სპორტი
დავით ქირია სამგზის მსოფლიო ჩემპიონობისთვის ემზადება - ინტერვიუ [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის მზადებას განაგრძობს. როგორი იყო გზა ბავშვური გართობიდან პროფესიულ კარიერამდე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონისთვის, როგორი განწყობით და მოლოდინებით ხვდება მოახლოებულ შეჯიბრს, რა სამომავლო გეგმები აქვს, სპორტსმენს „ლაივპრესი“ ესაუბრა.

ლაივპრესი: როდის გქონდათ პირველი შეხება სპორტის ამ სახეობასთან და რატომ დაინტერესდი კიკბოქსინგით?

დავით ქირია: სპორტში ბავშვობიდან ვარ ჩართული. ჯერ ცეკვაზე დავდიოდი, მერე ფეხბურთზე, მაგრამ გუნდური სპორტი რაღაც არ მომწონდა. ბაჩო (ბაჩუკი ფარცვანია - პირადი მწვრთნელი) ჩემი მეზობელია. ვიცოდი, რომ მას ჰქონდა ჯგუფი და დავიწყე ვარჯიში. ცხრა წლიდან ბაჩოსთან ვვარჯიშობ და დღემდე ერთად მოვდივართ. რამდენიმე წარმატებული შეჯიბრი იყო ჩემთვის სტიმული და ასე დავრჩი სპორტში.

ლაივპრესი: თავდაპირველად სპორტი უბრალო გართობის საშუალება იყო თქვენთვის?

დავით ქირია: ბავშვობაში შეიძლება ვერც აცნობიერებდე, რას ნიშნავს სპორტი შენთვის, ჰობია თუ არა. ჩვენ ისეთი ბავშვობა გვქონდა, ბევრი გასართობიც არაფერი გვქონდა. ეტყობა სპორტი იყო განმუხტვის ერთ-ერთი საშუალება. ავტომატურად ვარჯიში დავიწყე და ასევე, ალბათ შინაგანად მქონდა სპორტის მიმართ სიყვარული.

ლაივპრესი: როდის მიხვდი, რომ ეს საქმე მეტი იყო, ვიდრე გართობა და პროფესიად გექცა?

დავით ქირია: ალბათ უფრო 14-15-16 წლიდან, იმიტომ, რომ იმ დროს გარდატეხის პერიოდი გაქვს და უყურებ ასე - ან ჰობი, ან პროფესია. ფიქრობ, თუ რისი კეთება გინდა. მაშინ მართლა დავრწმუნდი, რომ ნამდვილად მინდოდა ამ სპორტში დარჩენა. უკვე გამოცდილი სპორტსმენი ვიყავი, რადგან 200-ზე მეტი ბრძოლა მქონდა კარატეში ჩატარებული. თავიდან კარატეზე დავდიოდი. 17 წლიდან გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო კიკბოქსინგში. ყველაფერი, ჩემი დრო, ენერგია, მონდომება, მოტივაცია ჩავდევი მასში.

ლაივპრესი: პირველი გამარჯვება როდის იყო?

დავით ქირია: პირველად წავაგე. ქუთაისში, შეჯიბრზე წამიყვანეს ბავშვობაში. კარგად ვიჩხუბე, მაგრამ სულ რაღაც სამი თვის დაწყებული მქონდა ვარჯიში. ფიზიკურად დიდი იყო და მომიგო.

ლაივპრესი: პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება შენს კარიერაში როდის გახსენდება?

დავით ქირია: ეს იყო ჰოლანდიაში, 2007 წელს. ეს პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო ჩემთვის, რომელმაც შემდეგ მთელს ჩემს კარიერაზე იქონია გავლენა, რადგან კიკბოქსინგი არის უფრო კომერციული სპორტი, სადაც გაკვირდებიან პრომოუტერები, მენეჯერები. დიდი დაინტერესება გამოიწვია ჩემმა ბრძოლამ, რადგან ვიყავი საკმაოდ ახალგაზრდა, 19 წლის. ვიბრძოლე პროფესიონალებში. პირდაპირ დავიწყე „ა“ კლასში ბრძოლა. ასე მოხდა ჩემი კარიერის გაგრძელება ევროპაში.

