საზოგადოება
„როცა ასაკში ხარ, თავშესაქცევი და სიმშვიდე გჭირდება, აქ კი ამისთვის ყველაფერია“
FaceBook Twitter
E-mail Print
მოხუცები, რომლებიც ოჯახისა და ნათესავების გარეშე რჩებიან, ხშირად არჩევანის წინაშე დგანან - მარტო გაუმკლავდნენ პრობლემებს, თუ თავშესაფარში გააგრძელონ ცხოვრება. გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარება ერთერთია, რაც მათ ხანდაზმულთა დაწესებულებებისკენ ნაბიჯის გადადგმაში ეხმარებათ. თავშესაფრები კი მათ სპეციალურ საჭიროებებზე მორგებული ადგილია.

გურიის სოფელ ანასეულის ხანდაზმულთა სახლს ამჟამად 16 ბენეფიციარი ჰყავს. ამ ადგილას ყველა მათგანი სხვადასხვა ისტორიით, მაგრამ ერთი მიზნით მოვიდა - თავშესაფრის საძიებლად. როზა ღუღუნიშვილი 75 წლისაა, 4 წელია რაც "ხანდაზმულთა სახლში" ცხოვრობს. ქმარი წლების წინ გარდაეცვალა, შვილი არ ჰყავს, სოფლის სახლში მარტო დარჩენილი უმკლავდებოდა საქმეს, მაგრამ შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და თავშესაფარს განცხადებით თავადვე მიმართა - "ავად ვიყავი. სანამ უარესი დამემართებოდა, აქ გადმოვედი. სოფელში მხოლოდ დაქალი დამრჩა, რომელიც ძალიან მიყვარს. ადრე, სანამ პანდემია დაიწყებოდა, ორი დღით ვრჩებოდი ხოლმე მასთან, ახლა ამის საშუალება არ მაქვს, მაგრამ ვიდეოკამერით ვლაპარაკობთ, ტელეფონითაც ხშირად ვწერთ ერთმანეთს და ასე ვინარჩუნებთ კავშირს. 4 წლის მანძილზე აქ ბევრი რამ შეიცვალა. უფრო გალამაზდა, უფრო მეტი გასართობი გაგვიჩნდა. ჩვენი ბოსტანი გვაქვს, რომელსაც ვუვლით, ვენახი, ფუტკრებიც გვყავს და ჩვენი ეზოს ვარდის მურაბას ვაკეთებთ ხოლმე. დაგვემატა ხატვის გაკვეთილები და გონების სავარჯიშოები, რაც ყველას ძალიან გვიყვარს. COVID-პანდემიის გამო გარეთ ვეღარ გავდივართ და ამიტომ ეს გასართობები ძალიან მოგვწონს და აქ ცხოვრებას გვიხალისებს", - გვიყვება როზა ღუღუნიშვილი.

ევროკავშირის მხარდაჭერით სამწლიანი პროექტი - "უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის" 2019 წლის დეკემბერში დაიწყო, რომელსაც "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი" ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს. სოციალური მომსახურების განვითარება კახეთის რეგიონში "საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციასთან", ხოლო გურიის რეგიონში "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან" თანამშრომლობით მიმდინარეობს.

მაია გოგოლაძე

ხანდაზმულთა სოციალიზაციის გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული სოციალური კონტაქტების სიმცირიდან გამომდინარე, დაწესებულებაში 24-საათიანი სათემო მომსახურების ინტერნეტიზაცია მოხდა. ბენეფიციარებისთვის ნათესავებთან და ახლობლებთან კომუნიკაციის შესანარჩუნებლად პროექტის ფარგლებში ხანდაზმულთა სახლს ლეპტოპები, ტელეფონები და ტაბლეტები გადაეცა. ასევე, მათ ჩაუტარდათ ერთთვიანი სასწავლო კურსი კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენების უნარების განსავითარებლად.

მაია გოგოლაძე ანასეულის თავშესაფრის ერთერთი თანამშრომელია, რომელიც ხანდაზმულებთან 2014 წლიდან მუშაობს. მაია გვიყვება, რომ თავიდან საკმაოდ უჭირდა მათთან მუშაობა, რადგან თავშესაფარში სხვადასხვა საჭიროებებისა და სიმძიმის დაავადების მქონე მოხუცები ცხოვრობდნენ და მას ხშირად არ ჰქონდა ცოდნა, თუ როგორ უნდა მოეხდინა მათთან კომუნიკაცია - "ევროკავშირის პროექტი დაგვეხმარა, შინ მოვლის სპეციალისტებისა და პედიატრის უნარ-ჩვევები მიგვეღო. ჩაგვიტარდა სპეციალური ტრენინგები, თუ როგორ უნდა გავუწიოთ პირველადი დახმარება ხანდაზმულებს მანამ, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა მოვა. ამ ტრენინგების დახმარებით, რომელიც წლების განმავლობაში გვიტარდებოდა, აღარ გვიჭირს ურთიერთობები და ვისწავლეთ სწორი რეაგირება. ასევე, აღვიჭურვეთ ყველა საჭირო ატრიბუტით, რაც მოხუცების ჰიგიენურ პირობებს აუმჯობესებს. ევროკავშირის დახმარებით, ბენეფიციარების პირადი სივრცის გასაუმჯობესებლად, შევიძინეთ მაგიდები და საკეტებიანი სათავსოები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გაიმართა წყლის სისტემა და ახლა ყველა ოთახს მიეწოდება ცხელი წყალი. ასევე, მძიმე პაციენტებისთვის შევიძინეთ 2 სამედიცინო ფუნქციური საწოლი და სამედიცინო ამწე მწოლიარეების გადასაადგილებლად" - გვიყვება მაია გოგოლაძე.

