საზოგადოება
პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებები - რამდენად პასუხობს ზოგადი ხედვა შშმ პირთა, ახალგაზრდების და ქალთა წინაშე არსებულ გამოწვევებს?
საარჩევნო სუბიექტთა პროგრამა თუ დაპირებები, რომლებსაც ისინი სხვადასხვა ტრიბუნიდან გასცემენ, საორიენტაციო დოკუმენტი და ხედვაა, რითიც მომდევნო ოთხი წლის მანძილზე უნდა იხელმძღვანელონ. მეტ-ნაკლებად საერთო გზავნილები, იდენტიფიცირებული პრობლემა და გამოსავლის გზები პარტიულ პროგრამებში თუ ინდივიდუალური, ზეპირი შეთავაზებები ცალკეული, განსხვავებული აქცენტებით - ასეთია იმ სამი პარტიის წარმომადგენელთა სამოქმედო გეგმა, რომლებმაც 2021 წლის მოწვევის ზუგდიდის საკრებულო დააკომპლექტეს.

პოლიტიკურ სუბიექტთა ხედვა და დაპირებები, ასოციაცია "დეას" და "საიას" ზუგდიდის ოფისის ერთობლივი პროექტის - "2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა" ფარგლებში გაანალიზდა. კვლევის, პარტიებთან გაერთიანებულ თუ ინდივიდუალურ ფორმატში გამართული შეხვედრების, მათი პროგრამების, სხვადასხვა საინფორმაციო გზით მიღებული გზავნილების შეჯერებით შეიძლება ითქვას, რომ კანდიდატები საფუძვლიანად არ იცნობდნენ მოქალაქეთა, განსაკუთრებით შშმ პირების, ახალგაზრდების და ქალების პრობლემებს. მეტიც, მათთან კომუნიკაცია არასაარჩევნო პერიოდში მწირია, მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიისას მიღებული ცნობები კი არასაკმარისი აღმოჩნდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ამ ყველაფრის ფონზე, პარტიების უმრავლესობას, მუნიციპალიტეტის განვითარების ზოგადი ხედვა ჰქონდა. ზოგადი იყო ამომრჩევლისთვის შეთავაზებული გამოსავლის გზებიც.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

საერთო გზავნილები - ადაპტირებული გარემოს შექმნაზე ზრუნვა, დასაქმების ხელშეწყობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართვა, შშმ პირთა სტატისტიკის დაზუსტება, მერიაში არსებული პროგრამების დახვეწა - ეს ის ძირითადი მიგნებებია, რაზეც "ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობის" და "გახარია-საქართველოსთვის" წარმომადგენელთა პოზიციები დაემთხვა ერთმანეთს.

რაც შეეხება განსხვავებულ აქცენტებს:

ენმ-ის წარმომადგენელმა პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ყურადღება რამდენიმე კომპონენტზე გაამახვილა. ერთ-ერთია ადაპტირებული ტრანსპორტი. ასევე, პარტია დაჰპირდა შშმ პირებს, რომ საკრებულოში მხარს დაუჭერენ ჯანდაცვის, სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამ მიზნით გამოაცხადებდნენ კონკურსს გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ისინი კი მოწყვლადი ჯგუფის გასააქტიურებლად პროექტებს შეიმუშავებენ.

ენმ-ის პოზიციაა, რომ ბიუჯეტის ნახევარი არ უნდა მოხმარდეს ხელფასებს. მეტიც, მისი მოცულობა უნდა შეიკვეცოს და გამოთავისუფლებული თანხა ერთჯერადი სოციალური პროგრამების გასაზრდელად მიმართონ.

