საზოგადოება
ნიკოსეულ სასახლეში იატაკის ნაწილი დაშალეს [ფოტო]
ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსში შემავალი ნიკოსეული სასახლის პირველ სართულზე იატაკის ნაწილი დაშალეს. სამშენებლო კომპანია "ტაო ტბელმა" გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებიდან მესამე წელს იატაკი დანესტიანდა. დადიანების ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია ამბობს, რომ შენობა წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო, რამაც სავარაუდოდ გავლენა იქონია.

"თქვენ იცით, რომ სასახლე არის ძველი. ამორტიზებული იყო, ჰქონდა ნესტი და სოკოც. ამ ყველაფერზე, როცა აკეთებდნენ მაშინ პრევენციაც მოახდინეს, მაგრამ როგორც ჩანს სადღაც მაინც შეცდომა იქნა დაშვებული. ეს ნახა სამშენებლო კომპანიამ, რომელმაც შეასრულა სამუშაოები. მოვიდნენ კომპანიის წარმომადგენლები, დაათვალიერეს და ეს პროცესები კიდევ რომ არ განვითარებულიყო, აყარეს იატაკი", - განაცხადა ლილი ბერაიამ და ვიდეოგადაღებაზე უარი გვითხრა, თუმცა რა მიზეზით არ უთქვამს.

მუზეუმის დირექტორის მტკიცებით, საუბარია ნიკოსეული სასახლის, პირველ სართულზე 2-3 ოთახის იატაკზე, სადაც აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. მისივე ინფორმაციით, კომპანიამ იატაკი აყარა, რათა რამდენიმე დღის განმავლობაში გაშრეს, რის შემდეგაც ნესტსაწინააღმდეგო საშუალებებით დაამუშავებენ და დააგებენ.

ფოტო მაია კალანდიას ფეისბუკიდან

ნიკოსეული სასახლის პირველ სართულზე არსებული ვითარების ამსახველი ფოტომასალა ფეისბუკზე ზუგდიდელმა მაია კალანდიამ გამოაქვეყნა. მან "ლაივპრესს" უთხრა, რომ ფოტოები ფაქტით შეწუხებულმა მუზეუმის თანამშრომლებმა მიაწოდეს, რაზეც თავადაც გულისტკივილი გამოხატა. მისი ინფორმაციით, გაფუჭდა 4 ოთახის იატაკი. დარწმუნებულია, რომ პრობლემა გაცილებით დიდია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, რადგან 150 წლის სასახლეს რეკონსტრუქცია ძირეული შესწავლა-შეფასების გარეშე ჩაუტარდა:

ამბობს, რომ სასახლის მდგომარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია აქვს, რადგან 2008 წელს, როცა შენობის რეკონსტრუქციის დაწყების მიზნით, მდგომარეობის შესასწავლად იტალიელი არქიტექტორი იყო მოწვეული, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსი იყო:

"მე არ ვიცი რამდენად ხარისხიანად ჩატარდა სამუშაოები და არ გამოვრიცხავ რომ ხარისხიანად ჩატარდა, მაგრამ ამ შენობის მდგომარეობაზე კვლევები არ ჩაუტარებიათ. კვლევა ჩატარდა ჩვენ დროს. მეუხერხულება ამაზე საუბარი, რადგან დარჩა ისე. იყო საუბარი იმაზე, რომ შენობის თითოეული აგური უნდა შეწამლულიყო შპრიცით [ნესტის საწინააღმდეგო საშუალებით]. პირველი, რაც თქვა ამ კაცმა [იტალიელმა არქიტექტორმა] იყო ის, რომ გაათავისუფლეთ შენობა ბათქაშისგან, რომ ისუნთქოს... ახლა ამ იატაკს ხომ ცვლიან? - რაც არ უნდა გამოცვალონ, ორ ადგილას კი არა, ას ადგილას ამოვა სოკო, იმიტომ, რომ სოკო მთლიანად აქვს შენობას. ეს არის 150 წლის შენობა და ერთი ხელის მოსმით მიადგნენ და დაიწყეს რეაბილიტაცია", - განაცხადა მაია კალანდიამ.

