სპორტი
მეუბნებოდნენ, ქალის სპორტი არ არისო და სავარჯიშოდ ვიპარებოდი - ეროვნული ნაკრების ხობელი წევრი
საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 21 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ნაკრებში ხობის კლუბ "კოლხეთის" წევრი, 17 წლის ანა წულაია თამაშობს. ის სოფელ შუა ხორგადანაა. ადგილობრივ გუნდს ზურაბ ლატარია წვრთნის. ფეხბურთი ჩემი ცხოვრების წესიაო, ამბობს სპორტსმენი "ლაივპრესთან ინტერვიუში, რომელიც ეროვნულ ნაკრებში 15 ნომრიანი მაისურით თამაშობს.

ლაივპრესი: რამდენი ხანია თამაშობ ფეხბურთს და რატომ დაინტერესდი ამ სპორტით?

ანა წულაია: ფეხბურთს სამოყვარულო დონეზე ბავშვობიდან ვთამაშობდი სოფელში, ბიჭებთან. კარიერულ დონეზე თამაში და ინტენსიური ვარჯიშები დავიწყე დაახლოებით 11-12 წლიდან.

ლაივპრესი: რატომ გადაწყვიტე ფეხბურთის პროფესიულ დონეზე თამაში?

ანა წულაია: ჩემი ძმა ფეხბურთელი იყო. ვარჯიშებზე დავდიოდი. თანდათანობით შემიყვარდა და გადავწყვიტე, ჩემი ბედი მეცადა ამ სპორტში.

ლაივპრესი: გარშემომყოფები, რომლებიც შენს თამაშს ადევნებდნენ თვალს, გეუბნებოდნენ, რომ გქონდა საამისო მონაცემები?

ანა წულაია: ერთი იყო ჩემი სპორტის მასწავლებელი. როცა ბიჭებთან ვთამაშობდი ფეხბურთს სკოლაში, მეუბნებოდა, მონაცემები გაქვსო. თორემ არც მშობლებს და არც არავის არ უნდოდა, რომ ფეხბურთელი გამოვსულიყავი.

ლაივპრესი: რატომ არ უნდოდათ, რას გეუბნებოდნენ?

ანა წულაია: გოგო და ფეხბურთი არ მოსწონდათ. დიდი წინააღმდეგობა მქონდა არამარტო მშობლებისგან, ყველასგან. მეუბნებოდნენ, რომ ფეხბურთი გოგოს საქმე არ არისო. მაგრამ მე ჩემი გავიტანე. ბოლოს იძულებულები იყვნენ, დამთანხმებოდნენ.

ლაივპრესი: როგორ გამოიხატა ეს წინააღმდეგობა? გიშლიდნენ ვარჯიშს?

ანა წულაია: არ მიშვებდნენ და სკოლიდანაც ვიპარებოდი, რომ ვარჯიშზე მივსულიყავი. ჩემი მწვრთნელი მაკითხავდა სახლში. მას დავყავდი მოედანზე სავარჯიშოდ.

ლაივპრესი: რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება, რომ ფეხბურთი ქალების საქმე არ არის?

ანა წულაია: არ არის სწორი, იმიტომ, რომ რასაც შენი თავი და გული გკარნახობს, ის უნდა გააკეთო. სხვას არ უნდა დაუჯერო. ქალი ყველგან შეიძლება იყოს, არა მხოლოდ სამზარეულოში.

ლაივპრესი: რამდენი წელია ხობის გოგონათა გუნდის წევრი ხარ?

ანა წულაია: რაც კარიერულ დონეზე დავიწყე თამაში, მას შემდეგ. მე რომ მივედი მწვრთნელთან, თავდაპირველად მარტო ვიყავი. მაშინ 12 წლის ვიყავი. მარტოს მავარჯიშებდა. მერე თანდათანობით მოვიდნენ ბავშვები და ასე შეიქმნა გუნდი. სკოლაც ყველანაირად ხელს მიწყობს.

ლაივპრესი: სხვა გოგოები შენი მიბაძვით მოვიდნენ გუნდში?

ანა წულაია: არა. გაიგეს, რომ ხობში იყო ქალთა გუნდი. მათაც აღმოაჩნდათ ნიჭი და გადაწყვიტეს დაეწყოთ ვარჯიში. იქ გავიცანი ისინი.

ლაივპრესი: ფეხბურთი შენთვის მომავალი პროფესია იქნება, თუ უბრალოდ ჰობად დარჩება?

