საზოგადოება
ისევ მონიტორებთან - დისტანციური სწავლება ძველი პრობლემებით, პედაგოგთა ვაქცინაციის ფონზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ახალი სასწავლო წელი, საქართველოს მასშტაბით მოქმედ სკოლებში ისევ დისტანციურად დაიწყება. განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ ბავშვების სიცოცხლე პრიორიტეტია და მძიმე ეპიდვითარების ფონზე მას საფრთხის ქვეშ ვერ დააყენებს. მოლოდინის რეჟიმში რესურსცენტრებმა თავის დროზე მზადება ორივე სცენარისთვის დაიწყეს. სამეგრელოს სკოლებმა უკვე მიიღეს დეზობარიერები, სადეზინფექციო ხსნარები, თერმომეტრები და რეგულაციის დასაცავად სხვა საჭირო ატრიბუტიკა. თუმცა ეს ყველაფერი მათ მინიმუმ 4 ოქტომბრამდე არ დასჭირდებათ. სწორედ ამ დრომდე, სასწავლო დაწესებულებები ონლაინ რეჟიმში იმუშავებენ. ასეთი იყო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაც - საკლასო ოთახებში სწავლის განახლებას უსაფრთხოდ აქ მხოლოდ მაშინ მიიჩნევენ, თუ პედაგოგთა 80% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. ბოლო მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 46%-ია, რომელიც მცირედით, მაგრამ ყოველდღიურად მაინც იცვლება.

ახალ სასწავლო წელს ვაქცინირებული ხვდება ზუგდიდის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელიც. მან საკუთარი ვინაობის გასაჯაროვება არ ისურვა, თუმცა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება საკუთარი და გარშემომყოფთა ჯანმრთელობის დასაცავად მიიღო. პირობითად მარინამ, ჩინური, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინა არჩია, რადგან სხვა ვაქცინებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჰქონდა, ისევე როგორც მის რამდენიმე კოლეგას. თავს მეტ-ნაკლებად დაცულად გრძნობს, თუმცა ფიქრობს, რომ კორონავირუსის შეკავების პროცესში, მშობლების ვაქცინაციაც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება, მხოლოდ პედაგოგთა აცრები კი არასაკმარისი ღონისძიება.

მარინას ურჩევნია, ეპიდვითარების ნორმალიზაციამდე, პირველი სემესტრის ბოლომდე, სწავლა დისტანციურ ფორმატში გაგრძელდეს. მით უფრო, რომ ონლაინ პლატფორმების გამოყენების იძულებითი, თუმცა საკმაოდ ეფექტური გამოცდილება შარშან მიიღეს. პედაგოგის თქმით, მართალია სწავლების ეს ფორმა განსხვავდება საკლასო ოთახებში სწავლების ეფექტისგან, თუმცა ჯანმრთელობის დაცვა უპირველესია. მართალია ონლაინ სწავლებას გამოარჩევს ცალკეული უპირატესობები, როგორიცაა გაკვეთილის პროცესში მეტი თვალსაჩინოებების, რესურსის გამოყენება-გაზიარება, მაგრამ აქვს ბევრი ნაკლიც - მოსწავლეთა ჩართულობა ნაკლებია და მათი კონტროლიც ჭირს. მარინა შიშობს, რომ ცოდნის დეფიციტზე დიდი პრობლემა, ბავშვების სოციალიზაცია იქნება.

"ერთმანეთს გაუუცხოვდნენ. მოხდა მათი არათანაბარი განვითარება. ამასთან, მასწავლებლებს მეტი სამუშაო გვაქვს. მეც მშობელი ვარ და ჩემი დაწყებითი კლასის შვილისთვის რთულია დისტანციურ სწავლებაში ჩართვა. გვერდით უნდა ჰყავდე, რომ ჩართო ამ პროცესში, დაეხმარო დავალებების გაგზავნაში. თუმცა ცოდნაზე მეტად, მგონია მაინც ურთიერთობების პრობლემა დადგება", - უთხრა პედაგოგმა "ლაივპრესს".

სამეგრელო-ზემო სვანეთის რესურსცენტრებში ამბობენ, რომ ვაქცინირებულია პედაგოგთა ნახევარზე მეტი. მაგალითად, წინა კვირის მონაცემებით, სკოლის პერსონალის 70%-მდე აიცრა ზუგდიდის სკოლებში. ადგილობრივი რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბულია ირწმუნება, რომ ვაქცინაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში 80%-საც გადააჭარბებენ. მას ამ პირობებში საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება უსაფრთხოდ მიაჩნია. ამბობს, რომ მოსწავლეებისთვისაც ასე აჯობებს, თუმცა მთავარი მაინც განათლების სამინისტროს და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაა. რესურსცენტრის უფროსის მტკიცებით, მზად არიან პირისპირ სწავლებისთვის და სკოლები რეგულაციების დასაცავად საჭირო ნივთებითაც მოამარაგეს.

