სპორტი
ფოთის ბავშვთა გუნდი საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებულია
ფოთელი ფეხბურთელები მზურნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ და დევნილ ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, რუსთავის აკადემიაში გამართული შეჯიბრის ფინალურ დაპირისპირებაში მათ ქუთაისის გუნდი დააარცხეს, ანგარიშით 5:4.

გამარჯვებულები და ფინალისტები ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დააჯილდოვა. ყველა მონაწილეს ფეხბურთის ფედერაციისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

"მეხუთე წელიწადია, ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, მიმდინარეობს პროექტი "ფეხბურთი ყველას", რომელიც გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ და დევნილ ბავშვთა დღის ცენტრებში ფეხბურთის სწავლებას. იმ ბავშვებს, რომლებსაც უყვართ ფეხბურთი, ჩვენ ყოველთვის შევუწყობთ ხელს. დაგეგმილი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად გავფართოვდეთ და მეტი რეგიონი მოვიცვათ". - აღნიშნა დავით მუჯირმა

ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ქვეყნის ექვსი რეგიონიდან 80 ბავშვი მონაწილეობდა. ისინი რეგიონული ტურნირების შედეგად შეირჩნენ.

მოზარდი სპორტსმენები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის" ერთობლივი პროექტის მონაწილეები არიან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 250 ბავშვს აერთიანებს.

ხუთი წელია, რაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში არსებული ბავშვთა სახლებსა და დღის ცენტრებში ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით საფეხბურთო გუნდები ჩამოყალიბდა.