ლაივპრესი: დღეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ხარ. ყველაზე დიდი სირთულე რა შეგხვდა პროფესიულ გზაზე?

დავით ქირია: პრობლემები იყო და დღემდე არის. თავიდან ალბათ მაინც ფინანსები, შეკრება, რადგან სამწუხაროდ არ გვქონდა ადგილზე შესაბამისი პირობები, რომ ასეთი მაღალი დონის ტურნირებისთვის მოვმზადებულიყავით. გვიწევდა ჰოლანდიაში წასვლა. ზოგადად, მომზადების პერიოდი ძალიან რთულია. მარტო ფინანსებზე არ არის საუბარი, მთელი შეკრების ჩატარება ძნელია, რადგან ტრამვებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. პრობლემა ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ მთავარია მიზანი და მონდომება. მე ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს. პრობლემა ყოველთვის მარტივად გადასალახია, როცა მიზანი გაქვს და მასზე კონცენტრირებული ხარ.

ლაივპრესი: სხვა პროფესიაზე თუ გიფიქრია?

დავით ქირია: კი, მიფიქრია. ვაპირებ..არ ვიცი რამდენად შევძლებ. მინდა რაღაც პროფესია მივიღო, რადგან საშუალო სკოლის შემდეგ განათლება არ მიმიღია. ვსწავლობდი კოლეჯში, მაგრამ ორი წლის შემდეგ სპორტის გამო შევწყვიტე. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ჰოალნდიაში დავიწყე სიარული. მინდა პროფესია მივიღო კოლეჯის დონეზე მაინც. თუ არა, მაშინ ჩემს მომავალს მცირებიზნესში განვიხილავ. ასევე ვაპირებ საბრძოლო ხელოვნების აკადემიის გახსნას.

ლაივპრესი: სად იქნება ეს აკადემია?

დავით ქირია: ზოგადად საქართველოში და რა თქმა უნდა ზუგდიდშიც იქნება, იყო და იქნება, რადგან აქ ჩვენ გვყავს გენიალური მწვრთნელი ბაჩუკი ფარცვანია. სწორედ მან გაუხსნა გზა საქართველოს ფაქტობრივად კიკბოქსინგის სამყაროში. ის არის ერთადერთი პიროვნება, რომელმაც პროფესიულ კიკბოქსინგში შედეგი დადო, როგორც მწვრთნელმა. ჩვენამდე არავინ არ იყო პროფესიულ კიკბოქსინგში, არათუ წარმატებული, ანგარისგასაწევიც. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის კიდევ ბევრ ჩემპიონს გაზრდის. ზუგდიდი ყოველთვის დასაბამი იქნება კიკბოქსინგში. გვყავს ძალიან დიდი გუნდი, 30 სკოლამდე კლუბი გვაქვს უკვე საქართველოში. ასე რომ, ეს არ იქნება მარტო ჩემი და ერთი სკოლა, ეს იქნება ერთი დიდი სკოლა საქართველოში.

ლაივპრესი: ყველაზე უხერხული მეტოქე ვინ არის თქვენთვის?

დავით ქირია: იყო ჩემს კარიერაში რამდენიმე უხერხული ოპონენტი, რომლებმაც მომიგეს, მაგრამ რევანშისთვის ყოველთვის მზად ვარ და ვმუშაობ იმისთვის, მათ რომ ვაჯობო. ეს უბრალოდ სპორტული ამბიციაა. გინდა, რომ ყოველთვის საუკეთესო იყო. ასე ვთქვათ, ყველა მეტოქე უხერხულია, რადგან ჩემს წონაში ვარ თითქმის ყველაზე პატარა.

ლაივპრესი: თუ გქონია სურვილი, კონკრეტულ სპორტსმენს არ შეხვედროდი?

დავით ქირია: არა. ჩემი ყველაზე დიდი პლიუსია, რომ ყველა მოწინააღმდეგეს ვაფასებ ერთნაირად. სტატისტიკურად, ის იქნება ჩემზე დაბალი დონის თუ მაღალი, მნიშვნელობა არ აქვს. პატივს ვცემ მათ შრომას და ნიჭს. ეს მოგებას უფრო მიადვილებს. არ შეიძლება არავის აგდება და ასევე გაღმერთება.