ანა წულაია: კი, ფეხბურთი უნდა იყოს ჩემი პროფესია, მაგრამ მომიწევს კარიერის დასრულებაც ერთ დროს. პარარელურად სხვა პროფესიასაც ავირჩევ. მწვრთნელობა მინდა. ასევე, მინდა იურიდიულზე ვისწავლო.

ლაივპრესი: როგორ ფიქრობ, რამდენად პოპულარულია ქალთა ფეხბურთი დღეს საქართველოში?

ანა წულაია: გოგონათა ფეხბურთს ადრე საერთოდ არ ექცეოდა ყურადღება, მაგრამ თანდათანობით ესეც განვითარდა და დღესდღეობით ძალიან პოპულარულია. გაიზარდა ქალ ფეხბურთელთა რიცხვიც.

ლაივპრესი: კვირაში რამდენჯერ ვარჯიშობ?

ანა წულაია: კვირაში ხობის გუნდთან ერთად 3-4-ჯერ ვვარჯიშობ. ფიზიკური დატვირთვა, სირბილი - ზუსტად ისე, როგორც ბიჭები ვარჯიშობენ.

ლაივპრესი: არ არის ეს რთული შენთვის?

ანა წულაია: ჩემთვის არა. გოგო რომ ამ სპორტს აირჩევს, უყვარს ეს პროფესია და ბოლომდე უნდა დაიხარჯოს მოედანზე.

ლაივპრესი: რომელია შენი საყვარელი გუნდი და ნაკრები?

ანა წულაია: მიყვარს ბარსელონა და ესპანეთის ნაკრები. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ანდრეს ინიესტა.

ლაივპრესი: როგორ მოხვდი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში?

ანა წულაია: საქართველოს ნაკრებში 3-4 წელია, რაც ვთამაშობ. ნახეს ჩემი თამაში ნაკრების მწვრთნელებმა და სინჯებზე გამომიძახეს. მოვეწონეთ და მას შემდეგ ნაკრებში ვარ. ადრე 17 წლამდეთა ნაკრებში ვიყავი, მაგრამ ახლა ასაკიდან გამომდინარე 19 წლამდელ გოგონათა შორის ვარ.

ლაივპრესი: მაღალია ქალებში კონკურენცია ნაკრებში მოსახვედრად?

ანა წულაია: როგორც ბიჭებში, ისე გოგოებშიც ძალიან მაღალი კონკურენციაა. თანდათანობით იზრდება ქალ ფეხბურთელთა რაოდენობა და ამიტომ. 

ლაივპრესი: შენს გარდა, ხობიდან თუ არიან ნაკრებში სხვა ფეხბურთელები?

ანა წულაია: ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში არა, მაგრამ უმცროსებს შორის კი.

ლაივპრესი: როგორ ემზადები ევროპის ჩემპიონატისთვის?

ანა წულაია: როგორც შეკრებები მოგვიწევს, ისე გვიბარებენ. გვაქვს ამხანაგური შეხვედრებიც. ახლახანს აზერბაიჯანთან ვითამაშეთ. აპრილში კიდევ საქართველოს ნაკრების ოთხთა ტურნირია. შეკრების მერე სახლში გვიშვებენ. კლუბში ვაგრძელებთ ვარჯიშს.

ლაივპრესი: ნაკრებთან ერთად, რომელ შეჯიბრებებში გაქვს მონაწილეობა მიღებული?

ანა წულაია: მონაწილეობა მივიღე განვითარების ტურნირში, რომელიც საქართველოში ჩატარდა. მაშინ პირველი ადგილი დავიკავეთ. ევროპის ჩემპიონატზე ელიტ რაუნდში გავედით ჰოლანდიაში. ასევე, მითამაშია ნაკრებთან ერთად ამხანაგურ შეხვედრებში.

ლაივპრესი: თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვარს?

ანა წულაია: წიგნებს ვკითხულობ. ტელევიზორს ვუყურებ. უფრო ხშირად ფეხბურთს. მეგობრებთან ვიკრიბებით. ფეხბურთსაც ვთამაშობთ ერთად.

ლაივპრესი: როგორ ფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე რა შანსი ექნება საქართველოს ქალთა ნაკრებს?

ანა წულაია: არა მგონია ცუდად გამოვიდეთ. საკმაოდ ძლიერი ნაკრები გვყავს. ჩვენი მიზანია, ღირსეულად წარვდგეთ ამ ჩემპიონატზე.