სპორტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სპორტსმენების 134 მედალი
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვისი სპორტული მიღწევებით 2019 წელი საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. რეგიონს მსოფლიო, ევროპის და საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები ჰყავს, და აქვს 134 მედალი ამ სპორტული ღონისძიებებიდან.

ზუგდიდი

ზუგდიდელმა სპორტსმენებმა მუნიციპალიტეტს რეგიონის მასშტაბით 72 მედალი მოუპოვეს.

ძალოსნობა

ძალოსანმა გურამ ვეკუამ ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მიიღო. სპორტსმენმა საქართველოს რეკორდი 2, ხოლო ევროპის 5 კილოგრამით გააუმჯობესა. საქართველოს ძალოსანთა პირველობაზე მან მესამე ადგილი დაიკავა.

15 წლამდე ძალოსანთა პირად-გუნდურ ჩემპიონატზე გოგა ჯაჯვანი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. 17 წლამდელთა შეჯიბრზე ბრინჯაოს სინჯის მედალი მოიპოვა. ამავე შეჯიბრზე დიმიტრი აბრალავამ მეორე, ლევან იარდავამ კი მესამე პოზიცია დაიკავა.

მეორე ადგილის მფლობელი გახდა ნათია გადელია. ის უფრო ადრე საქართველოს ჩემპიონიც გახდა უფროსებს შორის.

23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ზუგდიდელმა ძალოსანმა გიორგი ჩხეიძე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ერთი აკვრაში, ერთი კიდევ ორჭიდის ჯამში.

მისმა ბიძაშვილმა გოგა ჩხეიძემ იუნიორთა და 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ამავე წელს, მხოლოდ უფრო ადრე, მან ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებიც მოიპოვა.

გოგა ჩხეიძის ძმა, ირაკლი ჩხეიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ძალოსანი ერთი ვერცხლის და ორი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ის ასევე არის აპრილში გამართული ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.

ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონია მანუჩარ გოგოხია და ნიკოლოზ ესართია. დიმა აბრალავამ ქვეყნის პირველობაზე მეორე ადგილი დაიკავა ჭაბუკთა შორის, ლევან ივარდავამ კი მესამე. ბრინჯაო მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონატზე იკა ჭიჭინაძემ, ნიკა ჭიჭინაძემ და დავით ლუკავამ. ნიკა ჭიჭინაძემ ქვეყნის 17 წლამდელთა პირველობაზე ასევე მესამე ადგილი დაიკავა. იკა ჭიჭინაძემ კი მეორე.

ამავე შეჯიბრზე მანუჩარ გოგოხია ოქროს მედალოსანი გახდა.

ზუგდიდელ ძალოსანთა გუნდმა საქართველოს 17 წლამდელთა ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.

ჭადრაკი

ჭაბუკებს შორის საქართველოს ჩემპიონია გიორგი კუხალეიშვილი. ამავე შეჯიბრზე მაია ბეჭვაიამ და ნიკოლოზ შამათავამ ვერცხლის სინჯის მედლები მოიპოვეს. მეგი ცობეხიამ და საბა ჭითანავამ ბრინჯაო. ასევე, ზუგდიდელი მოჭადრაკე გიორგი ნაყოფია სწრაფ ჭადრაკში ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

კრივი

თათია ბუკიამ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა ჭაბუკთა შორის. მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ ელენე თოდუა და მარიამ სამელია.

ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონია ჯუმა ჯაიანი. ქვეყნის ვიცე ჩემპიონი კი ჯონი ჭკადუა. მესამე ადგილი კი გივი თოდუამ, საბა ახალაიამ და პაპუნა სიჭინავამ დაიკავეს.

მძლეოსნობა

ორი ზუგდიდელი მძლეოსანი საქართველოს ჩემპიონი გახდა - ბელა ჭკადუა და დავით ლუკავა.

ჭიდაობა

თავისუფალ ჭიდაობაში ქვეყნის პირველობაზე, ზუგდიდელი ნიკოლოზ ლაგვილავა ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

სამბო
ბესარიონ ბერულავამ, სამბოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, უფროსებს შორის ბრინჯაო მოიპოვა.

