოფია.

მისი თქმით, საბანკო ვალდებულებები რომ არა, პანდემიის პერიოდში დროებით დაკეტავდა რესტორანს. სესხი არ გადაუვადებია, რადგან მისთვის უფრო მძიმე ტვირთი იქნებოდა მოგვიანებით ორმაგი პროცენტის გადახდა.

რესტორნის მეპატრონე ამბობს, რომ სახელმწიფო იმ ადამიანებს დაეხმარა 200-200 ლარით, რომელთა გაშვებაც პანდემიის და ჩაკეტვის ფონზე მოუწიათ. ახლა თანამშრომლებს შემდეგი განრიგით ამუშავებს - 4 პირველი ათი დღე და მეორე ოთხი, მომდევნო ათი დღე, რომ გარკვეული ოდენობის ხელფასი ყველამ გამოიმუშაოს.

ძველი დატვირთვით რომ განაახლონ საქმიანობა, ამისთვის აუცილებლად მიაჩნია კომენდანტის საათის და შაბათ-კვირას შეზღუდვების გაუქმება. პარარელურად კი, საბაზრო ფასების დარეგულირება.

რესტონარი "დიარონი": ფოტო ფეისბუკიდან

იგივე პრობლემებზე ჩივის რესტორან "მენძელის" მეპატრონე დათო აბსავაც. მისი თქმით, მოგებაზე დღეს არავინ საუბრობს, რადგან ზარალის ზღვარზე არიან. იმისთვის, რომ უბრალოდ ეარსებათ, თანამრომლების რაოდენობა 40%-ით შეამცირეს.

პარარელურად, მინიმალურად გაზარდეს ფასებიც, რომ ერთის მხრივ ბიზნესი შეინარჩუნონ, მეორეს მხრივ კი, მომხმარებლის ჯიბეც არ აზარალონ. თუმცა, აღიარებს, რომ ეს მათ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

"სულს ვღაფავთ. თუ ბიზნესოპერატორი იჯარაზეა, თუ დაქირავებული აქვს ფართი, ფაქტობრივად ვერ გაუძლებს ამას. ის აუცილებლად ჩაიძირება, და თუ საკუთარი აქვს, რასაც მე გეუბნებით, იმ ზღვარზე ივლის. ჩვენც ზარალის ზღვარზე ვართ", - ამბობს დათო აბსავა.

მისი თქმით, გატანის სერვისზე არის მოთხოვნა, თუმცა ეს არსებითად ვერაფერს ცვლის. ბევრს ურჩევნია ადგილზე მოვიდეს და აქ განიტვირთოს, რადგან რესტორანი არ არის სივრცე ხოლოდ ჭამა-სმისთვის, პირველ რიგში მონატრებული ურთიერთობების, შეხვედრების ადგილია.

დათო აბსავა ამბობს, რომ ბიზნესისთვის ხელისშემშლელია კომენდანტის საათი, შაბათ-კვირის აკრძალვა, ყველა სხვა ხელოვნური შეზღუდვა. ერთადერთ გამოსავლად კი, მოსახლეობის ვაქცინაცია და პანდემიის დროულად დასრულება მიაჩნია.

რა მოხდება თუ, მესამე ტალღის, მზარდი სტატისტიკის ფონზე კიდევ ერთხელ მოუწევთ დახურვა, რესტორნის მეპატრონის თქმით, ეს იქნება "ბოლო ლურსმანი კუბოს ფიცარზე".

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მოქმედმა ღია რესტორანმა "აქ დადიან", მუშაობა 24 მარტს განაახლა. მისი მენეჯერი და პარარელურად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გასტრონომიის ასოციაციის თავმჯდომარე იაგო ფასანძე ამბობს, რომ ორჯერ დახურვის შემდეგ, მათთვისაც რთული აღმოჩნდა ხელახლა გახსნა. ამ ყველაფერს კი, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაც ემატება და უქმე დღეებში აკრძალული მუშაობა. ამიტომაც გადაწყვიტეს, მოქალაქეებს შაბათ-კვირას გატანის სერვისი შესთავაზონ. მაგალითად, ვისაც სურვილი ექნება, ყავას შეუკვეთავს და იქვე, ბოტანიკურ ბაღში ჩამოჯდება.

არამხოლოდ "აქ დადიანის", არამედ ასოციაციაში გაერთიანებული კვების 22 ობიექტი თანხმდება იმაზე, რომ კომენდანტის საათი ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა, რომელიც ხელს უშლის რესტორნის სრულფასოვნად ამუშავებას. იაგო ფასანძის თქმით, ადამიანები, რომლებიც მათ სივრცეს ხშირად სტუმრობდნენ სამსახურის შემდეგ, ღამის საათებში, დღეს ამას ვეღარ ახერხებენ.

