სპორტი
საქართველოს ჩემპიონი ძალოსანი გოგო ზუგდიდიდან [ვიდეო]
მინდა საქართველოს ჩემპიონი, ძალოსანი ზუგდიდელი გოგო გაგაცნოთ, რომელმაც ჯერ ოჯახის წევრებს, მერე კი მთელს სოფელს დაუმტკიცა, რომ სპორტის ეს სახეობა მხოლოდ "დაკუნთული" ბიჭების პრივილეგია არ არის. მართალია, წინააღმდეგობების დაძლევა იოლი არ ყოფილა, თუმცა ვინც კი თავის დროზე ეჭვის თვალით უყურებდა თოთხმეტი წლის ნათია გადელიას გატაცებას, დღეს მის დიდ გულშემატკივრად იქცა.

ყველაფერი სრულიად შემთხვევით დაიწყო. მოზარდი მაშინ რიყის საჯარო სკოლის მეოთხე კლასში სწავლობდა, სადაც იქვე ახლოს ძალოსნობის დარბაზია. ერთხელაც მწვრთნელმა, ბეჟან ჭიჭინაძემ შეამჩნია, მოეწონა და ურჩია, ვარჯიში დაეწყო, ამ სპორტში საკუთარი ძალები ეცადა. პასუხად უთხრა, რომ დაფიქრდებოდა. იფიქრა რამდენიმე წელი და ბოლოს დათანხმდა. სახლში დედამ და ათი წლით მასზე უფროსმა დამ ეს გადაწყვეტილება არ მოიწონეს. ამბობდნენ, ძალოსნობა გოგოს საქმე არ იყო. თუმცა დედა უფრო იოლად გადმოიბირა, დას კი რამდენიმე თვე უმალავდა, სპორტდარბაზში სიარულს რომ მიჰყო ხელი. საბოლოოდ, ამ ფაქტთან შეგუება ნათიას სიჯიუტის და პრინციპულობის გამო მასაც მოუწია.

"ფიქრობდა, რომ ეს ბიჭების სპორტია, დაკუნთული ხალხის და დავუშნოვდებოდი. ამიტომ არ უნდოდა ვარჯიში დამეწყო. მერე ნელნელა შეეჩვია. დღეს ყველა ჩემს გვერდითაა და ძალიან მგულმშემატკივრობენ. მარტივი არ იყო წინააღმდეგობების დაძლევა, მაგრამ ძალიან მინდოდა ამ სპორტში ვყოფილიყავი და გადავლახე. დღეს აქ რომ ვარ, ალბათ ცოტა ჩემი სიჯიუტის დამსახურებაცაა", - უთხრა ნათია გადელიამ "ლაივპრესს".

ჩვენ მას დარბაზში, ვარჯიშისას შევხვდით, სადაც თავისუფლად, ზედმეტი სირთულის გარეშე ეზიდებოდა 80 კილოგრამიან შტანგას.

პირველი წონა, რომელსაც შეეჭიდა და დაძლია, აკვრაში 30 კილოგრამი იყო, ატაცში 15. მისი მაქსიმუმი ამ დროისთვის აკვრაში 85, ატაცში კი 66 კილოგრამიანი შტაგაა. კვირაში სპორტს ექვს დღეს, ორ, ორ საათ-ნახევარს უთმობს. სავარჯოშოდ დარბაზში გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოდის. ძალოსანი უკვე მეცხრე კლასის მოსწავლეა და მას აქ, როგორც წარმატებულ ახალგაზრდა გოგოს ყველა იცნობს. თუმცა რატომ მარტო რიყე - მთელი ზუგდიდი და უკვე საქართველოც.

ორი თვის წინ ნათია გადელია ქვეყნის ჩემპიონი გახდა 17 წლამდელთა შორის. ცოტა ხნის წინ სინკლერის ცხრილით, ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე 20 წლამდე სპორტსმენთა შორის მესამე ადგილიც დაიკავა. აპრილში, ევროპის ჩემპიონატზე მეექვსე ადგილის მფლობელი გახდა. არის რამდენიმე ტურნირის გამარჯვებულიც. 

ძალოსანს თანასკოლელმა ორმა გოგომაც მიბაძა და ვარჯიშს შეუდგნენ. ნათიას თქმით, ეს ხელს ამ სპორტის პოპულარიზებას და მისით კიდევ მეტი ახალგაზრდის დაინტერესებას შეუწყობს.

ქვეყნის ჩემპიონი თავისუფალ დროს კალათბურთის თამაშს უთმობს. თუმცა აქვს არასპორტული გატაცებაც - უკრავს ფანდურსა და ფორტეპიანოზე, მღერის.

აპირებს სხვა პროფესიაც დაეუფლოს, ოღონდ რა მიმართულებას აირჩევს, ჯერ არ იცის. რაც ზუსტად იცის ის არის, რომ სპორტისთვის თავის დანებებას არ გეგმავს.

რიყეში მოქმედი ძალოსნობის სკოლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ერთადერთია. აქ ახალგაზრდები სხვა სოფლებიდანაც დადიან. სკოლის სიახლოვეს შენობა 1990 წელს აშენდა. თავდაპირველად ამ ყველაფერს ავთო გახოკიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც დღეს მსოფლიოს ჩემპიონ და რეკორდსმენ ლაშა ტალახაძის პირადი მწვრთნელია. შემდეგ ყველაფერი ბეჟან ჭიჭინაძეს გადააბარა, ვინც ნათია გადელიას წვრთნის. თავდაპირველად ნაკლები მოთხოვნა იყო ძალოსნობაზე, ვიდრე დღეს, შეჯიბრებებიც არ ტარდებოდა, თუმცა მსურველები მაინც იყვნენ და ვარჯიშიც გაცილებით რთულ პირობებში უწევდათ.

დღეს სკოლაში 50-მდე ბავშვი დადის. მათგან ექვსი უკვე ნაკრების წევრია. ნათია პირველი გოგოა ზუგდიდიდან, რომელიც ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ბეჟან ჭიჭინაძე "ლაივპრესთან" საუბარში იხსენებს, როცა ის პირველად დაინახა, მოეწონა და შესთავაზა ვარჯიში დაეწყო.

"გოგოსთვის ხომ იცით.. ჩვენ ისეთი მენტალიტეტის ხალხი ვართ. ეს უფრო ვაჟკაცური სპორტია და არ უნდათ. ისე მოხდა, რომ ნათია თვითონაც დაინტერესდა. მე მინდაო, მაგრამ მშობლები უარს მეუბნებიანო. ვეტყვიო მათ, მაგრამ ერთი-ორი წელი გავიდა მას შემდეგ. მერე დაიწყო ვარჯიში. ძალიან პერსპექტიული ბავშვია. მონდომებულიც. ვარჯიშებს არ აცდენს", - გვიყვება მწვრთნელი.

ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად ორი რამაა საჭირო - პრინციპი და მონდომება. ერთიც და მეორეც ნათიას აღმოაჩნდა. მალე მზადებას დეკემბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის დაიწყებენ. ამიტომ, მისი მოსწავლე ზაფხულში შეკრებებზე გაემგზავრება. სკოლიდან ხელშეწყობას გრძნობენ, რადგან გაცდენილ საათებს საპატიოდ უთვლიან. აქ ნათია ეამაყებათ და გულშემატკივრობენ. მასთან ერთად, ამავე ჩემპიონატში რიყიდან კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა მოსინჯავს ძალებს. მწვრთნელის თქმით, ახალგაზდებს მედლების შანსი აქვთ.

"გვინდა ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაც. წინ ევროპა და მსოფლიო გვაქვს და ვნახოთ", - ამბობს ბეჟან ჭიჭინაძე. მედლის იმედი აქვს ნათია გადელიასაც.

მწვრთნელის თქმით, საჭირო ინვენტარით ძალოსნობის ფედერაცია ამარაგებთ. შენობა ორი წლის წინ გაურემონტეს. შიგნითა სივრცის კოსმეტიკურ რემონტზეც ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაპირება მიიღო.

რიყეში მოქმედი სკოლის აღზრდილები არიან ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები, მათ შორის ძმები ირაკლი და გოგა ჩხეიძეები, ასევე მათი ბიძაშვილი გიორგი ჩხეიძე.