საზოგადოება
ქალთა და შშმ პირების გაძლიერება, ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობა - საარჩევნო სუბიექტთა ხედვა არსებულ საჭიროებებზე
FaceBook Twitter
E-mail Print
2 ოქტომბერს ზუგდიდი, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ახალ მერს და საკრებულოს აირჩევს. მანამდე კი, მოქალაქეები სოციალური ქსელიდან, ტელევიზიით თუ პირისპირ შეხვედრებიდან ისმენენ მათ პარტიულ დაპირებებს. ეს დაპირებები ეხება როგორც ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს, ისე სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის უკეთესი პირობების შექმნას. სამიზნე აუდიტორიას შორის არიან შშმ პირები, ქალები და ახალგაზრდებიც. სურვილები და ხედვები, რაზეც მერობის კანდიდატები, ან საარჩევნო სიის პირველი ნომრები საუბრობენ, ზოგიერთ შემთხვევაში ზეპირი შინაარსისაა, სტრატეგიული დოკუმენტის გარეშე. ან პარტიული საერთო ხედვის ნაწილია, რომლის მორგებასაც ისინი ზუგდიდის რეალობისთვის ცდილობენ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" საარჩევნო სიის პირველი ნომრის, გოგიტა ბიგვავასთვის პრიორიტეტი სტუდენტების პრობლემებზე მუშაობა იქნება. მათ შორის არიან სტატუსშეჩერებული ახალგაზრდები. ამ კატეგორიისთვის სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად, ის საკრებულოდან იშუამდგომლებს. პარალელურად კი, იმუშავებს სოფელ შამგონაში მცხოვრები სტუდენტებისთვის დაფინანსების აღდგენაზე. ეს პრივილეგია მათ, ოპოზიციონერი კანდიდატის თქმით, შამგონასთვის ოკუპირებული რეგიონის მოსაზღვრე სოფლის სტატუსის მოხსნის შემდეგ დაკარგეს.

კინოთეატრი, სოფლების ინტერნეტიზაცია, თანამედროვე ბიბლიოთეკები, სამუშაო ადგილები - ეს კომპონენტი აუცილებელ პირობად მიაჩნია ქალაქის და სოფლების მეტი სიცოცხლისთვის.

რაც შეეხებათ შშმ პირებს, გარემოს ადაპტირება, მათი დასაქმება იქნება ის საკითხები, რაზეც საკრებულოში მოხვედრის შემთხვევაში იმუშავებს. ამ მიზნით, ბიზნესთან თანამშრომლობის საჭიროებაზე საუბრობს.

"მართალია, კერძო ბიზნესია, მაგრამ ერთი-ორი შშმ პირი რომ დასაქმდეს.. შეიძლება იმდენად პროდუქტიული არ იყოს, მაგრამ გავუწევთ შუამდგომლობას", - აცხადებს გოგიტა ბიგვავა.

ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე საუბრისას ფიქრობს, რომ მათ დასაქმების კუთხით პრობლემები არ ექმნებათ და ისინი კერძო თუ საჯარო სექტორში მუშაობენ.

"თუმცა არის დისკრიმინაციის, ძალადობის თემებიც, რაზეც სახელმწიფომ უნდა იმუშაოს", - გვიხსნის ოპოზიციონერი კანდიდატი.

"ევროპულ საქართველოს" ზუგდიდში მხოლოდ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყავს - ბათლომე შელია. ის საკრებულოდან გეგმავს იმ საჭიროებებზე მუშაობას, რის წინაშეც ახალგაზრდები, შშმ პირები და ქალები დგანან მუნიციპალიტეტში. მისი ხედვაა, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის დაფინანსება გაიზარდოს. პარალელურად კი, ქალაქსა და სოფლებში ახალგაზრდული ცენტრები მოეწყოს. შეკრება, იდეების გაზიარება, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების გზების ძიება, - ეს იქნება ამ სივრცის ფუნქცია, სადაც ასწავლიან იმასაც, თუ როგორ მოიზიდონ დონორები კონკრეტული საქმისთვის.

