საზოგადოება
ომით წართმეული ბავშვობა და ცხოვრება დაკარგულ მამასთან შეხვედრის იმედით
FaceBook Twitter
E-mail Print
ნინოს მამა არ ახსოვს. ორი წლის იყო, აფხაზეთის ომში რომ დაკარგა. რაც იცის, მხოლოდ გადმოცემით, მშობლების და ბებია-ბაბუის მონაყოლი. "თუ ცოცხალია", "თუ დაბრუნდება", "ნეტა ერთხელ მანახა" - ბევრი "თუ" და სურვილი ირევა მის ფიქრებში. მამაზე უცრემლოდ საუბარი უჭირს. მშობლის მხოლოდ სამი ფოტოსურათი შემორჩა. როცა მოგენატრება, სარკეში ჩაიხედე, ძალიან ჰგავხარო, ურჩევენ ახლობლები. მაგრამ ტკივილი არ უყუჩდება და სიცარიელესაც ვერაფერი ავსებს. დრო კიდევ მეტ, უპასუხო კითხვის ნიშანს აჩენს.

30 წლის ნინო გაბელია ერთ-ერთია იმ 300 ათას დევნილს შორის, ვინც სოხუმი ოჯახთან ერთად ომის დროს დატოვა. მამა, თამაზ გაბელია სამხედრო პირი იყო, რომელმაც ორი მცირეწლოვანი შვილი, ცოლი, და და დისშვილები სამშვიდობოს გამოიყვანა და ფოთში დააბინავა, თავად კი აფხაზეთში, საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო. თუ ვერ დავბრუნდი, ჩვენი შვილები ღირსეულად აღზარდეო, დაუბარა ცოლს. ამ წუთიდან მასზე ოჯახმა არაფერი იცის. დედას სულ ვეჩხუბებოდი, რომ არ გაეშვა, - იხსენებს ნინო. მამაზე ცოტა ნაწყენია, რატომ დაგვტოვაო. როგორც მოქალაქე და შვილი, მისით ამაყობს, თუმცა ეს შვილი გულის სიღრმეში საყვედურობს უმამო წლებს, დედის ცრემლებს და ტკივილს, რომელსაც დრო ვერ კურნავს. ღირდაო ამად? - ეს კითხვა აწუხებს.

ნინო ფიქრობს, რომ მამა ცოცხალი აღარაა, რადგან სჯერა, შინ ნებისმიერ ფასად დაბრუნდებოდა. დედა და მამიდა დღესაც ელოდებიან. ამ მიზეზით მისამართიც არ შეუცვლიათ. ბებიამ კი პირველმა აღიარა შვილის გარდაცვალება.

"თუ ცოცხალია, სადაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, მგონია, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა. ერთადერთი, იმას ვუშვებდი ცოტა პატარა როცა ვიყავი - იქნებ დაიჭრა, ამნეზია აქვს, არ შეუძლია, ტყვეობაშია", - იხსენებს დაკარგულის შვილი.

ოჯახში არავის აქვს უფლება, მამა მიცვალებულებს შორის მოიხსენიოს. ჭიქა სუფრებზე მხოლოდ ამ სიტყვებით აიწევა - გაუმარჯოს სადაც არის, და როგორც არის. ვერც გარდაცვლილი ბაბუის და მამიდის ფოტოების გვერდით ნახავთ მის ფოტოსურათს.

ახლობლების მეშვეობით წლები ეძებეს. ეძებდნენ გარდაცვლილებში, საავადმყოფოებში. მერე ნინომ აფხაზეთში გათხოვილ კლასელს სთხოვა მამის პოვნაში დახმარება. ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა. უმისამართოდ დაკარგული მშობლის მოლოდინი, შიშები, იმედგაცრუება და ომის მიზეზით წართმეული ბავშვობა - ასეთი იყო ახალგაზრდა ქალისთვის უმძიმესი წლები.

ათი წლისა უკვე საოჯახო საქმეებს უძღვებოდა. დედას ამისთვის არ ეცალა. შვილები უნდა ერჩინა და ემუშავა. სახლში მხოლოდ საღამოობით ბრუნდებოდა, ბავშვებს დააძინებდა და მთელი ღამეები ქმარს დასტიროდა. პატარებს ეს ხმა აღვიძებდათ. მერე ისინიც ჩუმად, თავისთვის იწყებდნენ ტირილს. ტიროდნენ ორივეს - დაკარგულ მამას და ცოცხალ მშობელს, რომელიც ქმრის მოლოდინში ხელმეორედ არ გათხოვილა.

