საზოგადოება
სუბსიდია არ იქნება - სამეგრელოში პური გაძვირდება
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოში პური ისევ გაძვირდა. ფასმა საშუალოდ 10 თეთრით მოიმატა, თუმცა ჯერჯერობით არა ყველგან. იქ, სადაც ამ დრომდე ღირებულება უცვლელია, ფასის ზრდის გარდაუვალობაზე საუბრობენ. ფქვილზე მთავრობის სუბსიდია უკვე აღარ მოქმედებს, ამიტომ, დანარჩენი პურსაცხობის მეპატრონეების თქმით, დღეს თუ არა ხვალ, მათაც იგივე გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.

პურის ფასი ამ დრომდე უცვლელია ზუგდიდში. შპს "ნაროს" ხელმძღვანელ დავით ნაროუშვილის თქმით, დიდწილად მოლოდინია, რომ ფასი აქაც გაიზრდება. მიზეზად ნედლეულის - ხორბლის გაძვირებას ასახელებს.

"ერთი ტომარა ფქვილის ფასმა 25 ლარით მოიმატა. 75, 74, 73 ღირს. ყველაზე დაბალი ფასია 72 და ზევით, ხარისხების და კომპანიის მიხედვით. სულ ძვირდება ფქვილის ფასი. ყოველ ათ დღეში იმატებს ფასები. ამიტომ პური დღეს თუ არა ხვალ, მაინც გაძვირდება", - უთხრა დავით ნაროუშვილმა "ლაივპრესს".

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის გადაწყვეტილება სასარგებლო აღმოჩნდა როგორც პურპროდუქტების მწარმოებლებისთვის, ისე მოსახლეობისთვის. სმენია, რომ ხელშეწყობის ეს ფორმა კიდევ უნდა გაგრძელდეს, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს. ამბობს, რომ პურის წონას ნახევარი წელია ინარჩუნებენ და რადგან მისი შემცირება უკვე ხარისხს გააფუჭებს, დიდი ალბათობით ეს ფასზე უნდა აისახოს. რამდენით და როდიდან, ჯერ არ იცის.

დავით ნაროუშვილი ერთ-ერთია იმ მეწარმეთა შორის, რომელმაც ელექტროენერგიის სუბსიდიის პროგრამით ვერ ისარგებლა. მან ვერ მოასწრო ეკონომიკის სამინისტროს მიერ შექმნილ პორტალზე დარეგისტრირება, ამიტომ გახარჯული შუქის საფასურს, რომელმაც 11 თეთრით მოიმატა მიმდინარე წელს, ამ დრომდე ჩვეულებრივ იხდის.

არავის არ უხარია ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ სხვა გზა არ გვრჩება, - გვითხრა შპს "ლეკოს" მეპატრონე ლევან ბეჭვაიამ. პური ჯერ არც მას გაუძვირებია, მაგრამ ამბობს, რომ მხოლოდ დროებით.

პურსაცხობის მფლობელის თქმით, პური ყველაზე მოთხოვნადი და სოციალური პროდუქტია, მისი გაძვირება კი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება, თუმცა იმისთვის, რომ არ დაიხურონ, ამ ნაბიჯის გადადგმა უახლოეს მომავალში მაინც მოუწევთ.

დავით ნაროუშვილის მსგავსად, ისიც ელექტროენერგიის სუბსიდიის პროგრამის მიღმა დარჩა, რადგან სახელმწიფოს შეთავაზების შესახებ გვიან შეიტყო.

"ჯერჯერობით არ მოგვიმატებია, მაგრამ სხვა გზა არ გვრჩება. აუცილებლად მოიმატებს უახლოეს მომავალში. ყველა პროდუქტზე იმატა ფასებმა. კატასტროფული სიტუაციაა", - ამბობს ლევან ბეჭვაია.

პურის ღირებულება უცვლელია აბაშაშიც. პურსაცხობის მეპატრონე, ინდმეწარმე ზეზვა მაკალათიას თქმით, თუ ყველგან გაძვირდება, ფასის მომატება თავადაც მოუწევს.

"როგორც ყველგან, ისე იქნება ჩვენთანაც. ჩვენც ხომ ვყიდულობთ პროდუქაციას და მერე ვაწარმოებთ. გაძვირებულს რომ ვიყიდით, თავისთავად გაძვირდება პურიც".

ზეზვა მაკალათია შპს "ნაროს" და შპს "ლეკოსგან" განსხვავებით, ელექტროენერგიის სუბსიდიის პროგრამით სარგებლობს, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტორი პურზე ძველი ფასის შესანარჩუნებლად საკმარისი ვერ იქნება.

პურ-პროდუქტების ფასი ამ დრომდე უცვლელია ფოთშიც. პურსაცხობის მეპატრონე ირაკლი თოფურიამ ჯერ არ იცის, გაძვირდება თუ არა მის საცხობში პური. სუბსიდიის პროგრამას არ ემხრობა, რადგან ფიქრობს, რომ ყველა თანაბარ პირობებში უნდა ყოფილიყო და ყველას ესარგებლა შეღავათით. თუმცა პატარა, "კუსტარული საცხობები" პროგრამის მიღმა აღმოჩნდნენ და ეს არასამართლიანიანად მიაჩნია.

