საზოგადოება
აფხაზი მოსწავლეებისთვის - აფხაზურმა სკოლებმა შესაძლოა თბილისში გამოცემული წიგნებით ისწავლონ
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზურ სკოლებს წელს აქვთ შესაძლებლობა, აფხაზური ენა და ლიტერატურა ახალი სახელმძღვანელებით შეასწავლონ ბავშვებს. 1-4 კლასებისთვის ილუსტრირებული წიგნი უკვე მზად არის. ნახატებს თან ერთვის აფხაზი მწერლების და პოეტების მოთხრობები და ლექსები. აფხაზური ენის და ლიტერატურის სახელმძღვანელოს კომპლექტი მოიცავს როგორც მოსწავლის, ისე პედაგოგის წიგნსაც და თავიდან ბოლომდე აფხაზურ ენაზეა შედგენილი.

ინიციატივა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეკუთვნის. სწორედ მათ მიერ გამოაცხადებულ გრიფირების კონკურსში მიიღო მონაწილეობა გამომცემლობა "ინტელექტმა" და ფაქტობრივად უკონკურენტოდ გაიმარჯვა. გამომცემლობის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, კახმეგ კუდავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სამინისტრო წლებია აფხაზური ენის და ლიტერატურის წიგნების გამოცემას ცდილობდა, თუმცა კონკურსში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს. მისი თქმით, ეს რთული სამუშაო, ფინანსურად მომგებიანი გამომცემლობებისთვის ვერ იქნებოდა, რაც საბოლოო ჯამში დაინტერესებაზეც აისახა.

"ამას დიდი შრომა სჭირდება. თანაც დაწყებითი კლასებია. ფერადი ილუსტრაციები იყო საჭირო. აფხაზური შრიფტი.. თან მომგებიანი საქმე არაა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ეს გასაკეთებელი საქმეა. ტანკებით და იარაღებით ხომ ვერ შევალთ აფხაზეთში. ჩვენ უნდა შევიდეთ განათლებით, უნდა შევიდეთ წიგნით", - ამბობს კახმეგ კუდავა.

აფხაზური ენის თვითმასწავლებელი, დამხმარე სახელმძღვანელოები ადრეც დაბეჭდილა და რამდენიმე ეგზემპლარი უნახავს კიდეც, როგორც კერძო ინიციატივის შედეგი, თუმცა დღეს ეს წიგნი, როგორც გამომცემელი განმარტავს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ნიმუშია აფხაზური სკოლებისთვის, რომელიც სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეიქმნა. სახელმძღვანელო გათვლილია როგორც ენგურს გამოღმა მოქმედ აფხაზეთის 13 სკოლაზე, ისე უშუალოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე მომუშავე სკოლების მოსწავლეებისთვის.

წიგნს საქართველოს განათლების სამინისტრომ გრიფი უკვე მიენიჭა, რაც ნიშნავს, რომ ის აღიარებულია და ნებადართულია სკოლებში შესატანად.

"ურთულეს პროცედურებს გადის გრიფირებამდე - სათანადო შემოწმებას თვითონ წერის პროცესშიც. მაშინაც, როცა სრულდება მასზე მუშაობა.. სახელმძღვანელოს ახლავს ცალკე სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის აფხაზურ ენაზე, თუ როგორ უნდა ასწავლონ ამ წიგნის მიხედვით", - გვითხრა კახმეგ კუდავამ.

მისივე თქმით, სასკოლო სახელმძღვანელოები ფაქტობრივად იაკობ გოგებაშვილის "დედაენის" პრინციპებზე შეიმუშავეს. სამუშაო პროცესს კი თითქმის ორი წელი დასჭირდა, რასაც წინ ავტორების მოძიება და მასალების შეკრება უძღოდა. 

სასკოლო წიგნების შექმნაზე ავტორებმა - ირმა ოსიამ და რიტა ამიჭბა-მარღანიამ იმუშავეს. მათ მანამდე არაერთი ქართველი მწერლის შემოქმედება თარგმნეს აფხაზურ ენაზე. ირმა ოსია ამბობს, რომ ამაყია პროექტში მონაწილეობით, რადგან ის საქმე გაკეთდა, რაზეც წლებია ოცნებობდა. სამუშაო პროცესი მისთვის საინტერესო იყო, რადგან საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა სასკოლო წიგნები აფხაზური სკოლებისთვის გამოსცეს.

"რთული იყო მუშაობის პროცესი იმ მხრივ, რომ მაინც აქეთა მხრიდან ვაკეთებდით და რაიმე შეცდომა არ ყოფილიყო, რამე არ გაგვპარვოდა. ვარჩევდით ლექსებს და მოთხრობებს. ისე გავაკეთეთ, რომ ორივე მხარისთვის მისაღები ყოფილიყო. ბავშვობაზე, თამაშზე, ჩიტებზე - ნეიტრალური თემები შევარჩიეთ", - უთხრა ირმა ოსიამ "ლაივპრესს".

ავტორის ინფორმაციით, წიგნები მათ შორის გათვლილია ბათუმში მცხოვრები აფხაზებისთვისაც. ამბობს, რომ სოფელ ფერიაში ბევრი აფხაზი სწავლობს სახელმძღვანელოების არქონის პირობებში. უკვე შემოდგომიდან კი ექნებათ შესაძლებლობა, მშობლიური ენა და ლიტერატურა გრიფირებული წიგნებით შეისწავლონ.

