საზოგადოება
„არასაკმარისი დახმარება“ ფერმერებს, თუ სახელმწიფოს ანტიკრიზისული პოლიტიკის ხარვეზები
FaceBook Twitter
E-mail Print
პანდემიიდან თითქმის ორი წლის თავზე, ფერმერები იმ ზარალის ანაზღაურებას ცდილობენ, რაც შეზღუდვებმა და ზოგადად, კორონავირუსის გამო, კიდევ უფრო დამძიმებულმა ეკონომიკურმა ვითარებამ მოიტანა. სოფლად დასაქმებული ადამიანები ამბობენ, რომ ანტიკრიზისულმა გეგმამ ისე ვერ იმუშავა, როგორც მოელოდნენ, და დღეს, საკუთარი პრობლემების წინაშე კვლავ მარტო დარჩნენ. ცდილობენ ბიზნესი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნონ, თუმცა ეს დროსთან ერთად, აუცილებელ ფინანსებსაც მოითხოვს, რაც არ აქვთ. იმისთვის, რომ გამოწვევებს ეფექტურად გაუმკლავდნენ და განვითარებაზე იფიქრონ, სხვადასხვა სახის ტექნიკა უნდა ჰქონდეთ, მიწის დასამუშავებლად თუ მოსავლის შესანახად. ეს საჭიროებები კი, ხელისუფლების შემოთავაზებული მხარდამჭერი პროგრამებით ვერ მოაგვარეს.

"საკმარისი არ იყო"

ზუგდიდელ ფერმერს, ზურაბ გულუას ღია გრუნტზე გაშენებული რამდენიმე სახეობის სალათის, ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს მოსავლის დიდი ნაწილი შარშან გაუფუჭდა. მოსავლის აღება იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ხელისუფლებამ პანდემიის მიზეზით ავტოტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა. პროდუქციის რეალიზება ბაზარსა თუ მარკეტებში ვერ შეძლო, ადგილზე კი მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა გაყიდა. ფერმერს შესანახი მაცივარი არ აქვს, სადაც გარკვეული პერიოდი შეძლებდა დაეყოვნებინა მოწეული მოსავალი. ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა ხელისუფლება მას და მის მსგავსად ბევრს, ამ ტექნიკის შეძენაში დახმარებოდა.

ზურაბ გულუამ მნიშვნელოვანი სარგებელი ვერც ფერმერთა დახმარების პროგრამით ნახა. 4 ჰექტარი მიწის დასამუშავებლად, ტრაქტორის თანადაფინანსებით შეძენა კი გადაწყვიტა, მაგრამ ელექტრონული რეგისტრაცია რამდენიმე საათში დასრულდა და პროგრამის ბიუჯეტი, 6 მილიონი ლარიც ამოიწურა.

"ვერ მოვასწარი, ისე ამოიწურა თანხა. სამეგრელოში და დასავლეთში არ ვიცი ტექნიკა ვინმემ თუ იყიდა და მოასწრო რეგისტრაცია, - უთხრა ფერმერმა "ლაივპრესს".

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მან სრულად მხოლოდ აგრობარათით ისარგებლა. ბარათზე 1000 ლარი დაირიცხა, რაც სხვადასხვა შესაწამლი პრეპარატის, თუ შემდუღებელი აპარატის შესაძენად გამოიყენა. აგროდიზელის ფასდაკლების ბარათით მხოლოდ 40 ლიტრი დიზელი იყიდა, ლიტრზე 50-55 თეთრიანი შეღავათით. ესეც საწვავის გაძვირებამდე. მერე კი, როცა ფასდაკლება ათი თეთრიც არ გამოდიოდა, აღარ უღირდა, მეტჯერ ამ სერვისისთვის არ მიუმართავს.

