საზოგადოება
„ფოლკლორის სახლი“, სადაც სიჩუმეში მუსიკა ისმის [ვიდეო]
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე თუ ერთხელ მაინც გაივლით, მარტივად შეამჩნევთ და დაგამახსოვრდებათ განსაკუთრებული არქიტექტურის ნაგებობა - ხუთსართულიანი, აგურის კოშკი. ეს "ფოლკლორის სახლია", შეიძლება ითქვას ეთნოგრაფიული მუზეუმიც და ჰოსტელიც. სახლს ზუგდიდში ხშირად მოიხსენიებენ კოლხურ კოშკადაც. აქ ერთი კაცი ცხოვრობს - ბესიკ ჭითანავა, რომელსაც რამდენიმე პროფესია წარმატებით აქვს მორგებული.

ფოლკლორისტმა, ლოტბარმა, ხალხური რეწვის ოსტატმა, მებაღე-დეკორატორმა, მზარეულმა და ძველი ნივთების კოლექციონერმა ბავშვობის ოცნების სახლის მშენებლობა 2008 წლიდან დაიწყო. პანდემიამ ხელი შეუშალა და სამუშაოების ბოლომდე დასრულება ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, გარემონტებული 2 სართული საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ უცხოელ სტუმრებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ. "ფოლკლორის სახლს" უკვე ჰყავს ერთგული ვიზიტორები სხვადასხვა ქვეყნიდან.

"ფოლკლორის სახლი ჩემ მიერ არის აშენებული. ინტერიერი, ექსტერიერი, დიზაინი, ფაქტიურად ყველაფერი მე მეკუთვნის. მეხმარებოდნენ მეგობრები, თანამშრომლები, ნათესავები. ფაქტიურად სიმღერ-სიმღერით შენდებოდა ეს სახლი. ერთი სტუმარი დადის, უკვე სამჯერ იყო აქ და მითხრა, რა უნდა მოხდეს ისეთი, მე საქართველოში ჩამოვიდე და აქ არ მოვიდეო, ისე უყვარს აქაურობა. აქ ხომ არც ლაქი და არც საღებავი არ დომინირებს, მხოლოდ აგურია. ის ამბობს, აქო სიჩუმეშიც მუსიკა იგრძნობაო", - გვითხრა მასპინძელმა.

მეორე წელია პანდემიამ ბესიკ ჭითანავას სახლში სტუმრიანობა შეამცირა, თუმცა არ წუწუნებს. პირიქით ცუდ ხასიათზე მყოფიც სიმღერას საკუთარი თავის და სხვების გასამხნევებლად იწყებს. ძირითადად ძველ მეგრულ ლექსებზე შექმნილ მის დაწერილ მუსიკას უკრავს და მღერის. ინსტრუმენტი ასარჩევად აქვს.

პანდემიის პასიურ პერიოდში ხალხური რეწვის ოსტატმა საყვარელი ხელსაქმე გაიხსენა და აქტიურად დაიწყო ქარგვა. ფოლკლორის სახლის კედლებს მის მიერ მოქარგული ხატები და პეიზაჟები ამშვენებს. სამომავლოდ ბესიკ ჭითანავა ნამუშევრების საზღვარგარეთ გატანას და გამოფენის მოწყობას გეგმავს, რადგან თვლის რომ უცხოეთში მისი ნამუშევრები უკეთ იყიდება.

ამბობს, რომ ნელ-ნელა სიტუაცია უმჯობესდება და უკვე სტუმრების მიღებას სიფრთხილით, რეგულაციების დაცვით, მაგრამ მაინც ახერხებს.

წელს განსაკუთრებით გაახარა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის ვიზიტმა. ის "ფოლკლორის სახლს", მეორედ სტუმრობდა.

სახლი განსხვავებული მხოლოდ არქიტექტურით არ არის. მასპინძელი სტუმრებს ასევე განსაკუთრებულად უმასპინძლდება. უძველეს მეგრულ კერძებს ვიზიტორების თვალწინ, წინაპრების მეთოდით ამზადებს. მაგალითად, გებჟალიასთვის საჭირო პიტნიან შიგთავსს თუ სხვა სუნელებს უძველეს კოლხურ ქვაზე - ხაკეზე ნაყავს.

"ეს [ხაკე] არის კოლხური კულტურის დასაბამი. ფაქტიურად ქვის ხანიდან იწყებათქო ვამბობ კოლხური სამზარეულო", - გვიხსნის ბესიკ ჭითანავა.

ის თავად უყვება სტუმრებსაც კოლხური კულტურისა და ტრადიციების შესახება. "ფოლკლორის სახლში" განთავსებულ თითოეულ ნივთს საკუთარი ისტორია აქვს. უმრავლესობა სამეგრელოს სოფლებშია მოპოვებული. მათ შეგროვებაში კოლექციონერს მეგობრები ეხმარებიან.

საინტერესო ნივთები ბესიკ ჭითანავასთვის საჩუქრად უცხოეთიდანაც ჩამოაქვთ. თავადაც ყიდულობს საზღვარგარეთ ყოფინსას. მეორე სართულის მისაღებ ოთახს საფრანგეთიდან ჩამოტანილი უძველესი კარადა ამშვენებს.

"ეს კარადა მაჩუქა ჩრდილოეთ საფრანგეთში, ფრანგმა ქალმა. მითხრა, რომ ბებიამისის მზითევი იყო. თავად ეს ქალი 92 წლის კი იქნებოდა და წარმოიდგინეთ რამდენი წლის არის ეს კარადა", - ყვება ბესიკ ჭითანავა.

მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა "ფოლკლორის სახლი" ცდილობს სიახლეებიც დანერგოს. ვიზიტორებს ხალხური სიმღერისა და ადგილობრივი სამზარეულოს მასტერკლასებთან ერთად ბესიკ ჭითანავა ახლა უკვე ქარგვის გაკვეთილებსაც სთავაზობს.

გარდა ამისა, წინ დიდი გეგმები აქვს. "ფოლკლორის სახლიდან" შემოსულ თანხებს ისევ მის განვითარება-მშენებლობას ახმარს. კოშკის ზედა სართულების რემონტის პარალელურად ეზოში მარანს აშენებს სადაც ვაზის კოლხური ჯიშებისგან დამზადებული ღვინის დაყენება სურს.