ემოციურ ტკივილს - თანატოლებისგან ბულინგს უმამოდ დარჩენილის, ობლობის მოუშორებელ განცდას და ცხოვრებას მთავარი დასაყრდენის გარეშე, თან ყოველდღიური, მატერიალური სირთულეებიც ახლდა - დედის დასახმარებლად ბოთლების შეგროვება-გარეცხვა და ჩაბარება.

ხელმარცხნივ - თამაზ გაბელია

როცა ყველაზე მეტად მიჭირს, მაშინ მესიზმრებაო მამა, ამბობს ნინო. ესიზმრება ისეთი, როგორიც შემორჩენილ ფოტოებზეა. სიზმრებშიც საყვედურობს, გვერდით რომ მყოლოდი, ასე არ გამიჭირდებოდაო. სულ შენთან ვარ, შენს გულშიო, მამაც პასუხობს.

რას ვეტყოდი, ერთხელ რომ მანახა? - ვეტყოდი, რომ ვამაყობ მისი შვილობით და ძალიან მიყვარს. მაგრამ იმ წლებისთვისაც მოვთხოვ პასუხს, როცა ჩვენთან არ იყო, - ბავშვური სიჯიუტით იმეორებს ნინო.

თითქმის შეგუებულს იმ ფაქტთან, რომ დაკარგულის ისტორია დიდი ხნის წინ დასრულდა, 2014 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიდან ისევ დაუკავშირდნენ. უთხრეს, რომ მამას ეძებდნენ და საჭირო იყო ბიოლოგიური მასალის აღება დნმ-ის ანალიზის ჩასატარებლად. იმედგადაწურულმა მაშინ, გულის სიღრმეში დაუშვა, რომ დაკარგული მშობლის პოვნის შანსი ჯერაც არსებობდა. თუმცა, აფხაზეთში მაშინ გახსნილ სამარხებში მამის ნეშტი არ აღმოჩნდა.

ამის მიუხედავად, ნინო ორგანიზაციასთან კავშირს ინარჩუნებს იმ რწმენით, რომ ერთხელაც უსაშველოდ გაწელილი მოლოდინი დასრულდება, დაიბრუნებს მამას ზუსტად ისე, როგორც სხვა ოჯახებმა თავიანთი დაკარგულები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით:

"ძალიან რთულია, როცა საფლავიც არ გაქვს, სადაც მიხვალ და გულს მოიოხებ. მინდა ყველას მოლოდინი გამართლდეს, ვინც ელოდება. სადღაც, გონებაში ვუშვებ, რომ ცოცხალია, მაგრამ ის მაინც მინდა, მისი საფლავი მქონდეს", - ამბობს ნინო.

ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა, მამასთან ერთად, დედის დაკარგვის შიშიც გამოსცადა. დედა ბოლო ექვსი წელია ლაზარეთის მედდაა და სენაკში მსახურობს. მანამდე ფოთში, ავიაციაში მუშაობდა. 2008 წლის აგვისტოში ფრონტის წინა ხაზზე მოუწია ყოფნამ. ერთ-ერთი ბოლო სატელეფონო საუბრისას შვილმა მხოლოდ ეს სთხოვა, მამასავით ნუ მიგვატოვებო. მერე იყო შიში და ცუდი ამბის მოლოდინი. მხოლოდ 14 დღის შემდეგ, უცნობი ნომრიდან შეატყობინა დედამ, რომ ცოცხალი და უვნებელია. მისი ხმა რომ გავიგე, ვკიოდი, ეს ჩვენს ახლიდან დაბადებას ჰგავდაო, იხსენებს ნინო. ერთი თვის თავზე შეხვედრაც შედგა - მოკლე დროში დაბერებულიყო დედა.

აგვისტოს ომმა იმ ადამიანებს, ვისაც არასდროს გამოუცდიათ საომარ მდგომარეობაში ცხოვრების სირთულე, დაანახა ერთი მარტივი ჭეშმარიტება - ურთიერთმხარდაჭერის ძალა. ნინო მთელი ცხოვრება გაურბოდა ცარიელ სიბრალულს, ამ მხარდაჭერის გარეშე. სიკვდილის საფრთხემ კი, თითქოს ერთი ხელის მოსმით გაათანაბრა მაშინ დევნილი და ადგილობრივი, საყოველთაო განსაცდელის ირგვლივ.