ლაივპრესი: ჩვენ ვიცით, რა პირობებში უწევთ აქ ახალგაზრდებს ვარჯიში. ეს ხომ არ არის დამაბრკოლებელი გარემოება მათთვის, რომ სერიოზულად მიუდგნენ სპორტის ამ სახეობას?

დავით ქირია: კარგი იქნება, რომ უკეთესი პირობები იყოს, მაგრამ უარესი პირობებიც გვქონდა. მე მგონი, ქვეყანაში ზოგადად ისეთი სოციალური ფონია, ვერ მოითხოვ ყველა რეგიონსა და ქალაქში უმაღლეს დონეზე პირობების შექმნას. იმედი მაქვს, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება იზრუნებს ამაზე, რადგან მართლა მისახედია. როცა უკეთესი პირობები იქმნება, უკეთესი შედეგებიც იდება.

ლაივპრესი: ვისაუბროთ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზეც კიკბოქსინგში. როგორ ემზადებით შეჯიბრისთვის? მეოთხედფინალური შეხვედრა უკვე იყო, რომელიც მოიგეთ.

დავით ქირია: მომზადება 80%-ით დაწყებული გვაქვს. სავარაუდოდ იანვრის პირველ რიცხვებში იქნება ტურნირი. მომზადებას ვიწყებთ თბილისში და შეიძლება გავაგრძელოთ ჰოლანდიაში. ზუსტად ჯერ არ ვიცი. სამი კვირა დრო კიდევ მაქვს ამისთვის.

ლაივპრესი: თქვენს ბრძოლებს ქართველები თუ ესწრებიან?

დავით ქირია: ჩინეთში ნაკლებად, რადგან ყველა შეჯიბრი სხვადასხვა ქალაქში ტარდება და იქ ქართველებიც ძალიან ბევრნი არ არიან. როცა ევროპაში ტარდება ტურნირები, იქ კი ხშირად მოდიან, ნაცნობებიც და უცნობებიც.

ლაივპრესი: თქვენს ყველა გამარჯვებას დიდი გამოხმაურება აქვს. განსაკუთრებული ემოციებით შეხვდნენ ბრძოლას, სადაც რუსი ანატოლი მოისეევი დაამარცხეთ. მესმის, რომ სპორტი პოლიტიკისგან გამიჯნულია, თუმცა როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამ ყველაფრის მიმართ, როცა საქმე რუს სპორტსმენს ეხება? გულშემატკივრების დამოკიდებულება ვიცით..

დავით ქირია: ეს საზოგადოებაზე მოქმედებს, გულშემატკივრებზე მოქმედებს და მე სწორად მესმის, ასე რატომ ხდება. აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ მაქვს ჩემი აზრის დაფიქსირების უფლება. სპორტსმენებს შორის რაც ხდება, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. პირადად მე ანატოლისთვისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ რინგზე ის არის ჩემი მოწინააღმდეგე და ვიცი, რომ უნდა დავამარცხო. რაც შეეხება ამ რეაქციებს და რუსთან განსაკუთრებულ ყურადღებას, ბუნებრივია, რუსეთთან ჩვენ დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, და როცა ქართველი სპორტსმენი რუსს უგებს, ავტომატურად პოლიტიკურ დატვირთვასაც აძლევენ. მაგრამ მე მე ზოგადად ამით არ ვმანიპულირებ, ან ამით ქულების დაწერას არ ვცდილობ. აგვისტოში დაემთხვა ომის ათი წლისთავს და გულიდან ამოსული სიტყვები ვთქვი, რომ გამარჯვება მივუძღვენი საქართველოს და იმ გმირებს, რომლებმაც თავი გასწირეს ქვეყნისთვის. ჩემი მხრიდან ამას პოლიტიკური დატვირთვა არ ქონდა.უბრალოდ სულით და გულით მივუძღვენი. მეტი არ ვიცი, რისი გაკეთება შემიძლია ამ ადამიანებისთვის.

