საზოგადოება
მინდა, სხვისთვის ვიყო ის იმედი, რომელიც მე არ მქონია - მარტოხელა დედის ოცნება [ვიდეო]
სოფელში მცხოვრები გოგოსთვის 31 წლის ასაკში ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც საყვარელი მამაკაცისგან ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა.

თამარ სადუნიშვილს გავლილი გზის გახსენება და საჯაროდ მოყოლა ახლაც დიდ ტკივილს აყენებს, თუმცა მხოლოდ ერთადერთი მიზეზით ყვება, იქნებ მისი ამბავი სხვას ქალსაც დაეხმაროს.
ყველაზე რთული აღმოჩნდა იმ სტიგმის დაძლევა, რომელიც ქორწინების გარეშე შვილის ყოლას ახლავს.

"მაშინ მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც უბრალოდ თანადგომას გამოიჩენდა, ყველაზე რთული იყო, ის რომ, ვიყავი მარტო. თორემ ფინანსურად პრობლემა არ მქონდა, რადგან სულ ვმუშაობდი, ელემენტარულად, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი მოგვარებადია და ამით ქვეყანა არ ინგრევა, ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი კარგად იქნება, ამის მთქმელი არ აღმოჩნდა არცერთი ადამიანი".
თამარი 7 თვის ორსული იყო, როდესაც უმწეობით და მარტოობით გამოწვეული ნერვიულობის გამო საავადმყოფოში მოხვდა, სადაც ბავშვის გასხვისება შესთავაზეს, რაზეც კატეგორიული უარი თქვა. კლინიკის დატოვების შემდეგ თამარმა თავშესაფრის ძიება დაიწყო.

"თბილისში ვეძებდი თავშესაფარს, სოციალურ სააგენტოში ვიყავი, მითხრეს,რომ იქ მხოლოდ 3 თვის ვადით შემეძლო გაჩერება. საავადმყოფოში უკვე არ შეიძლებოდა გაჩერება, რადგან მაღალი წნევების გამო საკეისრო კვეთას მეუბნებოდნენ, ვიფიქრე, სანამ ვიქნები ამ წამლის ზემოქმედების ქვეშ, მერე რომ მითხრან ბავშვი მოკვდა? რას მოვახერხებდი, ვერც ვერაფერს და შემეშინდა, წამოვედი ზუგდიდში. მეთქი, იქ მირჩევნია დავიწყე ისევ აქ ზუგდიდის მერიაში ინფორმაციის მოძიება თავშესაფრების შესახებ, ან რამე სახის დახმარების, რომ რაღაც გზას დავდგომოდი, სანამ პატარა გაჩნდებოდა".

ზუგდიდის მერიის თანამშრომელი მას თავშესაფარის მოძიებაში დაეხმარა. სადაც მშობიარობის შემდეგ ბავშვთან ერთად 1 წელი გაატარა და ხელსაქმეც შეისწავლა. კერავდა თოჯინებს, მონაწილეობდა გამოფენა-გაყიდვებში და იღებდა ჰონორარსაც.

მაგრამ თავშესაფარში ყოფნიდან 1 წლის შემდეგ დადგა დრო, როცა ბავშვი მინდობით აღზრდაში უნდა გადაეყვანათ, იმ შემთხვევაში თუ დედას არ ექნებოდა ბავშვის აღზრდისთვის სათანადო პირობები.

ყველაზე რთულ დროს მის გვერდით მამა აღმოჩნდა, სწორედ მაშინ შეიტყო მან, რომ შვილიშვილი ჰყავდა. ბავშვის შესახებ იცოდა თამარის დედამ, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მისგან მხარდაჭერა არ ჰქონია.

"მამაჩემმა არ იცოდა იმის გამო, რომ გულის პრობლემები ჰქონდა და ვიფიქრე რომ ეს ამბავი მისთვის ძალიან რთულად გადასატანი იქნებოდა, მაგრამ სხვა გზა რომ არ დარჩა, უთხრეს, 27 რიცხვში უნდა გავსულიყავით თავშესაფრიდან და 25-ში დამირეკა მამიკომ, მოკიდეო ბავშვს ხელი და ჩამოდითო აქეთ. მამიკო იყო ის პირველი ადამიანი, ვინც ამ ამბის გაგებისთანავე მიგვიღო".

სახლში დაბრუნებისთანავე თამარმა გადაწყვიტა სამსახური ეშოვა. მანამდეც ბევრ ადგილას უმუშავია, რესტორანში, ყვავილების მაღაზიაში, თუმცა საფუძვლიანად არცერთ პროფესიას არ ფლობდა. მივიდა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, სადაც მანიკურის შესწავლა დაუფინანსეს. პარალელურად, სხვა არასამთავრობოში მცირე ბიზნესის მართვის ტრენინგები გაიარა და გრანტიც მოიგო. რის შემდეგაც მანიკურის აპარატი და სალონისთვის საჭირო სხვა დანადგარების შეძენა დაუფინანსეს.

ამის შემდეგ ქალაქში ფართი იქირავა და უკვე 3 წელზე მეტია სილამაზის სალონში მუშაობს. ის ახლა დამოუკიდებელი ქალია და სხვა მარტოხელა დედების დახმარებაზე ფიქრობს.

"ეტაპობრივად მივაღწევ იმას, რაც მინდა. ჩემთვის ყველაზე მთავარია შვილს მივცე ყველაფერი, რაც საჭიროა. მინდა, რომ ცალკე გადავიდეთ, ჩვენი კერა გვქონდეს, ასევე, რომ გავფართოვდე და ჩემი სალონი მქონდეს, სადაც უფრო მეტად იქნებიან ისეთი ქალები დასაქმებულები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა, ვინც ცხოვრებას მარტო ებრძვის. ზოგჯერ იმაზე მწყდება გული, რომ ბავშვს ვერ ვუთმობ იმდენ დროს, რამდენიც მინდა, მეტყვის ხოლმე, ანდრია, დედა დღეს არ წახვიდე სამუშაოდ, არ მინდა არც კევი და არც არაფერი, მაგრამ გაიზრდება და თვითონ შეაფასებს რა შევძელი მისთვის. ყველაფერს სჭირდება, შრომა, სული და გულის ჩადება, არცერთს არ დავაკლებ და იმედია შევძლებ, რომ ვიღაცისთვის, ვიყო იმედი. ის იმედი რომელიც მე არ მქონია".