სპორტი
ფოთელი მოკრივე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ მწვრთნელს სცემა [ვიდეო]
ფოთელი მოკრივე ამბობს, რომ ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრზე მისი კონტრაქტის პირობები დაარღვიეს. ამაში ლევან შონია ლიტველ აგენტს, ალექსეი კოსობოკოვს ადანაშაულებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან სპორტსმენებს იწვევს დაპირისპირებებში მონაწილეობის მისაღებად. ასევე მსაჯს, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ტყუილის თანამონაწილეა. მოკრივე უცხოური და ქართული მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც შეჯიბრის შემდეგ აგენტს სცემა. თუმცა, ლევან შონიას თქმით, ეს ფაქტი პრესით არასწორად გაშუქდა. კერძოდ, დაიწერა, რომ ქართველმა სპორტსმენმა საკუთარ მწვრთნელს დაარტყა, რაც სიცრუეა, სინამდვილეში კი ბულგარეთში მარტო ჩავიდა.

მისივე განმარტებით, გაბრაზდა იმიტომ, რომ მოატყუეს და კონტრაქტი დაარღვიეს, რის გამოც თავის შეკავება ვეღარ შეძლო. მოკრივეს მასპინძელ სპას გენოვთან ამ პირობების თანახმად, რვა რაუნდი უნდა ეჩხუბა, თუმცა რატომღაც ბრძოლა მსაჯმა ექვს რაუნდში დაასრულა.

„ჩემთვის იყო უკეთესი რვა რაუნდი მებრძოლა. მისთვის არა. ამიტომ გამიკეთეს. მეექვსე რაუნდში დაიღალა. მეექვსე რაუნდში გავლახე. მეშვიდე-მერვეზე ვეღარ იჩხუბებდა. საბოლოოდ წაგებად ჩამითვალეს. წერენ, მწვრთნელს დაარტყაო. მე უმწვრთნელოდ ვიყავი. ის არის მენეჯერი. დარწმუნებული ვიყავი, რომ რვა რაუნდში მოვიგებდი. მარტო რომ ვიყავი, ამიტომ გამიკეთეს. აგენტმა მითხრა, ფული შენ გადაიხადე და რვა რაუნდი იჩხუბეო“, - უთხრა ლევან შონიამ „ლაივპრესს“.

სპორტსმენის თქმით, მოატყუეს კიდევ ერთ დეტალში - წონით მოწინააღმდეგე მეტი იყო, ვიდრე კონტრაქტში ეწერა. ეჭვობს, მწვრთნელის წამოყვანაზეც უარი საგანგებოდ უთხრეს, რომ არ მოეგო. მოკრივე ამბობს, რომ მსგავსი რაღაცები ხშირად ხდება, და ამ გზით აგენტები ფულს აკეთებენ.

დააკისრებენ თუ არა რაიმე სანქციას, ლევან შონიამ ჯერ არ იცის. არც ის, იჩივლებს თუ არა კონტრაქტის დარღვევისთვის.

სპორტსმენი უკრაინაში ცხოვრობს, თუმცა შეჯიბრებებზე საქართველოს სახელით გამოდის. უკრაინის კრივის ფედერაციაში უთხრეს, რომ მას რაიმე ტიპის დისკვალიფიკაცია არ ემუქრება და ბრძოლებში მონაწილეობის მიღებასაც ჩვეულებრივ შეძლებს.