საზოგადოება
ჩემი კოვიდ პასპორტი - მწვანე ბარათი, როგორც პრივილეგია, თუ უსაფრთხოება
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველო კოვიდ პასპორტებზე მუშაობს, ისევე როგორც მსოფლიოს ცალკეული ქვეყნები. ეს უნდა იყოს ე.წ. მწვანე დოკუმენტი, რომლის დანიშნულებაც წესით, ჯერაც დაუსრულებელი პანდემიის პირობებში, მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თუმცა, მოქალაქეთა ნაწილი და ჯანდაცვის სფეროს ზოგიერთი წარმომადგენელი ამ პასპორტების ეფექტურობას პანდემიის მართვის პროცესში, ეჭვის თვალით უყურებს.

ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და ბევრი კითხვის ნიშანი. ზოგიერთის თქმით, მათთვის, ვინც ორჯერ აიცრა და კოვიდ პასპორტი გაიცემა, პირბადე და გადაადგილების შეზღუდვა უნდა მოიხსნას.

"აუცრელები დაავადებულები ვართ? შეწყდეს დისკრიმინაცია. აცრა არ იცავს უსიმპტომო მატარებლობისგან", - პასუხობენ მათ სხვები.

მოქალაქეთა ნაწილი ითხოვს, ე.წ მწვანე პასპორტში სწრაფი და პისიარ ტესტების შედეგიც აისახოს, ვაქცინაციის მონაცემთან ერთად. ამ გზით კი, როგორც განმარტავენ, ყველა შეძლებს მოგზაურობას, თუ სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებაში მონაწილეობას.

"რისთვის გვჭირდება კოვიდ პასპორტი"

ჯანდაცვის სფეროს დამოუკიდებელი ექსპერტი მარინა ბერაძე ერთ-ერთია, რომლის თქმითაც, კოვიდ პასპორტი სავარაუდოდ ვერ იქნება მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების სრულად გარანტი დოკუმენტი. მისი აზრით, კარგი იქნება თავდაპირველად განისაზღვროს, რისთვის გვჭირდება ე.წ. მწვანე პასპორტი. თუ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ და შეუზღუდავად გადაადგილების, მოგზაურობის უფლებაზე, მაშინ ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან ჯერაც ბოლომდე დაუზუსტებელია კორონავირუსის გავრცელების გზები. ექსპერტი ამბობს, რომ ბოლო ვერსიით საუბარი იყო ინფექციის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემაზე. ახლა კი ლაპარაკია იმაზე, რომ დაავადება აეროზოლით ვრცელდება და ინფიცირებისგან მხოლოდ პირბადემ და დისტანციამ შეიძლება ყველა შემთხვევაში ვერ დაგვიცვას.

"ფაქტია ის, რომ კოვიდ გადატანილ პაციენტებშიც ხდება რეინფიცირება. ასევე ვაქცინირებულ ადამიანებში. თუმცა სტატისტიკა, ასეთი რამდენია, არ ვიცით. შეიძლება ნახევარი იყოს, შეიძლება 30% და ისე გადაიტანოს ინფექცია, თვითონ ვერ იგრძნოს, ან მსუბუქად გადაიტანოს. მაგრამ ის ინფექციის გადამტანი არის. ამიტომ კოვიდ პასპორტში, როდესაც იქნება ის ვაქცინირებული, ამ კუთხით აბსოლუტური დაცვა არ არის", - უთხრა მარინა ბერაძემ "ლაივპრესს".

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ დაცვის მექანიზმი არ იქნება სრულყოფილი, ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ მსგავსი მიდგომა "პასპორტიანებად და უპასპორტოებად" დაყოფის, ერთგვარად დისკრიმინაციულია. არც თავად მოსწონს ვაქცინირებულების შესაძლო წახალისების იდეა. ე.წ. მწვანე პასპორტზე ქმედითი, პისიარ ტესტი პასუხი იქნებაო ამბობს და ბოლომდე უჭირს გაიგოს, რისთვის გვჭირდება ეს დოკუმენტი.

ექსპერტს აუცილებლად მიაჩნია საზოგადოებრივი კვლევის ჩატარება, რას ფიქრობენ მოქალაქეები ვაქცინაციაზე. მისმა ორგანიზაციამ მსგავსი კვლევა დამოუკიდებლად უკვე ჩაატარა. შუალედური გამოკითხვით, 54% თანახაა აიცრას, 25% წინააღმდეგია, დანარჩენი კი თავს იკავებს. მარინა ბერანძის განმარტებით, ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს, რა არის უარის მიზეზი, არასრულყოფილი ინფორმაცია თუ სხვა რამ და მონახონ გზა, ბევრად ჰუმანური და რეალური, ანტივაქსერების არგუმენტების გასაბათილებლად.

"თუ კოვიდ პასპორტი გადაადგილებისთვის, რაღაც პრივილეგიებისთვის გვჭირდება, ძალიან წინააღმდეგი ვარ. თუ იქნება ზუსტი მონაცემები და ინფორმაცია ვაქცინაციაზე, მაგალითად ესა და ეს ადამიანი, ამა და ამ ასაკის, სქესის ამ დღეს აიცრა პირველად, რომელი ვაქცინით და იქნება დატანილი, როგორ ჩაიარა ვაქცინაციის პროცესმა, პოსტვაქცინაციის პერიოდმა...მაშინ მომხრე ვარ. თუ იმისთვის გვჭირდება, პეტრემ ამტკიცოს, რომ პავლეზე უკეთესია, ეს ასე არ არის", - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი.