ირმა ოსიას თქმით, აფხაზური ენა იკარგება, ამიტომ ეს პროექტი მხოლოდ პოზიტიური ნაბიჯი შეიძლება იყოს ენის შესანარჩუნებლად.

წიგნის შიგთავსზე აფხაზურ ენაზეა დატანილი ინფორმაცია, რომ გამოცემულია "ინტელექტის" მიერ, საქართველოს განათლების სამინისტროს დაკვეთით. როგორ შევა ეს წიგნები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის თუ არა საქმის კურსში დე ფაქტო მთავრობა, უცნობია. კითხვით განათლების სამინისტროს მივმართეთ, თუმცა მათგან პასუხი არაერთგზის მცდელობის მიუხედავად ვერ მივიღეთ.

განახლდება თუ არა აფხაზეთში სწავლა სასკოლო ოთახებში სექტემბერში, და დახვდებათ თუ არა ახალი სახელმძღვანელოები მერხებზე ბავშვებს, არც ეს ვიცით. ენგურს გაღმა ეპიდვითარება მძიმეა. აქ კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი 150-ს აჭარბებს. ვაქცინაციის ტემპი კი დაბალია. აფხაზეთში დღეს მხოლოდ რუსული წარმოების "სპუტნიკი" აქვთ. გალში მედპერსონალის აცრები დაწყებულია. როდის ჩაერთვებიან პროცესში პედაგოგები, არაფერია ცნობილი.

გალელმა პედაგოგმა, რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოების გამო არ ვასახელებთ, გვითხრა, რომ მასობრივი ვაქცინაცია არ დაწყებულა. იცის მხოლოდ ის, რომ რამდენიმე მასწავლებელი გალში აიცრა. თავად მათ შორის არ არის.

"ამ დროისთვის გალში არ აქვთ ვაქცინები", - აღნიშნა მან ჩვენთან საუბარში.

გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე, გალის ე.წ. ადმინისტრაციამ მიმართა გალის მცხოვრებლებს, რომ ენგურის ხიდზე შეზღუდვები შემსუბუქდა და შეუძლიათ აიცრან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ კლინიკებში. გალელებს ვაქცინაცია რუხის კოვიდ კლინიკაში ამოქმედებულ ამცრელ კაბინეტშიც შეუძლიათ.

პარარელურად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ენგურს გაღმა მცხოვრებლებში კონტროლირებად ტერიტორიაზე ვაქცინაციის სურვილი გაიზარდა. 8 ივლისის მონაცემით, გალიდან გადმოსული 124 ადამიანია ვაქცნირებული.

პანდემიის გამო ორი წლის წინ ჩაკეტილი ხიდი 5 ივლისს, "საბუთების" მქონე ყველა მოქალაქისთვის გაიხსნა. მანამდე ხიდი პერიოდულად, მხოლოდ ცალმხრივად იხსნებოდა. მანამდე გადმოსვლა პენსიონერებს, მრავალშვილიანებს და ავადმყოფებს შეეძლოთ. თუმცა თანხის სანაცვლოდ ზუგდიდში გადმოსვლას სხვა პირებიც ახერხებდნენ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2-დან 4 მაისის ჩათვლით, სასაფლაოებთან
დანაყოფების მობილიზაცია მოახდინა,
14:23 / 27.07.2021
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2-დან 4 მაისის ჩათვლით, სასაფლაოებთან დანაყოფების მობილიზაცია მოახდინა,
აბიტურიენტების ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთიდან, უკვე მესამე წელია
ვერ
17:26 / 06.07.2021
აბიტურიენტების ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთიდან, უკვე მესამე წელია ვერ
პანდემიიდან თითქმის ორი წლის თავზე, ფერმერები იმ ზარალის
ანაზღაურებას ცდილობენ,
11:04 / 29.06.2021
პანდემიიდან თითქმის ორი წლის თავზე, ფერმერები იმ ზარალის ანაზღაურებას ცდილობენ,
ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს უკვე მეორე სეზონია რაც პანდემიის
პირობებში უწევთ მუშაობა.
10:14 / 28.06.2021
ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს უკვე მეორე სეზონია რაც პანდემიის პირობებში უწევთ მუშაობა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
30 კილომეტრი ფეხით ფეხბურთის მოედნამდე [ვიდეო]
ალეკო თასმებს იკრავს და უმცროს ძმას, ილიას ეძახის, მოემზადეო. მერე
B612 - წიგნის მოყვარული მოზარდების ახალი „პლანეტა“  ზუგდიდში [ვიდეო]
წიგნს აქვს მაგიური ძალა და გვაძლევს იმას, რასაც სხვაგან ვერ ვპოულობთ,
ველოსპორტი რისკის ფასად - რატომ არ ცვლის სიტუაციას ზუგდიდის მერია [ვიდეო/ფოტო]
15 წლის ნიკოლოზ ტყებუჩავა სკოლისგან თავისუფალ დროს მთლიანად
მდგრადი მოდის საწარმო ეკოლოგიური ზიანის შესამცირებლად [ვიდეო/ფოტო]
ყველას გარდერობშია გამოუყენებელი ან მოძველებული ტანისამოსი,
ცხოვრება დევნილობაში, პანდემიისას [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ რუხში, ყოფილი სკოლის ნგრევად შენობაში 9 დევნილი ოჯახი
ფოტო
"აქტიურობა მაღალია"-  ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით" ვაქცინაციის
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
რეგულაციები კორონავირუსზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში [ფოტორეპორტაჟი]
ტრანსპორტში, მუნიციპალურია ის, თუ კერძო, ისევ პრობლემად რჩება
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.