ზურაბ გულუას თქმით, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროგრამები მათთვის არასაკმარისი იყო და გაცილებით მეტ მხარდაჭერას ელოდნენ. მაგალითად, უფრო მასშტაბური უნდა ყოფილიყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის კომპონენტი ანტიკრიზისულ გეგმაში, რომ მისით გაცილებით მეტ ადამიანს ესარგებლა. ამასთან, ფერმერთა გაძლიერება-წახალისების მიზნით, მთავრობის მომზადებულ დოკუმენტში შეღავათიანი კრედიტების თუ საგრანტო პროგრამების ელემენტებიც უნდა ასახულიყო. ასეთ პირობებში, ზურაბ გულუას თქმით, შეძლებდნენ საკუთარი ბიზნესისთვის დღეს თავად მიეხედათ.

ფერმერებისთვის მძიმე ტვირთი აღმოჩნდა კომუნალური გადასახადების გაძვირებაც. შარშან, დეკემბერში, საყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის შუქის ტარიფი 3.5 თეთრამდე, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის კი 10-დან 15 თეთრამდე გაიზარდა. მთავრობამ კი მხოლოდ ის მოქალაქეები დაასუბსიდირა, ვინც 300 კილოვატ საათამდე ელექტროენერგია მოიხმარა.

ზურაბ გულუას მსგავსად, ზუგდიდის სოფელ დარჩელში მცხოვრები ფერმერი, ლელა ქობალიაც ამბობს, რომ სახელმწიფოს დახმარება ფერმერებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მათი საჭიროებები ბევრად მეტი იყო, ანტიკრიზისულმა გეგმამ კი ამ გამოწვევებს ვერ უპასუხა. მართალია აგრობარათით მანაც ისარგებლა და გაძვირებული შესაწამლი პრეპარატები შეიძინა, დიზელის ფასდაკლების ვაუჩერიც გამოიყენა, თუმცა სხვა პრობლემების გადაჭრა ვერ შეძლო. პარარელურად, იძულებული იყო საკუთარი ხარჯებით აღეჭურვა მუშახელი პირბადეებით, სადეზინფექციო სითხეებით, რაც დამატებით ფინანსებს მოითხოვდა, პანდემიისას ისედაც გაძვირებული ყოველდღიურობის პირობებში.

ფერმერს ბოსტნეული თუ სხვადასხვა კულტურა, პანდემიამდე წელიწადში ორჯერ მოჰყავდა, კორონავირუსის პირობებში კი მხოლოდ ერთხელ მოახერხა. ადრე 8 მუშა ჰყავდა. კრიზისისას იძულებული გახდა ისინი მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე ემუშავებინა. ხელფასიც ნაკლები გამოსდიოდათ, ამიტომ უმრავლესობამ სხვა საქმის კეთება არჩია. დღეს მხოლოდ ორი დამხმარე ჰყავს. განახევრებული მოსავლის რეალიზების პრობლემა შარშან არ ჰქონია. უფრო მეტის გაყიდვას მაინც ვერ შეძლებდა, რადგან პროდუქტების შესანახი მაცივარი არ აქვს, რის გამოც ხილის თუ ბოსტნეულის გარკვეული რაოდენობა ყოველწლიურად ისედაც უფუჭდება. ასე მოხდა შარშანაც. ამიტომ იძულებულია, ხილი და ბოსტნეული ბაზარზე დაკრეფისთანავე გაიტანოს. იგივე მიზეზით მოკლე დროში უნდა გაყიდოს რძის ნაწარმიც.

"მაშინ, როცა არ არის მასშტაბურად ესა თუ ის ხილი, შენ უნდა შეგეძლოს შენახვა, ყველია თუ ციტრუსი, საჭირო დროს რომ გამოიტანო, როცა დეფიციტურია. მე ეს შესაძლებლობა დღეს არ მაქვს. ამიტომ ვერ გავდივარ დიდ მოგებაზე. ფერმერებისთვის ყველაზე კარგია მაცივრის ხელშეწყობა, თანადაფინანსება რომ იყოს სახელმწიფოსგან. ინდივიდუალური მაცივრების ყიდვაში რომ დაგვეხმარონ, ან ისე, რომ ორმა კაცმა შეძლოს სარგებლობა", - ამბობს ლელა ქობალია.