ბათლომე შელია ახალგაზრდების წასახალისებლად, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამების შემოღების მნიშვნელობაზეც საუბრობს. ამბობს, რომ ბოლო ორი მოწვევის საკრებულოში ამ საკითხზე ხშირად უსაუბრია. პარარელურად კი, საჭიროდ მიაჩნია შუამდგომლობა პროფილის შესაბამის კერძო სექტორთან, გადამზადების, შემდეგ კი მათი დასაქმების მიზნით.

რაც შეეხება შშმ პირებს, ოპოზიციონერი კანდიდატის თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა, განსხვავებული შესაძლებლობის პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან ხელისუფლების კოორდინაციის და გამოცდილების გაზიარების სიმწირეა, ამიტომ, გამოწვევებზე საპასუხოდ, პირველი, რის გაკეთებასაც გეგმავს, მათთან ერთად სამოქმედო დოკუმენტის შემუშავება იქნება. გადახედავენ შშმ პირთა დაფინანსების სქემასაც. პარარელურად კი, ბათლომე შელია კადრების არასამთავრობო სექტორიდან მოწვევის საჭიროებაზეც საუბრობს. მისი თქმით, შშმ პირებს დაუთმობენ ერთ-ერთ სექციას ახალგაზრდულ ცენტრშიც, რომლის მშენებლობაც ჩაფიქრებული აქვს.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, შშმ პირთა და ახალგაზრდების პარარელურად, მნიშვნელოვანია ქალთა გაძლიერებაზე ზრუნვაც. ამიტომ, უნდა შექმნან პირობები, რომ ეს ადამიანები ოჯახის შექმნის შემდეგაც დარჩნენ აქტიურები საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

"ჩემს სიაში სამიდან ორი ქალია. ჩემს ოფისშიც ქალი მეტია. ჩვენ პრაქტიკაში გამოვავლინეთ, რომ ქალების მეტი ჩართულობით უკეთეს შედეგს ვიღებთ. არ ვსაუბრობ პარტიულ ხმებზე. შედეგს ვიღებთ ხარისხში კადრების. ამ ხარისხიან კადრებში აბსოლუტური უმრავლესობა ქალია", - აღნიშნა ბათლომე შელიამ.

ახალგაზრდული ცენტრების მშენებლობა "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომრის, თეიმურაზ ბასილაიასთვისაც პრიორიტეტია. სხვა კანდიდატების მსგავსად, ისიც ემხრობა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის გაგრძელებას, რა პრაქტიკაც, საკრებულოს აპარატის უფროსად მისი მუშაობისას არსებობდა. ეს, მისი აზრით გაზრდის ახალგაზრდების ინტერესს თვითმმართველობის საქმიანობის მიმართ.

ენმ-ის წარმომადგენელი შშმ პირთა საჭიროებებზე საუბრისას განმარტავს, რომ გარემო მათთვის ჯერაც არ არის სათანადოდ ადაპტირებული. მაგალითად მოჰყავს ძველი საცხოვრებელი ბინები პანდუსების გარეშე. მისი აზრით, თბილისში, მსგავს შენობებში ე.წ. მექანიკური ლიფტი, დამხმარე ბერკეტი გაკეთდა ამ ადამიანების გადასაადგილებლად და ეს პრაქტიკა შეუძლიათ გაიზიარონ. ამასთან, უნდა გაიზარდოს შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობაც. უფასო სასადილოს პროგრამაში ჩართულ პირებს კი, რომლებიც ვერ ახერხებენ ადგილზე მისვლას, მიტანის სერვისი შესთავაზონ. ოპოზიციონერი კანდიდატი ეტლებით დახმარების პროგრამის გაფართოების აუცილებლობაზეც ფიქრობს.

რაც შეეხებათ ქალებს, თეიმურაზ ბასილაიას თქმით, მათ პარტიულ სიაში ყოველი მესამე ქალია და გამარჯვების შემთხვევაშიც იზრუნებენ, რომ ეს ბალანსი დაცული იყოს. ოღონდ არა მხოლოდ ხელოვნურად, არამედ პროფესიონალიზმის ხარჯზეც. პარარელურად კი, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, გენდერულ საკითხებზე მეტი ინიციატივის განხილვას და გათვალისწინებას გეგმავენ.

"პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატი, ილია ჩაჩიბაია ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც მუნიციპალიტეტი დგას, ახალგაზრდების გადინებაა. მიგრაციული პროცესები, მისი თქმით, სწორედ იმ ტემპით გრძელდება, როგორც ეს 90-იან წლებში იყო. შეუქცევადი გადინების შესაჩერებლად კი, ამ ადამიანებისთვის უკეთესი გარემოს შექმნა და დასაქმება უალტერნატივოდ მიაჩნია. სამუშაო ადგილების შესაქმნელად თხილის, სიმინდის თუ სხვა კულტურების განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს. ამასთან, ფიქრობს, რომ ანაკლია-გამუხურში მეთევზეობი დარგი უნდა წახალისდეს. ახალგაზრდული სივრცეების შექმნა "პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატის საარჩევნო დაპირებაცაა.

ილია ჩაჩიბაია შშმ პირებისთვის გეგმავს უკეთესი, ადაპტირებული გარემოს შექმნას. მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასთან ერთად, მთავარ გამოწვევად მათი დასაქმება და საზოგადოებაში ინტეგრირება მიაჩნია. ის და მისი პარტია ამომრჩეველს, მათ შორის განსხვავებული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს ჰპირდება საოჯახო, მცირე ბიზნესის შექმნასა და თვითრეალიზაციაში დახმარებას. ამ მიზნით, აპირებენ დააფინანსონ იდეები და ხელი შეუწყონ ადგილზე ისეთი წვრილმანი ნივთების წარმოებას, რომელიც ქვეყანაში უცხოეთიდან შემოდის. თითო ოჯახზე, საშუალოდ 10-დან 50 ათას ლარამდე გამოიყოფა. ამას გარდა, მათ ადამიანურ რესურსს, ბუღალტერს და საქმის მმართველს დაახმარენ.

ქალთა გაძლიერება, გააქტიურება, მათთვის პერსპექტივის შექმნა და სტიმულის მიცემა მნიშვნელოვანია "პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატისთვისაც. ილია ჩაჩიბაიას თქმით, ბევრისთვის, მათ შორის ადგილობრივ ბაზარში დასაქმებული ქალებისთვის თითქმის ორი ათეული წელია არაფერი შეცვლილა და დღემდე მძიმე პირობებში, მინიმალურ თანხად უწევთ მუშაობა. ასე კი ვერ გაგრძელდება. რაც შეეხება სახლებში ჩაკეტილ ქალებს, სტერეოტიპებს, სხვა გენდერულ პრობლემებს, მამაკაცებთან შეუსაბამო ანაზღაურებას, ილია ჩაჩიბაიას თქმით, გამარჯვების შემთხვევაში შეკრებს კომპენენტურ პირებს და მათთან ერთად დასახავს სამოქმედო გეგმას ამ თემებზე სამუშაოდ.

სოფიო შამუგია "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ცაიშში, ჭითაწყარში, ცაცხვსა და ურთაში. მისი და დანარჩენი კანდიდატების ხედვები ერთმანეთს ემთხვევა, როცა საუბარი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახალგაზრდული სივრცეების მოწყობას შეეხება. შიდა მიგრაციული პროცესები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიაჩნია, რომელსაც ძლიერი ეკონომიკა უნდა დაუპირისპირონ.

უფასო მგზავრობა სტუდენტებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით, ფასდაკლებები სპორტულ თუ კულტურულ დაწესებულებებში, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება, ანაზღაურებადი სტაჟირება - ეს ის თემებია, რაზეც "ლელოს" წარმომადგენელი საკრებულოდან მუშაობას გეგმავს.

სოფიო შამუგია დაუნის სინდრომის მქონე შვილის დედაა. ამბობს, რომ კარგად ესმის ის საჭიროებები, რაც განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს აქვთ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია დაფინანსების გაზრდა სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის და მათთვის საჭირო თერაპიული კურსების შემოღება.

ოპოზიციონერი კანდიდატი ყურადღებას პარტიის მიერ შემუშავებულ "მარშალის გეგმაზეც" ამახვილებს, რომელიც ასევე ეხება შშმ პირებს, ქვესათაურით - "ქვეყანა ბარიერების გარეშე". ამ გეგმის თანახმად, ეს ადამიანები, ან მათი მშობლები, რომლებიც იღებენ ხელფასს 1500 ლარამდე, საშემოსავლო გადასახადისგან უნდა გათავისუფლდნენ.

