სპორტი
ქართველი სტუდენტი მსოფლიო ორგზის რეკორდსმენია
19 წლის ქართველმა სტუდენტმა ვაკო მარჩილაშვილმა მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. თავდაყირა ჩამოკიდებულ მდგომარეობაში მან რუბიკის კუბის აწყობა ზუსტად 13.018 წამში მოახერხა და ჩინელი თინეიჯერის, ქიუ ჯიანიუს შედეგი გააუმჯობესა, რაც 15.84 წამი იყო. 

ღონისძიება თბილისი "ოფენ ეარი 2019-ის" დასკვნით დღეს გაიმართა. აქციის ფარგლებში სახალისო-სარეკორდო შეჯიბრები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა ყველა სტუმრისთვის უფასო იყო.

ვაკო მარჩილაშვილმა პირველი რეკორდი გასული წლის ზაფხულში დაამყარა. მაშინ მან წყალქვეშ, სუნთქვის შეკავებით, ზედიზედ 6 კუბის აწყობა მოახერხა და ამერიკელი ენტონი ბრუკსის რეკორდი გააუმჯობესა.