სამაცივრე მეურნეობის მოწყობის შესაძლებლობა ფერმერების უმრავლესობას არ აქვს. კვადრატულის ფასი, რომელიც მოიცავს შენობის დადგმას და მაცივრის აგრეგატებს, საშუალოდ 500 დოლარია. ღირებულება ასევე დამოკიდებულია კიდევ რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის იმაზე, თუ რამდენტონიანი იქნება მაცივარი, რა ტიპის აგრეგატებს გამოიყენებენ მშენებლობისას.

"სუბსიდირება და დოტაცია გამოსავალი არ არის"

მთავრობის დახმარებას არაეფექტურს და არამიზნობრივს უწოდებს ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია. მისი თქმით, სუბსიდირება და ხელშეწყობის ის ფორმები, რაც ხელისუფლების ანტიკრიზისულ პოლიტიკაში აისახა, მხოლოდ ერთჯერადი კომპენსაციაა და გრძელვადიან შედეგს ვერ მოიტანს, კიდეც რომ გაგრძელდეს. მომდევნო წელს კი, გლეხი თუ ფერმერი, იგივე პრობლემებთან მარტო დარჩება. ექსპერტი ამბობს, რომ რეალურად სოფლად დასაქმებულ ადამიანს სჭირდება თავად იყოს ძლიერი და არა მსგავსი უეფექტო დახმარებების მომლოდინე. მეორეს მხრივ, ის სუბსიდიისთვის გამოყოფილ სახსრებს, გადასახადის გადამხდელებისთვის წართმეულ ფულს უწოდებს.

ირაკლი მაკალათიას აზრით, მთავარი, რაც დღეს სოფლად დასაქმებულ ადამიანს სჭირდება, მიწის ღირებულების ზრდაა ისე, რომ ამ კაპიტალით შეძლოს ეკონომიკური დოვლათის შექმნა და ფინანსების მოზიდვა.

"ვთქვათ ერთი ჰექტარი მიწა 10 ათასი დოლარი რომ ღირდეს, 10 ნიშნავს 100 ათას დოლარს. ეს თანხა რომ გიდევს, ან ამ ღირებულების ბინა, აქედან ხომ შემოსავალს მიიღებ? რატომაა მიწის ფასი დაბალი? - ორი მიზეზის გამო - სასოფლო-სამეურნეო მიწების უმეტესობა სახელმწიფოს საკუთრებაშია და დაბალ ფასად ყიდის. დაბალ ფასად და ჭარბად რომ აწვდის ბაზარს, დანარჩენი მიწის ფასსაც აგდებს. მეორე - ამ მიწის ყიდვის და ინვესტირების ფული ადამიანებს არ აქვთ", - ამბობს ირაკლი მაკალათია.

ექსპერტის თქმით, მას შემდეგ, რაც კერძო ხელში იქნება მიწები, საბაზრო ფასს გაუტოლდება მისი ღირებულება, მყიდველუანრიანობა გაიზრდება და მეტი ფინანსების მოზიდვის შესაძლებლობაც გაჩნდება. მერე კი სოფლად დასაქმებულს თვითონ ექნება ფული საკუთარ მიწაზე ინვესტიციის განხორციელების და აღარც მთავრობის ეს ნომინალური დახმარებები დასჭირდება.

აკაკი ცომაიაც იმ ექსპერტთა რიგებშია, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ არ უნდა ასუბსიდიროს რომელიმე ეკონომიკური დარგი, იქნება ეს ფერმერული მეურნეობა თუ მრეწველობა. მისი განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, სუბსიდიის მიმღებისთვის გამოყოფილი დახმარება არასაკმარისი იქნება. ეკონომიკის ექსპერტს ესმის, რომ რაც მეტ რესურსს მიმართავს ხელისუფლება ფერმერებისკენ, ისინი ერთი შეხედვით უფრო გაიუმჯობესებენ მდგომარეობას, თუმცა მსგავსი მიდგომა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების და მძიმე კრიზისიდან გამოყვანის გზად არ მიაჩნია. მისი თქმით, მთავრობამ ხელი დიდი ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს, რომლებიც ერთის მხრივ, თავად იქნებიან ძლიერები და პანდემიის მსგავს გამოწვევებს დამოუკიდებლადაც გაუმკლავდებიან, მეორეს მხრივ კი, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას სწორედ ასეთი გამსხვილებული მეურნეობები სჭირდება.

