სპორტი
ნათია გადელია - მსოფლიო ჩემპიონი [ვიდეო]
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან ზუგდიდში, მშობლიურ სოფელ რიყეში მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით დაბრუნდა. მიუხედავად მუხლზე ტრავმისა, ნათიამ დასახულ მიზანს მიაღწია. ახალგაზრდა სპორტსმენმა მწვრთნელის და გულშემატკივრების მოლოდინი გაამართლა.

საქართველოს და ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიო ჩემპიონატზე 17 წლამდე სპორტსმენთა შორის წარმატებით იასპარეზა - ატაცში 85/88/91 კილოგრამით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში კი 108/113/ 117კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მიიღო. ოქრო მოიპოვა ორჭიდის 208 კილოგრამითაც და შეჯიბრზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. ამას გარდა, ძალოსანმა ატაცსა და ორჭიდში საქართველოს რეკორდის გაუმჯობესებაც 4-4 კილოგრამით შეძლო.

ამბობს, რომ გამარჯვების შემდეგ მისთვის უცნობი ადამიანებისგანაც იმდენი სიყვარული და თბილი სიტყვები მიიღო, რომ ვარჯიშს მეტი მოტივაციით აგრძელებს. როგორც სპორტსმენი ყვება, მისთვის ახლა მთავარი 2022 წლისთვის კარგ ფორმაში ყოფნაა, რადგან წინ კიდევ ბევრი საერთაშორისო ტურნირია მოსაგები.

ნათია გადელია

"მოტივაცია ახლა იმაზე დიდია, ვიდრე ოდესმე. ყოველთვის ვეცდები ამ ადამიანების გახარებას", - ამბობს ნათია.

მისთვის ყველაზე საყვარელ სივრცეში, რიყის ძალოსანთა სკოლის დარბაზში თითქმის ყოველ დღე ვარჯიშობს და ცდილობს ზედმიწევნით შეასრულოს მთავარი მწვრთნელის, ბეჟან ჭიჭინაძის მითითებებიც.

"ამ დარბაზიდან დაიწყო ყველაფერი, ჩემს პირად მწვრთნელთან ერთად, ბეჟან ჭიჭინაძესთან ერთად. აქ გავიარე პირველი ნაბიჯები. შემდეგ იყო ნაკრებში მოხვედრა, მაგრამ ყველაზე კარგი მოგონებები ამ დარბაზთან მაკავშირებს. ყოველთვის როცა აქ მოვდივარ, სიხარულით ვივსები და ყოველთვის ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო", - გვითხრა ნათია გადელიამ.

მან მსოფლიო ჩემპიონობა 11 ოქტომბერს მოიპოვა, იმ დღეს როცა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოში გლოვა იყო გამოცხადებული. ნათია განიცდიდა მომხდარს და გამაჯვებაც ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს მიუძღვნა.

მთავარი მწვრთნელი ბეჟან ჭიჭინაძე

ის რიყის ძალოსანთა სკოლის ერთადერთი მოსწავლე არ ყოფილა, რომელმაც საუდის არაბეთში გამართულ ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწია. ძალოსანმა გურამ ვეკუამ სამი ვერცხლის, ნიკოლოზ ესართიამ კი ერთი ბრინჯაოს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ისინი ამ შედეგებით ვიცე ჩემპიონები გახდნენ.

მთავარი მწვრთნელი ბეჟან ჭიჭინაძე შედეგით კმაყოფილია. მისთვის მოზარდების ეს წარმატებები მოულოდნელი არ არის, რადგან ბოლო რამდენიმე წელია მოსწავლეები შეჯიბრებებიდან მედლების გარეშე არ ბრუნდებიან. არც პანდემია ყოფილა სპორტსმენებისთვის დაბრკოლება, რადგან მათ ფორმის შენარჩუნება ვარჯიშის წყალობით შეძლეს და შეჯიბრებებზეც მომზადებული წავიდნენ.

ბეჟან ჭიჭინაძის თქმით, წარმატება აუცილებლად მოვა, თუ სპორტსმენი საჭირო წესებს დაიცავს და მიზნისთვის დაუზარლად იშრომებს.

"სპორტს თავისი წესები აქვს და ამ წესებს თუ დაარღვევ, შეიძლება მერე ვერ მიაღწიო სასურველ შედეგს. მთავარია დისციპლინა. მოწესრიგებული უნდა იყო ყველანაირად - ვარჯიშზეც და ქუჩაშიც", - თქვა მთავარმა მწვრთნელმა.

ის იხსენებს იმ სირთულეებს, რისი გადატანაც განსაკუთრებით ნათიას, როგორც ქალ სპორტსმენს მოუწია. ნათიას ირგვლივ მყოფთა ნაწილი თვლიდა, რომ ძალისმიერი სპორტი ქალებისთვის არ არის და საკუთარი შესაძლებლობები სხვა სფეროში უნდა მოესინჯა.

"ნათიას ძალიან ბევრი წინააღმდეგობა ჰქონდა. ქუჩაშიც მხვდებოდნენ და ამბობდნენ, ნათია არ მემეტება ამ სპორტისთვის, ნათიას რად უნდა ეს სპორტიო. რატომ, მე ვუთხარი, ყველაფერი გამოუვა ამ გოგოს. თვითონ აირჩია მან სპორტის ეს სახეობა, მისთვის არავის მოუთხოვია და დაჟინებით არავის უთქვამს, გინდა თუ არა შედი სპორტში. თვითონ მოვიდა და დაიწყო ვარჯიში. მეც დავეხმარე ბევრ რამეში და გახდა მსოფლიო ჩემპიონი", - გვითხრა ბეჟან ჭიჭინაძემ.

რიყის სკოლის ძალოსნების წარმატებები მოტივაციაა სხვა მოზარდებისთვის და წლიდან წლამდე სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი იზრდება. ამჯერად სკოლას 40 მოსწავლე ჰყავს. მათ შორის არიან როგორც რიყის, ასევე სხვა სოფლების და ქალაქის მცხოვრებლები. მწვრთნელი ამბობს, რომ პანდემიის გამო ჯუფები დაყოფილია და დღის განმავლობაში 3-4 ეტაპად ხერხდება ვარჯიში. მწვრთნელი ამბობს, რომ სამომავლოდ სკოლას გაცილებით დიდი დარბაზი დასჭირდება.

მსოფლიო ჩემპიონი ნათია გადელია სოფელში ერთგვარი გზის გამკვალავი აღმოჩნდა იმ ქალებისთვისაც, ვისაც ძალოსნობა სურს. ნათიას გარდა, ამ ეტაპზე სკოლაში კიდევ ერთი გოგონა ირიცხება, თუმცა მსოფლიო ჩემპიონი ამბობს, რომ ეს ციფრი მალე გაიზრდება.