პირადი სურვილია ტერმინოლოგია შშმ პირის შეცვლა. ფიქრობს, რომ ის გარკვეულწილად შეურაცხმყოფელია და ბევრად მოსწონს ევროპული გამოცდილება. მოსწონს არაბთა გაერთიანებული საემიროების მაგალითი, სადაც ამ ადამიანებს განსაზღვრული შესაძლებლობების მქონე პირებად მოიხსენიებენ. ამბობს, რომ საკითხი მარტო ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს დონეზე ვერ გადაწყდება. მოამზადებენ პეტიციას და ქვეყნის მასშტაბით შესაძლოა გაგრძელდება მასზე მუშაობა.

სოფიო შამუგიას თქმით, პრიორიტეტია შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობაც. ამისთვის კი, კერძო სექტორის დამსაქმებლებს გარკვეული შეღავათები უნდა დაუწესდეთ. პარარელურად, საჯარო სამსახურში გაიზარდოს შესაძლებლობები მათი დასაქმებისთვის, ქვეყანა და მუნიციპალიტეტი კი, სამედიცინოდან სოციალურ მოდელზე გადავიდეს.

სოფიო შამუგიასთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაც. პარარელურად კი პრობლემად რჩება სტერეოტიპული მიდგომები, ოჯახში ძალადობა, ამიტომ მათ დამოუკიდებლობაზე მეტად უნდა იზრუნონ. ამ მიზნით, ოპოზიციონერი კანდიდატი პროფესიული სასწავლებლის გახსნის ხელშეწყობის საჭიროებაზე საუბრობს მუნიციპალურ დონეზე.

მერობის პერიოდში დაწყებული საქმეების განვითარებას და ახალი ელემენტების შემოტანას გეგმავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პარტია "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია. რას ჰპირდება ახალგაზრდებს, რომლებიც წლებია ითხოვენ უკეთეს გარემოს კულტურული დასვენება-განვითარებისთვის? კანდიდატი ირწმუნება, რომ შექმნის ცენტრებს, სადაც მათ შეეძლებათ საკუთარი იდეების გაცვლა და რეალიზება მუნიციპალიტეტთან ერთად. ეს, მისი აზრით, გაზრდის ამ ადამიანების თანამონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს საქმიანობაში. პარარელურად კი, საჯარო სამსახურში ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებაზეც იფიქრებს. ამ საკითხზე გიორგი შენგელია არც ზუგდიდის უნივერსიტეტთან გამორიცხავს თანამშრომლობას.

მისთვის პრიორიტეტი ასევე იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. გეგმავს სკეიტპარკში უსაფრთხო სივრცის შექმნას, რომლითაც დღეს ველომოყვარულები და სკეიტერები სარგებლობენ.

რაც შეეხებათ შშმ პირებს, ოპოზიციონერი კანდიდატის თქმით, მისი ხელმძღვანელობით მერიამ შშმ პირთათვის სხვადასხვა პროგრამა დანერგა და სარეაბილიტაციო კურსების დაფინანსებაში თანამონაწილეობაც გაზარდა. აპირებს ეს პროგრამები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადოს. ამასთან, ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც მუნიციპალიტეტში დაიგეგმება, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ამ ადამიანების საჭიროებები.

გიორგი შენგელიას თქმით, ის, რაც ვერ მოასწრო მერობის ხანმოკლე პერიოდში - მცირემხედველთა გადაადგილებისთვის შესაბამისი ბილიკების მოწყობა და სმენადაქვეითებულთა სარეაბილიტაციო კურსების დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით, ახალი ვადით მისი არჩევის შემდეგ განხორციელდება. ამასთან, მოგვიანებით, ჩაშლილად განისაზღვრება კონკრეტული გეგმები თითოეული მოწყვლადი ჯგუფისთვის.