ის ადამიანები, რომლებიც ადრე, ბავშვობაში აბულინგებდნენ, ვისაც კარგად არ ესმოდა მათი ტკივილის, ვისაც ადრე მხოლოდ ის შეეძლო, თითი გაეშვირა და "ცოდოა" გულგრილად ეთქვა, მიხვდნენ, რას ნიშნავს იცხოვრო საკუთარი სახლის, ოჯახის წევრების დაკარგვის შიშით. ნინოს თქმით, ეს ყრუ კედელი აგვისტომ ომმა მასსა და დანარჩენებს შორის ჩამოშალა და სწორი კომუნიკაციაც შედგა.

სამი წლის წინ ფიქრობდა, რომ უმამობის ტკივილით მარტო იცხოვრა. მხოლოდ მაშინ მიხვდა, ბევრნი რომ იყვნენ ამ ომში, როცა ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია "ქსენონში" მივიდა. უმძიმესი ისტორიები შვილის, და-ძმის, მშობლების დაკარგვის - ადამიანები იგივე ჯოჯოხეთზე ყვებოდნენ. ინდივიდუალური გასაუბრება ფსიქოლოგთან, თუ ჯგუფური შეხვედრები, ერთგვარი თერაპია აღმოჩნდა მისთვის. თითქოს ემოციური ფონიც ცოტა შეუმსუბუქდა, რამდენადაც კი ეს შესაძლებელი იყო:

"როცა სხვას უზიარებ დარდს, გაცილებით მარტივია. ამ ომში მარტო არ ხარ. ეს ომია. ტკივილი ხომ გიღრღნის გულს, სულს. აქ ტკიოდათ ჩვენი ტკივილი და ძალიან მნიშვნელოვანია ამას გრძნობდე, რომ ესმით შენი", - ამბობს ნინო.

ასოციაცია "ქსენონი" წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, 2010 წლიდან "უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების თანადგომის" პროგრამას ახორციელებს, რომლითაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 400-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. ფსიქოლოგიური, ფსიქო-სოციალური და იურიდიული დახმარება, ოჯახური ვიზიტები, ინდივიდუალური კონსულტაციები და სხვა ტიპის ჯგუფური შეხვედრები - ამ ყველაფრის მიზანი ოჯახების გაძლიერებაა. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

საქართველოში, 1990-იანი და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2 345 სამხედრო და სამოქალაქო პირი მიიჩნევა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმების ფარგლებში, დღემდე 589 ადამიანის ნეშტია მოძიებული. იდენტიფიცირებული და ოჯახებისთვის გადაცემულია 211. პროცესი თავიდან ბოლომდე ჰუმანიტარული შინაარსისაა და მასში ქართველთან ერთად, აფხაზები, ოსები და რუსები მონაწილეობენ. ეს მექანიზმი 2010 წლიდან მოქმედებს.

სამარხების გახსნა ამჟამადაც მიმდინარეობს.

ამ პროცესს კიდევ 2 300-ზე მეტი დაკარგულის ოჯახი ელოდება. უსასრულოა მათი მოლოდინი, და მოთმინება.

"არ დამივიწყო" - ეს კი წარწერაა მონუმენტზე, ზუგდიდში, ენგურ-ქაღალდ კომბინატში, საგანგებოდ უგზო-უკვლო დაკარგულთა ხსოვნისთვის მოწყობილი სკვერიდან. აქ ყოველი წლის 30 აგვისტოს, ადამიანები მსგავსი ისტორიებით იკრიბებიან. ნინო გაბელიასაც უნდა, ეს დღე ყველამ იცოდეს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნაც არასდროს მიეცეს დავიწყებას.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე თუ ერთხელ მაინც გაივლით,
11:00 / 21.09.2021
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე თუ ერთხელ მაინც გაივლით,
ახალი სასწავლო წელი, საქართველოს მასშტაბით მოქმედ
სკოლებში ისევ დისტანციურად
10:16 / 02.09.2021
ახალი სასწავლო წელი, საქართველოს მასშტაბით მოქმედ სკოლებში ისევ დისტანციურად
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის
მიხედვით,
16:06 / 01.09.2021
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
Life in exile during the pandemic [Documentary film]

In the village Rukhi in Zugdidi municipality, nine internally displaced

„არ ყოფილა საშიში“ - ვაქცინაცია სოფლის ამბულატორიაში [ვიდეო]
74 წლის ზაურ ჯიქია დროებით მოწყდა თხილნარში მოსავლის
ფოტო
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.