სვეტლანა ისაევა

სვეტლანა ისაევა 81 წლისაა. 7 თვეა, რაც ანასეულის "ხანდაზმულთა სახლში" ცხოვრობს. შვილი ახალგაზრდა გარდაეცვაელა და ორ შვილიშვილს ზრდიდა, რომლებიც ახლა თბილისში ცხოვრობენ. თავად გურიის სოფელ ძვანში აგრძელებდა მარტო ცხოვრებას, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვეღარ შეძლო ყოველდღიურობასთან მარტო გამკლავება - "წნევის პრობლემები მაქვს, გული ძალიან მაწუხებდა, მერე ამას დაემატა ფეხის ტკივილი. სიარულითაც ვეღარ დავდიოდი, აქ გადმოსვლის შემდეგ კი შევძელი გავლა. პერსონალთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, როგორც დედას შვილებთან. ძალიან კარგად გვექცევიან და გვივლიან. ერთად ვუვლით ბაღს, ყვავილებს და ლამაზი ეზო გვინდა გვქონდეს. როცა ასაკში ხარ, თავშესაქცევიღა გჭირდება და სიმშვიდე, აქ კი ამისთვის ყველაფერია", - ამბობს სვეტლანა.

ხანდაზმულებისთვის გარემო დღითიდღე უმჯობესდება. ეზოში დაიდგა შუშის ფანჩატური, მაგიდები და სკამები, რომ ბენეფიციარებს ეზოში დროის გატარება თავისუფლად შეეძლოთ - "ჩვენ, პერსონალმა ბევრი რამ გავაცნობიერეთ, პირველ რიგში ის, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს ღირსეულ ცხოვრებას, ამიტომ ყოველდღიურად ვცდილობთ სიახლეების შემოტანას და მათ გახალისებას. 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლიდერთა სკოლის მოზარდებისა და ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარების ერთობლივი ინიციატივით მოეწყო სათემო აქცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონებისთვის. ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარების ნახატებისა და სამოტივაციო ფრაზების გამოყენებით შემუშავდა მისალოცი ბარათები, რომლებიც შემდგომ მოზარდებმა გაავრცელეს მუნიციპალიტეტში და საპასუხო ვიდეო მიმართვები ჩაწერეს ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებისთვის. ამ აქტივობამ ძალიან დადებითად იმოქმედა მათზე. ბაღის თერაპიის მიმართულებითაც ხშირად ტარდება აქტივობები ხანდაზმულების მონაწილეობით. სწორედ ამ შესაძლებლობისთვის, პროექტის ფარგლებში ყვავილების ბაღის განაშენიანება მოხდა. ბაღისთვის შევიძინეთ 30 ცალი ჯუჯა ვარდი და 20 ცალი ვარდმიხაკა, რომლებიც ხანდაზმულებმა საკუთარი ხელით დარგეს და ახლა უვლიან" - ამბობს მაია გოგოლაძე.

ვლადიმერ აგინიანი

ვლადიმერ აგინიანი 69 წლისაა. 10 თვეა, რაც ლანჩხუთიდან თავშესაფარში გადავიდა საცხოვრებლად. ამბობს, რომ გარემო ძალიან მოსწონს - "რა მექნა?! აღარავინ მყავდა. უცოლშვილო ვარ, დედა და მამა გარდამეცვალნენ, და-ძმაც გარდამეცვალა და აქ წამოვედი საცხოვრებლად. ხმის გამცემი მაინც მეყოლება. ხშირად ვთამაშობთ ხოლმე - ნარდი, დომინო, ჭადრაკი, კარტი... ახლა გონების სავარჯიშოები მოგვიტანეს, იმით ვთამაშობთ ხოლმე. ჩემს მოსვლამდე ეს ლამაზი ფანჩატური არ იყო, ახლა დაიდგა და ძალიან მომწონს. ზოგიერთები თავიანთ ნათესავებს ხვდებიან ხოლმე ამ ადგილას, მე კი როცა კითხვა მომინდება და დასვენება, მაშინ მოვდივარ აქ. ბაღში ვსაქმიანობთ, ვაზი გვაქვს, ხეხილი, ფუტკრები გვყავს. ვმეგობრობთ და მშვიდად ვცხოვრობთ ერთად, გასაყოფი არაფერი გვაქვს. " - გვიყვება ვლადიმერ აგინიანი.

ანასეულის ხანდაზმულთა სახლი ერთერთი დაწესებულებაა, სადაც მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე და მათ ზრუნვაზე ორიენტირებული სტანდარტები და მიდგომები ინერგება. ევროკავშირი სხვა რეგიონებშიც აგრძელებს საქართველოში ისეთი სოციალური მომსახურებების განვითარებას , სადაც ხელს უწყობენ და პატივს სცემენ მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ უფლებებს.

ავტორი: თამარ კურატიშვილი


სტატია მომზადდა პროექტის "„EU NEIGHBOURS east” ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს
.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
საარჩევნო სუბიექტთა პროგრამა თუ დაპირებები, რომლებსაც ისინი
სხვადასხვა ტრიბუნიდან გასცემენ, საორიენტაციო დოკუმენტი და ხედვაა,
11:43 / 04.01.2022
საარჩევნო სუბიექტთა პროგრამა თუ დაპირებები, რომლებსაც ისინი სხვადასხვა ტრიბუნიდან გასცემენ, საორიენტაციო დოკუმენტი და ხედვაა,
საქართველოში პური ისევ გაძვირდა. ფასმა საშუალოდ 10 თეთრით მოიმატა,
12:03 / 23.10.2021
საქართველოში პური ისევ გაძვირდა. ფასმა საშუალოდ 10 თეთრით მოიმატა,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.