რაც შეეხება გაძვირებულ კომუნალურ გადასახადებს, რაც პანდემიის პირობებში ფერმერებისთვის დამატებით მძიმე ტვირთი აღმოჩნდა, ექსპერტი ამ ფაქტს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ჩავარდნას უწოდებს. მისი თქმით, ფასების ზრდა ლარის კურსის ვარდნამ გამოიწვია, ამიტომ მთავრობას მოსალოდნელ შედეგზე ადრევე უნდა ეფიქირა.

"ფაქტი რომ დადგა, მერე რთულია გამოსავლის მონახვა. გამოსავალი მაგალითად შეიძლება იყოს აქციზის გაუქმება ნავთობპროდუქტებზე. ეს გამოიწვევს ნავთობპროდუქტზე, ენერგომატარებლებზე ფასის შემცირებას, რაც სასაქონლო ფასებსაც დაეტყობა. მათ შორის სოფლის მეურნეობის წარმოების მიმართულებით რესურსების ღირებულებასაც", - გვითხრა აკაკი ცომაიამ.

"კომპლექსური ღონისძიებები ფერმერების მხარდასაჭერად"

სოფლის მეურნებობის სამინისტროს მიერ "ლაივპრესისთვის" მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ პანდემიით გამოწვეული არაერთი უარყოფითი ფაქტორი, შეიძლებოდა ქვეყანაში აგრარული წარმოების შეფერხების მიზეზი გამხდარიყო, თუმცა ფერმერთა მხარდასაჭერად ამ გამოწვევებს კომპლექსური ნაბიჯებით უპასუხეს. მათი თქმით, ანტიკრიზისული გეგმა - "ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე", მოიცავს როგორც სოფლად დასაქმებულთა პირდაპირ დახმარებას, ასევე ხელს უწყობს სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერას.

სამინისტროსვე ცნობით, ეპიდვითარების გამო, რამდენიმე პროექტსა თუ პროგრამაში ცვლილება აისახა, რამაც ისინი უფრო მოქნილი გახადა, პირდაპირი დახმარების პროგრამებმა კი, როგორც ირწმუნებიან, ფერმერებს პირველადი პროდუქციის წარმოების ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

მიმდინარე წლის 31 მარტის მონაცმებით, 259 529 ფერმერს აგრობარათზე აგროქულები დაერიცხა. სახელმწიფოს სუბსიდიის ოდენობა 33,328,357 ლარი იყო, საიდანაც სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე გაანაღდეს 29,841,452 ლარი. პროცესი 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.

აგროდიზელის პროგრამა

სამინისტროსა და შპს "სოკარ ჯორჯი პეტროლეუმს" შორის შეთანხმების საფუძველზე, შარშან მაისიდან, მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით, ჯამში 160 597-მა ფერმერმა მიიღო 32 729 ტონა მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათი. სულ მათ 12 376.62 ტონა საწვავით ისარგებლეს. პროგრამა გრძელდება.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

აგროწარმოების ხელშეწყობის მზნით, 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულება 376 ბენეფიციართან გაფორმდა. თავდაპირველად სახელმწიფო თანადაფინანსება 9,651,127 ლარით განისაზღვრა. თუმცა, სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერთა მხრიდან ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობის მიზეზით, გასაცემი თანხები 9,400,000 ლარამდე შემცირდა. ამ თანხიდან შარშან 9,223,956.97 ლარის თანადაფინანსება გაიცა.

პროგრამის ქვეკომპონენტი იყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება, რისთვისაც 6 მილიონი ლარი გამოიყო. ამ დახმარებით 252 ბენეფიციარმა ისარგებლა. ეს ის პროგრამაა, რომლის ბიუჯეტიც რამდენიმე საათში გაიხარჯა. სამინისტროს ცნობით, განცხადებების ელექტრონულად მიმდინარე რეგისტრაცია შეწყდა, რადგან ფერმერებმა ჯამში მოთხოვნილი თანხით ბიუჯეტი აითვისეს. რეგისტრაცია არ განახლებულა და პროგრამის გასაგრძელებლად ფული არც დამატებით გამოყოფილა.