აბაშის რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი ამბობს, რომ სკოლებში პედაგოგთა თითქმის 50%-ია ვაქცინირებული, თუმცა ერთ სკოლაში სკოლის პერსონალი სრულად აიცრა. ადგილზე მხოლოდ ჩინური ვაქცინებია ხელმისაწვდომი, თუმცა სხვა ვაქცინის მსურველებს დარეგისტრირება სამეგრელოს რომელიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ზუგდიდში შეუძლიათ, სადაც მეტი არჩევანის შესაძლებლობაა.

"გვიჭირს პედაგოგთა ის პროცენტი, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი. ისინი კონსულტაციებს ელოდებიან ექიმებისგან, თუ რამდენ ხანში აიცრან. ვისაც ანტისხეულები აქვს, ექიმები ეუბნებიან, რომ არ არის ვაქცინაცია აუცილებლი ამ ეტაპზე", - გვითხრა მერაბ მიგინეიშვილმა.

იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით პედაგოგები გარდაიცვალნენ, ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ სწორი ინფორმირებისთვის ცალკე მუშაობენ, რადგან ამბობს, რომ იქ მასწავლებლები ცოტა შეშინებულები არიან.

რესურსცენტრის უფროსის თქმით, მართალია დიდ ქალაქებში მძიმე ეპიდვითარებაა, თუმცა მათი მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც შედარებით სიმშვიდეა, თავისუფლადაა შესაძლებელი სწავლის სკოლის შენობაში დაწყება, რეკომენდაციების დაცვით და ვაქცინირებულ პედაგოგთა მაღალი მაჩვენებლით.

წელსაც, შარშანდელის მსგავსად რჩებიან ბავშვები, რომლებსაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ. მერაბ მიგინეიშვილი ამბობს, რომ ასეთები იდენტიფიცირებულები ჰყავთ და მათ სკოლის, ან სამინისტროს მეშვეობით დაეხმარებიან.

ჩვენ გვაქვს გამოცდილება ექსტრემალურ ვითარებაში მუშაობის და ყველაფრისთვის მზად ვართ, - გვითხრა სენაკის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა. დარეჯან ზარანდიას ცნობით, მათი პედაგოგების 60%-ზე მეტი უკვე აცრილია. მათ შორის არის სკოლები, სადაც 80-90%-ია ვაქცინირებული და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

სენაკში აბაშის მსგავსად ისევ ჰყავთ მოსწავლეები, რომლებსაც ონლაინ სწავლებისთვის ინტერნეტი, ან კომპიუტერი არ აქვთ. ამ ბავშვებთან, საგაკვეთილო პროცესის დისტანციურად სამართავად, გამოცდილ პრაქტიკას მიმართავენ - ზოგ შემთხვევაში ცალკეულ მოსწავლეებთან პედაგოგების ინდივიდუალურ შეხვედრებს.

ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან ჩხოროწყუს სკოლებშიც. ბუქები, დეზობარიერი, სადეზინფექციო ხსნარები და წიგნები ადგილზეა. მხოლოდ რამდენიმე სახეობის სახელმძღვანელო აკლიათ, რომელსაც უახლოეს დღეებში მიიღებენ. ადგილობრივი რესურსცენტრის უფროსი ლია ჯალაღონია ამბობს, რომ აქ ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლის პერსონალის ვაქცინაცია და ყველგან 40%-ზე მაღალია აცრილთა რიცხვი. არის სკოლები, სადაც ეს მაჩვენებელი 100%-ია. ფიქრობს, რომ 15 სეტემბრისთვის 80%-ზე მეტი ვაქცინირებული ეყოლებათ. რესურსცენტრის უფროსის თქმით, მართალია მასწავლებელთა შორის არის რამდენიმე ანტივაქსერიც, თუმცა მათაც სწორ ინფორმაციას აწვდიან, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე და რამდენიმემ აზრი შეიცვალა კიდეც. პარარელურად, გეგმავენ მშობლებსაც აუხსნან ვაქცინაციის მნიშვნელობა, რომ სკოლა კიდევ უფრო უსაფრთხო სივრცედ იქცეს.