"ასევე ვფიქრობთ, რომ ამდენხნიანი პაუზის შემდეგ, მოქალაქეები გადაეჩვივნენ რესტორნებში სიარულს. დღეს ეს ტემპი არის შენელებული. მოსახლეობა მიეჩვია გამოძახების სერვისს. თუმცა ეს ასევე შესაძლებელია გამოწვეული იყოს პანდემიის რისკებითაც", - გვითხრა იაგო ფასანძემ.

პროდუქტების გაძვირების მიუხედავად, ცდილობენ ფასები არ გაზარდონ, ან უკიდურეს შემთხვევაში მხოლოდ მინიმალურად, რათა ეს ტვირთად არ დააწვეს პანდემიისგან ისედაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ მოსახლეობას.

რესტორნის მენეჯერი ამბობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია შეუფერხებელი მუშაობა, თანამშრომლების შენარჩუნება და გადასახადების გადახდის შესაძლებლობა, ამისთვის კი უქმე დღეებზე დაწესებული შეზღუდვები უნდა გაუქმდეს.

რესტორანი "მენძელი": ფოტო ფეისბუკიდან

"კომუნალურ გადსახადებზე გაზრდილია ტარიფი როგორც მეწარმეებისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის. პროდუქციაზე გაზრდილია ფასები. შემცირებულია სამუშაო დრო. კადრები გვყავს შესანარჩუნებელი. ამ პირობებში ძნელია მოგებაზე ვისაუბროთ. ასოციაციის არცერთი წევრი რესტორანი არ მუშაობს მოგებაზე. ისინი მუშაობენ თანამშრომლების შენარჩუნებაზე. თუმცა ესეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამას ალბათ თვის ბოლოს შევაჯამებთ", - ამბობს იაგო ფასანძე.

მისივე თქმით, ერთადერთი პოზიტიური გარემოება პანდემიაში ის აღმოჩნდა, რომ "აქ დადიანს" "ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრმა", იჯარის გადასახადი 30%-ით შეუმცირა.

ეზღუდებათ თუ არა მეწარმეებს ეკონომიკური საქმიანობის უფლება


ეკონომიკური საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს, რადგან ეს არ არის აბსოლუტური უფლება, ოღონდ ამას თავისი წინაპირობები უნდა ჰქონდეს, - ამბობს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე. მისი თქმით, როცა შეზღუდვები წესდება, უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი. ამასთან, მიზნის მისაღწევად ყველაზე ნაკლებ შემზღუდავი საშუალება გამოიყენონ, და რაც მთავარია, ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს კონკრეტული შედეგი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, სახელმწიფოს არ წარმოუდგენია სანდო კვლევებზე დაფუძნებული სტატისტიკა, თუ რა გავლენას ახდენს კოვიდ ინფექციის გავრცელებაზე სარესტორნო ბიზნესი, და ზოგადად, რა ტიპის სერვისები აუარესებს ეპიდსიტუაციას. გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ თუ ამ სტატისტიკის საწინააღმდეგოდ მოქმედებს რეგულაციები და ის საქმიანობები იზღუდება, რომელიც არსებით გავლენას არ ახდენს მონაცემების გაუარესებაზე, მაშინ შეიძლება ეს შეზღუდვები მეწარმეთა უფლებების დარღვევად მივიჩნიოთ.

"ჩვენ ვიცით, რომ არსებობს რესტორნები, სადაც მასობრივი სუფრები იმართება, ქორწილები, სხვადასხვა ცერემონია, სადაც ადამიანთა შორის კონტაქტი უფრო ინტენსიურია და უფრო დიდ ჯგუფებს მოიცავს, რაც ჩემი ვარაუდით, უნდა იყოს დაკავშირებული სარესტორნო ბიზნესის კუთხით ვირუსის გავრცელებასთან და არის მეორე მიდგომა, ე.წ პატარა კაფეები და რესტორნები, სადაც პატარ-პატარა ლოკალური, საოჯახო ან სამეგობრო შეხვედრები იმართება, რომელიც სავარაუდოდ ნაკლებ საფრთხის შემცველია. ის, რომ სახელმწიფო ერთიან რეგულაციებში აქცევს მთლიანად სარესტორნო ბიზნესს, ეს არის ძალიან არასწორი მიდგომა. მათ შორის ეს ეხება შაბათ-კვირას შეზღუდვებს. იმის გამო, რომ სახელმწიფო ეფექტიან კონტროლს ვერ ახორციელებს დიდი ღონისძიებების თავიდან ასაცილებლად, იჩაგრებიან ის პატარა მეწარმეები, რომლებიც მსგავს ღონისძიებებს არ მასპინძლობენ", - უთხრა გიორგი მშვენიერაძემ "ლაივპრესს".