"ნაციონალური მოძრაობა" "ლაივპრესზე" გამოქვეყნებულ სტატიაში ყურადღებას ამახვილებს უპანდუსო ძველ საცხოვრებელ ბინებზე. მათი თქმით, კარგი იქნება, თუკი თბილისის მაგალითით იხელმძღვანელებენ და მსგავს შენობებში შშმ პირთა გადასაადგილებლად ე.წ. მექანიკური ლიფტები დამონტაჟდება. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ოპოზიციური პარტია მუშაობას საკრებულოდან გეგმავს, უფასო სასადილოს პროგრამაში ჩართული იმ პირებისთვის მიტანის სერვისის შეთავაზებაა, რომლებიც ვერ ახერხებენ ადგილზე მისვლას და კუთვნილი ულუფის მიღებას. მათთვის ასევე პრიორიტეტია ეტლებით დახმარების პროგრამის გაფართოება.

"გახარია - საქართველოსთვის" წარმომადგენელს არანაკლებ პრობლემად მიაჩნია სოციალიზაციის და თვითგამოხატვის შესაძლებლობის დეფიციტი მოწყვლად ჯგუფში. გამოსავალს კი პროფესიულ და კარიერულ ზრდაში ხედავს. პარტია მოქალაქეებს ჰპირდება შესაბამისი პროგრამების შემუშავებას და სოციალური საწარმოების შესაქმნელად აუცილებელი ტრენინგების ჩატარებას.

მათ ხარვეზად მიაჩნიათ ის გარემოებაც, რომ ერთი პროგრამით მოსარგებლე შშმ პირები ვერ სარგებლობენ სხვა პროგრამის სერვისით. მწირი ბიუჯეტის ფონზე, პრობლემის გადაჭრის გზას გახარიას პარტია ფონდების მოძიებაში ხედავს.

მცირედმხედველთა გადაადგილებისთვის ბილიკების მოწყობა, სმენადაქვეითებულთა სარეაბილიტაციო კურსების დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით, - ეს ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტის კიდევ ერთი დანაპირებია.

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", მათი გეგმა მოიცავს 18 წლამდე შშმ პირებისთვის 200 ლარამდე დახმარების გაგრძელებას და რეაბილიტაციისთვის 150 ლარის გამოყოფას. პარარელურად, მმართველი პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის პრიორიტეტია წინა წლების მსგავსად, ოთხი თვის კომუნალური გადასახადის 25-25 ლარით დაფინანსებაც.

"ქართული ოცნება" ყურადღებას ამახვილებს მერიაში არსებული შშმ პირთა საბჭოს გაძლიერების საჭიროებაზე. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა შენიშვნის საპასუხოდ კი განმარტავენ, რომ უნდა გადახედონ პრაქტიკას, თუ რატომ არის დახურული ერთი პროგრამით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის სხვა პროგრამის სერვისი.

არასრულყოფილ სტატისტიკასთან ერთად, მმართველ გუნდს კიდევ ერთ პრობლემად, ხარისხიანი სერვისების სიმწირე მიაჩნია. პარტია მოწყვლად ჯგუფებს დაჰპირდა, რომ აქტიურად იმუშავებს ყველა მათი პრობლემის ბიუჯეტში ასახვაზე.

რაც შეეხება "ქართულ ოცნების" მიერ ზუგდიდისთვის შექმნილ პროგრამას, მასში ხაზგასმულია, რომ პანდემიასთან ეფექტურად გამკლავების მიზნით, სოციალური დაცვის მიმართულებით გადაწყდა სახელმწიფო გასაცემლების უწყვეტად გაცემა, შშმ პირთა სტატუსის იურიდიული ძალის შენარჩუნება და სოციალური პაკეტის უწყვეტად გაგრძელება. ამასთან, იანვრიდან შეჩერებული საარსებო შემწეობების განახლება და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისთვის ფულადი დახმარების შეუფერხებლად გაცემა.

