სპორტი
საქართველოს ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში მსოფლიო ჩემპიონი გახდა [ვიდეო]
დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა. საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში „ძლიერთა თამაშებში“ მოიპოვა. გუნდმა დიდი ბრიტანეთის ნაკრები ფინალში 2:0 დაამარცხა.

ფინალში გასვლამდე ქართველმა სამხედროებმა რუმინეთის, გერმანიისა და ესტონეთის ნაკრებები დაამარცხეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროების ფინალურ თამაშს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად საქართველოდან გულშემატკივრობდნენ. მატჩის დასრულებისთანავე, მათ ქართველ სამხედროებს გამარჯვება ტელეფონით მიულოცეს და საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეჯიბრში საქართველოს ნაკრები უკვე მეოთხედ მონაწილეობს. შარშან გუნდი კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამართულ „ძლიერთა თამაშების“ ჩემპიონი გახდა.

სპორტული შეჯიბრება, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ფონდისა და პრინც ჰარის ინიციატივით იმართება, სიდნეიში 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება.