სპორტი
ალექსანდრე გეგეჭკორი პირველი ქართველია, ვინც მსოფლიო ველორბოლაში ჩაერთვება
39 წლის ალექსანდრე გეგეჭკორი პირველი ქართველია, რომელიც მსოფლიოში ცნობილ ველორბოლაში, პარიზი-ბრესტი-პარიზი მიიღებს მონაწილეობას.

ზუგდიდის სოფელ ურთის მკვიდრმა, მოყვარულმა სპორტსმენმა ველორბოლამდე რამდენიმე საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით გაიარა, რისთვისაც საფრანგეთმა მედალიც გამოუგზავნა.

პროფესიით იურისტი და ეკონომისტი, ახლა მცირე ბიზნესით არის დაკავებული და თბილისში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ველოსიპედით 5 წლის წინ, ექიმის რჩევით დაინტერესდა. მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს ტრანსპორტი ცხოვრების ახალ გზაზე გაიყვანდა.

ალექსანდრე გეგეჭკორი თბილისიდან მშობლიურ სოფელ ურთაში ველოსიპედით 4-ჯერ ჩავიდა. მანძილი 324 კილომეტრია, რასაც 16 საათს ანდომებს. ველოსიპედით დალაშქრა მყინვარწვერიც. ყველაზე დიდი მანძილი, რაც ამ დრომდე გაუვლია, 600 კილომეტრია.

საქართველოში ველოსიპედით მოგზაურობის შემდეგ, ველომოყვარულმა ახალი მიზანი დაისახა - პარიზი-ბრესტი-პარიზის 1200 კილომეტრიანი მარათონი. შეჯიბრზე მონაცემები ინტერნეტით მოიძია და ჩაერთო კიდევაც. წელს პარიზი-ბრესტის ველორბოლაში მონაწილეობის სურვილი 100 ათასმა მოყვარულმა გამოთქვა, თუმცა მხოლოდ 7 ათასი შეირჩა.

„პარიზი-ბრესტი-პარიზის მარათონში მონაწილეობა რომ მიიღო, აუცილებლად უნდა იყო მარათონელების კლუბის წევრი და ეს კლუბი შევქმენი 2018 წელს. ჯერჯერობით კლუბს ჩემს გარდა წევრი არ ჰყავს, რადგან არც არის ფართო მასისთვის ცნობილი. ჩემი მიზანიც ეს არის, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს ველოსიპედით საქართველოში და გახდეს ამ კლუბის წევრი“, - უთხრა „ლაივპრესს“ ალექსანდრე გეგეჭკორმა.

ველოსიპედით 3 წელია აქტიურად მოგზაურობს. ველოსიპედით სეირნობა ექიმმა მუხლის ტკივილის გამო ურჩია და კარგი შედეგიც მიიღო. მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდა:

„მუხლის პრობლემა, ზურგის ტკივილი საერთოდ გაქრა. წონაში 16 კილო დავიკელი. ვარჯიში რომ დავიწყე ვიყავი 86 კილო და ახლა ვარ 70. გულზე მქონდა გარკვეული პრობლემები და ესეც გაქრა. მოკლედ, ფიზიკური აქტივობა არის ძალიან მაღალი და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ ამ ეტაპზე“.

ველოსიპედამდე ალექსანდრე გეგეჭკორის ჰობი სამთო ნადირობა, ალპინიზმი და ლაშქრობა იყო. ახლა უმთავრესი მარათონია. ამბობს, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება ამ სპორტით დაინტერესება და შედეგის მიღწევა.

ალექსანდრე გეგეჭკორი იხსენებს მისი ურთელი მეგობრის, გრიგოლ დაგარგულიას ხუმრობას, რომელიც წლების შემდეგ რეალობად იქცა. მაშინ, როცა ველოსიპედით სეირნობას იწყებდა, გრიგოლმა მის შვილს წიგნი აჩუქა, რომელსაც ხუმრობით დააწერა: „მამაშენს ბევრი მწვერვალი დაეპყროს და თბილისიდან ზუგდიდში ველოსიპედით ჩამოსულიყოსო“. მალე ასეც მოხდა და მაშინ ალბათ მეგობრები ვერც იფიქრებდნენ, რომ რამდენიმე წელიწადში ის პარიზი-პრესტის მონაწილეთა სიაში ჩაეწერებოდა:

„მარათონში მონაწილეობის მისაღებად საკვალიფიკაციო გამოცდისთვის უკვე შარშან გავიარე 600 კილომეტრი. დანარჩენი არის ეტაპობრივად - 300, 400 და ისევ 600 კილომეტრიანი დისტანციები. 600 კილომეტრიანი ველომარათონისთვის დრო მქონდა მოცემული 40 საათი და დავფარე ზუსტად 35 საათსა და 50 წუთში. ეს ძალიან კარგი მაჩვნებელია და ამის გამო მედალიც კი მივიღე. საფრანგეთმა გამომიგზავნა ეს მედალი ოფიციალურად“, - გვიყვება ალექსანდრე.

საკვალიფიკაციო გამოცდები ელექტრონულად ტარდება და საფრანგეთიდან აკონტროლებენ ორგანიზატორები. ტელეფონის პროგრამაში ველომრბოლელი უთითებს მანძილს და გასვლის დროს. ფიქსირდება ასევე შესვენების პერიოდი.

„შემოწმების პროცესი მაქსიმალურად დაცულია, რომ არ იყოს რაღაც დარღვევები. ყველაფერი დაცულია. ბორტკომპიუტერიც ისეთი მაქვს, რომ აჩვენებს ყველაფერს, აღმართზე რა სიჩქარით მივდიოდი და ა.შ.“.

საფრანგეთის მარათონს საქართველო წელს ალექსანდრე გეგეჭკორის ინიციატივით დაემატა და რბოლის მონაწილე რიგით 67-ე ქვეყანა გახდება. საქართველოდან ალექსანდრე გეგეჭკორი ერთადერთი მონაწილეა, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავს. მთავარია მარათონისთვის დაწესებული ნორმატივები წარმატებით ჩააბაროს, რაშიც სპორტსმენი დარწმუნებულია.

ივნისში ალექსანდრე გეგეჭკორი ველოსიპედით უკვე სამეგრელოს ტურს გეგმავს. გაივლის 400 კილომეტრს - სენაკი-ჩხოროწყუ-წალენჯიხა-ზუგდიდი.

პარიზი-ბრესტი-პარიზი მსოფლიოში ცნობილი მარათონია, რომელიც 1891 წლიდან ტარდება. მის მონაწილეებს მოუწევთ პარიზიდან ქალაქ ბრესტამდე ჩასვლა და ისევ უკან დაბრუნება.

წელს მარათონი 18-22 აგვისტოს გაიმართება. გამარჯვებულად ითვლება ყველა ის მონაწილე, რომელიც 1200 კილომეტრს 85-90 საათში დაფარავს.

ალექსანდრე გეგეჭკორი კი, რომლის მაისურზე საქართველოს დროშა იქნება გამოსახული, ამბობს, რომ უკვე გამარჯვებაა იყო პირველი ქართველი, ვინც ამ მარათონში ჩაერთო.