ლაივპრესი: კიკბოქსინგის გარდა, რა გაინტერესებთ ზოგადად ცხოვრებაში?

დავით ქირია: რა თქმა უნდა, როგორც ყველას, ისე მეც მაქვს ჰობი. მაქვს ძალიან დატვირთული რეჟიმი, რადგან წელიწადში 4-5 ბრძოლის ჩატარება მიწევს მინიმუმ. ძალიან ცოტა დრო მრჩება პირადი ცხოვრებისთვის. მაგრამ რაც მაქვს, მას დიდი სიამოვნებით ვუთმობ ჩემს ოჯახს. მყავს მეუღლე და პატარა შვილი. მიყვარს თევზაობა, პიკნიკებზე სიარული. მაქსიმალურად ვცდილობ, თავისუფალი დრო ამაში დავხარჯო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ჯერჯერობით. ორ-სამ წელიწადში ალბათ თავს დავანებებ აქტიურ სპორტს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვნახოთ. უკვე 30 წლის ვარ. სპორტისთვის საკმაოდ ისეთი ასაკია..

ლაივპრესი: რას ელოდებით მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატისგან და რას უნდა ელოდონ გულშემატკივრები თქვენგან?

დავით ქირია: როგორც სპორტსმენი და მაქსიმალისტი, ერთადერთზე ვფიქრობ მხოლოდ - გამარჯვებაზე, თუმცა, ეს სპორტია და შეიძლება ყველაფერი მოხდეს. მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე ფიქრი ჩემთვის. ჩემთვის ერთადერთი საფიქრალი არის ის, რომ ჩემპიონი გავხდე, დავუფასო ყველა ადამიანს ის შრომა, რასაც ჩემში დებენ. ბევრი მგულშემატკივრობს და მე მათი იმედები უნდა გავამართლო. თან ძალიან დიდი შანსი მაქვს, რომ გავიმარჯვო. ასი პროცენტით უნდა დავიხარჯო და შედეგი დავდო.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის
10:03 / 18.04.2019
ზუგდიდის "ზუგდიდმა" საქართველოს "დავით ყიფიანის" სახელობის თასზე საფეხბურთო კლუბ "ცხინვალს"
ზუგდიდელმა ძალოსანმა ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცში
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
10:10 / 13.04.2019
ზუგდიდელმა ძალოსანმა ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ზუგდიდელმა ძალოსანმა ნათია გადელიამ ბათუმში მიმდინარე ევროპის
18:16 / 11.04.2019
ზუგდიდელმა ძალოსანმა ნათია გადელიამ ბათუმში მიმდინარე ევროპის
გამოკითხვა
ვის აირჩევ ზუგდიდის მერად?
ვიდეო
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს ანიმაციური
ბავშვების საყვარელი გაკვეთილი ახალსოფლის სკოლაში [ვიდეო/ფოტო]
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია ივნისში დასრულდება [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 3000 ძირი დეკორატიული მცენარე
მავთულხლართებით გაყოფილი ჭირისუფლები [ვიდეო]
ამ სოფელში და ამ ადამიანთან ერთად გავატარე მთელი ბავშვობა,
დანგრეული გზები ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში გზების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
ფოტო
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
გუბეები ზუგდიდის პარკებსა და სკვერებში [ფოტო]
წვიმიან ამინდში ქალაქ ზუგდიდის პარკებსა თუ სკვერებში გასეირნება
რას ჰყვებიან კედლები [ფოტო]
ზუგდიდში, კორპუსების კედლებზე, დადიანების ეზოში და სკეიტ პარკში
აუტისტური სპექსტრის აშლილობის მქონე გიგის პერსონალური გამოფენა [ფოტო]
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებსაც აქვთ
მესტიელი გიდი, რომელიც ამბებს ფოტოებით ყვება [ფოტო]
სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი
მზარეულის მაგიდა
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მეგრული ხაჭაპურის მომზადების ტრადიცია [ვიდეო]
მეგრულ ხაჭაპურს წინაპრები ჯარგვალში, შუაცეცხლზე