"სკოლის დირექტორი, მასწავლებელი დაწერს პოსტს, სადაც აცრის მნიშვნელობაზე ილაპარაკებს. მერე ვაზიარებთ, ვმსჯელობთ. მასწავლებელთა კლუბიც გვაქვს. გვინდა გავაკეთოთ ვიდეორგოლი სკოლებში, სადაც მოვუწოდებთ პედაგოგებს, იყვნენ დაცულები. გვაქვს სკოლის ავტობუსის მძღოლების პრობლემა, რომელიც ასე გადაწყდება - მათ ხელშეკრულებას კერძო კომპანია უდებს. ეს კომპანია გადაწყვეტს, ვისთან გააფორმებს ხელშეკრულებას. მოსთხოვს დოკუმენტს და აცრილებს აიყვანს", - გვითხრა ლია ჯალაღონიამ.

მისივე ცნობით, შარშან სკოლებში ინფექციის გავრცელების არცერთი შემთხვევა არ ჰქონიათ და იმედი აქვს, რომ წელსაც ასე იქნება. რესურსცენტრის უფროსი ემხრობა საკლასო ოთახებში სწავლის დაწყებას, ოღონდ არა ჯანმრთელობის ფასად.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ამბობენ, რომ სკოლებში ნახევარზე მეტი პედაგოგი უკვე აიცრა. მარტვილში 65%-ზე მეტია ვაქცინირებული. აქ ფიქრობენ, რომ მალე ეს ციფრი 80%-ს გაუტოლდება.

ფოთის სკოლებში სკოლის პერსონალის 56% აიცრა. რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია ელოდება, რომ ეს მონაცემები გაიზრდება. წალენჯიხაში პედაგოგთა 60%-ია ვაქცინირებული.
რაც შეეხება მესტიას, 370 პედაგოგიდან ვაქცინირებულია 100-ზე მეტი და პროცესიც ამ დრომდე გრძელდება. ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მუნიციპალიტეტში წელსაც პრობლემაა. შარშან, რესურსცენტრის უფროს ნარგიზ ნიგურიანის ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს კომპიუტერებით დაეხმარნენ.

"ბავშვების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია"

რთულია პროგნოზირება, როგორი ეპიდვითარება იქნება ქვეყანაში 4 ოქტომბრისთვის, სად და რამდენი სკოლა გადაინაცვლებს დისტანციური სწავლებიდან საკლასო ოთახებში. განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ამბობს, რომ დიფერენცირებული მიდგომის თანახმად, კონკრეტულ სოფელსა თუ ქალაქში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა იქნება, ოქტომბრის დასაწყისიდან სკოლები პირისპირ სწავლების პრივილეგიით ისარგებლებენ. თუმცა რატომ არ მიმართავენ ამ მიდგომას 15 სექტემბრისთვის, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე, მინისტრს ამის შესახებ არაფერი უთქვამს.

"როგორც იცით, ამჟამად საქართველოში სხვადასხვა შტამებს შორის დელტა შტამი შეადგენს 90%-ს და სამწუხაროდ, ეს შტამი განსაკუთრებით ერჩის ბავშვებს და ახალგაზრდებს. შესაბამისად, ბავშვების ჯანმრთელობა, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი და ამის საფუძველზე და NCDC-ის რეკომენდაციებით, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება", - განმარტა მიხეილ ჩხენკელმა.

თუ გადავხედავთ 2021 წლის მაისის ბოლოს გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგებს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი სკოლებში, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხოლოდ 0,2%-ს და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა. გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრში, მოსწავლეთა ნაწილი გაკვეთილს სკოლაში, ნაწილი კი ონლაინ ესწრებოდა.

"სკოლები უნდა იყოს ბოლო, რომელიც დაიხურება და პირველი, რომელიც გაიხსნება"

სკოლები უნდა იყოს ღია - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე. მისი თქმით, "იუნისეფის" და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიციაა, რომ სასწავლო დაწესებულებების უსაფრთხო გარემოში გახსნა მნიშვნელოვანია. ამბობს, რომ პატივს სცემენ მთავრობის გადაწყვეტილებას, დისტანციურ ფორმატში ახალი სასწავლო წლის დაწყების შესახებ, როგორც ხელისუფლების სუვერენულ უფლებას, თუმცა აქვთ ბევრი კითხვის ნიშანიც. მაგალითად, როცა ქვეყანაში მუშაობს რესტორნები, სავარჯიშო დარბაზები, ღამის კლუბები და კაზინოები, რატომ უნდა იყოს სკოლები დახურული. ამასთან, თუკი სკოლებში ინფექციის გავრცელების შესახებ მონაცემები არსებობს, რატომ არ იკვლევენ დადებითობის მაჩვენებელს სხვა სექტორების შემთხვევაშიც. ან, როცა გარკვეულ წინაპირობები წესდება პედაგოგების და სკოლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რატომ არ ვრცელდება ეს წინაპირობა სხვა დანარჩენ დაწესებულებაზე.

