სპორტი
ზუგდიდის ფეხბურთის ასი წლის ისტორია [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდში ფეხბურთის განვითარება ას წელს ითვლის. ამ ისტორიის შემოქმედი ბევრი იყო, თუმცა პირველი ნაბიჯები ლეო ჭედიას და პიერ კობახიძის სახელებს უკავშირდება, როცა მათ მშობლიურ ქალაქში გუნდის დაფუძნება გადაწყვიტეს. ჩანაფიქრი რეალობად იქცა და 1919 წლის 20 მაისს კლუბი „მერცხალი“ დაიბადა, თეთრი დროშით, დიდი ცისფერი წრით და მერცხლის გამოსახულებით. ამ ხნის მანძილზე გუნდის სახელწოდება პერიოდულად იცვლებოდა - „სპარტაკი“, „ენგური“, საბჭოთა კავშირის დროს „პიშევიკი“, „განთიადი“. მერე ძირითადად „დინამო“.

ფოტოების ნაწილი, რომელიც ერთსაუკუნოვან ისტორიაზე გვიყვება, დღეს სპორტის მუზეუმში, ერთ კამერულ ოთახში ინახება. მუზეუმი 2015 წელს გაიხსნა. მისი ხელმძღვანელი ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პეზიდენტი და ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის ვეტერანი ფეხბურთელი როლანდ მაქაცარიაა.

კედლებზე გამოკრულ, საკუთარი ხელით წლების განმავლობაში შეკრებილ სურათებს გვათვალიერებინებს და გვიხსნის, რა გზა გაიარა ზუგდიდში ფეხბურთის ტრადიციამ. ამბობს, რომ საქართველოში სპორტის ეს სახეობა ფოთიდან განვითარდა, როცა ეს ბევრისთვის მაშინ ჯერაც ახალი ხილი იყო. გიმნაზიის მოსწავლეები - ლეო ჭედია და პიერ კობახიძე ფოთის პორტის თანამშრომლებს და ინგლისელ მეზღვაურებს შორის გამართულ შეხვედრას დასწრებიან. შეუსწავლიათ თამაშის წესები, მოედნის პარამეტრები, უყიდიათ ბურთი, ფორმა და გუნდი დაუფუძნებიათ. პირველად მიურატის მოედანზე, იქ, სადაც 2011 წლამდე ქალაქის ცენტრალური სტადიონი ფუნქციონირებდა, ზუგდიდელები რუსეთის გარნიზონს დაუპირისპირდნენ.

„წუღებით თამაშობდნენ ჩვენები. რუსებს ბათინკები ეცვათ. ურტყამდნენ და უჯახუნებდნენ ჩვენებს. ორით ერთი მაინც მოვიგეთ. შეურაცხყოფად მიიღეს ეს მაშინ რუსებმა. შედგა რევანშის მატჩიც. ჩვენებმაც ჩაიცვეს ბათინკები და ოთხით ერთი მოვუგეთ. ასე, ნელ-ნელა დაიწყო ზუგდიდში ფეხბურთის აღორძინება“, - უთხრა როლანდ მაქაცარიამ „ლაივპრესს“.

მერე იყო პირველი წარმატებაც, საქართველოს ჩემპიონობა - 1964 წელს. მაშინ გუნდს „ენგური“ ერქვა და ენგურის დირექცია აფინანსებდა. ხელმეორედ იგივე ტიტული 1973 წელს მოიპოვეს. საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად, გუნდი საქართველოს თასის მფლობელიც გახდა. აქ თამაშობდა როლანდ მაქაცარიაც. ამბობს - მეგრული ფეხბურთი, როგორადაც მოიხსენიებდნენ, აგრესიულობით, ტექნიკურობით და აქტიურობით გამოირჩეოდა. მოედანზე გასული სპორტსმენები ფაქტობრივად შეხვედრის პირველ ტაიმში წყვეტდნენ თამაშის ბედს.

ეს ნოდარ ზვამბაიაა, ვალერი გულორდავა, ვალერი სიჭინავა, ბადრი თუთბერიძე, გივი ხოჭოლავა, ბორის სიჭინავა, ოთარ გაბელია, გერონტ ნაჭყებია, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა თავის დროზე, გვიხსნის როლანდ მაქაცარია და შავ-თეთრ ფოტოებზე აღბეჭდილ ამ და სხვა სპორტსმენთა მოკლე, საფეხბურთო ბიოგრაფიას გვაცნობს. მუზეუმში ზოგიერთი მათგანის ნაქონ ნივთებია დაცული. აქ ნახავთ ძველი, 1951-52 წლებით დათარიღებულ საფეხბურთო აფიშას. მიშა მესხის ბუცსაც. იხსენებს 1967 წელს, როცა სკოლებს შორის ქვეყნის მასშტაბით ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს. 2004 წელს იყო მესამე ადგილი ჯეტიქსის გათამაშებაზე.