ახალგაზრდები

საერთო გზავნილები - პოლიტიკური სუბიექტები თანხმდებიან, რომ შშმ პირების მსგავსად, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გამოწვევაა ახალგაზრდების დასაქმება და შიდა მიგრაციული პროცესების შეჩერება, მათი ადგილებზე დამაგრების გზით. კიდევ ერთ საჭიროებად პარტიები ანაზღაურებად სტაჟირებას და ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებას მიიჩნევენ, რამაც უნდა გაზარდოს ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

განსხვავებული აქცენტები:

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გადაცემაში "ჩვენი თვითმმართველობა", ამბობს, რომ გადინების პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთი გზა, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსებაა. მხოლოდ იმ პირობით, თუ ისინი დაბრუნდებიან და საკუთარ გამოცდილებას ზუგდიდს მოახმარენ. პარტიის კიდევ ერთი დაპირება, ახალგაზრდული სამმართველოს შექმნას შეეხება, საჭიროებებზე ეფექტური რეაგირებისთვის და "ახალგაზრდული ცენტრების" მშენებლობას.

პარტია "გახარია საქართველოსთვის", საერთო გზავნილების პარარელურად, ყურადღებას ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და დასვენება-განვითარებისთვის უკეთესი გარემოს შექმნის აუცილებლობაზე ამახვილებს. "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად, მათთვისაც მნიშვნელოვანია ისეთი ცენტრის ამოქმედება, სადაც ახალგაზრდები იდეების გენერირებას და მუნიციპალიტეტთან ერთად განხორციელებას შეძლებენ.

პარტიისთვის ასევე პრიორიტეტია სოფლის თემებში ახალგაზრდული საბჭოების შექმნა და მათი განვითარების ხელშემწყობი პროექტების ინიცირება.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებაცაა. პარტიის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის შექმნილ პროგრამაში საუბარია ოლიმპიური საცურაო აუზის, რაგბის თანამედროვე სტანდარტის ბაზის, სტადიონის მიმდინარე მშენებლობებზე. პარარელურად, გეგმავენ ახალგაზრდული ბიუჯეტის შემუშავებას, რომელიც თავად ახალგაზდებმა უნდა განკარგონ. ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობა და ახალგაზრდული სივრცეც, პარტიის აზრით, დამატებითი შესაძლებლობა იქნება მოზარდებისთვის.

ამ ყველაფრის პარარელურად, მმართველ გუნდში ახალგაზრდების მიგრაციის შესაჩერებლად, ახალგაზრდული საბჭოს უფრო ქმედით ორგანოდ გარდაქმნა მიიჩნიათ მნიშვნელოვნად.

ქალები

საერთო გზავნილები - საკრებულოში წარმოდგენილი პარტიების ხედვები თანმხვედრია კიდევ ერთ კომპონენტში, რომ ქალთა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, მათ გაძლიერებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. დასაქმება და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა საარჩევნო სუბიექტთა პრიორიტეტად რჩება.

განსხვავებული აქცენტები:

"ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ მათ პარტიულ სიაში გენდერული ბალანსი დაცულია და ეს წონასწორობა მომავალშიც გარანტირებული იქნება. მხოლოდ არა ხელოვნურად, არამედ პროფესიონალიზმის ნიშნით. პარალელურად, საკრებულოში გეგმავს არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, გენდერულ საკითხებზე მეტი ინიციატივის განხილვას და აღსრულების ხელშეწყობას.

"გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელი ყურადღებას მცირეწლოვანთა ბაგა-ბაღში სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ამახვილებს, რომლის წინაშეც ქალები დღემდე რჩებიან. პარტიის აზრით, ბაღების მშენებლობასთან ერთად, მნიშვნელოვანია მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, ევროპულ ქვეყნებში ვიზიტის და მათი გამოცდილების გაზიარების გზით.