"სკოლა არ არის მხოლოდ შენობა. ეს ის ადგილია, სადაც ბავშვი იღებს განათლებას, ვითარდება. მნიშვნელოვანია მისი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. სოციალიზაციის პროცესში მას სჭირდება სოციალური ურთიერთობები თანატოლებთან და მასწავლებლებთან. ასევე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის არის უცილებელი, იმიტომ, რომ მოძრაობა, მობილობა აუცილებელია. ერთ ადგილზე გამოკეტვა, ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც მოქმედებს", - უთხრა მაია ქურციკიძემ "ლაივპრესს".

მისი თქმით, არავინ ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება უგულვებელყონ, თუმცა პანდემიის სამართავად წელს, შარშანდელისგან განსხვავებით, აქვთ ბევრად ძლიერი იარაღი - ვაქცინაცია. სწორედ ამიტომ, პარტნიორ ექიმებთან ერთად, "იუნისეფი" ეხმარება სახელმწიფოს - დადიან რეგიონებში, მართავენ საინფორმაციო შეხვედრებს პედაგოგებთან, რის შემდეგაც ბევრი მათგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრება. ამ გზით, პროცესში უკვე ჩაერთო 1000-მდე მასწავლებელი, სექტემბერ-ოქტომბერში კი, კიდევ 3 ათასი მათგანის მოცვას გეგმავენ.

თუმცა, მაია ქურციკიძის განმარტებით, ვაქცინაციის პარალელურად, არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა ჯანმოსთან ერთად, ჯერაც პანდემიის დასაწყისში შეიმუშავეს სკოლებში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. მაგალითად, საკლასო ოთახების ხშირი განიავება, ღია სივრცეების, ეზოების აქტიურად გამოყენება, გაკვეთილების რამდენიმე ცვლაში გადანაწილება.

მისივე ინფორმაციით, ამ პერიოდში ძალიან ბევრი მტკიცებულება დაგროვდა, რომლის თანახმადაც, სკოლები არ წარმოადგენენ ეპიდემიის აფეთქების კერებს. კორონავირუსი ძირითადად ოჯახების, ან სხვა სოციალური თავყრილობების შედეგად ვრცელდება.

"საქართველო ისევ მოუმზადებელია ონლაინ სწავლებისთვის"


"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევით, რომელიც ივლისში გამოქვეყნდა, პანდემიის პირობებში ქვეყანა კვლავ მოუმზადებელია დისტანციური სწავლებისთვის. ორგანიზაციისვე ცნობით, საქართველოს განათლების სისტემას სწავლების ონლაინ ფორმატი მანამდე არასდროს გამოუყენებია, რაც აისახა კიდეც მისი ეფექტურობის ხარისხზე, როცა ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. 

კვლევის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ აუცილებელია დისტანციური სწავლების საკითხის განხილვა სხვადასხვა პროფესიული პლატფორმების მეშვეობით, მათ შორის საქართველოს პარლამენტის დონეზე და სასწრაფო წესით ქმედითი პოლიტიკის შემუშავება. მათივე ცნობით, შარშან შინამეურნეობების 38%-ს არ ჰქონდა კომპიუტერი, 16%-ს კი არ მიუწვდებოდა ხელი ინტერნეტთან.

რა იქნება 4 ოქტომბრის შემდეგ? - განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ იმ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება, სკოლები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. მშობლებს კი, რომლებიც შვილებისთვის ისევ ონლაინ ფორმატს მოითხოვენ, დისტანციური სწავლების არჩევანი ექნებათ. რამდენად მისცემს ეპიდვითარება განათლების სამინისტროს შესაძლებლობას, ეს მიდგომა ოქტომბრის დასაწყისიდან აამოქმედოს, ჯერ უცნობია. დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებელი 3000-სს აჭარბებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე თუ ერთხელ მაინც გაივლით,
11:00 / 21.09.2021
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე თუ ერთხელ მაინც გაივლით,
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის
მიხედვით,
16:06 / 01.09.2021
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით,
40 წლის ირაკლი აფხაზეთიდანაა, მეოთხე წელია, რაც
08:55 / 01.09.2021
40 წლის ირაკლი აფხაზეთიდანაა, მეოთხე წელია, რაც "მეთადონის" ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის პაციენტია.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
Life in exile during the pandemic [Documentary film]

In the village Rukhi in Zugdidi municipality, nine internally displaced

„არ ყოფილა საშიში“ - ვაქცინაცია სოფლის ამბულატორიაში [ვიდეო]
74 წლის ზაურ ჯიქია დროებით მოწყდა თხილნარში მოსავლის
ფოტო
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.