სამეგრელოს რეგიონში ტექნიკის თანადაფინანსებით 7-მა ფერმერმა ისარგებლა.

პროგრამის ფარგლებში დანარჩენმა ბენეფიციარებმა, თანადაფინანსება ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად, ან უკვე მოქმედის გაფართოება-განახლებისთვის საჭირო ინსტრუმენტების შეძენა-მონტაჟისთვის გამოიყენეს. ასევე ერთწლიანი კულტურებისთვის სარწყავი სისტემის საყიდლად.

აგროდაზღვევის პროგრამა

31 დეკემბრის მონაცემებით, აგროდაზღვევის პროგრამაში 9,141 ბენეფიციარი ჩაერთო. თანადაფინანსებამ 8,421,407 ლარი შეადგინა. ჯამში 18,178 ჰა მიწის ფართობი დააზღვიეს, რაც სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით მეტია. პროგრამით, რომელიც წელსაც გრძელდება, სამეგრელოდან 599-მა პირმა ისარგებლა.

ერთწლოვანი კულტურების თანადაფინანსება ქვეყნის მასშტაბით 2,794-მა ბენეფიციარმა მიიღო. სამეგრელოდან 37-მა. სულ თანადაფინანსება 4,294,118 ლარით განისაზღვრა.

მერძევეობის დარგის მოდერნიზაცია და ბაზარზე წვდომა

ამ პროგრამით, 2020 წლის გაზაფხულიდან, მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის (90 ფერმერი), იმერეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან ჯამში 317 ფერმერმა ისარგებლა. თანადაფინანსება 20,941,915 ლარია. დღეს ახალი განაცხადების მიღება შეჩერებულია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში საუბარია რთველის ხელშემწყობ ღონისძიებებზეც, რომელშიც სამეგრელოს რეგიონი არაა ნახსენები. ერთადერთი აღნიშნულია, რომ:

"ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდნენ, ჯამურად არა უმეტეს 10 ჰა ფართობის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე (აბონენტზე). დაწესებული შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 34, 676 აბონენტი. მათი რაოდენობა ასე განაწილდა - დასავლეთი - 1960, კახეთი - 5706, ქვემო ქართლი - 9844, შიდა ქართლი - 17 166".

არიან თუ არა ბენეფიციარები სამეგრელოდან ამ ჩამონათვალში, დაკონკრეტებული არ არის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია შარშან, 12 მაისს შედგა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ მათ მიერ შემუშავებული პროგრამები, ჯამში 300 მილიონი ლარის მოცულობით, მიმართული იქნებოდა როგორც ფერმერების მხარდასაჭერად, ისე სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გასაზრდელად.

"ამ პროგრამის შედეგი უნდა იყოს, რომ აგრარული პროცესი არცერთი დღით არ უნდა გაჩერდეს და დაუმუშავებელი მიწა ქვეყანაში არ უნდა დარჩეს", - აღნიშნა მაშინ პრემიერმა.

ამ განცხადებიდან ერთი წელი გავიდა. მთავრობის ყოფილი მეთაურის საპასუხოდ, დაზარალებული ფერმერები ამბობენ, რომ შარშან მოგებაზე არც უფიქრიათ, დღეს კი მათი მთავარი საზრუნავი პანდემიისგან მიყენებული ზიანის შემცირებასთან ერთად, ბიზნესის ძველ ნიშნულზე დაბრუნებაა. განვითარებაზე კი მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებენ.

ექსპერტების შეფასებით, არაეფექტური პროგრამების განსახორციელებლად ხელისუფლებამ მილიონობით ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან, ეს ღონისძიებები კი გრძელვადიან შედეგს ვერ მოიტანს, რადგან სოფლად დასაქმებულებს საკუთარ პრობლემებთან დარჩენა კვლავ მარტო მოუწევთ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.