სპორტი
„მაინც შევძელით“ - როგორია ზუგდიდის ქალთა ახალი საფეხბურთო კლუბი [ვიდეო]
პანდემიის მიუხედავად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ აბასთუმნელმა საბა ქობალიამ და ბადრი ქადარიამ, იდეის განხორციელება შეძლეს და ქალთა საფეხბურთო კლუბი „ფენიქსი“ დააფუძნეს. კორონავირუსის საფრთხის გამო იყო შეფერხებები, დროში გაიწელა გუნდის შეკრებაც, მაგრამ ამის მიუხედავად, ფეხბურთის მოყვარულმა მეგობრებმა გეგმები, რომელიც 2020 წლის სექტემებრში დასახეს, მიმდინარე წლის აპრილში შეასრულეს.

ამ ხნის განმავლობაში, კლუბის დამფუძნებლები ეძებდნენ სპორტის ამ სახეობაში ნიჭიერ ქალებს. მათ შორის, როგორც გამოცდილებს, ასევე მოყვარულ ფეხუბრთელებს. საბოლოოდ, გუნდი სხვადასხვა სოფლის და მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებისგან დაკომპლექტდა.

„საქართველოში ქალთა კლუბები ცოტაა და ქალთა ფეხბურთის განვითარებაში რაღაც წვლილის შეტანა გვინდა“, - გვითხრა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, საბა ქობალიამ. გუნდი კვირაში 3-4-ჯერ, Covid-19-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დაცვით ცდილობს ივარჯიშოს ახალ აბასთუმნის სტადიონზე. ფეხბურთელების ტრანსპორტირებაზე დამფუძნებლები ზრუნავენ. როგორც საბა ქობალია ამბობს, მათ ფინანსურად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ააიპი - „ფეხბურთის განვითარების ფონდი“ დაეხმარა.

„ამას ვამატებთ ჩვენს სახსრებსაც. ასე შევძელით შეკრება“, - ამბობს საბა ქობალია. გუნდის 15 ფეხბურთელი აქტიურად ვარჯიშობს, რათა მონაწილეობა მიიღონ 25 აპრილს დაგეგმილ ეროვნული ლიგის თამაშებში. ახალბედებს უკვე გამოცდილი ფეხბუთელები ეხმარებიან. მათ შორის არიან ჩხოროწყუს ყოფილი ქალთა საფეხბურთო გუნდის წევრები.

„5 წელია რაც ვთამაშობ. როცა ჩხოროწყუს გუნდი დაიშალა, გავიგე, რომ ზუგდიდში კეთდებოდა ქალთა გუნდი, დავინტერესდით და გადმოვედით მე და ჩემი თანაგუნდელი. რთული იყო პანდემიის პერიოდი. მეც წონაში მოვიმატე იმიტომ, რომ არანაირი ვარჯიშები არ იყო. არც იმის ხელშეწყობა რომ გვევარჯიშა და ამიტომ, რამდენიმე თვე გამოვტოვეთ. პრაქტიკულად ახლა ვიწყებთ“, - ამბობს გუნდში ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, 20 წლის ანა გაბედავა.

მას ჩხოროწყუდან ზუგდიდში, სავარჯიშოდ მოსვლა არ ეზარება, რადგან ფეხბურთი სიამოვნებას ანიჭებს. გვითხრა, რომ არ შეიძლება დაიღალო საქმით, რომელიც ძალიან გიყვარს. როგორც სპორტის ამ სახეობაში ჩართულ ბევრ სხვა ქალს, წინააღმდეგობა ფეხბურთის თამაშის სურვილის გამოთქმისას მასაც შეხვდა. ოჯახი თვლიდა, რომ მოედანზე სირბილი და ბურთის თამაში „ქალის საქმე“ არ არის, რომ მის აღნაგობაზე ეს საბოლოოდ ცუდად აისახებოდა. მაგრამ, როგორც ანა ამბობს, ოცნება არ დათმო, რასაც საბოლოოდ ოჯახი შეეგუა.

მსგავსი მოსაზრებები გუნდის დანარჩენ წევრებსაც მოუსმენიათ გარშემომყოფებისგან, თუმცა არც მათთვის არის სხვების აზრი გადამწყვეტი: „მე ვფიქრობ, რომ ვისაც უნდა, ყველას შეუძლია ითამაშოს ფეხბურთი. შეზღუდვა ამაში არ არის. ფეხბურთი მარტო ბიჭებისთვის არ არის, გოგოებსაც შეგვიძლია ვითამაშოთ“, - ასე მიიჩნევს 14 წლის ანი სურმავა.

ის ახალ აბასთუმნელია და ცდილობს, უფროსების ყველა მითითება გაითვალისწინოს. ფიქრობს, რომ ფეხბურთის თამაშს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. „მე ვაპირებ, აქტიურად ვივარჯიშო. მთავარია პანდემიამ არ შეგვიშალოს ისევ ხელი“, - დასძენს ანი სურმავა.

გუნდის წევრების სიმტკიცით და შემართებით კმაყოფილია საბა ქობალია. მიჩნევს, რომ ეს თვისებები სპორტის ამ სახეობაში წარმატების მიღწევის მსურველებს, ქალებს კი განსაკუთრებით სჭირდებათ: „ვინც ქალა ფეხბურთშია ჩართული, რთული გზის გავლა უწევს. საქართველოში ბევრი ჯერ კიდევ ასე ფიქრობს, რომ ფეხბურთი არ არის ქალის საქმე. თამაშის წაგების შემთხვევაშიც გულშემატკივრები მათ მეტად ლანძღავენ, ვიდრე მამაკაცებს“, - გვითხრა საბა ქობალიამ.

ამაში ის თავადაც დარწმუნდა, როცა ფეხბურთელების ძიებაში სკოლები შემოიარა. მოზარდების ნაწილმა საკუთარ სურვილზე უარი, ოჯახის წინააღმდეგობის გამო თქვა. ის დარწმუნებულია იმ მოზარდების წარმატებაში, რომლებიც საკუთარი ოცნებების გამო წინააღმდეგობებს და სირთულეებს არ შეუშინდნენ.

„ფენიქსი“ რიგით მეორე ქალთა კლუბია, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაფუძნდა, თუმცა ამჟამად ერთადერთი. პირველი - ზუგდიდის სამედიცინო სასწავლებლის ქალთა გუნდი 1985 წელს დაარსდა. 2009 წელს სახელი შეეცვალა და "ბაიას" ქალთა გუნდად იწოდებოდა. 2014 წელს კი დაიშალა. „ბაია“ 2010 წელს მონაწილეობდა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის თამაშებში.