ახალი ამბები
ავღანეთში ნატოს მისიის მონაწილე 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ავღანეთში როტაციით მყოფი კონტიგენტიდან, 28 სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით საქართველოში ჩამოიყვანეს.

სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩამოფრენამდე სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატოს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ.

სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ.

ამ დროისთვის, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 31-მდე გაიზარდა.