იპოლიტე აქუბარდია საქართველოს ჩემპიონი გახდა ჭაბუკებს შორის. დავით ჭანტურიამ კი მესამე ადგილი დაიკავა.

ძიუდო

ზუგდიდელი გიორგი პაპოშვილი საქართველოს ჩემპიონია. გიორგი ჩიქოვანი კი ევროპის თასის ბრინჯაოს პრიზიორი.

კარატე

კარატე დოში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია საბა მანია.

საქართველოს ჩემპიონები ჭაბუკებს შორის გახდნენ - ძმები უტა და ვალიკო ფონიავები, გიგი ალანია, სალომე კაკუტია, ნიკა კონჯარია, ალექსანდრე ფიფია და ილია ილია გაბრავა.

კიკბოქსინგი

კიკბოქსიორი დავით ქირია სამგზის მსოფლიო ჩემპიონია.

სპორტის ამავე სახეობაში, ახალგაზრდებს შორის ქვეყნის პირველობაზე გაიმარჯვეს - ირაკლი ჯგუშიამ, ლუკა ჩარგაზიამ, ამირან ნაჭყებიამ, თემურ ჭეჟიამ, გიგა სიჭინავამ, ნიკა ბერაიამ და ნიკა ბიგვავამ.

მკლავჭიდი

ზუგდიდელი მკლავჭიდელი დავით სამუშია სამგზის მსოფლიო ჩემპიონია. ის მიმდინარე წელს ასევე გახდა საქართველოს ორგზის გამარჯვებული.

ხობი

ხობის მუნიციპალიტეტს წელს, სხვადასხვა სინჯის 15 მედალი აქვს.

ჭიდაობა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა საქართველოს 12-წლიანი პაუზის შემდეგ მოუტანა ოქროს სინჯის მედალი. ის ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონია. იანვარში კი საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

კრივი

ანა ხუნჯუა კრივში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია 22 წლამდელთა შორის.

სპორტის ამავე სახეობაში, ჭაბუკთა შორის, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა დემურ ქაჯაიამ.

ქვეყნის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რევაზ ჩხეიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა. გიორგი ახალაიამ კი მესამე ადგილი დაიკავა.

მკლავჭიდი

ხობს მიმდინარე წელს მკლავჭიდში ოთხი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. დათუნა ჯიშკარიანი 21 წლამდელთა შორის. გულად ბუკია იგივე ასაკობრივ კატეგორიაში, საბა დანელია და საბა ლატარია 15 წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე.

რაც შეეხება გოგა დანელიას, ის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა 18 წლამდელთა შორის მკლავჭიდში.

ანრი ბუკია კი 21 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია.

გიგა კოდუა ბრინჯაოს პრიზიორი 21 წლამდელთა შორის.

გოჩა სიჭინავამ ევროპის ჩემპიონატზე, დიდებს შორის ბრინჯაო მოიპოვა.

ფოთი

ფოთის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს 21 სხვადასხვა სინჯის მედალი აქვს, საქართველოს, ევროპის თუ მსოფლიო ჩემპიონატზე.

სამბო

სამბისტმა ელიზბარ თურქიამ ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის, ოქროს მედალი მოიპოვა. სპორტსმენტი ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალოსანიც გახდა.

გივი ნადარეიშვილი კი სამბოში, უფროსებს შორის ბრინჯაოს პრიზიორია.

ვიტალი ქაქუთიამ, სამბოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კრივი

მოკრივე გიორგი საჯაია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

გიორგი მანჯავიძემ საქართველოს ჩემპიონატზე, უფროსი ასაკის სპორტსმენთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.

ქვეყნის პირველობაზე ახალგაზრდებს შორის, ირაკლი ჯანელიძემ და საბა ტყებუჩავამ ოქროს მედლები მოიპოვეს.

გიორგი საჯაია ვერცხლის, რომან წურწუმია და აკაკი გვასალია კი ბრინჯაოს სინჯის მფლობელები გახდნენ.

ხელბურთი

საქართველოს ჩემპიონები გახდნენ ფოთის ხელბურთის გოგონათა გუნდის - "ოქროს ვერძის" ორი, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენები.