როდის გვექნება კოვიდ პასპორტი

კოვიდ პასპორტზე მუშაობას საქართველო განაგრძობს. ამიტომ, ჯერაც უცნობია, საბოლოოდ როგორ დოკუმენტზე შეჯერდება ქვეყანა. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე "ლაივპრესს" ეუბნება, რომ ამ პასპორტის შემადგენელი ინფორმაციის დიდი ნაწილი დღესაც გაიცემა ბეჭდური სახით. განსაკუთრებული სიხშირით მას ის ადამიანები ითხოვენ, რომლებიც მიემგზავრებიან. იმნაძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ე.წ. მწვანე პასპორტი, რა მოდელზეც მუშაობენ, შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს ვინმეს მიმართ, რადგან დოკუმენტში დატანილი იქნება როგორც აცრის სტატუსი, ისე პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი.

"ჩვენი კოვიდ პასპორტის ორი ფორმაა დამუშავებული. ორი სხვადასხვა სისტემა. ერთი არის ვებზე მიბმული და იქნება აპლიკაციები, რომლის ჩამოტვირთვაც ყველას შეეძლება სმარტფონში. გამზადებულია ყველაფერი, მაგრამ ველოდებით საერთაშორისო რეკომენდაციებს. დღეს ქვეყნების უმრავლესოა უპირატესობას ანიჭებს ქვეყანაში შესვლის დროს ტესტის უარყოფით პასუხს ბოლო 72 საათში. თუმცა უკვე ბევრი ქვეყანა აღიარებს ორჯერად ვაქცინაციას. ჩვენს ქვეყანაში შემომსვლელს შეუძლია წარმოადგინოს, რომ ორჯერადაა აცრილი, ან პისიარ ტესტი აქვს გაკეთებული. ჯერჯერობით ეს ყველაფერი მსოფლიოში არის სატესტო რეჟიმში და ჩვენც გამზადებული გვაქვს ეს სისტემები", - უთხრა პაატა იმნაძემ "ლაივპრესს".

მანვე აღნიშნა, რომ როცა საუბარია კოვიდ პასპორტის შემოღებაზე, ეს ნიშნავს არა ვინმეს პრივილეგირებულ უფლებას, არამედ უსაფრთხოებას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, აცრილი უსაფრთხოა ისევე როგორც უსაფრთხოა ის, ვინც გატესტა კორონავირუსზე.

"ყველა დამერწმუნებით, რომ მე როცა საფრთხე ვარ ვიღაცისთვის, რაღაც წესები უნდა დავიცვა. როცა უსაფრთხო ვარ, შემიძლია ის წესები, რაც მას მოეთხოვება, არ დავიცვა. ამაზეა უბრალოდ ლაპარაკი. მე შეიძლება ნიღაბი მოვიხსნა სადღაც, როცა ის, ვინც საფრთხეს წარმოადგენს, ნიღაბს ვერ მოიხსნის", - განმარტა მან.

პაატა იმნაძის თქმით, ზოგიერთი ქვეყნის მაღაზიასა თუ რესტორანში შესასვლელად პისიარ ტესტის პასუხის წარდგენაა აუცილებელი, თუმცა იგივეს საქართველოში არავინ ითხოვს.

როდის იქნება მზად კოვიდ პასპორტი, ჯერ უცნობია. რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ დაახლოებით 2-3 კვირაში, ე.წ. მწვანე დოკუმენტზე მუშაობა უფრო მკაფიო სახეს მიიღებს და ექნებათ შესაძლებლობა, ეს სერვისი მოქალაქეებს შესთავაზონ. აქ აცრის და პისიარ ტესტის პასუხთან ერთად, იქნება ინფორმაცია გადატანილი ვირუსის შესახებაც. მანვე აღნიშნა, რომ ვაქცინირებულ პირებს ბევრ ქვეყანაში მეტი თავისუფლება მისცეს და არ გამორიცხა იგივე მოდელზე იფიქრონ. თუმცა ამისთვის საჭიროდ მიიჩნევს მოსახლეობის გარკვეული რაოდენობის აცრას, რათა ეს წახალისება დისკრიმინაციული არ იყოს.

"დღეს ვაქცინის მოთხოვნა აღემატება მიწოდებას და ვიდრე არ დაიწყება მასიური ვაქცინაციის კამპანია, მანამდე ამ სახის ბენეფიტების დაწესებას შესაძლოა გარკვეულწილად ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასიათი", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ფიქრობს, რომ მწვანე დოკუმენტის შემოღება ტურიზმის სექტორის მუშაობის კუთხითაც იქნება მნიშვნელოვანი - ვიზიტორთა მონიტორინგისთვის.

"აქედან გამომდინარე, ჩვენი პასპორტი გაითვლისწინებს როგორც ადგილობრივი მოქალაქეებისთვის გარკვეულ მონიტორინგს და მწვანე პასპორტის არსებობას, ასევე, იმ ვიზიტორებისთვის, რომლებიც ქვეყანაში დაიშვებიან", - განმარტა მინისტრმა.

თუ როგორი იქნება დაკვირვება-გაკონტროლების მექანიზმი, საბოლოოდ რა სახის ინფორმაცია დაიტანება დოკუმენტზე გარდა იმისა, რაც გაჟღერდა, ან რამდენი ხნით ექნება მოქმედების ვადა, დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მზა მოდელს ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებას სავარაუდოდ ივნისის ბოლომდე წარუდგენს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.