ფქვილზე სუბსიდია აღარ გრძელდება. ასეთია სახელმწიფოს გადაწყვეტილება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში "ლაივპრესს" განუმარტეს, რომ მოცემულ ეტაპზე ისინი ხელახალი სუბსიდირების თემას არ განიხილავენ.

ფქვილისგან განსხვავებით, წლის ბოლომდე გრძელდება ელექტროენერგიის სუბსიდიის პროგრამა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ამ კუთხით არანაირი ცვლილებები არ არის.

პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძის განცხადებით, საქმე გლობალურ პრობლემასთან გვაქვს - როცა ნავთობროდუქტებსა და ენერგომატარებლებზე ფასი იმატებს, მას პურპროდუქტების გაძვირება მოსდევს, რადგან სწორედ პური განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს. ძველი ფასის შესანარჩუნებლად კი, მუდმივად სუბსიდია შეუძლებლად მიაჩნია. ამბობს, რომ არსად მსოფლიოში მსგავსი რამ არ ხდება. ამიტომ, საქართველოც უნდა გაყვეს იმ ეკონომიკურ მდინარეს, რომელსაც მსოფლიო მიჰყვება.

ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, ქვეყანაში ხორბლის უმსხვილესი და ძირითადი იმპორტიორი რუსეთია, სადაც მკვეთრად გაზრდილია ხორბლის ღირებულება. საქართველოში ამ ხორბლით ერთი ტომარა, 50 კილოგრამიანი ფქვილის დამზადებას კი 73 ლარი სჭირდება. იმპორტიორებს შორის არიან უკრაინა, რუმინეთი და საფრანგეთიც, თუმცა მათგან მიღებული მოსავალი გაცილებით ნაკლებია.

"საფუარი, ენერგომატარებლების ფასი, პურ-პროდუქტების წარმოება რა ჯდება, ნებისმიერ ბუღალტერს შეუძლია გააკეთოს ამის კალკულაცია და დაინახავს, რომ 90 თეთრზე ნაკლები არ ჯდება 500 გრამიანი პური. ამიტომ მოხდა ეს ათთეთრიანი ცვალებადობა ქვეყანაში", - უთხრა მალხაზ დოლიძემ "ლაივპრესს".

მისი ინფორმაციით, სხვა ქვეყნებიდან ხორბლის მიღება კიდევ უფრო ძვირია, ვიდრე რუსეთიდან. მაგალითად, ყაზახეთიდან გზას სამჯერ მეტი სჭირდება. პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველო წელიწადში 850 ათასი ტონა ხორბლისგან დამზადებულ ფქვილს მოიხმარს, თუმცა თავად მხოლოდ 150 ათას ტონას აწარმოებს. საუკეთესო გამოსავლად მალხაზ დოლიძეს მიაჩნია ხორბალი იმ რაოდენობით მოიყვანონ ადგილზე, რამდენიც ქვეყანას სჭირდება:

"ყველაზე კარგია შენს ქვეყანას ჰქონდეს ამის რესურსი, თვითონ მოიყვანოს, თვითონ აწარმოოს და მერე თვითონ დააწესოს ფასები. ან უნდა იყოს ხორბლის ბირჟა, თავის დროზე უნდა შემოვიტანოთ იმდენი, რომ საქართველოს მთელი წელი ეყოს და ფასიც იყოს სტაბილური".

მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ საქართველოს უძველესი ტრადიცია აქვს ხორბლის ენდემური და აბორიგენული ჯიშების და მათი აღდგენა კარგი იქნება. პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში უკვე არსებობენ ამ მიმართულებით მომუშავე მეურნეობები და ეს წრე უნდა გაფართოვდეს, რათა სამომავლოდ აღარ ვიყოთ დამოკიდებული იმპორტირებულ ხორბალზე.

პანდემიის პირობებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს სუბსიდია ორჯერ შეეხო. თავდაპირველად შარშან, ნოემბერში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ოთხთვიანი პროგრამა დეკემბრის პირველი რიცხვებიდან ამოქმედდებოდა და პური არ გაძვირდებოდა.

პურის ფქვილის სუბსიდირების გაგრძელების წინადადებით, სამინისტრომ მთავრობას 25 მარტსაც მიმართა და პროგრამა ივნისის ბოლომდე შენარჩუნდა.

პური ზუგდიდში პანდემიამდეც 10-15 თეთრით გაძვირდა. პურის ფასმა 10 თეთრით 2020 წლის იანვარშიც მოიმატა. ამავე წლის ნოემბერს კი, პურსაცხობების მეპატრონეებმა განაცხადეს, რომ ფასს ინარჩუნებენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.