კონტაქტი
სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დასახელდა - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მათ მიერ გამოკითხულმა მოქალაქეებმა სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დასახელეს.

ამავე კვლევით ირკვევა, რომ სხვა ჯგუფებთან შედარებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სიღარიბე კიდევ უფრო მწვავე საკითხია. ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობისგან განსხვავებით, ეთნიკურ უმცირესობებში ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად არ სახელდება. მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით არ იცვლება.

შეკითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?, მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

სამუშაო ადგილები - 36%

ფასების ზრდა - 35%

სიღარიბე - 32%

ტერიტორიული მთლიანობა - 26%

პენსიები - 18%

ადამიანის უფლებები - 14%

"ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე ხშირად ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ოჯახის კვებისთვის თანხა არ ჰქონდა. ამასთანავე, მოსახლეობა ფიქრობს, რომ კრიმინალთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა. მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით არ იცვლება, რაც პარტიებისთვის თანამშრომლობისა და საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის სტიმული უნდა გახდეს. მომავალზე საუბრისას, მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას (66 პროცენტი), პრორუსული ძალების გააქტიურებას (58 პროცენტი), რუსულ სამხედრო აგრესიას (49 პროცენტი) და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებას (44 პროცენტი) ელის", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.