საუბარი თანამედროვე ზუგდიდელი ფეხბურთელებით გრძელდება - ვაკო გვილია, ნიკა კვეკვესკირი და სხვები, რომლებიც ქვეყნის ნაკრებში საქართველოს სახელს და საზღვრებს მიღმა უცხოური კლუბების ღირსებას იცავენ. იხსენებს ზვიად სიჭინავას მიერ დაფუძნებულ ზუგდიდის „ბაიას“ და დღეს უკვე ახალ საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდს“.

სპორტის მუზეუმში შევხვდით ზუგდიდელ ვეტერან ფეხბურთელ ზაურ ბულიასაც. სწორედ ის იყო თავდაპირველად გუნდის მწვრთნელი, რომელიც 19973 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. ამბობს, რომ ქალაქი ყოველთვის იყო საფეხბურთო ტრადიციების, სადაც არაერთი წარმატებული სპორტსმენი გაიზარდა. მათმა ნაწილმა ზუგდიდიდან დაწყებული კარიერა ქვეყნის თუ უცხოურ კლუბებში განავითარა. თავადაც ეს გზა გაიარა.

„ზუგდიდს ყოველთვის ჰყავდა გუნდი, დაწყებული სპორტსკოლიდან. ჩვენი პირველი მწვრთნელი იყო ალიოშა დიდიშვილი. თავისი თანხით დავყავდი ყველგან. მისი ხელიდან არის გამოსული თითქმის ყველა, ვინც ქუთაისის ტორპედოში, თბილისის დინამოში თამაშობდა. მერე თბილისის სპეციალიზირებულ საფეხბურთო სკოლაში გადავედი“, - გვიყვება ზაურ ბულია.

სწორედ აქედან იწყება მისი კარიერა, ჯერ როგორც საქართველოს ნაკრების, შემდეგ საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრის. მერე იყო თბილისის „დინამო“, „ვილნიუსის სპარტაკი“ და ქუთაისის „ტორპედო“. ვეტერანი სპორტსმენის სურვილია ზუგდიდსა და მთლიანად ქვეყანაში, წარმატებული ფეხბურთი დაბრუნდეს.

ზუგდიდის სახელით გამოსვლა მოედანზე დიდი პატივი იყოო, სიამაყით იხსენებს „ლაივპრესთან“ კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი მერაბ ფიფია. მისი კარიერა ჯერ სოფელ ზედაეწერში დაფუძნებული „სუბტროპიკით“ დაიწყო, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობდა. შემდეგ ზუგდიდის „დინამოს“ წევრი გახდა, სადაც ერთი სეზონი დაჰყო.

„ზუგდიდის გუნდი ჩემპიონი რომ გახდა, მაშინ ბავშვი ვიყავი. ყველას გვიხაროდა. დიდი ზეიმი იყო. ბევრი დაინტერესდა მაშინ ფეხბურთით. სოფელშიც, ქალაქშიც, ყველას უნდოდა სპორტულ სკოლებში სიარული“, - იხსენებს ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც დღეს ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტია.

ფეხბურთის დაარსებიდან 100 წლისთავს ქალაქში საზეიმო ღონისძიებებით ხვდებიან. ყოფილი სტადიონის შესასვლელში დიდი ბურთის ძეგლის დადგმა 20 მაისისთვის უნდა მოესწროს. ზუგდიდის საპატიო მოქალაქეობაზე, როლანდ მაქაცარიას თქმით, წარადგენენ ოთარ გაბელიას, ავთანდილ დანელიას, ბადრი თუთბერიძეს, ზაურ ბულიას, ირაკლი კიზირიას, მურთაზ ხურცილავას, ჯემალ ცერცვაძეს, საშა ნაჭყებიას და ოთარ ჭითანავას. გაიმართება შეხვედრაც ვეტერანი სპორტსმენების მონაწილეობით. ელოდებიან სტუმრებს თბილისიდანაც.