გიორგი შენგელია აღიარებს, რომ მხოლოდ მერიის პროგრამები შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემებს ვერ მოაგვარებს. მნიშვნელოვანია მათი დასაქმებაც. მერობის კანდიდატის მტკიცებით, ვისაც ჰქონდა შესაბამისი კვალიფიკაცია და შეეძლო კონკრეტული საქმის კეთება, ხელს უწყობდნენ და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

ჩემი მერობისას განხორციელებული ყველა პროექტი გენდერულადაც მგრძნობიარე იყო, - ამბობს ოპოზიციონერი კანდიდატი, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე საუბრისას. გიორგი შენგელიას საარჩევნო დაპირება, გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის გაღრმავებაა საკრებულოსა და მერიაში, ამ მიდგომების მეტად განსავითარებლად. ოჯახში ძალადობა მისთვის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. გიორგი შენგელია ჰპირდება ამომრჩეველს, რომ მსხვერპლთა სარეაბილიტაციო სივრცეები და კურსები უფრო მრავალფეროვანი გახდება და ამ კუთხით ადგილობრივი ხელისუფლება მეტი ფინანსების მობილიზებას შეძლებს.

"გირჩის" პარტიული სიის პირველ ნომერს, დავით წურწუმიას ახალგაზრდების და ზოგადად, მოსახლეობის მთავარ პრობლემად უმუშევრობა მიაჩნია, რაც სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით უნდა შეიცვალოს. სამუშაო ადგილების შესაქმნელად კი, მისი აზრით, გადასახადები უნდა შემცირდეს და ბიზნესის ის რეგულაციები გაუქმდეს, რაც მათ განვითარებას აფერხებს.

"ტყუილია საუბარი, რომ საკრებულო ამ პრობლემებს მოაგვარებს. თუმცა, ნებისმიერი ახალგაზრდა, ვინც მოგვმართავს, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვიქნები მათი ადვოკატი", - ამბობს დავით წურწუმია.

როგორი პოლიტიკაა საჭირო შშმ პირთათვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად? – "გირჩის" წარმომადგენლის თქმით, ინფრასტრუქტურის ადაპტირების პარარელურად, მერიის სოციალური პაკეტები მეტად უნდა იყოს ორიენტირებული შშმ პირთა საჭიროებებზე. ოპოზიციონერ კანდიდატს ეჭვი ეპარება იმ დაპირებების განხორციელებაში, რაზეც ის პოლიტიკური სუბიექტები საუბრობენ, ვისაც ერთი ან ორი დეპუტატობის კანდიდატი ჰყავს საკრებულოში. ეს ადამიანური რესურსი დიდ ძალად არ მიაჩნია. ამიტომ, კონკრეტული, ინდივიდუალური ხედვები ჯერ არც თავად აქვს.

რაც შეეხება ქალების პრობლემებს, მათ შორის გენდერულ ასპექტებს ამ პრობლემის, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის თქმით, საკითხს ღრმად არ იცნობს და არც დისკრიმინაციაზე, მამაკაცებთან შედარებით შეუსაბამო ანაზღაურებაზე სმენია რამე. მეტიც, განმარტავს, რომ ქალები კერძო თუ საჯარო სექტორში თანაბრად არიან წარმოდგენილი.

"ქალი კუხნაშიო, არის ასეთი მიდგომა სამწუხაროდ. კულტურული განვითარებით უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა, რასაც დრო დასჭირება", - გვითხრა დავით წურწუმიამ.

რას ჰპირდება "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ამომრჩეველს? - მამუკა წოწერიასთან დაკავშირებას "ლაივპრესი" რამდენიმე დღე ცდილობდა. მცდელობის მიუხედავად, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს და წერილობით შეტყობინებებს არ უპასუხა. საარჩევნო შტაბის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ კანდიდატი ინფორმირებული იყო საკითხებზე, რაზეც უნდა ესაუბრა და მისგან იყო თანხმობაც. უპასუხო ზარების მიზეზად მოუცლელობა, ან სხვა გარემოება არ დასახელებულა. ჩვენ შევთავაზეთ მმართველ პარტიას, რომ მერობის კანდიდატის ნაცვლად, ადგილობრივი სიის პირველ ნომერს გავესაუბრებოდით, ან მაჟორიტარობის კანდიდატს, თუმცა გვითხრეს, კიდევ ერთხელ შეახსენებდნენ მამუკა წოწერიას, რომ დაგვლაპარაკებოდა. პრესსამსახურმა შემოგვთავაზა, რომ შშმ პირთა, ახალგაზრდების და ქალთა მიმართ კანდიდატის ხედვები წერილობით ჰქონდა და სურვილის შემთხვევაში მოგვაწვდიდა. საბოლოოდ, რადგან ინფორმაციის მიღების სხვა შესაძლებლობა არ გვქონია, მათგან ეს დოკუმენტი მივიღეთ.