ამავე კულუბის ბიჭმა ხელბურთელებმა ქვეყნის პირველობაზე ბრინჯაო მოიპოვეს.

ბოდიბილდინგი

ფოთელი ბოდიბილდერი დავით მურადოვი ქვეყნის ჩემპიონია 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში.

რაც შეეხება სპორტის სხვა სახეობებს:

უშუ-კუნგუფუში სოფიო აფხაზავა ოქროს მედალოსანია.

13 წლის მოჭადრაკე ელენე წოწონავა საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ამავე შეჯიბრზე დავით გულუამ, ძალისმიერი სპორტის სახეობაში - ამოწევა, მსოფლიო ჩემპიონატზე ოქრო დაიმსახურა.

ძალოსანი ლევან გორგოძე ორჭიდის ჯამი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

აკაკი ჯგუბურიამ, ძალისმიერი სპორტის სახეობა წოლჭიმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფოთს კანოე კაიაკში საქართველოს ჩემპიონი, ლუკა დობორჯგინიძე ჰყავს მიმდინარე წელს.


აბაშა

აბაშას ამ წელს ორი მედალი აქვს.

აბაშის მუნიციპალიტეტს 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი ჰყავს. მარიამ ჭანტურიამ რუსეთის ქალაქ იჟევსკში ოქროს მედალი მოიპოვა. ის ასევე გახდა მიმდინარე წელს ბრინჯაოს პრიზიორი და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ერთი მედალი შესძინა.

მესტია

მესტიის მუნიციპალიტეტს სპორტსმენებმა 12 მედალი მოუტანეს.

მესტიელი მოკრივე ლაშა გურგულიანი 26 მაისს ეგვიპტეში, მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მფლობელი გახდა.

ადგილობრივმა ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

აკაკი ჯაფარიძე, ძიუდოში საქართველოს ბრინჯაოს პრიზიორია და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი.

დავით გირგვლიანი საქართველოს ჩემპიონი გახდა სამბოში და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი.

მიხეილ ჯაფარიძე- საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა სამბოში.

ირაკლი არღვლიანი საქართველოს ჩემპიონი გახდა თხილამურებით შეჯიბრში უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის.

მოთხილამურე მიხეილ ჩართოლანი ქვეყნის პირველობის გამარჯვებულია საშუალო ასაკობრივ კატეგორიაში.

ასევე, საქართველოს ჩემპიონი გახდა მარიამ ნავერიანი, იგივე ასაკობრივ კატეგორიაში ქალთა შორის.

მოთხილამურე გიორგი გულედანი ქვეყნის პირველობის გამარჯვებულია უმცროსებს შორის.

მარიამ ჯაფარიძე კი იმავე ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი.

სენაკი

სენაკელმა სპორტსმენებმა წელს ოთხი მედალი დაიმსახურეს.

სენაკის მცხოვრები ლუკა წულეისკირი წელს ევროპის ვიცე ჩემპიონი გახდა კრივში.

ამასთან, ადგილობრივმა გიორგი კუპრეიშვილმა კრივში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი მოიპოვა და ოქროს მედალოსანი გახდა.

საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, მოკრივე ლადო ქარჩავამ და გიორგი არეშიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მარტვილი

მარტვილს ამ წელს სხვადასხვა სინჯის რვა მედალი აქვს.

ტაეკვონდოში სამი ადგილობრივი სპორტსმენი საქართველოს ჩემპიონი გახდა - ბარბარე დანელია, ემირ ბერულავა, მამელ თოფურია და ჯაბა ღაჭავა.

ამას გარდა, უშუ სანდაში ქვეყნის პირველობა ნიკა ბაღიშვილმა, პაატა ფუტკარაიამ და ლუკა პაპავამ მოიპოვეს.

ნიკა ბაღიშვილი გახდა საქართველოს ჩემპიონი კიკბოქსინგშიც.

მარტვილელი მანანა მიქაძე კი საქართველოს ჩემპიონია მძლეოსნობაში (ბირთვის კვრაში).

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს, საქართველოს, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონების და პრიზიორების გარდა, სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრის გამარჯვებული თუ ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსნები ჰყავს.