სამშენებლო კომპანია "ტაო ტბელის" დამფუძნებელი რამაზ ებრალიძე ამბობს, რომ "სანერვიულო არაფერია". როგორც ის ირწმუნება, შენობა დეტალურად შეისწავლეს და მსგავსი პრობლემები მომავალში არ იქნება. მისი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ცნობა, თითქოს დაზიანდა 3-4 ოთახის იატაკი. რამაზ ებრალიძის მტკიცებით, 2100 კვადრატული მეტრის მოცულობის იატაკიდან ნესტის პობლემა შეექმნა 3-4 კვადრატს.

ფოტო მაია კალანდიას ფეისბუკიდან

"ამ შენობას აქვს რაღაც დრენაჟის ძველი პრობლემები, რომელიც მოვსპეთ. საგანგაშო იქ არაფერი არ არის. ამ ერთ ოთახში ჩვენ იატაკი პრევენციის მიზნით ავყარეთ, რომ დავაკვირდეთ და შევისწავლოთ რატოა ეს ნესტი და რის გამოა. მანდ დაგებულია 2100 კვ მეტრის იატაკი და არ დაზიანებულა ისე, რომ საგანგაშო იყოს", - განაცხადა "ტაო ტბელის" დამფუძნებელმა რამაზ ებრალიძემ.

ის ირწმუნება, რომ სამუშაოები მალე დასრულდება და ყველას ექნება შესაძლებლობა დაათვალიეროს სასახლე. დადიანების ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია "დებიშად" მიიჩნევს სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას: "ის ხალხი ფეისბუკზე რომ წერენ, თვითონ როცა იყვნენ მთავრობაში რატომ არ გააკეთეს? თან ტყუილებსაც ამბობენ. არ ვიცი ვის რაში სჭირდება ეს და რა შუაშია აქ პოლიტიკა?", - ამბობს ლილი ბერაია.

ფეისბუკზე მაია კალანდიას მიერ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, კომენტარი გააკეთა საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ. ის ამბობს, რომ "სკანდალი ვერ შედგა" და ინფორმაცია, "თითქოსდა უფლისწულ ნიკოს სასახლეს რეაბილიტაცია არასათანადოდ ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა უფრო უარესია, ვიდრე ეს რეაბილიტაციამდე იყო" სიმართლე არ არის. გიორგი კალანდიას სიტყვებით, რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ფონდ "ქართუს" დაფინანსებით ოთხი წლის წინ დაიწყო, ჯერ დასრულებული არ არის:

ნიკოსეული სასახლე რეკონსტრუქციის შემდეგ. ფოტო: "ლაივპრესი"

"სარესტავრაციო პროცესების დაწყებამდე უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლე უმძიმეს მდგომარეობაში იყო და დღის წესრიგში მისი გადარჩენა იდგა. ახლა ეს საკითხი სრულად გადაჭრილია, 24 დარბაზიდან 20-ში სამუშაოები დასრულებულია, 4 დარბაზში კი სპეციალისტები სამუშაოების მეორე ეტაპს აწარმოებენ ან გეგმავენ. ისტორიულ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება, რის შემდეგაც ნიკოსეული სასახლის საექსპოზიციო სივრცე დამთვალიერებლისთვის გაიხსნება", - წერს გიორგი კალანდია.

ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია, რომ დასრულებული იყო და მცირე სახის სამუშაოები იყო დარჩენილი, ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ 2019 წელს დაუდასტურა "ლაივპრესს" დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ ვიდეომასალაში, სადაც ის ჟურნალისტს განახლებულ შენობას ათვალიერებინებს.

სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის სასახლე

იგივეს ირწმუნება "ტაო-ტბელის" დამფუძნებელიც. რამაზ ებრალიძის თქმით, შენობის რეკონსტრუქცია 3 წლის წინ დაასრულეს. ნიკოს სასახლეს, რომელიც მე-19 საუკუნის 80-იან წლებში აშენდა, ამ მასშტაბის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მანამდე არ ჩატარებია.

აღდგენა 2015 წლის აგვისტოში დაიწყო. სამუშაოებისთვის 2 მილიონზე მეტი დაიხარჯა, რომელიც ფონდმა "ქართუმ" გაიღო. სამუშაოების დამკვეთი საქართველოს კულტურული მემკვიდრობის დაცვის ეროვნული სააგენტოა.

დადიანების ბაღსა და სასახლეთა კომპლექს 2006 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ხოლო 2015 წელს მთავრობის დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.