ისინი მოსახლეობას ჰპირდებიან გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის გაღრმავებას საკრებულოსა და მერიაში. "საქართველოსთვის" ასევე პრიორიტეტია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სარეაბილიტაციო სივრცეების და კურსების გაფართოება.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში "ადაპტირებული ქალთა ოთახი" შექმნა - ასეთი იყო "ლაივპრესისთვის" გაგზავნილ დოკუმენტში "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი დანაპირები, როცა საუბარი ქალთა როლის, მათ ეკონომიკურ გაძლიერებას შეეხება. მმართველი გუნდის განმარტებით, ეს იქნება სივრცე არაფორმალური, ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრებისთვის, სადაც იდენტიფიცირებულ საკითხებზე იმუშავებენ.

პოლიტიკური სუბიექტები თანხმდებიან, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ერთის მხრივ, ბევრად სიღრმისეულად გაანალიზდეს პრობლემები, მეორეს მხრივ კი, კონკრეტული გზები დასახონ მათზე ეფექტური რეაგირებისთვის, მოსახლეობის ინტერესების გარშემო გაერთიანების გზით. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტიც ეს არის - პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის, უკუკავშირის ხელშეწყობა.

კიდევ ერთი მიზანი შშმ პირთა, ქალების და ახალგაზრდების, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენელთა უნარ-ჩვევების გაძლიერებაა, ამ ადამიანების ჩართულობის გაზრდა საკუთარი პრობლემების გაწყვეტის პროცესში.

პარარელურად, არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტიური მოქალაქეები დააკვირდებიან, აისახება თუ არა პოლიტიკურ სუბიექტთა საარჩევნო პროგრამაში ერთობლივი ძალისხმევით გამოვლენილი საჭიროებები და შეცვლის თუ არა ეს მიდგომა ზოგად სამიზნე აუდიტორიის ყოველდღიურობას.


კვლევაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაანალიზეს პოლიტიკურ სუბიექტთა საარჩევნო პროგრამები, საჯარო შეხვედრებზე და მედიასთან გაჟღერებული ინიციატივა, თუ წერილობით მოწოდებული წინადადებები. მათი რეკომენდაციაა, მოსახლეობასთან კომუნიკაცია პარტიებმა არასაარჩევნო პერიოდშიც შეინარჩუნონ, რათა ჰქონდეთ მკაფიო, სიღრმისეული ხედვა პრობლემებზე და შშმ პირებს, ახალგაზრდებს და ქალებს კონკრეტული გზები შესთავაზონ მათ მოსაგვარებლად - ეს გეგმა არ იყოს მხოლოდ ზოგადი შინაარსის.

არასამთავრობოების თქმით, პოლიტიკურ სუბიექტთა პროგრამები არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის და მნიშვნელოვანია მიდგომა, მათივე ინფორმირებულობის გასაზრდელად შეიცვალოს.

პროექტზე მომუშავე ჯგუფის შეფასებით, პარტიებს არ აქვთ მუნიციპალიტეტის განვითარების კონკრეტული პროგრამა - ის უნდა იყოს ბევრად მკაფიო, სადაც მოქალაქეთა საჭიროებებს სტრუქტურიზებული სახით გაწერენ სამოქმედო გეგმაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღევანდელი მოცემულობა ერთის მხრივ ართულებს ხედვის ზუსტად განსაზღვრას, მეორეს მხრივ კი გვიჩვენებს, რომ პარტიათა უმრავლესობას საკმარისად არ აინტერესებს ეს საჭიროებები, არც სათანადო კომპეტენცია აქვთ ეფექტური რეაგირებისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ერთი რეკომენდაციაა, საკრებულოში მყოფმა პარტიებმა, პრობლემების გადაჭრის კონკრეტული გზები არა დამოუკიდებლად, არამედ მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობით შეიმუშაონ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ თანამშრომლობა და გაერთიანება საერთო ინტერესების ირგვლივ შესაძლებელია. სწორედ ამიტომ, კომუნიკაცია და მონიტორინგი ამ მიმართულებით გაგრძელდება.

სტატია მომზადდა ასოციაცია "დეას" და "საიას" ზუგდიდის ოფისის ერთობლივი პროექტის - "2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა" ფარგლებში.

სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.