"ძველ პოზიციებზე დაბრუნების რესურსი ჯერჯერობით არ ჩანს"


სხვადასხვა მცდელობებს აქვს ადგილი, თუმცა რაიმე არსებითი კომპენსაციის, ძველ პოზიციებზე დაბრუნების რესურსი ჯერჯერობით არ ჩანს, - ასე ეხმაურება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, იოსებ არჩვაძე ბიზნესის სექტორში დასაქმებულთა პრეტენზიებს. მისი თქმით, სანამ ეკონომიკა სრულად რჩება პანდემიის "მდევრის" როლში, კრიზისამდელ ნიშნულზე დაბრუნებაზე საუბარიც ზედმეტია. მისი თქმით, ალბათ ერთ-ერთი გამოსავალი იქნება, თუ რესტორნის მეპატრონეები მეტად დატვირთავენ ბიზნესს გატანის სერვისით ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია.

რამდენად ეფექტური იყო სახელმწიფოს დახმარება სარესტორნო თუ სხვა სახის ბიზნესისთვის, ექსპერტის განმარტებით, იმდენად არაორდინალურ მოვლენასთან გვქონდა საქმე და გვაქვს, რომ არ არსებობდა ჩარჩო, ვის რა თანმიმდევრობით, ან რა ფორმით უნდა გასწეოდა დახმარება სახელმწიფოს მხრიდან.

"ისეთ რეჟიმში ვიყავით მოქცეული, ეკონომიკა, ბიზნესი, ხატოვნად რომ ვთქვათ, გვიწვდა სიარულის სწავლა სირბილის დროს. ამ დროს შეცდომები ყველას შეიძლება ჰქონოდა. მთავარია დროულად მოვახდინოთ რეაგირება და ავირიდოთ ირაციონალური გადაწყვეტილებები", - გვითხრა სოსო არჩვაძემ.

რესტორანი "აქ დადიან"

რაც შეეხება კომენდანტის საათს, როგორც ეკონომიკური საქმიანობის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორს, მისივე თქმით, შესაძლოა ვიკამათოთ, ან სპეციალისტებს მოუსმინონ, რამდენად მიზანშეწონილია გადაადგილების შეზღუდვის დროის გადაწევა, ან გაუქმება. რაც შეეხება ბაზარზე პროდუქტების ფასების დარეგულირებას, ამბობს, რომ რეგულირების რაიმე ფართომასშტაბიანი რესურსი ხელისუფლებას არ აქვს:

"ბაზარი გამოდის მთავარ მარეგულირებლად და სახელმწიფოს მხოლოდ არაპირდაპირი სტიმულების და წახალისების რეჟიმით შეუძულია ამა თუ საქმიანობას მეტი სტიმული მისცეს. პირდაპირი რეგულირება გამორიცხულია და ამის იმედი არ უნდა გვქონდეს".

რას აპირებს ხელისუფლება

მთავრობა ჯერჯერობით არ ფიქრობს შეზღუდვების შემსუბუქებაზე. ქვეყანაში მესამე ტალღა უკვე დაიწყო. მერამდენე დღეა კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევები ათასს აჭარბებს. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების დაწესებაზე იმსჯელებს. მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში, თუმცა როგორ მოხდება ეს, გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე, ეს მოგვიანებით გამოჩნდება.

ეპიდემიოლოგების და მთავრობის პოზიციაა, რომ უქმე დღეებში სარესტორნო ბიზნესის, ან სხვა ობიექტების მუშაობის შეზღუდვა, ამასთან, კომენდანტის საათი, მობილობის შესამცირებლად სჭირდებათ. ამიტომ, დღეისთვის ნაადრევად მიაჩნიათ ამ აკრძალვების გადახედვა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
5-დღიანი კარანტინის გაუქმების და მის ნაცვლად კორონავირუსზე
18:30 / 19.04.2021
5-დღიანი კარანტინის გაუქმების და მის ნაცვლად კორონავირუსზე
ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე
11:20 / 14.04.2021
ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია,
12:48 / 09.04.2021
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ღია ნაგავსაყრელი სახლებთან  - რა პრობლემების წინაშე დგას მოსახლეობა [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში, რეგიონული
უსინათლოდ არაადაპტირებულ ქალაქში [ვიდეო/ ფოტო]
ეზოში მამამ ბურთი გააგორა და შვილებს დაუძახა,
„ჩვენთან სასწრაფოც ვერ მოდის“ - სოფელი, რომელსაც გზა არასდროს ჰქონია [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, სამარღიოს უბანში
ქუჩაში, ადამიანების შიშით და იმედად [ვიდეო/ფოტო]
მიუსაფარ ცხოველებს ზუგდიდის ქუჩებში მრავლად შეხვდებით.
ბიზნესი და თერაპია პანდემიაში - საყელოები ანასა და ესმასგან  [ვიდეო]
საკერავი მანქანის ჩუმი ხმაური არღვევს ოთახის მყუდროებას,
ფოტო
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.