სახელისუფლო კანდიდატი გვწერს, რომ მისთვის პრიორიტეტი მეტი ახალგაზრდის ჩართვა იქნება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ მიზნით, შემუშავდება ახალგაზრდული ბიუჯეტი, სადაც ისინი თავად განსაზღვრავენ, რა მიმართულებით გამოიყენონ ეს რესურსი.

მამუკა წოწერია გვახსენებს ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობას და ახალგაზრდულ სივრცეს, რაც დამატებით შესაძლებლობას შექმნის მათი იდეების გენერირებისთვის. პარარელურად კი, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე იზრუნებს.

"ამისთვის ვაშენებთ სპორტულ კომპლექსს, სადაც გვექნება ოლიმპიური საცურაო აუზი. ასევე აქტიურად შევქმნით მეტ ღია სპორტულ მოედნებს", - ვკითხულობთ მოწოდებულ დოკუმენტში.

რაც შეეხება შშმ პირთა მიმართ პოლიტიკას, მამუკა წოწერიას აზრით, არასრულყოფილი სტატისტიკა და ხარისხიანი სერვისების სიმწირე, განსაკუთრებით საგრძნობი პრობლემაა რეგიონებში. შშმ ქალები და ბავშვები კი კიდევ მეტად მოწყვლადები არიან. ამიტომ, ბოლო წლებში ურთიერთობა მათთან კიდევ უფრო გაძლიერდა საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით. კანდიდატის თქმით, გეგმავენ მოიცვან ყველა მოწყვლადი ჯგუფი და ყველა ეს პრობლემა ბიუჯეტში ასახონ.

რაც შეეხებათ ქალებს, მამუკა წოწერია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში "ადაპტირებული ქალთა ოთახის" გამოყოფას აპირებს, სადაც არაფორმალური, ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები ჩატარდება, მათი ეკონომიკური გაძლიერების მიზნით.

მერობის კანდიდატი გვახსენებს, რომ 2021 წელს მერიის სოციალურ განყოფილებას დაემატა გენდერული თანასწორობის მიმართულების ფუნქციებიც. შედეგად, პროგრამების გენდერულ ანალიზთან ერთად, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გადაამზადეს აქტიურ, ახალგაზრდა ქალთა ჯგუფები, რომლებიც თვითმმართველობის გენდერული პოლიტიკის გამტარებლები იქნებიან. ამ მიმართულებით მერობის კანდიდატი არასამთავრობო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობასაც გეგმავს.

კანდიდატები კარდაკარის პრინციპით განაგრძობენ მოქალაქეებთან შეხვედრებს. აცნობენ მათ პარტიულთან ერთად, საკუთარ, ინდივიდუალურ დაპირებებს. ვის აირჩევენ მოქალაქეები, ეს 2 ოქტომბერს გამოჩნდება.

სტატია მომზადდა ასოციაცია "დეას" და "საიას" ზუგდიდის ოფისის ერთობლივი პროექტის - "2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა" ფარგლებში.

სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოში პური ისევ გაძვირდა. ფასმა საშუალოდ 10 თეთრით მოიმატა,
12:03 / 23.10.2021
საქართველოში პური ისევ გაძვირდა. ფასმა საშუალოდ 10 თეთრით მოიმატა,
კორონავირუსის მოსალოდნელი მეხუთე ტალღის და მოახლოებული ზამთრის
ფონზე,
14:11 / 09.10.2021
კორონავირუსის მოსალოდნელი მეხუთე ტალღის და მოახლოებული ზამთრის ფონზე,
სოფელში მცხოვრები გოგოსთვის 31 წლის ასაკში ყველაფერი მას შემდეგ
შეიცვალა,
17:06 / 30.09.2021
სოფელში მცხოვრები გოგოსთვის 31 წლის ასაკში ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.